კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა

17.05.2023 •
„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა

„პრაქტიკულად, ჩვენ ექიმების რანგში ვართ, რომლებიც შეარჩიეს, დაიქირავეს და აი, ამ დაავადებულ პაციენტს, ბათუმის სახით, ვცდილობთ, რაღაცნაირად დიაგნოზი დავუსვათ“ – გვიხსნის მამუკა სალუქვაძე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის გენერალურ გეგმას [გენგეგმა] ამზადებს.

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ დღეს, 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის უკვე მომზადებული ნაწილი წარუდგინა.

პრეზენტაცია რამდენიმე მიმართულებით კვლევას და ქალაქის განვითარებაზე სპეციალისტების ხედვას მოიცავდა.

კომპანიის განმარტებით, ხედვაში გაცხადებულია განვითარების ზოგადი, სტრატეგიული მიზნები. ასევე, აისახება მუნიციპალიტეტის სამომავლო სურათი იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების საპასუხოდ, რომლებიც გამოვლინდა დარგობრივი კვლევებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის შედეგად.

მამუკა სალუქვაძის თქმით, კომპანიამ შეაგროვა უნიკალური მასალა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზის შემდეგ ბათუმს სწორი „დანიშნულება გამოუწერონ გამოსაჯანმრთელებლად“.

გენგეგმის განხილვა

ამავე შეხვედრაზე თქვეს ისიც, რომ ბათუმის „გამოჯანმრთელების“ აღარ სჯერათ, რადგან ამ „დანიშნულებას“, დიდი ალბათობით, თაროზე შემოდებენ:

„ჩვენ ბევრი კვლევა ჩავატარეთ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმს დღეს უნიკალური მასალა აქვს. განაშენიანების დეტალური გეგმის დონეზე ჩავატარეთ კვლევები, რაც, როგორც წესი, გენგეგმების კეთების დროს არ ხდება ხოლმე. რაც უფრო მეტია რეალური მასალა, მით უფრო მყარია ის დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ არქიტექტორ-ექიმები დავსვამთ საბოლოო ჯამში და ის დანიშნულებაც, რასაც ჩვენ გამოვცემთ ქალაქისთვის, ალბათ, უფრო რეალისტური იქნება“ – თქვა მამუკა სალუქვაძემ. 

განცხადებას, რომ „ქალაქი დაავადებულია“, შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია. ასეთი შედარების გამოყენება არავის გაჰკვირვებია და არც გაუპროტესტებია. მათ შორის „პაციენტის“, ანუ ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა რამიშვილს, რომელიც ამ შეხვედრას ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ესწრებოდა.

მამუკა რამიშვილმა რამდენიმე განმარტება მხოლოდ იმაზე გააკეთა, რომ შეხვედრის თაობაზე ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობეს. შეხვედრის დაწყებამდე აქტუალური განხილვის საგანი სწორედ ის საკითხი იყო, თუ ვის ევალებოდა დაინტერესებული ჯგუფების ინფორმირება შეხვედრასთან დაკავშირებით. 

თავდაპირველად მერიამ განმარტა, რომ ის ღონისძიების მასპინძელი არ არის და ინფორმაცია გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს უნდა გაევრცელებინა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმაც თავის მხრივ აღნიშნეს, რომ შეხვედრა მერიის ორგანიზებული იყო და ინფორმაციის გავრცელებაზეც მერია იყო პასუხისმგებელი.

პრეტენზიას ბათუმის საკრებულოს წევრები: ვაჟა დარჩია, რეზო ხარაზი და ნაზი ფუტკარაძე შეუერთდნენ. ბათუმის მერიასთან პრეტენზიები მათაც ჰქონდათ. მათ გაიგეს შეხვედრის შესახებ, რომელიც გენგეგმის ავტორებსა და საკრებულოს წევრებს შორის გუშინ, 16 მაისს შემდგარა და შეხვედრას ოპოზიცია არ ესწრებოდა, რადგანაც, როგორც თავად განმარტეს, მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

ვაჟა დარჩიას თქმით, საკრებულოს აპარატის უფროსმა მას სატელეფონო საუბარში განუმარტა, რომ შეხვედრა „ოცნების“ ფრაქციის ორგანიზებული იყო, რაც ასევე უარყო „სითი ინსტიტუტი საქართველომ.“

„რაც მეტი მოხვიდოდით, მით უკეთესი იქნებოდა, მეც გამიკვირდა, რომ ვერ გნახეთ“ – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა ზოგადად მიმოიხილა ის კვლევები და ხედვები, რაც კომპანიას უკვე მომზადებული აქვს. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის განაშენიანების ცენტრალური ნაწილიდან მთისძირის მიმართულებით გადატანაზე, ზღვისა და მთის ხედების გაერთიანების იდეაზე, გარკვეული უბნების განვითარებაზე და ასე შემდეგ. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრაზე ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი ნინო ინაიშვილი დაინტერესდა ქალაქის ზონირების საკითხით. მისი თქმით, მერი დაჰპირდა ძეგლების დამცველებს, რომ გენგეგმაში ეს საკითხი დეტალურად იქნებოდა ასახული.

გენგეგმის ჯგუფმა განმარტა, რომ ხედვის ნაწილში ეს ასახული არ იქნება: „ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ დოკუმენტით, რაც გადმოგვეცა, თუმცა ზოგადად შესაძლებელია კონცეფციაში იყოს.

გენგეგმის განხილვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა ვაჟა დარჩიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დოკუმენტი თაროზე დარჩება და ქალაქი მას რეალურად ვერ გამოიყენებს:

„ყოველდღიურად ვადევნებ თვალს ქალაქში რაც ხდება და რა გრძელ ვადაზე, რა მწვანე სივრცეებზე, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა რაც აქ თქვით, იმის საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს დღეს ქალაქში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“. 

ვაჟა დარჩიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე, რომლის განხილვის პროცედურაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

„მინდა თქვენი მკაფიო პოზიცია მოვისმინო ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, რამდენად სწორია და რამდენად ეთანხმება იმ პათოსს, რომელზეც თქვენ ახლა გვესაუბრებოდით. აქეთ მგონი სრულიად საპირისპირო ამბები ხდება“ – თქვა მან.

სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მამუკა სალუქვაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატული აქვს და ამის თაობაზე პარლამენტის დარგობრივ კომიტეტს წერილობითაც მიმართა. მან თქვა, რომ ეს კანონპროექტი თბილისისთვის მიღებული იგივე პროექტის ანალოგია და განსხვავება მხოლოდ ინდივიდუალურ სახლებთან დაკავშირებულ ხედვას ეხება:

„დიახ, არ იყო ახლა ამის განხილვა მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ დიდ კვლევას. ჩვენ ხელი არ უნდა შეგვეშალოს, იმიტომ, რომ ქალაქს სჭირდება ეს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ რაღაც მონაცემები დაძველდეს და აქტუალობა დაკარგოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ანალიზში პრობლემა მივიღოთ.

პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში მე ასევე ვისაუბრე ქალაქისთვის მაკომპენსირებელი ღონისძიებების დაწესების აუცილებლობაზე“.

საკრებულოს წევრი ენმ-დან, რეზო ხარაზი დაინტერესდა, როგორ ხედავს გენგეგმის ჯგუფი ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი საცობების პრობლემის გადაჭრას. მან ხაზი გაუსვა ასევე მწვანე კონცხისა და გონიო-კვარიათის განაშენიანებას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი მიუსწრებს და გადაარჩენს ამ ტერიტორიებს ისეთი ქაოსური განაშენიანებისგან, როგორიც არის ბათუმის სანაპირო ზოლში.

საკრებულოს წევრი დაინტერესდა ასევე ნაგავსაყარის საკითხით. მას აინტერესებდა, რა ვადაშია შესაძლებელი იმ ტერიტორიის განვითარებაზე ფიქრი, თუ უახლოეს წლებში ნაგავსაყრელს გონიოს ტერიტორიიდან გადაიტანენ. „ახლა იქ ვითარება არის ძალიან მძიმე“ – აღნიშნა მან.

კომპანიის ცნობით, ბათუმში 3000-ზე მეტი შეუსაბამო შენობა აღწერეს, თუმცა შეხვედრაზე არ დაუკონკრეტებიათ, რამდენია ამ შენობებიდან ნებართვით აგებული ან უნებართვოდ აშენებული, მაგრამ რეესტრში დარეგისტრირებული შენობა.

საბოლოოდ შეხვედრაზე ითქვა, რომ ქალაქში რთული პროცესები მიმდინარეობს და სასურველია გენგეგმა იქცეს თანხმობის დოკუმენტად, რომ ქალაქის პრიორიტეტები ისევ დეველოპერების პრიორიტეტებს არ ემთხვეოდეს.

კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ხედვებზე „ბათუმელები“ ინფორმაციას ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

ბათუმის გენგეგმის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: