„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და „თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს.
ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი ცოლის არჩევის ხერხსაც „ასწავლის“. „მოზრდილ ბიჭებს ასე ვეუბნები ხოლმე, რომ შეხედავ გოგოს, რომ თავის მამას უჯერებს, მაშინ დიდი ალბათობით მეუღლესაც დაუჯერებს. მაგრამ თუ შეხედავ, რომ მამას ეურჩება, უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება, არც შენ არ დაგიჯერებს“.
რატომ არ არის „მორჩილება“ ქალის სამკაული და რატომ არის დამაზიანებელი მსგავსი სწავლება ბავშვებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.
მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში მრავალგვარია.
„პირველი ის გახლავთ, რომ ხდება ბავშვების ტრავმირება, ამ ბავშვების ცნობიერებაში ხდება გარკვეული იდეების გენერირება, რომელიც მათ შემდგომ ცხოვრებაში ხელს შეუშლის.
შეუძლებელია, ადამიანის არჩევანი საკუთარი ცხოვრების წესთან დაკავშირებით იყოს მუდმივი, რადგან ადამიანი მუდმივად ვითარდება და იცვლება“, – გვეუბნება ის.
მირიანის აზრით, ბერი, რომელიც გოგონებს მორჩილებას ასწავლის, დიდი ალბათობით თავადაც ტრავმირებულია, რადგან მას სწორედ ამ გზის გავლა უწევს ინსტიტუციურად.
„რაღაც ასაკში შესაძლოა ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ იყოს ეული, მაგრამ რაღაც მომენტში ეს მარტოობა და ეულობა მას გამოხრავს. ამიტომ სიცარიელის კომპენსირება ძალიან ხშირად ასეთი ძალაუფლებითი წარმოდგენებით ხდება ხოლმე.
ბერი, რომელმაც უარი თქვა ოჯახის შექმნაზე, ცოლ-შვილის ყოლაზე, ქალთან საკუთარი ცხოვრების გაზიარებაზე, ცდილობს საკუთარი სტატუსი სწორედ ამ თემაზე საუბრით აიმაღლოს.
ზოგადად, ამ სიტყვას – „მორჩილება“, ჩაბღაუჭებულია ჩვენი საპატრიარქო და მარტო მათთვისაც არ არის დამახასიათებელი. როგორც ჩანს, ძალიან პოპულარულია თანამედროვე, რადიკალურ რელიგიურ მიმდინარეობებში. უელბეკის „მორჩილებაშიც“ საზომად აღებულია ისლამური რადიკალური ჯგუფები და ზუსტად ამ ალეგორიაზეა აგებული ქალის მორჩილებაც“, – ამბობს მირიანი.
მისი თქმით, დიდი პრობლემაა, როდესაც ბუნდოვანი წარსულის და ამ საკითხებში ნაკლები გამოცდილების მქონე, სრულიად მოუმზადებელი ადამიანები ასწავლიან ბავშვებს, რადგან ეს შემდგომში ამ ადამიანების ქრისტიანობასთან გაუცხოების რისკს ქმნის.
„რაზეც ეს ბერი საუბრობს, თეოლოგიური თვალსაზრისით არის აბსურდი და მე ვიტყოდი, რომ სრულიად არაქრისტიანული მოძღვრებაც. რადგან ქრისტიანობის მიხედვით ქალი და კაცი არის თანასწორი და თანაღირსი.
მიუხედავად გარკვეული მუხლებისა, რომელიც კონტექსტურად შესაძლოა სხვაგვარად მოგვეჩვენოს, საბოლოო ჯამში, მთელი ქრისტიანული კონცეფცია სწორედ ამაზეა დამყარებული, რომ ქალი და კაცი თანასწორია.
ბიბლიიდან გარკვეული ამონარიდების მოყვანა ქალის მორჩილებაზე, მისი ზუსტი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, არასწორია, რადგან რიგ შემთხვევებში ეს ტექსტები შექმნილია მაშინდელი ისტორიულ და სოციო-კულტურულ გარემოში და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის კულტურები იცნობდნენ ქალის თანასწორუფლებიანობის ფენომენს, მაგალითად ეგვიპტეში ფარაონი ან პალმირაში მმართველი ქალი წამყვან პოზიციაზე ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაშინ როცა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგვეჩვენოს, მსგავსი რაღაც გამორიცხული იყო ბერძნულ და რომაულ კულტურაში“, – ამბობს მირიანი.
მისი თქმით, იგივე რომაულ სამყაროში იერარქია ძალიან ხაზგასმული იყო იმიტომ, რომ ეს იყო სამხედრო წყობის რესპუბლიკა, წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომელიც ემყარებოდა სამხედრო ძლიერებას და სამხედრო საქმე ითვლებოდა კაცის საქმედ.
„ისევე, როგორც ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებში. მაგრამ ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ ნაწილში ჩვენ არ გვაქვს არანაირი მონაცემები იმაზე, რომ ქალი უნდა დაემორჩილოს კაცს. ეს უფრო მაშინდელი კულტურისთვის დამახასიათებელი ფენომენია, რომელიც დღეს სრულიად გაანალიზებული და გარკვეულია“.
ბავშვებთან მოსაუბრე ბერი, არამორჩილ ქალს ანჩხლს უწოდებს და სოლომონის იგავს იმოწმებს. მირიანის აზრით, ანჩხლი არც ქალია სასიამოვნო, არც კაცი და იგავის შემთხვევაში თვისებაზე უფროა საუბარი, ვიდრე სქესზე, თუმცა ბიბლიის მუხლების მსგავსი ფორმით დაჭრა-დაქუცმაცებით და მისი აქეთ-იქით ტრიალით, შეიძლება ადამიანი მცდარ აზრამდე მივიდეს.
ამ ტიპის ქადაგებები, რომ თითქოს ქრისტიანობა ქალის მორჩილებას ასწავლის, ადამიანებს აშორებს ამ მოძღვრებას. დისტანცირდებიან, რადგან თანამედროვე თაობის წარმომადგენლებისთვის ეს სრულიად მიუღებელი ამბავია“, – ამბობს მირიანი.
მისი შეფასებით, საქართველოში ჯერ კიდევ არ აქვს უმრავლესობას მსგავს სწავლებაზე სათანადო რეაგირება, რადგან ქალები ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ტიპის ნარატივით იზრდებიან. „ამის შედეგია ის, რომ ძალადობის შემთხვევაშიც კი, ქალები ადანაშაულებენ მსხვერპლ ქალს და დამნაშავეს მასში ეძებენ.
იმ ვიდეოშიც ვხედავთ, რომ ქალები სხედან იქ, უსმენენ ამ ბერს, თავს უქნევენ, იღიმიან და მოსწონთ ეს ყველაფერი.
მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სოციალური თანასწორობის გარეშე ემანსიპაცია არ არსებობს. ეს ტყუილი ამბავია.
საქართველოში რა გენდერული და ფემინისტური ინიციატივებიც არსებობს სამწუხაროდ, ყველა ელიტურია, რადგან ფემინიზმზე ძირითადად ის ადამიანები საუბრობენ, რომლებსაც ცხოვრებაში ნაკლებად შეხვედრიათ პრობლემა, რადგან ელიტური ოჯახებიდან არიან გამოსული.
რომ შევცვალოთ კადრი და ამ ბერს საპირისპირო ვათქმევინოთ, რომ ქალი და კაცი თანასწორია და ქალებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივები ხელთ აიღონ, მოახერხებენ ეს ქალები ხვალ ამის განხორციელებას? სოციალური მდგომარეობა ასახავს, თუ რა იდეებით ცხოვრობს ესა თუ ის საზოგადოება. თუ ქალს და კაცს თავიდანვე გაზრდი დაკომპლექსებულს, რა თქმა უნდა, ის ვერასდროს შეცვლის საკუთარ სოციალურ მდგომარეობას“, – გვეუბნება ის.
მისი აზრით, ქალებისთვის მორჩილების სწავლებაშიც ის აზრი დევს, რომ ქალები ნაკლებად იყვნენ დამოუკიდებელი და ვერ გაძლიერდნენ სოციალურად. ამის მიზეზედ მირიან გამრეკელაშვილი ქართველი კაცების ნაკლებად რეალიზების პრობლემას ასახელებს.
„თანამედროვე სამყაროში ქართველმა კაცმა საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. მთელი ის ქცევა, რაც გამოუმუშავდა 80-იან წლებში – დოლი, გარმონი და კრიმინალური ქცევა, აღარ მუშაობს, ამით ვეღარ ცხოვრობს ადამიანი. ამის საპირისპირო მოხდა ქალებში, გოგონებმა მალევე აუღეს ალღო თავისუფალ სამყაროს და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ქალებზე დგას დღეს.
ამაზე ერთგვარი პასუხი იყო პატრიარქის მიზოგინიური ეპისტოლეები, რომელიც ერთი პერიოდი ვრცელდებოდა. პატრიარქი ამბობდა, რომ ცოლებმა ფეხები უნდა დაბანონ ქმრებს, იყვნენ მორჩილები და ასე შემდეგ. ეს ქალთმოძულეობაა, რომელიც ყველა კულტურაშია რაღაც სახით შემორჩენილი, ევროპულშიც კი“, – გვეუბნება მირიანი.
მისი თქმით, დღეს ტერმინს – „მორჩილება“, ნეგატიური კონტექსტი აქვს, რადგან ის მონობის სინონიმად აღიქმება.
„მაგალითად, იაპონურ კულტურაში არსებობს ასეთი სპორტი – „სუმო“, სადაც მოსწავლეს ფაქტობრივად უწევს მონობა, რადგან ყველა ბრძანება უნდა შეასრულოს. უნდა გაიაროს რაღაც ეტაპები, გამოწვრთნას საკუთარი ნებისყოფა და მიაღწიოს სპორტულ წარმატებას. ასეთი მოდელია სამღვდელო და საბერო სისტემაშიც. ახალბედას შეზღუდული აქვს უფლებები და მას ამიტომ ჰქვია „მორჩილი“.
თუმცა დასავლეთში, ანუ ლათინურად გამოიყენება ტერმინი „ახალბედა“ და არა „მორჩილი“.
ეს ბერიც, რომელიც ახლა ქადაგებს ბავშვებთან, წლების განმავლობაში იყო ამ სტატუსის ქვეშ, მაგრამ ეს არის გარკვეული კონტექსტი, ისევე როგორც ჯარშია, სადაც ყველა ჯარისკაცი ვალდებულია დაემორჩილოს ოფიცერს და მასთან კამათს თუ დაიწყებს, დისკუსიაში შევა, ვერ იმუშავებს სისტემა. ამის გადმოტანა ჩვეულებრივ საზოგადოებრივ კონტექსტში არის სიბრიყვე“, – გვეუბნება მირიანი.
მისი აზრით, ქრისტიანობა არავის უქადაგებს, რომ იყოს მონა და მორჩილი. პირიქით, მთელი მონოლოგები, რომელსაც სახარებაში ვაწყდებით, აგებულია ადამიანის აქტიური ცხოვრების წესზე.
„საერთოდ არ მესმის, საიდან ამოდიან, როცა ასეთ სპეკულაციას გვთავაზობენ. ქრისტიანული გაგებით ყველა ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი. ეს მსგავსება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის თავისუფალ ნებას. ამ თავისუფალი ნების საფუძველზე მას შეუძლია რაღაც შექმნას. თავისუფალი ნების გარეშე კი ადამიანი მოკლებულია ღვთიურ სისავსეს.
ისევე, როგორც პლატონი არ მიიჩნევდა არათავისუფალ ადამიანს ადამიანად, რადგან მას წართმეული აქვს თავისუფალი ნება“, – ამბობს მირიანი.
მას ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს დეტალები პავლე მოციქულის ეპისტოლედან, სადაც საუბარია ქალებზე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები მსახურებაში და წარმოადგენდნენ ქრისტიანული საკრებულოების წინამძღვრებს.
„ეპისტოლეს მე-17 თავში 16 ადამიანია ჩამოთვლილი და აქედან უმრავლესობა ქალია. ეს კონტექსტი კარგად არის გასაგები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. კონტექსტების გარეშე ინტერპრეტაციები კი პირიქით, დამანგრეველი და დამაზიანებელია“, – გვეუბნება ის.
მირიანი მიიჩნევს, რომ ქრისტიანობაში არსებული მოწოდებები, ქალისა და კაცის ჰარმონიული ურთიერთობებისკენაა მიმართული და გამორიცხავს რომელიმეს უპირატესობას.
„რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც უნდა, რომ მონა ჰყავდეს სახლში. მე, პირადად, არასდროს ვისურვებდი ისეთ ცოლს, ყველაფერზე თავს რომ მიქნევდეს. ეს მდგომარეობა ალბათ გამაგიჟებდა საბოლოო ჯამში.
იგივეა შვილებთან მიმართებაშიც. ჩემი შვილი 5 წლისაა და უკვე აქვს თავისი გამოხატული ნება. ზოგჯერ მინდა გაიზიაროს ჩემი ღირებულებები და მაგალითად ჩაიცვას ის, რასაც მე ვთავაზობ, მაგრამ მას სხვა რამე მოსწონს. მე პატივს ვცემ მის ნებას, რადგან, საბოლოო ჯამში, მსურს, რომ თავისი ცხოვრების გზა თავადვე აირჩიოს და გამოჭედოს.
ამ ყველაფერს კი ეს ბერი, რომელიც გოგონებს მორჩილებას ასწავლის, თვლის გადაგვარებად.
ჩვენ გოგონებს უნდა ვუთხრათ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, კულტურული, ცივილიზებული ადამიანები უნდა იყვნენ და არ უნდა ეძებდნენ კონფლიქტს, მაგრამ მათი ამოცანა არანაირად არ არის ვინმეს უპირობოდ მორჩილება.
მათ თავად უნდა ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები სამყაროზე, საკუთარ ცხოვრებაზე და უნდა იცხოვრონ ლაღად, თავისუფლად და შემოქმედებითად. ამ გზაზე უსიტყვო მორჩილება არის მხოლოდ დაბრკოლება“, – მიიჩნევს მირიან გამრეკელაშვილი.
ის აქვე აღნიშნავს დიალოგის ნაკლებობას განსხვავებულ მხარეებს შორის და მიიჩნევს, რომ მსგავს სწავლებას უნდა მივუდგეთ კრიტიკულად და საზოგადოებაში ამის საპირწონე აზრი უნდა გაჩნდეს.
„ეს ბერი თავის საზოგადოებაში ქადაგებს, ჩვენი ფემინისტები თავიანთ ჯგუფებში საუბრობენ თანასწორობაზე. ცვლილებები კი დაიწყება მაშინ, როცა ეს ორი განსხვავებული მხარე დაიწყებს ერთმანეთში დიალოგს. თუმცა ამაში ხელს გვიშლის კლანური საზოგადოება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ გვახასიათებს“, – გვეუბნება ის.