მთავარი,სიახლეები

რა უთხრა კაცმა მოსამართლეს, რომელსაც 12 წლის შვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაეღუპა

10.02.2022 • 39392
რა უთხრა კაცმა მოსამართლეს, რომელსაც 12 წლის შვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაეღუპა

“მანამდე მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები დაახლოებით 10 დღე, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით,” – ხმადაბლა დაიწყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევის ამბის გახსენება გია შომახიამ. მან დღეს, 10 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება მისცა. გია შომახიამ 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს 12 წლის დათა და ცოლი დაკარგა.

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაღუპული მოსწავლის ნახატი სკოლის კედელზე გადაიტანეს

„იმ დღის მერე იქ აღარ მივსულვარ, ვეღარ ვეკარები იმ ადგილს,“ – დასძინა დაზარალებულად ცნობილმა კაცმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე“ მოწმეების მოსმენა დღევანდელ პროცესზე დაიწყო. 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსში სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი.

ამ საქმეში 3 ბრალდებულია: მამა-შვილი სურმანიძეები, რომლებიც ამ სადარბაზოს პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდნენ და ბინის მფლობელი – ზაურ ბუდაგოვი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მამა-შვილ სურმანიძეებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. ზაურ ბუდაგოვს კი, 5 წლამდე პატიმრობა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სადარბაზოს ჩამოშლა პირველ სართულზე მზიდი კედლების გამოღებამ გამოიწვია. „სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევა გამოწვეულია არასათანადოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით. კერძოდ მზიდი კედლის დემონტაჟით პირველ სართულზე,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში.

„ისეთი ხმაური იყო, ბავშვებს ვეღარ ვამეცადინებდით, ტელევიზორსაც ვერ ვუყურებდით,“ – განაგრძო თხრობა გია შომახიამ და ბრალდებულებს გახედა. – „ცოლი მეუბნებოდა, იქნებ დაელაპარაკოო, მაგრამ ვამბობდი ახალი მეზობელია, მოვითმინოთ-მეთქი… არ ჩავსულვარ სამწუხაროდ, მათთვის მე არაფერი მითქვამს…

იმ დილით არ იყო ხმაური, არც არაფერი შემიმჩნევია ბინისთვის, არც ბზარი მინახავს, არც ბათქაში ჩამოცვენილა სადმე, გავედი ბინიდან, 11 საათი იქნებოდა. უფროსი შვილი – ნიკა სკოლაში იყო, ის არ იყო დისტანციურ სწავლაზე.

პარკთან მეგობარს შევხვდი, ველაპარაკებოდი, როცა უცებ მტვერი წამოვიდა საშინელი, გამოვიქეცი მეც, კორპუსს როცა მოვუახლოვდი, მოვრბოდი და მახსოვრობა დავკარგე უკვე… როცა მეხსიერება დამიბრუნდა, იქ, ნანგრევებთან, უკვე მაშველები მუშაობდნენ,“ – თხრობა გაუძნელდა მოწმეს.

გია შომახიას პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ჰკითხა, რა სახის რემონტი ჰქონდა ჩატარებული ბინაში მას, ან მის მეზობლებს.

„გაღებვა, შპალერი გააკრეს ასევე, აბაზანა-ტუალეტის მოწესრიგება და რაღაც ასეთი, მეტი არაფერი… 1978 თუ 1979 წელს გაკეთდა ეს ბინა და მერე რემონტი არ ჩატარებულა,“ – აღნიშნა გია შომახიამ.

პროკურორები – ალექსანდრე ძირკვაძე და ნიკა მენთეშაშვილი

მოწმემ სასამართლო პროცესზე  გაიხსენა ისიც, რომ მზიდი კედელი მის საცხოვრებელ ბინაშიც იყო და წლების წინ ხელოსანმა მასზე ხელის ხლება არ ურჩია.

„კარადა უნდა მოგვეწყო და ეს მზიდი კედელია, ვერ შევეხებითო, არც შევხებივარ,“ – დასძინა გია შომახიამ.

„როცა აღნიშნეთ, რომ ხმაური ამოდიოდაო, ეზოშიც გესმოდათ ეს ხმა?“ – ჰკითხა დაზარალებულს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

„კი, ყველგან ისმოდა იქ,“ – მიმართა ადვოკატებს გია შომახიამ.

ადვოკატებმა კითხვები დასვეს ექვსსართულიან კორპუსზე მეშვიდე სართულის დაშენების, ასევე კორპუსს გარე ფასადზე ლიფტის მიშენების კუთხითაც. დაზარალებულების პოზიციით, დაშენება, ან ლიფტის მონტაჟი, რაც წლების წინ გააკეთეს, სადარბაზოს ვერ ჩამოანგრევდა.

„სხვა რემონტების დროს, რაც ამ კორპუსში იყო, ხმაური არ გესმოდათ?“ – მიმართა გია შომახიას ადვოკატს მზია დიასამიძემ. ის ბრალდებული მამა-შვილის ინტერესებს იცავს.

„მესმოდა, მაგრამ ასეთი საშინელი ხმა არ ყოფილა,“ – მოწმემ ბრალდებულებს გახედა და პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეს, ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვს მიმართა:

„ეს მოვიდა და დაიწყო ნგრევა, ეს მუშებიც დაღუპა…“ – ემოცია აღარ დამალა მოწმემ.

„მე საყრდენზე შეხებული არ ვარ, არ შევხებივარ,“ – უცებ წამოდგა ფეხზე გისოსებიანი ადგილიდან და მოსამართლეს ხმამაღლა მიმართა ბრალდებულმა ხუსეინ სურმანიძემ. ის მშენებლობაზე, სადაც სადარბაზო ჩამოინგრა, მუშად მუშაობდა.

„დაჯექი, ხუსეინ, სხვა დროს,“ – ბრალდებული გააჩუმა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

ხუსეინ სურმანიძის ჯანმრთელობის გამო დღეს სასამართლო პროცესი ზუსტად 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მდივანმა პროცესის მონაწილეებს აცნობა, რომ ბრალდებული სასამართლოში გადმოყვანილია, მაგრამ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და პროცესი დროულად ვერ დაიწყო.

45-წუთიანი დაგვიანების შემდეგ სასამართლო პროცესი ისე დაიწყო, რომ ბრალდებულ ხუსეინ სურმანიძისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ. ეს მოსამართლემაც აღნიშნა და ბრალდებულს მიმართა, რომ როცა სასწრაფო სამედიცინო სამსახური სასამართლოსთან მივიდოდა, ბრალდებულს დარბაზიდან გაიყვანდნენ.

ხუსეინ სურმანიძე დარბაზიდან პროცესის დაწყებიდან 35 წუთის შემდეგ გაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის ცენტრშია, ვაჟა-ფშაველას და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

„რა იქნება სამართლიანი სასჯელი, თქვენი აზრით?“ – ესეც ჰკითხა პროკურორმა დაზარალებულ კაცს.

„დამაქცია, არაფერს ვითხოვ, დამნაშავედ იქნას ცნობილი… რა აზრი აქვს ჩემთვის,“ – დაასრულა გია შომახიამ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – დღევანდელ პროცესზე პირველად მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ფოტოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადაიღებდა და ჩვენ მხოლოდ პროცესზე დასწრების უფლება მოგვეცემოდა. „ბათუმელები“ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ამ პირობით დაუშვა.

მოსამართლეს სასამართლო პროცესზე, ასევე თავად სასამართლოს არ განუმარტავს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ, როცა იგივე მოსამართლეს, ან ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს არასდროს შეუზღუდავთ „ბათუმელებისთვის“ სასამართლო სხდომაზე ფოტოს გადაღება.

ადვოკატები რამინ პაპიძე და მზია დიასამიძე, პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე

____

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: