მთავარი,სიახლეები

„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

07.06.2022 • 6667
„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

„შემეხებით, შეგეხებით,“ „ბანდიტი ხართ, ყაჩაღი“, „დავაი, დაახვიეთ“ „ჭორიკნები ხართ“, „ლოთები ხართ“ – ეს ფრაზები დღეს, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა სხდომაზე, რომელსაც წესით და რეგლამენტით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში ერქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძეს ანგარიშვალდებულების და კრიტიკული კითხვების გამო რამე უხერხულობა არ შეჰქმნოდა, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები დაირაზმნენ, ოპოზიციის პოზიციები აბუჩად რომ აეგდოთ.

„მგონია, გადაცმული ლავასოღლი გველაპარაკება,“ – ეს ელგუჯა ბაგრატიონის პირველი რეაქცია იყო ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როცა თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს სიჩუმისკენ მოუწოდა – „ჩემს ოჯახს და მამაჩემს შეეშვით, ნუ ახსენებთ“.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს თავისი გამოსვლა ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე საუბრით დაიწყო, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია „ხელოვნურად ცდილობდა აჭარაში ტურისტული სეზონის ჩაგდებას“, როცა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალა.

გამოდის, აქციები და კარვების გაშლით გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი თორნიკე რიჟვაძისთვის არ არის.

6 მაისს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის წინ პოლიციელებმა კარვები დაშალეს და 24 ოპოზიციონერიც დააკავეს.

თორნიკე რიჟვაძის მიერ აქციის დაშლაზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას არ ჰქონია არც ერთი კითხვა აქციის დაშლაზე, სადაც სასამართლომაც დაადგინა, რომ პოლიცია იტყუებოდა და არასწორ ინფორმაციას აწვდიდა სასამართლოს, როცა ირწმუნებოდნენ, ოპოზიციონერებმა გვაგინესო. აქციაზე დაკავებული უმაღლესი საბჭოს დეპუტატი – გია აბულაძე კი,  სასამართლომ სრულად გაამართლა.

კითხვა, რითაც ოპოზიციამ დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მეტად გააღიზიანა თორნიკე რიჟვაძე, ბათუმში დაკავებულ მილიონერ გალიფ ოზთურქს ეხებოდა. დეპუტატმა ენმ-დან, გიორგი კირთაძემ თორნიკე რიჟვაძეს უთხრა, რომ არ სჯერა ვერსიის, რომლის მიხედვითაც თორნიკე რიჟვაძეს დაუპირისპირდა ოზთურქი.

„წარმოუდგენელი ამბავია, რომ თქვენ რაღაც დაპირისპირება გქონდათ გალიფ ოზთურქთან, ეს ვიღაც თქვენმა პიარშიკებმა კარგად დაგეგმეს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ გალიფ ოზთურქს ხელის აწევით ელაპარაკებოდით,“ – თქვა გიორგი კირთაძემ.

„ხელის აწევის“ ხსენებაზე თორნიკე რიჟვაძეს ბრაზი უსიტყვოდ დაეტყო და ოპონენტის შეჩერებაც სცადა.

„კორექტულად,“ – თქვა ჯერ თორნიკე რიჟვაძემ და პაუზის შემდეგ ხმამაღლა მიმართა გიორგი კირთაძეს: „ხელის აწევით ესაუბრებოდა ლევან ვარშალომიძე [ოზთურქს], როცა 2010 წელს შემოიყვანა. მიგაფარებ მაგას სახეზე მალე… ხელის აწევით ერთმანეთს თქვენ ელაპარაკეთ, კითხვა დასვი,“ – კატეგორიულად მიმართა ოპოზიციას თორნიკე რიჟვაძემ.

„შეგრცხვეს, თორნიკე, აღარა ხარ პატარა ბიჭი“, – უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძემ.

„ბავშვობაში რამე სტრესი ხომ არ გაქვთ გადატანილი?“ – იკითხა ელგუჯა ბაგრატიონმა და გააპროტესტა ის, რომ თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დარბაზში შეიარაღებულ დაცვასთან ერთად მივიდა. უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ასევე მოაწყვეს ხელოვნური ბარიერი, მარტივად რომ არავის შესძლებოდა თორნიკე რიჟვაძემდე მისვლა.

„თქვენი მართლა არავის ეშინია, სასაცილოა ყველა ის ადამიანი, ვისაც თქვენი ეშინია,“ – დასძინა გიორგი კირთაძემ.

„რეგლამენტში ჩახედეთ, უნდა მიმართოთ, როგორც ბატონო თავმჯდომარევ“, – დისკუსიაში დავით ბაციკაძე ჩაერთო, ის უმაღლეს საბჭოში განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა და უმრავლესობის წევრია.

აგრესიულად სცადა ოპოზიციის კითხვებზე თავის არიდება თორნიკე რიჟვაძემ „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზეც“. საუბარია ბათუმის საკრებულოზე, სადაც 2021 წლის ოქტომბერში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო, დღეს კი უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“. ოპოზიციამ გასული წლის ნოემბერში გაავრცელა აუდიოჩანაწერი და ამტკიცებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება უკავშირდება მისი მოსყიდვის მცდელობას, რაშიც თორნიკე რიჟვაძის მამა – შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე იყო ჩართული.

„თქვენ ჯერ აქ რომ შემობრძანდით, მეორე აქ რაღაც მორალურ სენტენციებს მიკითხავთ, ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მამაჩემს, მე თქვენი ოჯახი მიხსენებია ოდესმე?“ – ელგუჯა ბაგრატიონს მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„ის შსს-ს მაღალჩინოსანია, თუ ჩემი ოჯახის წევრიც იქნება საჯარო ფიგურა, კი ბატონო, ისაუბრეთ,“ – უპასუხა მას ელგუჯა ბაგრატიონმა.

„თქვენ ხართ ყაჩაღი,“ – ხმამაღლა მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციონერს და ამჯერად გადაწყვიტა დეპუტატის წარსულიდან 1999 წლის ამბავი გაეხსენებინა.

„თქვენ ხართ ნასამართლევი 1999 წელს ჯგუფური ძალადობისთვის და ყაჩაღობისთვის, 2004 წელს მისჯილი გაქვთ, თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ… ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახს თუ ვინმე მორალურად აზარალებს, ეს ხართ თქვენ… თქვენ გგონიათ, რომ არჩევნები მორჩა და კეკლუცურად დაგიწყებთ საუბარს?“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით კი, მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და ის თორნიკე რიჟვაძის, ან მისი მამის პირადი ცხოვრებით კი არ ინტერესდება, არამედ საქმით, რომელზეც გამოძიებას ამ დრომდე არაფერი გაურკვევია, საქმით, რომელმაც ბათუმის საკრებულოში ამომრჩევლის ნებისგან განსხვავებული მოცემულობა შექმნა.

„ასე ესაუბრეთ თქვენი ოჯახის წევრებს“, – თორნიკე რიჟვაძის შეჩერება სცადა ლევან ანთაძემ, ისიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია ენმ-დან.

„თქვენ გაჩერდით, თქვენი დროც მოვა,“ – ასე გამოეპასუხა მორიგ ოპოზიციონერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

„აცალეთ თქმა… რასაც იტყვის, ეს თქვენ არ მოგეწონებათ,“ – ისევ სცადა სიტუაციის განმუხტვა უმრავლესობის წევრმა, დავით ბაციკაძემ.

უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა რომ საქმიანი კრიტიკის ნაცვლად მასთან ანგარიშვალდებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერითაა დაკავებული, ეს აჩვენა კიდევ ერთმა შემთხვევამ, როცა თორნიკე რიჟვაძეს ოპოზიციამ პასუხის ბულვარის განაშენიანების გეგმასა და შუა ბულვარში უკანონოდ აშენებულ, 18-სართულიან „ამბასადორზე“ ჰკითხა.

„რაც შეეხება ბულვარის საკითხს, განაშენიანების გეგმა და კონსერვაციის გეგმა დასრულებულია, მალე გაეგზავნება საკრებულოს, რა თქმა უნდა, ჩვენ შემოვუნახავთ მომავალ თაობას და სტუმრებს ბათუმის ბულვარს,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო ძველ ბულვარში 18 სართულის აშენებაზე თქვა, რომ მას „გარკვეული ვალდებულებები დახვდა“. ამ ნაწილშიც ღარიბაშვილის მსგავსად, თორნიკე რიჟვაძემ ისრები ისევ ოპოზიციისკენ მიმართა.

„თქვენ 35 სართულის აშენებას აპირებდით, ჩვენ მინიმუმამდე შევამცირეთ მშენებლობა, მე შევძელი მისი შემცირება და შერბილება, მეტი ვერ შევძელი“, – მხრები აიჩეჩა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და დაელოდა, როგორ ამოაფრიალებდა სამუშაო მაგიდიდან 35-სართულიანი კორპუსის რენდერის ფურცლებს უმრავლესობის წევრი, ლადო მგალობლიშვილი.

„ამის აშენებას აპირებდით თქვენ, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ეს პროექტი აღდგებაო, ეს ლევან ვარშალომიძეს ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს,“ – თქვა ლადო მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძეს მიუტანა ფურცლები ტრიბუნასთან. „მე არა, იმათ მიაწოდეთ,“ – რიჟვაძეს არც კი დაუხედავს ფურცლებისთვის, დეპუტატიც მაშინვე უკან დაბრუნდა და აპარატის თანამშრომელს გადააწოდა მომზადებული „მტკიცებულება“ ოპოზიციისთვის გადასაცემად.

„ნებართვა თქვენს დროს გაიცა, რა ვალდებულებები დაგხვდათ, შეგიძლიათ გვითხრათ?“ – იკითხა ლევან ანთაძემ, დეპუტატმა ენმ-დან, თუმცა კითხვა უპასუხოდ დარჩა.

თორნიკე რიჟვაძეს გაახსენეს შეუსრულებელი ვალდებულება ბათუმის ახალ მეჩეთზეც. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმე ბათუმის მერიის წინააღმდეგ 2019 წელს მოიგო, ამ დრომდე მერია შესაბამის ნებართვას არ გასცემს.

„საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით და შემდეგ მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, თუმცა არ უთქვამს, რატომ ელოდება „ოცნება“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ ბათუმის მერიამ დავა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის გაზაფხულზეც წააგო.

თორნიკე რიჟვაძეს კონკრეტული პასუხები არც  ავარიული სახლების თემაზე გაუცია, რაზეც მან ანგარიშში ისაუბრა.

„ვერ გავიგე, ეს 300 საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება მომესმა, თუ მართლა ასე თქვით? თუ იცით საერთოდ, ბათუმში რამდენი საცხოვრებელი კორპუსია ამ კატეგორიის?“ – გიორგი კირთაძემ ეს კითხვა მას შემდეგ დასვა, როცა თორნიკე რიჟვაძემ ანგარიშის დროს ახსენა: „ჩანაცვლდება 300-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი“, თუმცა ოპოზიციონერმა კონკრეტული პასუხი ვერც ამ კითხვაზე მიიღო, ისე როგორც, მაგალითად, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე, რომელიც წლებია ვერ კეთდება.

„ინტენსიურად მიმდინარეობს კურორტ გოდერძის კეთილმოწყობა, ხულო-ადიგენის გზა, რომელიც ყოველთვის იყო დიდი მსჯელობის და სპეკულაციის საგანი, მოხდა შესაბამისი პროცედურების გავლა… მიმდინარეობს მშენებლობა ამ გზის,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მას ოპოზიცია გამოეხმაურა დასაქმების ნაწილზეც, როცა თქვა, რომ დასაქმების მაჩვენებელი აჭარის რეგიონში 12 პროცენტით გაიზარდა.

ამ ნაწილში თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას დაეთანხმა, ყველაზე დიდი გამოწვევა სოციალური პრობლემებია და ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდაზე ვმუშაობთო.

თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმრავლესობის წევრებმაც, მაგალითად, ცოტნე ანანიძემ მას ჰკითხა, სად გაყიდიან ქობულეთელი მეციტრუსეები მანდარინს, თუკი პრობლემა შეექმნება უკრაინის ბაზარს საომარი მდგომარეობის გამო, ან როდის უნდა გადავიდეს ბათუმის აეროპორტი ქობულეთში?

უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, დავით ბაციკაძემ კი ამ საკითხების გააქტიურება სცადა: ბანაკების მოწყობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც პანდემიის დროს საშუალება არ ჰქონდათ ონლაინ მაინც ესწავლათ.

„ასევე ინტერნეტიზაცია სოფლებში, რომ ამ მხრივ აქტიურად ვითანამშრომლოთ,“ – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.

„მიხარია, რომ არ მოგწონვართ,“ – მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ ისევ ენმ-ს წარმომადგენლებს მიუბრუნდა თორნიკე რიჟვაძე, როცა უმრავლესობის დეპუტატებს პრაქტიკულად უთხრა, რომ მუშაობა გრძელდება.

„თქვენ რომ მოგწონდეთ, არ დამეძინება, ვინ როგორ იცხოვრა, გაჩვენებთ მე თქვენ… თავმოყვარეობა არ გაქვთ, მაინც ზიხართ აქ და მიღიმით ყველის ვაჭარივით,“ – უმაღლეს საბჭოში ენმ-ს დეპუტატებს მიმართა ისევ თორნიკე რიჟვაძემ.

„ზედმეტობაში ნუ გადაგდის, გეუბნები,“ – თქვა ელგუჯა ბაგრატიონმა და ფეხზე წამოდგა.

„მარტივი პრინციპია, შემეხებით, შეგეხებით“, – დეპუტატს მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„დაჯექი, ელგუჯა, არავინ შეგეხება, არავინ გემუქრება,“ – თორნიკე რიჟვაძისთვის შენიშვნის მიცემას მოერიდა დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

„უზრდელი ხართ,“ – გაცხარდა ლევან ანთაძე და გაღიმებულ თორნიკე რიჟვაძეს ირინა სარიშვილის ნათქვამიც გაახსენა: „ბავშვი რომ იცინის 5 წლის ასაკში კარგია, 10 წლის ასაკშიც კარგია, მაგრამ სულ რომ იცინის, სხვა რამეზე მეტყველებსო… სირცხვილია, რომ აჭარა თქვენს ხელშია, თქვენ ხართ უზრდელი და უსინდისო“, – დაასრულა ლევან ანთაძემ,

„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო,“ – შეკამათების დროს ეს ფრაზები ახსენა თორნიკე რიჟვაძემ. მისი შეჩერება და მით უმეტეს, შენიშვნის მიცემა, რა თქმა უნდა, ისევ არ უფიქრია დავით გაბაიძეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

ანგარიშის ჩაბარება დასრულდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: