მთავარი,სიახლეები

აქცია ბათუმში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად – „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“

16.05.2023
აქცია ბათუმში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად – „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“

„თავისუფლება ნიკას“, „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, „მედიასთან ბრძოლას აგებს ხელისუფლება“ – ამ გზავნილებით დღეს, 16 მაისს, ჟურნალისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციაზე შეკრებილებმა ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადეს.

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია ბათუმში

ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ დამფუძნებელია. ის ზუსტად ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. მაგალითად, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.