მთავარი,სიახლეები

300 ლარი ჯარიმა საზოგადოებრივი ინვენტარის დაზიანებისთვის, მათ შორის ავტობუსებში

16.05.2023 • 1387
300 ლარი ჯარიმა საზოგადოებრივი ინვენტარის დაზიანებისთვის, მათ შორის ავტობუსებში

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ინვენტარის თუ სხვა ობიექტის განზრახ დაზიანებისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი – 500 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით.

იგივე ქმედება არასრულწლოვანის მიერ კი, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება და ახალი მუხლი – ვანდალიზმი დაემატა.

ცვლილება ძალაში 2023 წლის პირველი ივნისიდან შევა.

ამ ახალი ცვლილებით, კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 166​2 მუხლი:

„მუხლი 166​2. ვანდალიზმი

1. მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

  • ეს მუხლი არ მოქმედებს, თუ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

  • ეს მუხლი არ მოქმედებს, თუ ჩადენილია ამ კოდექსის 150-ე-150​3 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა [კოდექსის 150-ე−150​3 მუხლები ითვალისწინებს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას და იერსახის თვითნებურად შეცვლას; ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და თვითნებურად შეცვლას].

ცვლილება შევიდა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლში [მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა] სადაც დაემატა ჩანაწერი – „ვანდალიზმის ჩადენით“.

შესაბამისად, ბავშვის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ვანდალიზმის [მუხლი 166​2] ჩადენა „გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით“.

ახალი ცვლილებით „166​2 მუხლითა და 172-ე მუხლით (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 290​6 მუხლის გათვალისწინებით ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: