მთავარი,სიახლეები

„რიჟვაძე, მოდი…“ – ამ ფრაზის ღობეზე დაწერისთვის ბათუმში მოქალაქე დააჯარიმეს

15.09.2022 • 2578
„რიჟვაძე, მოდი…“ – ამ ფრაზის ღობეზე დაწერისთვის ბათუმში მოქალაქე დააჯარიმეს

„მინდოდა სრულად დამეწერა: „რიჟვაძე, მოდი, ჩვენ გადაგვიღუნე,“ მაგრამ არ დამამთავრებინეს, მხოლოდ ამის დაწერა მოვასწარი: „რიჟვაძე, მოდი“, მოვიდნენ და დამაჯარიმეს,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი საქმე დღეს, 15 სექტემბერს, განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევაა თორნიკე რიჟვაძის მისამართით სამშენებლო ღობეზე მინაწერი – „რიჟვაძე, მოდი“.

მოსამართლემ მოქალაქე 50 ლარით დააჯარიმა.

ეს 2022 წლის 22 ივნისის შემთხვევაა, როცა იუსტიციის სახლთან ახლოს „სირცხვილიას“ აქტივისტმა – თამარ კურატიშვილმა თორნიკე რიჟვაძის უმაღლეს საბჭოში გამოსვლის დროს გამოყენებული ლექსიკის გაპროტესტება სცადა, მათ შორის, „ვერავის ვერ გადაუღონოთ“.

„მე ვაპროტესტებდი თორნიკე რიჟვაძის ლექსიკას აჭარის უმაღლეს საბჭოში, როცა მან თქვა, „ვერავის ვერ გადაუღუნოთ“, „დავაი დაახვიეთ“ და ასე შემდეგ… მინდოდა პულევიზატორით ასევე დამეწერა „სლავა უკრაინი“, მაგრამ მოვიდა პოლიცია, შემდეგ კი, მუნიციპალური ინსპექცია, მომიწოდეს, რომ შემეწყვიტა წარწერის გაკეთება და მეც შევწყვიტე.

თუკი პულევიზატორით წარწერის გაკეთება არის იერ-სახის დამახინჯება, მაშინ იგივე პულევიზატორით რატომ გადაშალეს ნაწერი?“ – კითხულობს თამარ კურატიშვილი. მისი აზრით, ეს პროტესტის გამოხატვა იყო, რადგან ჰქონდა საჯარო მიმართვა პოლიტიკური პირის მიმართ და ეს სასამართლოს უნდა განეხილა, როგორც გამოხატვის თავისუფლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ დავაზე 2021 წლის 19 ნოემბერს „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის მენეჯერი, თამარ კურატიშვილი გაამართლა 2021 წლის 13 ნოემბერს თამარ კურატიშვილი პოლიციელებმა იმიტომ დააკავეს, რომ ის საჯარო სივრცეში, სუს-ის შენობის წინ ვიდეოს იღებდა.

„ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია მოსამართლეზე, მოსამართლის დამოკიდებულებაზე გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,“ – აღნიშნა თამარ კურატიშვილმა „ბათუმელებთან“.

თამარ კურატიშვილის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. იურისტი თამარ წულუკიძე მიიჩნევს, რომ კანონის ის ჩანაწერი, რაც წარწერების თვითნებურად შესრულებას კრძალავს ფასადებზე, არაკონსტიტუციურად უნდა მივიჩნიოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეს ეხება დროებით კონსტრუქციას, მაგალითად, სამშენებლო ღობეს.

„სამშენებლო ღობე არის დროებითი კონსტრუქცია, მუდმივი ხასიათის ობიექტი არ არის, თანაც, წარწერა არ იყო ცილისწამება და უხამსობა… ამ შემთხვევაში ეს ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის პოზიციაც არის ის, რომ მსგავს სიტუაციაში ჯარიმის გამოყენებას აქვს ე.წ. მსუსხავი ეფექტი და სხვა პირებს შესაძლოა გაუჩნდეთ განცდა, რომ უარი თქვან პროტესტის გამოხატვაზე,“ – აღნიშნა საია-ს იურისტმა თამარ წულუკიძემ.

თამარ კურატიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: