მთავარი,სიახლეები

ბანკის ოფიცრის დაჭრის საქმე – რა გაირკვა სასამართლოში

18.05.2023
ბანკის ოფიცრის დაჭრის საქმე – რა გაირკვა სასამართლოში

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ირაკლი შ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმე დღეს, 18 მაისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა.

ეს 16 მაისის შემთხვევაა – TBC ბანკის ბათუმის ცენტრალურ ოფისში კრედიტოფიცერი ჯაბა ა. დანით დაჭრეს.

ბრალდებული სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

„არ მინდოდა მისი მოკვლა, მხოლოდ მისთვის დაზიანების მიყენება მინდოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა, როცა მას თამარ ბეჟანიშვილმა ჰკითხა, ადვოკატებს თუ ეთანხმებიო.

ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ განათლებით იურისტია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია.

„ბიზნესით ვარ დაკავებული“, – აღნიშნა ბრალდებულმა გისოსებით შემოსაზღვრული ადგილიდან.

„იქ იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები“, – დანაშაულის ჩადენის ადგილზე გაამახვილა ყურადღება პროკურორმა, როცა მან მოსამართლეს ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების სახის –  პატიმრობის შეფარდება სთხოვა.

TBC ბანკის ოფისი, სადაც კაცი დაჭრეს, სასამართლოს წინ მდებარეობს.

ადვოკატი მამუკა ზოიძე კი მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მხრიდან არ არსებობს მიმალვის საფრთხე.

„უნდა აღინიშნოს, რომ მას არ უცდია მიმალვა, ის ადგილზე დარჩა და დაელოდა სამართალდამცველებს“, – თქვა ადვოკატმა და მოსამართლეს ბრალდებულის 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა.

დაზარალებულის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

„წარსულში არსებობდა კონფლიქტი, ეს იყო შურისძიებით ჩადენილი დანაშაული“, – უთხრა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ „ბათუმელებს“. სხვა დეტალებზე მან ამ ეტაპზე არ ისაუბრა.

„ვერ გეტყვით ვერაფერს მოტივთან დაკავშირებით“, – საქმის შესახებ არც ადვოკატმა მამუკა ზოიძემ ისაუბრა, თუმცა დასძინა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს იცნობდნენ.

„კონფლიქტი არ უკავშირდებოდა სამსახურს“, – თქვა ადვოკატმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: