მთავარი,სიახლეები

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში ბათუმში სადარბაზოს ნგრევაზე და დაკავებული მუშების ახლობლების აქცია

12.01.2022 • 6127
რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში ბათუმში სადარბაზოს ნგრევაზე და დაკავებული მუშების ახლობლების აქცია

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს იმ მუშების ახლობლებმა, რომლებიც 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულები არიან მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, დაღუპულების ახლობლებს, რომლებიც ასევე სასამართლოსთან არიან, სამძიმარი გამოუცხადეს.

დღეს ამ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება – სურმანიძეების ადვოკატის, მზია დიასამიძის თქმით, ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ წინასწარი პატიმრობიდან. დაკავებულების ოჯახი გირაოს სახით 5-5 ათასი ლარის გადახდას სთავაზობს სახელმწიფოს.

დაღუპულების ოჯახის წევრებმა კი დღეს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ბრალდებული სურმანიძეების ახლობლები ამბობენ, რომ ექსპერტიზა ფაქტობრივად გამორიცხავს მათ დანაშაულს.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ნგრევა გამოიწვია პირველი სართულის მზიდი კედლების მოშლამ.

ამონარიდები სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან:

  • „ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე შენობის პირველი სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევა გამოწვეულია არასათანადოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით. კერძოდ მზიდი კედლის დემონტაჟით პირველ სართულზე. რაც შეეხება აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირს, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი გაცემულია „თ“ პუნქტში“.
  • „თ“ პუნქტი: „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად… დამსაქმებელი ვალდებულია იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს“.
  •  „ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოზე, ეზოს მხრიდან დამონტაჟებული ლიფტი და მისი ფუნქციონირება არ არის კავშირში შენობის სადარბაზოს ნგრევასთან“.
  • „დაშენება სადარბაზოს ნგრევაზე გავლენას არ მოახდენდა და სადარბაზო ჩამონგრევის მიზეზს არ წარმოადგენს“.

სადარბაზოების ნგრევის საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული – მამა-შვილი სურმანიძეები და ბინის მფლობელი ზაურ ბუდაგოვი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მამა-შვილ სურმანიძეებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. ზაურ ბუდაგოვს კი 5 წლამდე პატიმრობა.

გია შამოხია სასამართლოსთან. ნგრევამ მისი ცოლი და ვაჟი იმსხვერპლა

აქცია ბათუმის სასამართლოსთან / 12.01.2022

___

ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში 10 ადამიანი მოჰყვა, მათგან 9 დაიღუპა. ნგრევის საქმეზე სამი პირი 9 ოქტომბერს დააკავეს. შსს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა სარემონტო სამუშაოებისთვის ორი ადამიანი დაიქირავა.

„ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია,“ – თქვეს შს სამინისტროში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: