მთავარი,სიახლეები

როგორ გავიყვანოთ ბავშვი უცხოეთში, როცა ერთი მშობელი წინააღმდეგია – ინტერვიუ

16.05.2023 • 3220
როგორ გავიყვანოთ ბავშვი უცხოეთში, როცა ერთი მშობელი წინააღმდეგია – ინტერვიუ

„მამის არგუმენტი აქ და სხვა შემთხვევებშიც ხშირად არ არის ცნობილი, მამებს აქვთ უბრალოდ კატეგორიული დამოკიდებულება, რომ არ სურთ შვილი გავიდეს საზღვარგარეთ და იყოს მისგან შორს,“ – კონკრეტულ ისტორიას იხსენებს იურისტი თამარ წულუკიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც „ბათუმელები“ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თემაზე ესაუბრა.

16 წლამდე ბავშვის უცხოეთში წასაყვანად ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო. რა სამართლებრივი გზა არსებობს, როცა ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგია? – სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ თამარ წულუკიძეს.

  • ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, გვითხარით, რა ასაკის ბავშვის გაყვანა შეუძლია მშობელს საზღვარგარეთ და რა პირობის დაცვაა ამისთვის საჭირო? 

ასაკი შეზღუდული არ არის – ნებისმიერი ასაკის, მათ შორის, ჩვილის გაყვანა საზღვარგარეთ შესაძლებელია. არ არის შეზღუდვა ასევე იმაზე, თუ რა ვადით დარჩება არასრულწლოვანი საზღვარგარეთ.

არსებობს შეზღუდვა მხოლოდ მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ნაწილში – როდესაც არასრულწლოვანი 16 წლამდეა, აუცილებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის, ორივე მშობლის თანხმობა.

16-დან 18 წლამდე კი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის/მშობლის თანხმობაც საკმარისია.

განვმარტავ, რომ კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება იყოს მეურვე ან მხარდამჭერი პირი, თუ ერთ-ერთი მშობელი სახეზე არ არის, ან მას შეზღუდული/ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლებამოსილება.

  • თუ ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგია ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის, რა ხდება ამ დროს? 

პრაქტიკაში ხშირია ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგია ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მშობლის უფლება-მოვალეობების შეზღუდვა კონკრეტულად ამ ნაწილში. მშობელს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს და მეორე მშობელს შეეზღუდოს საზღვრის გადაკვეთის ნაწილში მშობლის უფლება.

ერთ-ერთი დავა იყო მშობლებს შორის, როცა მამა იყო საპატიმრო დაწესებულებაში და არ გასცემდა თანხმობას, შვილს გადაეკვეთა საზღვარი. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს სარჩელით და მოვითხოვეთ, შეეზღუდათ მამის უფლება-მოვალეობა ორი მიმართულებით: საზღვრის კვეთის ნაწილში და ბიომეტრიული პასპორტის დამზადების მიმართულებით.

კანონმდებლობით დადგენილია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორივე მშობელმა თანაბრად უნდა იზრუნოს. ორივე მშობელი თანაბრად უნდა იყოს ჩართული ბავშვის სოციალური, გონებრივი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური განვითარების ნაწილში. არ შეიძლება, რომელიმე მშობელმა ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და ბავშვს შეუზღუდოს, მაგალითად, საზღვრის კვეთა.

  • რა მოტივაციით ამბობდა უარს მამა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე? ასევე, საპატიმროში როცაა მშობელი, მისი თანხმობაც არის საჭირო? 

კი, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა არ ზღუდავს მშობლის უფლება-მოვალეობებს – მისი თანხმობა საჭიროა.

ეს იყო შემთხვევა, როდესაც საგანმანათლებლო მიზნებისთვის სურდა არასრულწლოვანს გადაეკვეთა საზღვარი. ბავშვის დედ-მამა განქორწინებულნი იყვნენ და აშკარა იყო, რომ მამა ლახავდა არასრულწლოვნის ინტერესს.

მამის არგუმენტი აქ და სხვა შემთხვევებში ხშირად არ არის ცნობილი. მათ აქვთ უბრალოდ კატეგორიული დამოკიდებულება, რომ არ სურთ შვილი გავიდეს საზღვარგარეთ და იყოს მისგან შორს. ძირითადად ისინი ამას აჟღერებენ.

მსგავს შემთხვევებში სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნას.

  • როგორ ადგენს ამ დროს მოსამართლე, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი? 

ზოგადი სტანდარტი არის ის, რომ გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა იყოს მისაღები მისი განვითარებისთვის… გარემოში უნდა იყოს შესაბამისი პირობები, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, მათ შორის, გადაკვეთოს საზღვარი და მიიღოს განათლება, ან უბრალოდ დაისვენოს. იყო ასეთი შემთხვევა, როცა დედა მოვიდა ჩვენთან და თქვა, რომ შეძენილი აქვს ტურისტული პაკეტი, უნდა, რომ შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ, მაგრამ მამის თანხმობა არ აქვს.

სასამართლოში მშობელმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი მოთხოვნა – მეორე მშობელს შეეზღუდოს მშობლის უფლებამოსილება შვილისთვის საზღვრის კვეთის ნაწილში – ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს. უნდა დადასტურდეს, რომ მეორე მშობელი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას და ხელს უშლის ამ შემთხვევაში ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

  • რა დრო სჭირდება სასამართლოს ამ სახის დავის განსახილველად?

არ არის განსაზღვრული კონკრეტული დრო ამ სახის დავების განხილვისთვის. გაჭიანურებული მართლმსაჯულების პირობებში ამას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხის განხილვა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

  • ბიომეტრიული პასპორტი თუ აქვს ბავშვს, მას მშობლის თანხმობა აღარ სჭირდება? 

პასპორტი თუ აქვს ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ორივე მშობლის თანხმობა აღარ სჭირდება. თუ ერთ-ერთ მშობელს მიჰყავს ბავშვი, რომელსაც აქვს პასპორტი, მეორე მშობლის თანხმობა აღარ არის საჭირო. პასპორტთან ერთად ასევე დაბადების მოწმობაა საჭირო.

თუ საერთოდ სხვა პირს მიჰყავს ბავშვი საზღვარგარეთ, მაშინ მაშინ ორივე მშობლის მინდობილობაა საჭირო.

თუმცა ბიომეტრიული პასპორტი რომ აიღოს არასრულწლოვანმა ნებისმიერ ასაკში, ამისთვის ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო. არსებობს მშობლის თანხმობის უკან გაწვევაც – როცა მშობელი დათანხმდა არასრულწლოვან შვილს პასპორტი აეღო და შემდეგ გადაიფიქრა. მსგავს შემთხვევებსაც სასამართლო განიხილავს – რამდენად კანონიერია მშობლის მოთხოვნა.

თურქეთში გადასვლის შემთხვევაში კი, თუ ID ბარათი აქვს არასრულწლოვანს, ის პასპორტის გარეშე გადაკვეთს საზღვარს. თურქეთიდან სხვა ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში კი, უკვე დასჭირდება პასპორტი, მას პასპორტ-რეჟიმის გავლა მოუწევს.

  • თუ ორივე მშობელი თანახმაა, როგორ უნდა დადასტურდეს ეს? 

ამ შემთხვევაში მშობლების თანხმობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული და ამ დამოწმებულ თანხმობას წარადგენენ საზღვრის კვეთის დროს. იუსტიციის სახლში ამაზე განაცხადის გაკეთება საჭირო არ არის, უნდა იყოს ნათარგმნი ვარიანტიც.

  • ეს ეხება ნებისმიერ ეტაპს – წყვილი განქორწინებულია, ან დავა აქვთ განქორწინებაზე… 

მნიშვნელობა არ აქვს, მშობლები განქორწინებულნი არიან, განქორწინების ეტაპზე არიან თუ არა. საოჯახო-სამართლებრივი დავა ცალკე საკითხია, მშობლის უფლება-მოვალეობები კი – ცალკე საკითხი. შესაბამისად, განქორწინების დავა გავლენას ვერ მოახდენს საზღვრის კვეთაზე.

  • იყო ისეთი შემთხვევა, როცა დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნიეს მშობლის უარი, მისი შვილი საზღვარგარეთ წასულიყო? 

ჩვენ არ გვქონია ასეთი შემთხვევა, თუმცა სრულიად შესაძლებელია, ეს დასაბუთდეს, თუ რეალური ეჭვი არსებობს, რომ საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანა რეალურად სხვა მიზნებს ემსახურება. დასაბუთებული თუ იქნება ეს გარემოება, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.

ამას დასჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები – შეიძლება იყოს მიმოწერა მშობლებს შორის, რაც აჩვენებს, რომ სხვა მიზანს ემსახურება საზღვარგარეთ არასრულწლოვნის წაყვანა. ბუნებრივია, რომელი მხარის არგუმენტიც არის დასაბუთებული, მის სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: