მთავარი,სიახლეები

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

26.10.2021 • 3421
9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა.

ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით დაადგინა, რომ მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმ კომპანიას არ აჯარიმებს, რომლის საკუთრებაშიც ყაზარმული ტიპის მრავალსართულიან კორპუსებს უკანონოდ აშენებენ.

რა გაარკვია მოსამართლემ და რატომ არ მიიჩნია საჭიროდ სასამართლომ უკანონო, უნებართვო მშენებლობის შეჩერება? – „ბათუმელებმა“ ის განჩინება გამოითხოვა, სადაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გოგოლის 11-ში უკანონო მშენებლობის შეჩერების საქმეზე მსჯელობს.

ბათუმის მერიამ გოგოლის ქუჩაზე კორპუსების უკანონოდ მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ პირველ ივნისს შეიტყო, როცა მხოლოდ ერთი კორპუსის ორი სართული იყო აშენებული. მას აქეთ მერიამ 6-ჯერ [ჯამში 31 ათასი ლარით] დააჯარიმა კომპანია „მეტრო ტერმინალი“. ჯარიმების გარდა, მუნიციპალურმა ინსპექციამ ასევე მოითხოვა მშენებლობის შეჩერება და აშენებულის დემონტაჟი. სასამართლოს სარჩელში კი, „მეტრო ტერმინალი“ წერს, რომ ის არაფერ შუაშია – მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსები შენდება, მას არ ეკუთვნის და ამ მშენებლობასთან შეხება არ აქვს.

„მეტრო ტერმინალის“ ეს განცხადება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვითაც. შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია მართლაც სხვა კომპანიას აჯარიმებდა მესაკუთრის ნაცვლად.

სასამართლოში „მეტრო ტერმინალმა“ გაასაჩივრა მუნიციპალური ინსპექციის ის დადგენილებაც, რომელიც ამ საჯარო უწყების მიერ შეცდომის აღიარების შემდეგ გამოიცა, ანუ მერიამ თქვა, რომ შეცდომა დაუშვა და არასწორად წერდა ჯარიმებს, თუმცა ამ დადგენილების შემდეგაც ისევ „მეტრო ტერმინალს“ გაუგზავნა დადგენილება მორიგ ჯარიმაზე.

კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ მოითხოვა, რომ მერიის მიერ გამოცემული დადგენილებები სასამართლოს უკანონოდ მიეჩნია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი, კომპანიამ სასამართლოს დადგენილებების შეჩერებაც სთხოვა, მერიას რომ აღარ ჰქონოდა უფლება მოეთხოვა ჯარიმების გადახდა და არ შეეჩერებინა მშენებლობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 აგვისტოს განჩინებით კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საია-ს შეფასებით, სასამართლოს კონკრეტულ მისამართზე – გოგოლის 11-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება მაინც შეეძლო.

„სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას“, – ეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29 -ე მუხლის პირველი ნაწილია, რომლითაც მოსამართლემ განჩინების მიღების დროს იხელმძღვანელა. საია-ს შეფასებით კი, მოსამართლეს ამ ვითარებაში ამავე მუხლის მეორე ნაწილით უნდა ეხელმძღვანელა, რომლის მიხედვითაც:

„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას“ , – წერია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტში.

იურისტი მირზა მამულაძე კანონის ამ მუხლზე აკეთებს აქცენტს და კონკრეტულ ჩანაწერზე: „საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას“. მისი აზრით, როცა ფაქტია, რომ უნებართვოა მშენებლობა, გარდა იმისა, რომ უკანონობა ზოგადად ქმნის საშიშ პრეცედენტს, მშენებლობა უსაფრთხოების რეგულაციების მიღმა რჩება და უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

„სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ჯარიმის ნაწილში და გამოიყენა შაბლონი, რასაც იყენებს, მაგრამ საერთოდ არ უმსჯელია მშენებლობის შეჩერების ნაწილში. აქ იყო საჭირო სიღრმისეული სამართლებრივი შეფასება… გამოდის, რომ მოსამართლემ ამ მასშტაბის უნებართვო მშენებლობა არ შეიმჩნია და მწვანე შუქი აუნთო,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

იურისტი დასძენს, რომ მოსამართლეს ასევე დროებითი განჩინებით შეეძლო მშენებლობის შეჩერება.

მუნიციპალური ინსპექციის ტექნიკური თუ მიზანმიმართული ხარვეზების პარალელურად, იურისტი ყურადღებას ამახვილებს მოსამართლის ხარვეზზე, რომელიც შესაძლოა ხარვეზი სულაც არ იყოს:

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის სამოტივაციო ნაწილი ამ ჩანაწერით სრულდება:

„გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო განმარტავს, რომ აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგების გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც მხარეს მშენებლობის შეჩერების ნაწილში, მიუხედავად გასაჩივრებული აქტის სასამართლოს მიერ მოქმედების შეჩერებისა, არ აძლევს უფლებას, გააგრძელოს სადავოდ გახდილი სამშენებლო სამუშაოები“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს წერია სამოტივაციოში და არა სარეზოლუციო ნაწილში. სარეზოლუციო ნაწილში რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში მინიმუმ მუნიციპალურ ინსპექციას შეეძლებოდა მიემართა განმარტებისთვის სასამართლოსთვის, რადგან ამ ნაწილში მოსამართლე პრაქტიკულად ამბობს, ეს განჩინება არ ნიშნავს უკანონოდ მშენებლობა გააგრძელოო და თუ სასამართლო დაადასტურებდა, რომ ამას ვგულისხმობდიო, უკვე აღსრულებას მოსთხოვდა ინსპექცია მშენებლობის შეჩერებას, მაგრამ ეს  სარეზოლუციო ნაწილში არ არის, აღსრულებით ფურცელში კი, სარეზოლუციო ნაწილი აისახება…

ამდენი ხარვეზი ერთად ბადებს ეჭვს: ხომ არ სურს ვინმეს მიზანმიმართულად პროცესის გაჭიანურება ისე, რომ შემდეგ უკვე სამართლებრივი რეაგირება შეუძლებელი იყოს?“ – კითხულობს საია-ს იურისტი.

იურისტი მირზა მამულაძე მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში კომპანია, ვის მიწაზეც კორპუსები უკანონოდ შენდება და რატომ არ აჯარიმებენ მას ამ დრომდე.

რა არის სამართლებრივი გამოსავალი ახლა? – იურისტის აზრით, გამოსავალი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპით ამ დავის დროული დასრულებაა, რომ საბოლოოდ ეს შედეგზე აისახოს, ანუ უკანონოდ აშენებული კორპუსები არ გვქონდეს შუა ქალაქში.

„თუმცა არც ისაა გამორიცხული, სასამართლომ საბოლოოდ ზუსტად ის გამოარკვიოს, რომ მუნიციპალური ინსპექცია არასწორად აჯარიმებს კომპანიას და მოპასუხე კომპანიას ვერაფერს დაავალებს, შემდეგ კი, ხელახალი წრე დაიწყოს,“ – დასძენს მირზა მამულაძე.

რაც შეეხება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის განჩინებას, ის მუნიციპალურმა ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: