მთავარი,სიახლეები

224 062 ლარი გვჭირდება – ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილი მერს

16.05.2023 • 1067
224 062 ლარი გვჭირდება – ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილი მერს

ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გელა გოგიტიძე ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს ადმინისტრაციული სამსახურის ხარჯის გაზრდას ბიუჯეტში შესყიდვების შედეგად წარმოშობილი ეკონომიების ხარჯზე სთხოვს. ადმინისტრაციის უფროსი მერს მთელ რიგ საჭიროებებსა და პრობლემებზე წერს, ამ პრობლემების მოსაგვარებლად კი ბიუჯეტში კორექტირებას და სამსახურისთვის 224 062 ლარის დამატებას ითხოვს.

ადმინისტრაციის უფროსის წერილი საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის თანდართული დოკუმენტის სახით მიიღო. მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშიც გადაუგზავნა.

  • 30 000 ლარი სტუმრებისთვის

ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, 26 მაისს ქობულეთში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სადაც მოწვეულები არიან დამეგობრებული ქალაქებიდანაც. ადმინისტრაციის უფროსის წერილის თანახმად, მათი მასპინძლობა და სასტუმრო ხარჯების სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ღონისძიებისთვის მერია დრონის დაქირავებას გეგმავს: „რათა აღნიშნული ღონისძიების გაშუქება მოხდეს სრულფასოვნად.“ გელა გოგიტიძის ინფორმაციით დრონს 900 ლარად დაიქირავებენ.

  • ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს

ადმინისტრაციის უფროსი ასევე წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს, რაც განპირობებულია სივრცის არქონითა და მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფით. მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციას ვებგვერდის განახლებისთვის 1500 ლარი სჭირდება:

„დამატებითი სივრცის შეძენად ვებგვერდისთვის პროვაიდერს დადგენილი თანხა აქვს ერთი თვის გადასახადი – 237 ლარი: „დარჩენილია 7 თვე – ჯამში 1659 .

ადმინისტრაციის უფროსი ითხოვს ასევე სპეციალური მოწყობილობის შესყიდვას შიდა ქსელის გამართულად მუშაობისთვის:

„მუნიციპალიტეტის ინტერნეტ შიდა ქსელის რეაბილიტაციის დროს ვერ მოხერხდა როუტერის შეძენა, რაც იწვევს არსებული ქსელის მუშაობის შეფერხებას, საჭიროა ახალი როუტერის შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 5 000 ლარს.

  • მოქალაქეების მანქანები მერიის პარკინგზე

ქობულეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსი შეწუხებულია იმითაც, რომ მერიის ავტოპარკინგს მოქალაქეებიც იყენებენ:

ამონარიდი ადმინისტრაციის უფროსის წერილიდან:

„მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნია ავტოპარკირება, რომელზეც ქაოსურად შემოდიან მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ხშირ შემთხვევაში თანამშრომლები ვერ პარკინგდებიან, რაც იწვევს დისკომფორტს თანამშრომელთა შორის, ამიტომ გვესაჭიროება შლაგბაუმის რემონტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1000 ლარს.

საქართველოს ორგანულ კანონის მე-20 მუხლში შესული ცვლილების გამო, გვესაჭიროება საჯარიმო ქვითრების დაბეჭდვა, 500 ერთეული საჯარიმო ქვითრის დაბეჭდვის ღირებულება შეადგენს 750 ლარს“.

  • საწვავი ახალი მანქანებისთვის და კონდიციონერები

ადმინისტრაციის უფროსის წერილის თანახმად, ქობულეთის მერიას ახალი მანქანები შეუძენია: „მუნიციპალიტეტმა შეიძინა 5 ახალი ავტომობილი, რომელთა დაზღვევის თანხა შეადგენს 5593 ლარს.

…ასევე სამსახურში გვესაჭიროება ორი ერთეული კონდიციონერის შეძენა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც შეადგენს 2400 ლარს. მოახლოებულ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით კონდიციონერების მიმდინარე შეკეთებისთვის გვესაჭიროება 1500.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გათბობის ხარჯებში გვესაჭიროება 13,000 ლარი. ელექტრო ენერგიის ხარჯში დამატებით სავარაუდოდ გვესაჭიროება 160,760 ლარი“ – წერს ადმინისტრაციის უფროსი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: