ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.
შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე – ტალღამრეკლს. ტალღამრეკლი ბლოკებიც რკინაბეტონის იქნება, რომლებსაც პლაჟის მხარეს ოვალური ფორმა ექნებათ [ტალღების ასარეკლად], სასეირნო ბილიკის მხარეს კი – სკამის, ისე, რომ მასზე ჩამოჯდომა იყოს შესაძლებელი.
ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 15 831 978 ლარით გამოაცხადა.წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი, 2023 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს.
„ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შტორმის შედეგად დაზიანდა საყრდენი კედლები, რამაც ასევე გამოიწვია საფეხმავლო ბილიკისა და გარე განათების ბოძების დაზიანება. არსებულ მონაკვეთზე გადაადგილება საფრთხის შემცველია და პრევენციული ღონისძიებების არგატარების შემთხვევაში დაზიანების მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. დაზიანებული მონაკვეთის სიგრძე 920 მ-ია“ [სასტუმრო „გლორიას“ და „აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, აეროპორტის მიმართულებით – დანგრეულ პირსამდე] – აღნიშნულია პროექტში.
ახალ ბულვართან სანაპიროს დაცვის პროექტი კერძო კომპანიამ „პროჯეკტ კომპანიმ“ მოამზადა, რაშიც ბათუმის მერიამ 75 ათასი ლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ტენდერის შედეგად გამოავლინეს, შესაბამისად, „სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ხელშეკრულება 2023 წლის 5 იანვარს დაიდო, ახალ ბულვართან ნაპირის ნგრევა კი, ზღვამ ამავე წლის თებერვალში დაიწყო.შესყიდვების პორტალის მიხედვით, ხელშეკრულებაში 2023 წლის 19 აპრილს შესულა ცვლილება, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 1 კვირაში მოამზადა.
„2023 წლის 6 თებერვლის წერილით შპს „პროჯეკტ კომპანის“ მიეცა დავალება ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე, რაც შეასრულა საპროექტო ორგანიზაციამ და ასევე 2023 წლის 13 თებერვალს წარმოგვიდგინა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“, – აღნიშნულია ხელშეკრულების ცვლილებაში.
ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზრის კვლევა კი, მერიის სამმართველომ ამ ცვლილებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყო:
პროექტის მიხედვით:
- „დამკვეთთან კონსულტაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საფეხმავლო ბილიკის დაზიანებისგან დასაცავად გადაწყდა, მოეწყოს ნაპირდამცავი ნაგებობა ლითონის შპუნტებით.
- შესაბამისი გაანგარიშების შედეგად ნაპირდამცავი ნაგებობის მოსაწყობად გათვალისწინებულია ლითონის შპუნტები სიგრძით 9 მეტრი, რომელთა მოწყობაც ხორციელდება ერთ რიგად დამატებითი ანკერების გარეშე.
- პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია [ახალ ბულვართან] მოწყობილი შპუნტების გადაბმა ერთმანეთზე ლითონის გრძივი გადაბმით, ხოლო შპუნტების თავზე მოეწყობა რკინა-ბეტონის გამათანაბრებელი სარტყელი.
- გამათანაბრებელი რკინა-ბეტონის სარტყლის თავზე გათვალისწინებულია ტალღამრეკლი ბლოკების მოწყობა, რომელთა ფორმა იმდაგვარადაა შერჩეული, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია დასაჯდომი სკამების ფუნქციით.“
საპროექტო მონაკვეთზე დაზიანებული ბეტონის ბილიკის, დაზიანებული ბეტონის კედლებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი ისე უნდა მოხდეს, რომ შენარჩუნდეს ველოსიპედის ბილიკი, რომელიც აქ დაზიანებული არ არის. საფეხმავლო ბილიკი ბეჭდური არმირებული ბეტონით მოეწყობა მთელ სიგრძეზე.
ბილიკზე გათვალისწინებულია განათების ბოძების მოწყობა ყოველ 25 მეტრში, ბულვარში არსებული ბოძების ანალოგიური ბოძებით. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსება.
სასეირნო ბილიკიდან [პრომინადიდან] პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები მოეწყობა [დაახლოებით ყოველ 150 მეტრში].
ბათუმის სანაპიროზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ კიბეებზე ჩასვლის შემდეგ პლაჟი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგხვდებათ, თუ ზღვის ხელოვნური კვება ინტენსიურად გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში: ზღვა იმ ხრეშსაც მიიტაცებს, რომელიც აქ ცოტა ხნის წინ ჩაყარეს; ამასთან, დაიწყება ძველი ბულვარის გასწვრივ სანაპიროს წარეცხვაც.
გასულ ზღვის სეზონზე დანგრეული სანაპიროდან პლაჟზე მოსახვედრად ახალ ბულვარში კუსტარული კიბეები ჰქონდათ მოწყობილი.
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთითაა მომზადებული: