სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თქვენს საკუთრებაში არსებულ სახლებსა და სხვა შენობებზე პლაკატების ან სტიკერების გასაკრავად თვითმმართველობის ნებართვა, თანაც 5 დღით ადრე, აღარ დაგჭირდებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუმცა იგი არ ეხება საჯარო დაწესებულებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერად არსებითი განხილვის გარეშე დააკმაყოფილა საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის სარჩელი, რომელიც ეხებოდა თბილისში „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის“.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ განუხილავს, რადგან სასამართლომ ამ პრობლემაზე გასული წლის ივლისში იმსჯელა. მაშინ სასამართლომ საქართველოს რეგიონებში კერძო საკუთრებაში პლაკატების გაკვრისთვის დაჯარიმება არაკონსტიტუციურად მიიჩნია. 2019 წლის 4 ივლისს მიღებული ეს გადაწყვეტილება თბილისს არ ეხებოდა.

2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ბესიკ ქათამაძის სარჩელი დააკმაყოფილა. ის ოზურგეთში ცხოვრობს და 2015 წელს სადაც ცხოვრობდა, იმ სახლის კორპუსიდან გადმოკიდა ბანერი – „უუნარო ხელისუფლება“. ამ ბანერით ქათამაძე ოზურგეთში ირაკლი ღარიბაშვილს დახვდა, იმდროინდელ პრემიერს.

„ბესიკ ქათამაძე ითხოვდა იმასაც, რომ საჯარო დაწესებულების შემთხვევაშიც მოქალაქეებს მისცემოდა შეუზღუდავად პროტესტის გამოხატვის საშუალება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი ნებისმიერი მოქალაქე ბანერებს და პლაკატებს საჯარო დაწესებულებების შენობებზე გააკრავდა, უფლებამოსილების განხორციელებას ხელი შეეშლებოდა. მე არ ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პოზიციას, რადგან საჯარო დაწესებულებაზეც უნდა ჰქონდეს მოქალაქეს მოსაზრების გამოხატვის საშუალება, რომ მისი პროტესტი ეფექტურად მიაწოდოს ხელისუფლებას,“ – ამბობს იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც ბესიკ ქათამაძის ინტერესებს იცავდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

კერძო საკუთრების ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაკუთრეს აქვს უფლება ბანერი ან პლაკატი გააკრას, ხოლო სხვისი საკუთრების შემთხვევაში, საჭიროა უშუალოდ მესაკუთრის თანხმობა.

რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებს, იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეს ისევ თვითმმართველობის თანხმობა სჭირდება.

„ისევ ხუთი დღით ადრე, რაც პრობლემაა, რადგან 5 დღის შემდეგ შესაძლოა მოვლენა აღარ იყოს აქტუალური და პროტესტის გამოხატვას აზრი დაეკარგოს“, – დასძინა „ბათუმელებთან“ გიორგი გოცირიძემ.

იურისტის თქმით, თვითმმართველობას იმ შემთხვევაში შეუძლია საჯარო დაწესებულებებზე პლაკატის ან ბანერის გაკვრა შეზღუდოს, თუკი მიიჩნევს, რომ ეს იერსახეს ამახინჯებს.

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ დღეს, 17 დეკემბერს, დაამტკიცა.

14-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ ბიუჯეტს. ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. 30-წუთიან სიტყვაში მინისტრმა ძირითადად ბიუჯეტის ცვლილებებზე ისაუბრა.

2021 წლის ბიუჯეტში იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. გაზრდილი თანხა სოციალურ პროექტებსა და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო დაარიგებს სასურსათო კალათებს და 2021 წლის ბიუჯეტში ეს პროგრამულად არის წარმოდგენილი.

მილიონი ლარით იზრდება ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსება, ასევე იზრდება სარეზერვო ფონდი, რაც განმარტების მიხედვით, მოქალაქეების საჭიროებებს, ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდება.

იზრდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დაგეგმილია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მხარდაჭერა. ბიუჯეტში პრიორიტეტად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ასევე გაგრძელდება სახელოვნებო ორგანიზაციების მხარდაჭერაც. 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროექტები საოჯახო მეურნეობის მხარდასაჭერად.

2021 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაზრდილია საჯარო მოხელეების დაფინანსებაც. მაგალითად, 50 ათასი ლარით მეტი ხელფასი გაიცემა მომავალ წელს აჭარის მთავრობის აპარატში, ვიდრე 2020 წელს [ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით კი, ხელფასები 67 700 ლარით იზრდებოდა]. ბიუჯეტის მიხედვით მთავრობის აპარატში დასაქმებულთა [68 დასაქმებული] რაოდენობა არ იცვლება.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა გაზრდილია აჭარის სამინისტროებშიც:

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში – 1 015 00 ლარით

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 30 700 ლარით

ჯანდაცვის სამინისტროში – 165 200 ლარით

სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 3 600 ლარით

ამასთან, პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა არც ერთ სამინისტროში არ იზრდება.

 

აჭარის გზების დეპარტამენტის მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წელს რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია განახორციელა.

აშენდა და აღდგა 10 ხიდი და 177 ხელოვნური ნაგებობა, 34 მიმართულებით 55 კმ. სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, ხოლო 125 კმ. სიგრძის გზაზე დაიგო ბეტონის საფარი.

ამჟამად მიმდინარეობს 12 მიმართულებით 20 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

[checklist]

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი

[/checklist]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თეთროსანი-ზედა ხუცუბანი 1590 მეტრ მონაკვეთზე, ჯიხანჯური-ვაჟა შაინიძის ქუჩაზე, 2200 მეტრ მონაკვეთზე, ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები, ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეები 1800 მეტრ მონაკვეთზე და აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვა 530 მეტრ მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური და დამცავი ნაგებობები, ეზოებში შესასვლელები.

ამ ეტაპზე ხუთივე მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

პროექტები გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ალამბარი-მჟავანაძეების მიმართულებით 990 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნული საავტომობილო გზა უკავშირდება ალამბარი-ზენითის მიმართულებას. რეაბილიტირებული გზით 100-ზე მეტი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 29 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

სხვადასხვა მიმართულებით ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილი იყო 9 500 კუბ.მ. ბეტონი.

[checklist]

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

[/checklist]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მიქელაძეების ხიდი-დევაძეების მიმართულებით საავტომობილო გზის 255 მ. სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს არმირებული წესით ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 50 ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

ახალშენის მეურნეობა-ესელიძეების მიმართულებით საავტომობილო გზის 350 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

[checklist]

  • ქედის მუნიციპალიტეტი

[/checklist]

ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა კეთილმოეწყო.

პროექტის ფარგლებში ცხმორისი-ზედა ცხმორისის საავტომობილო გზის 2745 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობა და არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებული გზით სოფელ ცხმორისსა და ნაომვალში მცხოვრები 200 ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

წონიარისი-ვარჯანისის საავტომობილო გზის 1195 მეტრ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, აშენდა ახალი ხიდი, მოეწყო ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.

რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 40 ოჯახი შეძლებს კომფორტულ და  უსაფრთხო გადაადგილებას.

ქედის მუნიციპალიტეტში ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ამ დროისთვის 21 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 6800 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.

[checklist]

  • შუახევის მუნიციპალიტეტი

[/checklist]

შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის 1 კმ. 800 მ. სიგრძეზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტირებული გზით ჭვანისა და წყალსაყრის თემში მცხოვრები 350 ოჯახი ისარგებლებს.

აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება.

სახელშეკრულებო ვადების მიხედვით ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ინტენსიური მუშაობის შედეგად ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სხვადასხვა მიმართულებით ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილი იყო 10 000 კუბ.მ. ბეტონი. საერთო ჯამში 30 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო ცემენტო-ბეტონის საფარი.

[checklist]

  • ხულოს მუნიციპალიტეტი

[/checklist]

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დიდაჭარა-ნაეკლესვარის მიმართულებით 380 მეტრ მონაკვეთზე არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები დახურული ცხაურით.

რეაბილიტირებული გზით ადგილობრივი მცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

ხულოს მუნიციპალიტეტში ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ამ დროისთვის 34 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 11400 კუბური მეტრი ცემენტო-ბეტონის საფარი.

 

საპენსიო ფონდში ახალ დირექტორს 1.1 მილიარდი ლარი დახვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორად 15 დეკემბრიდან გიორგი დანელია მუშაობს, რომელიც ამ დრომდე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. დაგროვებითი საპენსიო ფონდი 1 მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს. გიორგი დანელიას დარიცხული ხელფასი კი სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 12 500 ლარი იქნება. რამდენი იყო მისი ხელფასი საპარტნიორო ფონდში უცნობია. გიორგი დანელიას ამ დრომდე დეკლარაცია შევსებული არ აქვს.

საპარტნიორო ფონდში, სადაც დანელია აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, თავად დირექტორის ხელფასი [დავით საგანელიძის 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით] თვეში 19 769 ლარია.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე კი [დეკლარაციის მიხედვით], თვეში 11 760 ლარს იღებდა.

„საპენსიო სააგენტომ“ დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა, თუმცა კანდიდატი ვერ შეარჩიეს. მორიგი კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა.

სამეთვალყურეო საბჭომ გამარჯვებულად გიორგი დანელია 15 სექტემბერს გამოავლინა და იმავე დღეს გადაწყვიტა, რომ დანელია 15 დეკემბრიდან დაინიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორად, 5 წლით.

„დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად“, – აღნიშნულია სამეთვალყურეო საბჭოს 15 სექტემბრის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს წევრები: ნათია თურნავა [საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის მინისტრი], ივანე მაჭავარიანი [ფინანსთა მინისტრი], ეკატერინე ტიკარაძე [ჯანდაცვის მინისტრი] და ოლივიერ რუსო [საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე].

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმიდან

„საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“, – აღნიშნული იყო კონკურსის პირობაში.

საპენსიო სააგენტო კი, საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობასაც აზღვევს.

სააგენტომ „დირექტორებისა და ხელმძღვანელ პირთა, კერძოდ საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე“,  ელექტრონული ტენდერი 230 ათასი ლარით გამოაცხადა.

ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სააგენტოს შესაბამის მომსახურებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ 217 ათას ლარად სთავაზობს.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია მუშაობდა, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცერის პოზიციაზე. წლების წინ „ალდაგში“ მუშაობდა ასევე საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძეც [კომპანია „ბი-სი-აის“ (სადაზღვევო კომპანია ალდაგი) საპენსიო სქემის საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე].

სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დაზღვევა ეხება მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს 4 წევრს.

საპენსიო სააგენტოს აღნიშნული ტენდერი, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“-მ.

[toggle title=”ტენდერის პირობები და დავის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ:“]

საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობის მიხედვით, დაზღვევის ინტერესია „მზღვეველის მიერ დამზღვევზე [საპენსიო სააგენტოზე] გაცემული პოლისის შესაბამისად დამზღვევის ზარალის ანაზღაურება“.

დაზღვევის ობიექტს კი, წარმოადგენს „დამზღვევის ან/და დაზღვეული პირების ქონებრივი ინტერესი, რომელიც დაკავშირებულია მათ პასუხისმგებლობასთან, აანაზღაურონ მესამე პირების ზარალი, ასევე ნებისმიერი სხვა ზარალი, როგორც ეს განსაზღვრულია დაზღვევის პირობების მიხედვით.“

ამასთან, „მთლიანი სადაზღვევო თანხა (პასუხისმგებლობის ლიმიტი) ყველა სადაზღვევო დაფარვისა და გაფართოებისათვის განისაზღვრება: 3 000 000 აშშ დოლარით წლიურად, 1 500 000 აშშ დოლარის ქვე-ლიმიტით თითოეული პრეტენზიისათვის, მითითებული ქვე-ლიმიტების ჩათვლით…“

ტენდერის პირობის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს 2020 წლის 21 დეკემბრის 24:00 საათიდან და უნდა გასწიოს მომსახურება 2021 წლის 21 დეკემბრის 00:00 საათის ჩათვლით.

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშკრულების გაფორმება მოხდება 2020 წლის 21 დეკემბრის შემდგომ, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს ხელშკერულების გაფორმების დღის 24:00 საათზე და უნდა გასწიოს მომსახურება 1 წლის განმავლობაში, აღნიშნული ვადის ბოლო დღის 00:00 საათამდე.“

საპენსიო სააგენტოს აღნიშნული ტენდერი, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“-მ.

კომპანია ასაჩივრებს ტენდერის ტექნიკური მოთხოვნების შემდეგ პუნქტს:

„პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 (სამი) წლიანი ოპერირების გამოცდილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და უკანასკნელი 2 (ორი) წლის განმავლობაში (მხედველობაში არ მიიღება 2020 წელი) სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით არ უნდა უფიქსირდებოდეს ფინანსური ზარალი. მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით“.

„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ თვლის, რომ „სადაზღვევო კომპანიებისათვის გამოცდილების მოთხოვნა დისკრიმინაციული და არასამართლიანია, რითაც ირღვევა ჯანსაღი კონკურენციის და თანასწორობის პრინციპები“.

„სადაზღვევო კომპანიების მიერ არაერთხელ იქნა წარდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ 2017 წლის 28 დეკემბრის წერილით გაცემული რეკომენდაცია, სადაც ახსნილია სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკა და ის ფაქტორები, თუ რატომ არის არამართლზომიერი სადაზღვევო კომპანიებისთვის ასეთი მოთხოვნის დაწესება.

რეკომენდაციაში მითითებულია, რომ „სადაზღვევო კომპანიისათვის გამოცდილების არსებობის მოთხოვნა ეწინააღმდეგება კონკურენტუნარიანი ბაზრის პრინციპს“.

სადაზღვევო საქმიანობა არის ლიცენზირებადი საქმიანობა. ლიცენზიის გაცემით დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური აფასებს რა კომპანიის შესაძლებლობას განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა, თვლის რომ ის აკმაყოფილებს ყველა პირობას და ანიჭებს მას ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაცია ფაქტიურად ეწინააღმდეგება სამსახურის მიერ მინიჭებულ უფლებას და ართმევს შესაძლებლობას სადაზღვევო ორგანიზაციას მიიღოს მონაწილეობა ტენდერში“ – აღნიშნულია საჩივარში.

„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი საჩივარი სრულად და „დაავალოთ შემსყიდველ ორგანიზაციას ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სადავო მოთხოვნის გაუქმება“.

საჩივარი განხილვის პროცესშია.

[/toggle]

საპენსიო სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე, ფონდის ღირებულება კი, 1 მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, „დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 258 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა მონაწილემ; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა მონაწილემ.

სააგენტოს ინფორმაციით, „საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები 8 ბანკშია განთავსებული ეფექტურ წლიურ 10.9%-ში“.

 

მთავარი ფოტო: გიორგი დანელია / საპენსიო სააგენტოს ფოტო

საქართველოში 5 დღით ჩამოდის ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორი

ხვალ, 18 დეკემბერს, საქართველოში 5-დღიანი ვიზიტით ჩამოდის ჰანს კლუგე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი. ამის შესახებ, დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ხვალ ჩვენ გვყავს საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი, კერძოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა საქართველოს.

მას ექნება ხუთდღიანი ვიზიტი, რაც მნიშვნელოვანია როგორც წინა პერიოდის შეფასების კუთხით, ასევე მასთან შეთანხმებული იქნება ყველა შემდგომი სტრატეგია, რომელიც გადაიდგმება არა მხოლოდ კოვიდპანდენიის მართვის კუთხით, არამედ ჩვენ გვექნება საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყველა დაგეგმილ რეფორმაზე.

მასთან ერთად საქართველოში ჩამოვა ქალბატონი ნინო ბერძული, ჩვენი თანამემამულე, პროგრამების ხელმძღვანელი, რომელთანაც ასევე გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები ყველა იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის, პირველადი ჯანდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არის დაგეგმილი,“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

 

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის“ – ტიტე აროშიძე ოპოზიციის დეპუტატზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი არ მივიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს, გაიმართა ბათუმში. ჩავლეიშვილი ამ დრომდე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, მაშინ როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.

სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, საყვირების ხმა სხდომათა დარბაზშიც აღწევდა.

ძირითადი საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა სიტყვა ითხოვეს.

„ბატონმა ირაკლიმ გამოავლინა პასუხისმგებლობა. მართალია, მას ძალიან უზნეოდ დაუპირისპირდნენ თავისი თანაგუნდელები და ფაქტობრივად ბულინგის ქვეშ ამყოფებენ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთან თითოეული დეპუტატის შემოსვლა უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს კიდევ უფრო უკეთეს მუშაობას.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის, ასევე იმ ადამიანებს, ვინც დააპირებს უმაღლეს საბჭოში შემოსვლას,” – თქვა დეპუტატმა ტიტე აროშიძემ.

სიტყვა ითხოვა დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმაც, რომელმაც აქციის მონაწილეებს ბოლშევიკები უწოდა.

„საპროტესტო აქციის მონაწილეები ჩვენს კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ფორმით ცდილობენ იერიშის მიტანას [სავარაუდოდ, ის გულისხმობს „ოცნების“ დეპუტატების სახლებთან გამართულ აქციებს]. ეს არის სამარცხვინო და ბნელი საქციელი. მე ნაციონალური მოძრაობისგან ეს არ მიკვირს. 21-ე საუკუნეა, იქნებ ჩახედოს ბატონმა ვარშალომიძემ კალენდარში და იქნებ შეწყვიტოს ასეთი ქმედებები.

მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ჩავლეიშვილის ბულინგს და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ტიპიური ბოლშევიზმი.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ბოლშევიკები არ იმყოფებიან უმაღლეს საბჭოში, რადგან 21-ე საუკუნეში საკანონმდებლო ორგანოში ბოლშევიკების ადგილი არ არის,” – თქვა ლადო მგალობლიშვილმა.

თავის სიტყვაში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალს შეეხო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე.

„ჩვენც გვყავს ბავშვები და ჩვენი ბავშვებიც წუხდებიან. ყველაფერს აქვს საზღვრები და ეს საზღვრები კიდევ უნდა დავიცვათ,“- თქვა დავით გაბაიძემ.

მოგვიანებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ 14 ნოემბერს, როცა ის კოვიდინფიცირებული იყო, მის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ყველამ იცოდა, ოჯახის სამივე წევრს კოვიდი გვქონდა და ამ დროს გარეთ იყო ვუვუზელა ფართი. ეს ჩემთვის პრობლემური კი არაა. მე ამას მოვითმენ. მაგრამ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც არაფერ შუაში არაა ჩემს პოლიტიკურ  საქმიანობასთან. ჩემი მეზობელი, ჩემი ოჯახის წევრი. პოლიტიკურ პლატფორმებზე მე მზად ვარ ოპონირება გავუწიო ყველას, მაგრამ არ მგონია, რომ სხვა ადამიანები ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო უნდა წუხდებოდნენ,” – თქვა დავით გაბაიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად სწორია ტოლობის ნიშნის დასმა ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შორის, დავით გაბაიძემ განმარტა:

„არა, მე არ ვსვამ ტოლობის ნიშანს. მე ვამბობ, თუ თვალთვალი ხორციელდებოდა, მე არ ვიცი ეს თვალთვალი ვინ დაადგინა. თუ თვალთვალი ხორციელდებოდა, ეს არ არის სწორი მოვლენა“ – თქვა მან.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ გამართა. აქციის მონაწილეები დეპუტატებს დახვდნენ შეძახილებით: „მონა!“ „მოღალატე!“

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან პროპორციული სიით 11 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ასევე სამივე მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი „ქართულ ოცნებას“ ერგო. უმაღლეს საბჭოში 7 ადგილი მიიღო „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, თუმცა ეს პოლიტიკური სუბიექტი უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს ამბობს, გამონაკლისი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი აღმოჩნდა.

_____________

აქციები აჭარაში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდით ინფიცირდა 200 ათასზე მეტი ადამიანი | სტატისტიკა

17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასს აღემატება.

26 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირდა 201 368 ადამიანი, მათგან 1953 ადამიანი გარდაიცვალა, 169 282 კი უკვე გამოჯანმრთელდა.

200 ათასს აჭარბებს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. გარდა ამისა, არის ათასობით პაციენტი, რომელთაც ტესტი კორონავირუსზე არ ჩატარებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ასევე ჰქონდათ ან აქვთ კორონავირუსი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 16 თებერვალს დაფიქსირდა, თვეების განმავლობაში იყო ერთეული და ათეული შემთხვევები, თუმცა კოვიდის ეპიდაფეთქება დაიწყო 2020 წლის სექტემბერში, ბათუმში, „დონას კლასტერთან“ დაკავშირებული შემთხვევებით.

სექტემბრიდან ბოლო დრომდე ბათუმი და აჭარა საქართველოს კოვიდ რუკაზე ყველაზე ცხელი წერტილი იყო, თუმცა ამჟამად აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების კლება.

დღეისათვის კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება თბილისსა და იმერეთის რეგიონში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დღევანდელი, 17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 43-ე ადგილზეა კოვიდის გავრცელების სტატისტიკით და უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

ბათუმში ხვალ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე ღამით წვიმაა მოსალოდნელი, ხვალ, 18 დეკემბერს კი გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 19-20 დეკემბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

კოვიდის 228 ახალი შემთხვევა აჭარაში | 17 დეკემბრის მონაცემები

17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 228 პირს დაუდასტურდა.

დღეს ქვეყნის მასშტაბით 2981 პირს დაუდგინდა კორონავირუსი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს 815 პაციენტი, მათ შორის 140 პაციენტის მდგომაროება მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 50 პაციენტი.

აჭარაში კოვიდსასტუმროებშია 1062 ადამიანი, თვითიზოლაციაში – 7492.

ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.

კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

დღეს, 17 დეკემბერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 31, გამოჯანმრთელდა – 2 001 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859  კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარაში – 228, იმერეთში – 489, ქვემო ქართლში – 229, შიდა ქართლში – 160, გურიაში – 64, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 227, კახეთში – 145, მცხეთა-მთიანეთში – 87, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  201 368-ს.

არასრულწლოვნებმა ყალბი ინტერნეტგვერდის მეშვეობით 72 500 ლარი მიითვისეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი ინტერეტგვერდის მეშვეობით არასრულწლოვნებმა 72 500 ლარი მიითვისეს.

„არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ და ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობა შესთავაზა.

მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის.

აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა“ – ნათქვამია შსს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა გ.ა.-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს – ო. ა.-ს და ბ. ა.-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს. ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს“.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული

ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში დააკავეს ედნარ მსხალაძე. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.

საუბარია გუშინ, 15 დეკემბერს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ მკვლელობაზე – ვალერი ვერულიძეს ქუჩაში სანადირო თოფი ესროლეს.

ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, ედნარ მსხალაძე ბიძაშვილის სახლში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოჯახი და სამართალდამცველები გაუჩინარებულ 27 წლის ნიკა სუბელიანს ეძებენ

ოჯახი 7 დეკემბერს გაუჩინარებულ ნიკა სუბელიანს ამ დრომდე ეძებს. ის 27 წლისაა და დმანისში ცხოვრობს.

ნიკა სუბელიანის მეგობრის, მინდია გურჩიანის თქმით, ნიკა ბოლოს ოჯახის ნათესავებმა თბილისში, „აფრიკის დასახლებაში“  7 დეკემბერს ნახეს.

„შემდეგ პოლიციელებმა ის ნახეს ჟინვალში 9 დეკემბერს და დააჯარიმეს კიდეც კომენდანტის საათის დარღვევისთვის. პოლიციელები ამბობენ, რომ ის მითითებულ ადგილას ჩამოსვეს, ამის შემდეგ ნიკა აღარავის უნახავს… გვითხრეს, რომ მსგავსი გარეგნობის ბიჭი შენიშნეს ბათუმში. სამძებრო სამუშაოები ახლა ბათუმში გრძელდება,“ – ამბობს მინდია გურჩიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლის შესაბამისად, რაც თავიუსუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ოჯახის თხოვნაა, დაუკავშირდეთ ნიკა სუბელიანის ძმას, დათო სუბელიანს ტელეფონზე: 599 043 806

უცხოელი, რომელიც პანდემიის გამო საქართველოს ვერ ტოვებს, ქვეყანაში ივლისამდე დარჩება

უცხოელებს, რომლებიც მიმდინარე წლის 14 მარტისთვის საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდნენ და ქვეყანა პანდემიის გამო ვერ დატოვეს, შეუძლიათ საქართველოში დარჩნენ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 16 დეკემბერს გამოსცა, რომლის მიხედვითაც:

„უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

[checklist]

  • თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
  • თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
  • თუ პირი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
  • თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში, გაუქმებული ავიარეისების გამო.“

[/checklist]

აღნიშნული განკარგულება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ვინაიდან ასეთ მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ. ეს თარიღი მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა.

ამ თემაზე:

უცხოელს, რომელმაც საქართველო ვერ დატოვა, ქვეყანაში ყოფნის უფლება 31 ივლისამდე აქვს – კორონავირუსი

სკოლებში პოლიტიკურ და ნეპოტისტურ გავლენებზე „განათლების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს

„განათლების კოალიცია“ სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ  პროცესი პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობაზე ეჭვს აჩენს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით.

ჩვენთვის, ისევე როგორც მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ შეეზღუდათ შესაძლებლობა სკოლის დირექტორების ნაწილს გაეგრძელებინათ საქმიანობა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ყველანაირი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ასეთი მიდგომა აჩენს ეჭვს პროცესში პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობის თაობაზე. ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არის საეჭვო და უსამართლო, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მსგავსი პრეცედენტების დაშვება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, როდესაც აუცილებელია სკოლის ლიდერების მხარდაჭერა და არა დაუსაბუთებელი მოქმედებების განხორციელება.

„ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს,  მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოახდინოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, მართებულად მიგვაჩნია სკოლის ყველა ყოფილი დირექტორი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად სკოლის დირექტორის არჩევის პროცესის აღდგენამდე“, – წერს განათლების კოალიცია.

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორებს სექტემბერში უფლებამოსილება შეუჩერა. თუმცა, აქედან ყოფილი დირექტორების უმრავლესობას უფლება მისცა მუშაობა მოვალეობის შემსრულებლებად გაეგრძელებინა.

ამ დირექტორებს შორის ვერ მოხვდა სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი, რომელიც 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტიც იყო და ერთ-ერთ წარმატებულ დირექტორად მიიჩნეოდა. ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება უსამართლო და დაუსაბუთებელია.

_____________________

ამავე თემაზე:

ვარ შოკირებული და მაქვს უსამართლობის განცდა – სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი

„ღმერთო, როდის გვეღირსება საკუთარი ჭერი“ – ჩვენი დროის „მშიერაძის ოჯახი“ საქართველოში

შესაძლოა სკოლის წლებიდან გახსოვთ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „მშიერაძის ოჯახი“, სადაც მოთხრობილია თუ როგორ გადმოსახლდნენ მშიერაძეები თბილისში, რითი ირჩენდნენ თავს, რა ადარდებდათ და რა ბრძოლები გადახდათ თავს.

გუშინ, 15 დეკემბერს, როცა თბილისში, აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა, არა ერთ ადამიანს გაახსენდა „მშიერაძის ოჯახი“.

მოსახლეობამ შენობების ნგრევის შეჩერება სცადა, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

ეკატერინე გაბაშვილის „მშიერაძის ოჯახში“ ვკითხულობთ, როგორ ცდილობენ სოფლიდან ჩამოსახლებული უბინაო მუშები  გადარჩენას და ქალაქის სიახლოვეში საცხოვრებელი კერის გაჩენას, სადაც შვილებს უსაფრთხოდ დატოვებენ, სანამ თვითონ მათთვის საკვების მოსატანად იშრომებენ.

სვიმონ მშიერაძის სამშვილიან ოჯახშიც მანამდეა ყველაფერი კარგად, სანამ მომრავლებულმა ახალმოსახლეებმა არ მიიქციეს ქალაქის თვითმმართველობის ყურადღება: „გაჩნდა პოლიცია და ყველას საერთოდ გამოუცხადა, რომ თქვენი საქციელი უკანონოა. ახალმოსულებს მუშაობა აუკრძალა და დასახლებულებს უბრძანა, რომ თავიანთი შენობა აეღოთ და საცა ნებავდათ, იქ წასულიყვნენ“.

ტექსტი ასევე გვიყვება თბილისის ერთ-ერთი უბნის, ნაძალადევის შექმნის ისტორიასაც:

ფილოსოფოსი და მკვლევარი ლელა გაფრინდაშვილი გვიყვება, რომ მწერალი ეკატერინე გაბაშვილი თავადაც უჭერდა მხარს ნაძალადევში მცხოვრებ მუშებს.

„ეკატერინე გაბაშვილის თანამედროვეები, მისი ახლობლები ჰყვებიან, როგორ მივიდა ეკატერინე ნაძალადევში მცხოვრები მუშების მხარდასაჭერად, როცა იმდროინდელი მთავრობა იქ ჩასახლებული ხალხის ქოხების დანგრევის განზრახვით შევიდა ახალშექმნილ „ნახალოვკაში“. ამბობენ, რომ მაშინ გაბაშვილმა ხალხის მხარდასაჭერად მგზნებარე სიტყვები წარმოსთქვაო“, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

ეკატერინე გაბაშვილი “მშიერაძის ოჯახი”

ეკატერინე გაბაშვილის 1894 წელს დაწერილი ეს მოთხრობა თანამედროვე საქართველოშიც ისეთივე მწვავეა, როგორც მაშინ, მე-19 საუკუნის მიწურულს, რადგან უსახლკარობის პრობლემა ქვეყანაში ახლაც მკაცრად დგას, დგას ქუჩებში, ყველგან, სადაც სახლი არაა.

მწერალი თამთა მელაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 15 დეკემბერს, აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენები გაბაშვილის მოთხრობის მსგავსია, თუმცა კონტექსტი განსხვავებული – კიდევ უფრო მძიმე.

თამთა მელაშვილი

„დღეს სისტემაა უფრო მძიმე და უფრო მეტად სრესს იმ ადამიანებს, ვინც იერარქიების ბოლოში მოექცა. ამ ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის პოლიტიკა და მგონია შეუძლებელიცაა არსებობდეს იმათ ხელში, ვისაც ძალაუფლება აქვს – ვინც ყველანაირად დაცლილია ყველა ღირებულებისგან და არაფერი აინტერესებს მოგების, გამორჩენის, კიდევ უფრო მეტად გამდიდრების გარდა.

თავიანთ ამაზრზენ, ბრჭყვიალა კაფსულებში ცხოვრობენ და სრულიად მოწყვეტილი არიან კაფსულის გარეთ არსებულ რეალობას. მათი ერთადერთი გამართული პოლიტიკა ნეკროპოლიტიკაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ომში არიან საკუთარ მოსახლეობასთან.

მგონი არავის დაგვავიწყდება ის კადრები, ტექნიკით და პოლიციით როგორ შედიან, როგორ იპყრობენ და იკავებენ მათ ბიზნესინტერესებში მოქცეულ ტერიტორიას, რა დღეში აგდებენ პანდემიით ისედაც სასოწარკვეთილ და განადგურებულ ხალხს. და არანაკლები ამაზრზენია მერე ამ ომის „გაპრავება“, თვითონ მსხვერპლის – მოსახლეობის პარაზიტად წარმოჩენა, როცა თავად არიან ამ ქვეყნის მთავარი პარაზიტები.

თავში ისევ ნეოლიბერალური სისტემაა, რომელიც თიშავს ადამიანებს და ჯგუფებს ერთმანეთისგან, უნდობლობას აჩენს, სოლიდარობას აქრობს. მაშინ სხვადასხვა კლასის ადამიანები უფრო ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, მაშინ ინტელექტუალური ელიტაც ხალხთან უფრო ახლოს იყო. მაშინდელი პრესა არ თიშავდა ხალხს ერთმანეთისგან, ახლა კი დიდი მედიები გათიშვის ყველაზე ძლიერი იარაღია.

მაშინ ქველმოქმედება მდიდარი ადამიანებისგან მართლა ქველმოქმედება იყო და ახლა რა არის? დაქსაქსვის, დაცინვის კიდევ ერთი იარაღი. ამაზრზენი, ერთჯერადი მოწყალება, რომელიც სისტემურად რას ცვლის? სრულიად არაფერს.

პირიქით, არსებული იერარქიების შენარჩუნებას ემსახურება, წინააღმდეგობას ახშობს. პოლიტიკურ და ბიზნესელიტებს დღეს თავის თავზე აქვთ მორგებული ეს ქვეყანა და სხვა დანარჩენი ვარსებობთ იქამდე, სანამ მათ სამსახურში ვდგავართ.

გადავეღობებით სადმე გზაზე? არა უშავს, მოგვიშორებენ.

გავეჩხირებით სადმე თვალში? გადაგვმალავენ.

სჭირდებათ სპა-სალონები? პანდემიაშიც ღიას დატოვებენ.

არაფერში სჭირდებათ საჯარო ტრანსპორტი? აკრძალავენ.

უნდათ საახალწლო განწყობა შეიქმნან? შეიქმნიან. დაიკიდებენ განათებებს და ნაძვის ხეებს იმ თანხად, რომელიც ლამის მთლიანად მოაგვარებდა უსახლკაროების საცხოვრისის პრობლემას.

ვინატრებდი, რომ „აფრიკა გახდეს წინააღმდეგობის და სოლიდარობის კერა, როგორც ერთ დროს ნაძალადევი იყო. ზუსტად ნაძალადევში შეიკრა მაშინ მუშების ბირთვი და იქედან დაიწყო დიდი დაუმორჩილებლობა.

ვისურვებდი, რომ ახლა აფრიკა იყოს მაშინდელი ნაძალადევი“ – ამბობს თამთა მელაშვილი, რომელმაც წერილობით მოგვაწოდა პასუხი კითხვაზე, რამდენად მსგავსია მისთვის ეკატერინე გაბაშვილის „მშიერაძის ოჯახი“ აფრიკის დასახლებაში მომხდარ ამბავთან.

_____________

მთავარი ფოტო: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

ხათუნა ბერიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააკავეს

ხათუნა ბერიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის სამოქალაქო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი და ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტია. ხათუნა ბერიძეს გამოძიება ძალადობას ედავება. საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, ვისაც ხელი დაარტყა.

გამოძიებამ ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა ასევე გოგიტა სოლომონიძეს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და საპროტესტო აქციაზე იყო, სადაც პროკურატურის ვერსიით ხათუნა ბერიძემ მოქალაქეს ხელი დაარტყა.

„მოვითხოვ აღკვეთის გარეშე დატოვებას, რადგან ხათუნა ბერიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან, ცხადდება დროულად სამართალდამცავ ორგანოებში და მისი მიმალვის არანაირი საფრთხე არ არსებობს,“ – ამბობს ადვოკატი თენგიზ კახიძე. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი.

ადვოკატის თქმით, ის ჯერ სრულად არ გაცნობია საქმის მასალებს. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ხათუნა ბერიძის ხელის დარტმის შედეგად ტკივილი განიცადა.

ხათუნა ბერიძე 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით – 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიის წინ ხათუნა ბერიძე ხულიგნობისთვის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ის კომისიის წევრებს მიმართავდა სიტყვებით: „მონებო,“ „სირცხვილია“… ეს შემთხვევა სამართალდარღვევად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ხათუნა ბერიძე 500 ლარით დაჯარიმდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სახიფათოდ შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

ხათუნა ბერიძე დააკავეს გუშინდელ აქციაზეც – 15 დეკემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გააპროტესტეს. ხათუნა ბერიძე აქციის მიმდინარეობის დროს უმაღლესი საბჭოს ღობეზე შემოდგა და იქედან სცადა სტიკერების გაკვრა. პოლიციელებმა მას ღობიდან ჩამოსვლა მოსთხოვეს. ხათუნა ბერიძე პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ღობიდან ჩამოვიდოდა, მაგრამ მას ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

ამ თემაზე:

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

 

რას ჰყვება მასწავლებელი, რომელსაც გარე დაკვირვებაში 0 კრედიტი დაუწერეს

„დასრულდა ჩემი ნერვიულობა, მოლოდინი და ფუჭი იმედები. მე ვერ გავიარე სანუკვარი გარე დაკვირვება. მინდა ვუთხრა (რატიანს): ამით არ სრულდება არაფერი. მე დაგიმტკიცებთ გამოცდაზე, რომ ვიმსახურებ სტატუსს – წამყვანი. გმადლობთ“, – ეს სიტყვები ხულოში, სოფელ ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია იაკობაძეს ეკუთვნის.

მასწავლებელს „ბათუმელები“ ესაუბრა და ჰკითხა, მისი აზრით, შეფასდა თუ არა მისი გაკვეთილი ობიექტურად და რამ განაპირობა ის, რომ 0 კრედიტი მიიღო.

როგორც ნათია ამბობს, გარე დაკვირვების შეფასების დროს, მაქსიმალური ქულა არის 32, ხოლო მინიმალური – 24. თუკი შეფასების ჯგუფმა გაკვეთილში 24 ქულაზე ნაკლები დაწერა, პედაგოგი გარე დაკვირვებისთვის გათვალისწინებულ 4 კრედიტს ვეღარ იღებს და მას შეფასებაში ნული ეწერა.

„მერვე კლასში ვატარებდი გაკვეთილს და მივიღე 19 ქულა. შესაბამისად, 0 კრედიტი დამეწერა და 4 კრედიტი ვერ მივიღე. უფროსი მასწავლებელი ვარ სტატუსით და წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის ვიბრძოდი“, – ამბობს ნათია.

ის ამბობს, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის აუცილებელი აქტივობა – გარე დაკვირვება პირველად გაიარა და გამოცდილება არ ეყო.

„პირველად გავიარე, თან კოვიდი გადავიტანეთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც და ამ პერიოდში მქონდა ჩანიშნული გარე დაკვირვება. მოსწავლეებსაც ძლივს მოვუყარე თავი, რადგან ზოგს ინტერნეტი არ ჰქონდა, ზოგს კომპიუტერი ან ტელეფონი და ვიღაცას მე ჩავურიცხე ინტერნეტის ფული, ვიღაცისგან ლეპტოპი ვითხოვე… სანამ ეს ტექნიკური ამბები მოვაგვარე, ამასობაში დრო გავიდა და მოსწავლეებთან ვეღარ ვიმუშავე“, – გვეუბნება პედაგოგი.

პედაგოგის თქმით, რადგან ბავშვები მიჩვეული არ არიან ონლაინში მუშაობას, გარე დაკვირვების დროს ნაკლებად იაქტიურეს. „საკლასო ოთახი ჩემი ცხოვრებაა, იქ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ინტერნეტში ბავშვებს გაუჭირდათ მობილიზება. 5 ბავშვი მყავს სულ, მაგრამ აკადემიურად ძლიერი ვინც არის, ისინი გვიან შემოვიდნენ, რადგან შუქი ჩაქრა და ინტერნეტი გაეთიშათ. თუმცა, არაუშავს, შემდეგში უფრო მოვემზადები“, – ამბობს ნათია იაკობაძე.

კითხვაზე, თუ რა ჩაუთვალეს ნაკლად, პედაგოგი ამბობს, რომ შეფასების ოქმი გამოითხოვა და ყველა შენიშვნა დაწვრილებით წაიკითხა, რასაც ძირითადად ეთანხმება.

„მე რომ იდეალური და უხარვეზო გაკვეთილი მეგონა ჩავატარე, თურმე ასე არ ყოფილა. მაგრამ ის შენიშვნები როცა გავაანალიზე, მივხვდი, რომ არ ვიყავი გაკვეთილისთვის მზად.

პრობლემა ის არის, რომ ყველა ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და ტექნიკასთან, კლასში თუ 5 ბავშვია, 2 ბავშვს აქვს ინტერნეტთან წვდომა ან ერთს. ამიტომ მასწავლებლები იძულებული ვართ  რაღაც ფორმით ჩავრთოთ სასწავლო პროცესში. გეგმა გაკეთებული მქონდა გაზაფხულისთვის, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო დაკვირვება, გეგმაც გადავაწყე, თუმცა ბავშვებთან ვეღარ ვიმუშავე წინსწრებით, ისე როგორც სხვა პედაგოგები მუშაობენ ხოლმე და აზეპირებინებენ ბავშვებს ყველაფერს. ჩემი ბავშვები გამოუცდელები იყვნენ და თანაც დაიბნენ, როცა გაიგეს, რომ დამკვირვებელი ჰყავდათ“, – გვეუბნება ნათია იაკობაძე.

ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კიდევ ერთმა პედაგოგმა ისურვა საუბარი, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ის, რომ გარე დაკვირვებაზე შეფასება არ დაუწერეს და 4 კრედიტი ვერ მიიღო, მან ამის შესახებ ღიადაც დაწერა სოციალურ ქსელში, თუმცა ამჟამად პედაგოგი კორონავირუსით არის ინფიცირებული, მკურნალობს და მასთან საუბარი ვეღარ შედგა.

„მე ვინც ვიცი, დაახლოებით ათი პედაგოგია ვისაც ასევე უარყოფითი შეფასება მოუვიდა გარე დაკვირვებაზე, თუმცა მათ პრობლემებზე ღიად საუბარი არ სურთ“, – გვეუბნება ნათია იაკობაძე.

ნათიამ მომავალი წლისთვის გარე დაკვირვების გავლა ისევ მოითხოვა. თუმცა, ახალი სქემის მიხედვით შესალოა პედაგოგებს წამყვანის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწიოთ.

როგორც „ბათუმელებს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ტესტების სტანდარტებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ტესტების საბოლოო ვარიანტი კი შესაძლოა დეკემბრის ბოლოს იყო მზად.

საუბარია ასევე იმაზეც, რომ პედაგოგები, ვისაც წამყვანის ან მენტორი სტატუსის მოპოვება სურთ, ერთსა და იმავე შინაარსის და სტანდარტის ტესტს ჩააბარებენ გამოცდაზე, თუმცა მინიმალური და მაქსიმალური ქულა ორივესთვის განსხვავებული იქნება.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, 2020 წელს გარე დაკვირვებას 3 ათასამდე მასწავლებელი ელოდა. მათი ნაწილი გაზაფხულზე დარეგისტრირდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გარე დაკვირვება ვერ გაიარეს. მასწავლებლების პრეტენზიების შემდეგ კი ცენტრმა პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლა წლის ბოლომდე შესთავაზა. საბოლოო შედეგი, თუ რამდენმა პედაგოგმა მიიღო აღნიშნული აქტივობით გათვალისწინებული 4 კრედიტი და აიმაღლა სტატუსი, რამდენიმე დღეში, ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

რატომ არ შეგიძლია კორპუსში გაზის ჩართვაზე უარი თქვა – სემეკის განმარტება

„საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივ აირზე უარს ვერ იტყვი“, – მსგავსი ფრაზა შესაძლოა ყველგან მოისმინოთ, თუკი ადამიანები ახალ კორპუსში ცხოვრებას იწყებენ და საქმე გაზის შეყვანაზე მიდგა. სემეკ-ის ბოლო დადგენილების მიხედვით, მაგალითად, კორპუსის მცხოვრებმა „სოკარ გაზს“ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართოს, თუ ყველა ბინადარი თანახმა იქნება ბუნებრივი აირის საცხოვრებელ კორპუსში შეყვანაზე და ამავდროულად სრულად აქვთ გადახდილი გამრიცხველიანების საფასური. თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში ეს თითოეული მესაკუთრისთვის 800 ლარია.

რატომ არ აქვს უფლება მოქალაქეს უარი თქვას გაზმომარაგებაზე ან რა სამართლებრივი საფუძვლით არის მისაღები ის, რომ კომპანიამ გაზის ჩართვაზე უარი თქვას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მაგალითად კორპუსში, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ ერთ-ერთ ოჯახს გაზი არ სურს?

„დიახ, სავალდებულოა 100-პროცენტიანი თანხმობა და მოსაკრებელიც სრულად უნდა იყოს წინასწარ გადახდილი. თებერვლიდან უკვე ძალაშია სემეკის ეს დადგენილება, შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვახტანგ ბეროშვილი. ის „სოკარ გაზი აჭარას“ წარმომადგენელია.

ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ვინმეს საცხოვრებელ კორპუსში უარი უთქვამს გაზის ჩართვაზე და ამის გამო სამუშაოები გაჭიანურდა? – ვკითხეთ „სოკარის“ წარმომადგენელს.

„არ ვიცი, ჩვენთან მოდის მთლიანი განაცხადი, როცა ყველას ხელმოწერაა და გადახდილია მოსაკრებელი სრულად. ამის შემდეგ ვამოწმებთ და ვიწყებთ გამრიცხველიანების პროცესს,“ – აღნიშნა  ვახტანგ ბეროშვილმა.

„სოკარის“ წარმომადგენელი საუბრობს სემეკის 2019 წლის 26 დეკემბერს მიღებულ დადგენილებაზე, სადაც წერია:

„თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს მიმართოს ერთობლივი განაცხადით და ამ განაცხადის წარდგენამდე, წინასწარ სრულად გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური“.

„ეს არის პრობლემური და კანონსაწინააღმდეგო,“ – მიიჩნევს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის რამდენიმე მიმართულებით ხედავს სამართლებრივ პრობლემას და არ გამორიცხავს, მიმართვის შემთხვევაში მომხმარებელს სასამართლო დავის წარმოებაშიც დაეხმარონ.

იურისტი თვლის, რომ სემეკის დადგენილებით მიღებული ცვლილება არღვევს მოქალაქის უფლებას, უარი თქვას გაზის მიწოდებაზე და მეორეს მხრივ, იმ ადამიანების უფლების დარღვევის რისკებს ქმნის, რომლებიც გაზის გარეშე დარჩებიან, თუკი ვინმე გაზზე უარს ამბობს.

„სამოქალაქო კოდექსში გვაქვს კონტრაჰირების [იძულების] ინსტიტუტი, რაც სამართლებრივად გულისხმობს ხელშეკრულების დადების სავალდებულოობას. კომპანია, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა აქვს ბაზარზე, უარს ვერ იტყვის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს ცვლილება კი ამბობს, რომ თუკი ერთი მესაკუთრეც იტყვის უარს, ფაქტობრივად, დაზარალდებიან სხვები. ეს ცვლილება ხელშეკრულების დადების უარის საფუძველს აძლევს მიმწოდებელს, რომელიც ერთადერთია ბაზარზე,“ – აღნიშნავს მირზა მამულაძე.

იურისტი შიშობს, რომ დადგენილება აჩენს ხელმოწერების გაყალბების რისკსაც, რადგან ნებისმიერმა ამხანაგობამ „სოკარს“ ყველა მესაკუთრის წერილობითი თანხმობა უნდა წარუდგინოს.

„სამოქალაქო დავაც შეიძლება წარმოიშვას მეზობლებს შორის უფლების ბოროტად გამოყენებაზე. კაზუსური შემთხვევაა, სასამართლს განსამარტი იქნება ეს საკითხი,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე. იურისტი ასევე თვლის, რომ სემეკის ახალი დადგენილება ბუნდოვანია.

სემეკ-ის დადგენილება გაზმომარაგების ქსელზე დაერთების შესახებ რომ ბუნდოვანია, ამას ისიც ადასტურებს, რომ „ბათუმელებმა“ სემეკ-ისგან ორი, ურთიერთსაპირისპირო განმარტება მივიღეთ. სემეკ-ში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ბინის „მესაკუთრეს აქვს უფლება, უარი თქვას გაზმომარაგებაზე“.

სემეკის მეთოდოლოგიური და რეგულირების დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საერთო კორპუსში მესაკუთრეები გაზმომარაგების ქსელში დაერთებამდე წინასწარ უნდა ჩამოყალიბდნენ, ვის არ სურს გაზი და ამის შესაბამისად დამუშავდეს არქიტექტურული პროექტი.

„თუ ეს ინფორმაცია წინასწარ არ ექნება კომპანიას, როგორ მაოხდინოს გაზმომარაგება? გაუგებარი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას და უსაფრთხოების კუთხითაც რისკები შესაძლოა იყოს. დიდი ხარჯების გაწევა უწევდა კომპანიას, რადგან ზოგჯერ მესაკუთრეებს შუა პროცესში უნდებოდათ გაზი, თავიდან არ უნდოდათ… ამ დადგენილებით, თუკი წლების მერე მოუნდება მესაკუთრეს გაზმომარაგება, ეს აღარ გამოვა, რადგან იქ უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება მოწყობილი. ეს ისეთია, როცა მერე მოუნდებათ დაშენებები და პროექტის შეცვლა,“ – განმარტავს ვანო მეჭურჭლიშვილი.

სემეკის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავს რამდენიმე შემთხვევაზე უწყებამ გაზის ლიცენზიანტებს შესაბამისი განმარტება მისცა. ვანო მეჭურჭლიშვილის თქმით, უწყებისთვის უცნობია შემთხვევა, როცა რომელიმე ამხანაგობამ მოითხოვა გაზმომარაგების ქსელზე დაერთება ყველა მესაკუთრის თანხმობის გარეშე და ამაზე უარი უთხრეს.

ვანო მეჭურჭლიშვილს ასევე ვკითხეთ გამრიცხველიანების განვადების ნაწილზე: რატომ არის შეუძლებელი მესაკუთრეებმა გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხა ეტაპობრივად გადაიხადონ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა? – სემეკის წარმომადგენელმა აქცენტი ისევ კომპანიის ზარალზე გააკეთა.

„შემდეგ იყო სამართლებრივი პრობლემა, რადგან ზოგჯერ მესაკუთრე იცვლება, მიმწოდებელს ექმნებოდა პრობლემა, აუცილებელია ეს ურთიერთობები თავიდანვე დალაგდეს, ხშირად მიერთების საფასურს ვერ იღებდა კომპანია და ზარალდებოდა,“ – აღნიშნა ვანო მეჭურჭლიშვილმა.

სემეკის ამ განმარტების მიუხედავად, ენერგოომბუდსმენს მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც კორპუსში გაზის ჩართვას ვერ ახერხებენ.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება ამ პრეტენზიით, მაგრამ ამას აქვს დადებითი მხარე უსაფრთხოების და მომხმარებლის კომფორტის კუთხით. კომპანიას შეუძლია დაახარვეზოს განაცხადი, თუკი არ იქნება 100-პროცენტიანი დატვირთვა და აღმოჩნდება, რომ ვინმეს არ სურს ბუნებრივი აირის მიწოდება. ეს ძალიან კომფორტულია, რადგან აღარავის აკლია კორპუსში გაზი და შემდგომში რაღაც სამუშაოების შესრულებას არ მოჰყვება გაზის გათიშვა, ან ასე შემდეგ. მე თავის დროზე ამის წინააღმდეგი არ წავედი და დადებითად შევაფასე“, – გვითხრა ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა. ის მიიჩნევს, რომ სემეკმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამართლიანია, რადგან როდესაც პროდუქტს ყიდულობ, იქ წერია, რომ აქ იქნება მომსახურება გაზმომარაგებით. თუ ყიდულობ ბინას, რომელშიც უნდა შევიდეს გაზი, მაშინ მოთხოვნა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე არის სამართლიანი თავისთავად… თუ რაიმე ტიპის ხელოვნური დაბრკოლებებია, ვიმუშავებთ, მაგრამ ეს არის ოფიციალური რეგულაცია და კომპანიას, ან მოქალაქეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ“, – ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

ენერგოომბუდსმენს ვუთხარით, რომ სემეკში ასე არ ფიქრობენ და შესაძლებელია მოქალაქემ ბუნებრივ აირზე უარი თქვას.

„თუ სემეკი ასე განმარტავს, ეს სემეკის დადგენილებაა და მას აქვს ასეთი განმარტების უფლება. შესაძლოა, მაშინ ასე მოხდეს, რატომაც არა?“ – დაასრულა ენერგო ომბუსმდენმა.

სტატია გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა, როცა სემეკ-ის პრესცენტრიდან დაგვიკავშირდნენ და უშუალოდ კომისიის წევრია, გიორგი ფანგანის ჩაწერა შემოგვთავაზეს.

„თუ ახალ კორპუსში არის 100 ბინა, 100-ივე ბინის მიერთების საფასური სრულად უნდა იყოს გადახდილი…“ – გვითხრა სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

კომისიის წევრი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება სემეკ-მა უსაფრთხოების გამო მიიღო, რადგან „ბევრი დარღვევა დაგროვდა“.

„თავიდან იყოს საჭირო მხოლოდ 50 პროცენტის თანხმობა, მაგრამ მერე იყო შემთხვევები, როცა გარედან გაყავდათ, კედელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით. მუდივად იყო პრობლემა ინფრასტრუქტურის გამართვის კუთხით, რაც არის მაღალი რისკის შემცველი. ამიტომ მისი დაპროექტება უნდა მოხდეს სწორედ, არ შეიძლება მისი ათასჯერ გადაპროექტება, არ შეიძლება 5 მილი შედიოდეს ერთ კორპუსში… ყველა მილს აქვს თავისი გამტარუნარინაობა, მაგალითად, მილი 32 დიამეტრით ეყოფა 20 მოსახლეს, მერე ეს მილი აღარ ეყოფა, ცალკე ახალი დაქსელვა დასჭირდება, რაც პროექტით განსაზღვრული არ იყო…

აქამდე იყო ბევრი დარღღვევა, ხედავთ, რომ კორპუსი დგას და გარშემო კორპუსის ჩამოკიდებული არის ეს მილები, გეგონებათ შორიდან რკინის გალიაა, არასწორი დაქსელვის გამო,“ – ამბობს გიორგი ფანგანი.

ვინ უნდა გადაიხადოს დაერთების 800 ლარი, თუკი ვინმე გაზის ჩართვის წინააღმდეგია? – ვკითხეთ სემეკ-ის წარმომადგენელს.

„დეველოპერმა უნდა გადაიხადოს, თუ ჩაბარებული აქვს, მაშინ ამხანაგობამ მთლიანად, ვისაც გაზის შეყვანა უნდა, ყველამ უნდა დადოს,“ – განმარტავს გიორგი ფანგანი.

გამოდის, რომ საფრთხის შემცველია ცხოვრება იმ კორპუსებში, სადაც გაზი სემეკ-ის ამ დადგენილებამდე შეიყვანეს?

„იყო ასეთი კორპუსები, სადაც იყო პრობლემები, მოხდა ხარვეზების აღმოფხვრა… გადავრჩით, რომ არ მოხდა ცუდი შემთხვევები… არსებობდა პრობლემა გლობალურად და ამას სჭირდებოდა გადაჭრა… ეს არ იყო მხოლოდ კომპანიის ხარჯი, ეს მიდის ტარიფში და იხდის მოსახლეობა. რაც ნაკლები ხარჯი აქვს კომპანიას, ნაკლები იქნება ტარიფიც,“ – აღნიშნა გიორგი ფანგანმა „ბათუმელებთან“.

სემეკ-ის წარმომადგენელს ვკითხეთ ამ კუთხით განვადების შესაძლებლობის გაუქმებაზეც.

„საუბარია ახალ კორპუსებზე. ჩვენ ვიცით, რა ღირს კვადრატული მეტრი ახალ კორპუსში – 500 დოლარი და ზევით, ეს 800 ლარი რომ გადავიყვანოთ კვადრატულობაზე, ერთი კვადრატულის ღირებულება სამჯერ აღემატება ამ 800 ლარს,“ – გვიპასუხა გიორგი ფანგანმა.

მწარმოებელ კომპანიებს 2 მილიონი პლასტიკის პარკი ჩამოართვეს – დეპარტამენტი

2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მათივე ინფორმაციით, პლასტიკის პარკის კონფისკაციის მიზანია საცალო ქსელში არ მოხვდეს აღნიშნული პარკები და  შემცირდეს გარემოს დაბინძურება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წელს, ჯამში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი გამოავლინეს: „აქედან 367 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების თანხამ ჯამში 1 602 800 ლარი შეადგინა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ კი 3 758 345 ლარი“.

დეპარტამენტის ცნობით, გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევაც: „2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 280 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან საწვავის 344 სინჯია აღებული. ჯამში, დიზელისა და ბენზინის მხოლოდ 33 სინჯი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით   გათვალისწინებულ ნორმებს“.

2020 წლის განმავლობაში სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) 2 592 შეტყობინება შევიდა.

2019 წლის 20 ივლისიდან საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, „გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა“.

ამ თემაზე:

რა შეიცვალა კანონში, რომლითაც საქართველოში ცელოფნის პარკების რეალიზაცია აიკრძალა

ავარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე – მოძრაობის წესების შეცვლის მეორე დღე

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსისთვის განკუთვნილ სავალ ზოლში შეეჯახნენ ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის, გორგილაძის ქუჩაზე, მოძრაობის წესები გუშინ, 15 დეკემბერს შეიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსისთვის განკუთვნილ სავალ ზოლში შეეჯახნენ ერთმანეთს

კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

„ერთიანმა ნაციონალურმა  მოძრაობამ“ დღეს გაასაჯაროვა განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ის ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურიდან მალევეა დაწერილი. გუშინ ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მანდატის მოპოვების მიუხედავად ისინი უმაღლეს საბჭოში პროტესტის ნიშნად არ შედიან. ამ აქციას ოპოზიიცის გამსვლელ სიაში მყოფი ირაკლი ჩავლეიშვილი არ შეუერთდა და არც მედიის ზარებს პასუხობდა მთელი დღის განმავლობაში. წუხელ, გვიან ღამით კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მან თავისი კოლეგების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ირაკლი ჩავლეიშვილი მე-15 დეპუტატი იქნება 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში.

აქ წაიკითხეთ ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტება უმაღლეს საბჭოში შესვლაზე

რა მოუვიდა ირაკლი ჩავლეიშვილს გუშინ, თუ მანამდე ის ხელმოწერით ადასტურებდა, რომ მანდატზე უარის თქმას აპირებდა. როგორ და ვინ დაიყოლია ჩავლეიშვილი და რა იციან ამაზე ოპოზიციის სხვა ლიდერებმა, ამ თემაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს აჭარაში, გიორგი კირთაძეს ვკითხეთ.

  • ბატონო გიორგი რა მოხდა, რა ინფომაცია გაქვთ, რატომ გადათქვა ჩავლეიშვილმა თავისი პირობა?

ეს განცხადება ჩავლეიშვილმა დაწერა არჩევნებიდან მეორე თუ მესამე დღეს. კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სიები გაგვეუქმებინა უფლებამოსილების ცნობამდე უსკოში. აქ კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, რა მასშტაბის რეჟიმთან გვაქვს საქმე, ვისზე ვლაპარაკობთ. კაცმა, რომელმაც განცხადება დაწერა ცოტა ხნის წინ და უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა, გადაწყვეტილება შეცვალა და შედის უმაღლეს საბჭოში მეთხუთმეტე „ქოცად“, ოპოზიციის სახელით რომ არ შედის, ყველა კარგად ვხვდებით ამას. ჩავლეიშვილის საქციელი კიდევ ერთხელ ალბათ ყველაზე მაგრად ადასტურებს ივანიშვილის რეჟიმს.

განცხადების ტექსტი, რომელიც დღეს ენმ-მ გაავრცელა და ირწმუნება, რომ ირაკლი ჩავლეიშილის ხელმოწერილია
  • ანუ რას ამბობთ, რა მოხდა ჩავლეიშვილთან მიმართებაში?

დასკვნის გაკეთება ძალიან მარტივია – კაცი, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, ოფიციალურ განცხადებას წერს და ითხოვს, რომ ამოიღონ სიიდან, რაღაცა პერიოდის შემდეგ კი ამბობს, რომ გადავიფიქრე და უნდა შევიდეო. არ ვიცი, დააშინეს ალბათ.

მთავარი ამბავი რაც არის, ყველა ვხედავთ, რომ ეს დემოკრატიულ ქვეყანაში ვერ მოხდება, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ეს გააკეთოს. ასლან აბაშიძის დროსაც კი ირაკლი ჩავლეიშვილი ოპოზიციაში იყო, ხომ გვახსოვს ყველას. იცოდა, რაც მოჰყვებოდა მის განცხადებას და ამ ყველაფრის ფონზე მეთხუთმეტე „ქოცად“ შედის უმაღლეს საბჭოში. მოუჭირა კისერში ხელი ბიძინა ივანიშვილმა თუ იყიდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასე ყველაზე კარგად ჩანს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

  • გაქვთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, ვინ და როგორ მოახერხა ეს – რით შეძლეს მისი დაყოლიება?

თუ ვინმემ რაიმე იცის, ალბათ, ყველაზე მეტი მე ვიცი, იმიტომ, რომ მე ვმუშაობდი მაგ პერიოდში საკრებულოში და ის იყო საკრებულოს თავმჯდომარე. მაგრამ მართლა არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ჰქონდათ. ან ფული მისცეს. სხვა ვარიანტი არ არის. მართლა არა აქვს ამას მნიშვნელობა, მეთხუთმეტე „ქოცი“ რომ ხდება ადამიანი. ის, რომ ჩავლეიშვილს ეს გადაწყვეტილება თავისი სურვილით არ მიუღია, ზუსტად ამიტომაც გავასაჯაროვეთ ის განცხადება, რაც მან დაწერა და თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და გთხოვთ შემიწყვიტოთ უფლებამოსილებაო. ამის შემდეგ ხდება ის, რაც ხდება.

  • ითქვა, რომ ბოლო პერიოდში ჩავლეიშვილი რამდენჯერმე ჰყავდათ სუსში… თქვენ გაქვთ ამაზე ინფორმაცია?  

ამ ბოლოს, თუ თავის დროზე? ბოლო პერიოდზე არ მაქვს ეს ინფორმაცია. ვიცი, რომ თავის დროზე იყო ეს ამბები. მას არაფერი უთქვამს, მისი ტექსტები იყო შემდეგი: განცხადებები დავწერეთ ყველამ, ვითხოვთ, რომ არ ვაღიარებთ არჩევნებს. დიდი სიხარულით შესაძლოა არ შეხვედრია ამ ამბავს – ინიციატორი არ ყოფილა ამ ამბის, მაგრამ როცა შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ყველანი ამას  ვაკეთებთ, თქვა კი ბატონოო და თვითონაც დაწერა განცხადება.

ჩვენ ორი კვირის წინ რომ მიგვეტანა ეს განცხადებები უსკოში, დამთავრებული იყო. იმის გამო, რომ მიდიოდა მოლაპარაკებები [თბილისში], ჩვენ განცხადებები არ შევიტანეთ. ბოლოს გავაკეთეთ ხელმოწერა, რომ არ შევდივართ, თვითონ კი ითხოვა რამდენიმე დღე, გვითხრა, რომ პარტიასთან უნდა შეაჯეროს თავისი პოზიცია და პარტიის წინააღმდეგ ვერ წავა. ეს, ბუნებრივია, გავუგეთ. მას შემდეგ რაც „რესპუბლიკელები“ შეუერთდნენ ბოიკოტის რეჟიმს, მან დატოვა პარტია.

ის, რაც ირაკლი ჩავლეიშვილს 30 წლის განმავლობაში უკეთებია, ბიძინა ივანიშვილმა გააფუჭა ბოლომდე, ხაზი გადაასმევინა ამ ყველაფერზე. პირველ რიგში, თვითონ არის პასუხისმგებელი ამაზე, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის დამსახურება ხომ არის ეს? ეს ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, რად უნდა ამას ლაპარაკი. ჩავლეიშვილის იქ ყოფნას არ აქვს აზრი, ის მეთხუთმეტე „ქოცია“, რა საშიშ რეჟიმში ვცხოვრობთ, ამაზეა საუბარი.

ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა წვეულებები – გამყრელიძე

„მიუხედავად სტაბილიზაციისა, შეზღუდვების ფონზე კლების დინამიკისა, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ, გთხოვთ ყველას, მოსახლეობას, რომ ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად.

არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები, ვიყოთ წელს ბევრად მოკრძალებული, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან, პანდემიასთან,“ – განაცხადა დღეს, 16 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, თუ მოსახლეობა ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა ვირუსის შემთხვევის კლების ტენდენცია წყალში ჩაიყაროს.

„თუ 24 დეკემბერს დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, მაგრამ იგივე მოხდა, რაც შავ პარასკევს იყო, შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკები და ისევ დამძიმდეს მდგომარეობა საავადმყოფოებში. ამიტომ ახალი წლის მოკრძალებული აღნიშვნა იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების საფუძველი,“ – თქვა გამყრელიძემ.

 

მთავრობამ COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის კომისია შექმნა

მთავრობის 2020 წლის 15 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოში COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა.

კომისიამ უნდა შეიმუშაოს COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით და საჭიროებისამებრ განაახლოს იგი. კომისიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ამ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი.

კომისიაში შედიან:

  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
  • ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე –  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  •  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
  • სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი;
  • სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;
  • სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი −  კომისიის წევრი;
  • სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი;
  • სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი −  კომისიის წევრი;
  • საქართველოს სახალხო დამცველი − კომისიის წევრი;
  • საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე −  კომისიის წევრი.

მთავრობის განკარგულებით კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვათ:

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის წარმომადგენლობას;
  • გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობას;
  • აზიის განვითარების ბანკის ქვეყნის მისიას;
  • მსოფლიო ბანკის ქვეყნის წარმომადგენლობას;
  • გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას;
  • ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას;
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.

„მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია,“ – განაცხადა 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკის ჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აიცრას.

ამ თემაზე:

კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში „100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები“ „სასურსათო კალათას“ მიიღებენ.

ამ შემთხვევაში საუბარია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთათვისაც პროდუქტს აჭარის ბიუჯეტიდან შეისყიდიან [სულ 2 800 კალათა].

ერთი სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

  • ზეთი – 2 ლიტრი,
  • წიწიბურა – 2 კგ,
  • ბრინჯი – 3 კგ,
  • შაქარი – 2 კგ,
  • მაკარონი – 2 კგ,
  • ტომატ-პასტა – 500 გრ,
  • შესქელებული რძე – 370 გრ,
  • სოკო – 800 გრ,
  • ჩაი (ერთჯერადი 25 პაკეტიანი) – 2 შეკვრა,
  • საფუარი (80-100 გრ) – 2 ც,
  • შვრიის ფანტელი – 1 კგ,
  • ხორბლის ფქვილი – 10 კგ,
  • მარილი – 900 გრ,
  • შავი შოკოლადის კამფეტი -1 კგ,
  • ბარდა 400 გრ,
  • ლიმონათი – 2 ლ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2 800 „სასურსათო კალათისთვის“ საჭირო პროდუქტებს შეისყიდის და დასარიგებლად მუნიციპალიტეტების მერიებს გადასცემს.

დაგეგმილია ქობულეთის მერიისთვის – 686, ხელვაჩაურისთვის – 311, ქედისთვის – 524, შუახევისთვის – 549 და ხულოს მერიისთვის – 730 ერთეული სასურსათო კალათის გადაცემა.

„პოტენციურ მიმწოდებლებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, დადგენილია, რომ შესასყიდი საქონლის მოსაწოდებლად საჭიროა ხელშეკრულების დადებიდან 5 დღე“, – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს, რომელსაც განაცხადით 15 დეკემბერს მიმართა.

სასურსათო კალათისთვის პროდუქტების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ამ ეტაპზე 200 ათასი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება ბათუმს, პროდუქტებს ქალაქის ბიუჯეტიდან შეიძენენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში სასურსათო პროდუქტების კალათა 5 200 ბენეფიციარს გადაეცემა.

სოციალური დახმარებით ბათუმში ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიციარები:

  • 100 000 ქულის ჩათვლით – შშმ პირები
  • სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები
  • მკვეთრად გამოხატული შშმ პირები
  • ომში დაზიანებული შშმ პირები
  • 18 წლამდე ასაკის შშმ პირები
  • 100 000 ქულის ჩათვლით – მარტოხელა პენსიონერები
  • 200 000 ქულის ჩათვლით – 3 და მეტშვილიანი ოჯახები
  • უდედმამო ბავშვები
  • მარტოხელა მშობლები
  • ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები
  • სამამულო ომის ვეტერანები
  • მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.

მერიის ინფორმაციით: „სასურსათო პროდუქტები ასევე გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც მითითებულ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მუნიციპალური სერვისების სააგენტომ განახორციელა.

სასურსათო კალათების შეძენისთვის მერიის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული ეკონომიაა.

გარდა ამისა, 300-ზე მეტ ოჯახს 630 კბ/მ საშეშე მერქანი გადაეცემა“.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს 1 მილიონი ლარით დაფინანსდება ქვეპროგრამა – „სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“.

ქვეპროგრამას – რომლის დეტალებიც ამ ეტაპზე მუშავდება – მომავალ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ამ თემაზე:

ოჯახებს აჭარაში „სასურსათო კალათს“ დაურიგებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

 

 

კოვიდის 280 ახალი შემთხვევა აჭარაში | 16 დეკემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეს საქართველოში, ჯამში, კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს  824 პაციენტი, მათ შორის, 148 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 51 ადამიანი.

აჭარაში საკარანტინო სივრცეშია 179 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი – 8150.

 

საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 39, გამოჯანმრთელდა – 2 495 პირი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარაში – 280, იმერეთში – 533, ქვემო ქართლში – 254, შიდა ქართლში – 283, გურიაში – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 269, კახეთში – 153, მცხეთა-მთიანეთში – 85, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.  

უმაღლეს საბჭოში ერთი ოპოზიციონერი – ირაკლი ჩავლეიშვილი შედის

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის, ამის შესახებ მან ფისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა, მისივე ინფორმაციით ის დროებით იჩერებს „რესპუბლიკური“ პარტიის წევრობას.

„სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია“- წერს ირაკლი ჩავლეიშვილი და იქვე იმედს გამოთქვამს, რომ „ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!“

ირაკლი ჩავლეიშვილის უმაღლეს საბჭოში შესაძლო შესვლაზე დღეს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა ის  მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე დღეს, 15 დეკემბერს, არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს ხელი არც ოპოზიციის მემორანდუმზე მოუწერია, როგორც ეს არჩეულმა 6-მა დეპუტატმა გააკეთა, მათ დააფიქსირეს, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან პროპორციული სიით 11 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ასევე სამივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ერგო. უმაღლეს საბჭოში 7 ადგილი ერგო „გაერთიანებულ ოპოზიციას“, თუმცა ეს პოლიტიკური სუბიექტი უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს ამბობს.

ირაკლი ჩავლეიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიაში მე-6 ნომერი იყო.

ამ თემაზე:

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

ვის და რამდენით დააფინანსებს ბათუმის მერია – ჯანდაცვის პროგრამები

ბათუმის მერია 200-ლარიანი მედიკამენტის ორ ვაუჩერის გასცემს იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, სადაც შშმ პირი ან ვეტერანი ცხოვრობს. ამ დრომდე მსგავსი ოჯახებისთვის მერია მხოლოდ ერთჯერადად გასცემდა 200-ლარიან ვაუჩერს.

ეს სიახლე ავტომატურად არ გულისხმობს, რომ თუ ოჯახში ორი შშმ პირი ან ორი შშმ პირი და ვეტერანი ცხოვრობს, ისინი სამ ვაუჩერს მიიღებენ. „გაიცემა მხოლოდ ორი ვაუჩერი“, – ეს 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი სიახლეა. როგორც მერიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება და სიახლე 4500 ოჯახს შეეხება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, ბათუმის მერია სოციალური სფეროს დაფინანსებას, ერთი შეხედვით, 1.5 მილიონით ზრდის, რადგან 2020 წლის გეგმა ამ სფეროში 14 მილიონ 494 000 ლარი იყო, მომავალი წლის დაფინანსება კი თითქმის 16 მილიონი ლარია.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი პროექტი, 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში დაფიქსირებულ ციფრთან – 15 მილიონ 325 900 ლართან მიმართებით კი არ არის დაგეგმილი, არამედ ბიუჯეტის რამდენჯერმე კორექტირებულ ვერსიასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში სოციალური სფეროს დაფინანსება, მხოლოდ 574 100 ლარით იზრდება. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 900 000 ლარი მხოლოდ სოციალური მიმართულებით მერიაში დასაქმებულთა ხელფასებშია გაწერილი.

პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსება 4 მილიონ 392 600 ლარი იქნება, მათ შორის მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა 1 მილიონ 057 300 – მდე იზრდება [გასულ წელს 739 000 ლარი იყო].

ამ პროგრამით მერია ეხმარება მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება დაფარონ იმ სამედიცინო მომსახურეობის ხარჯები, რაც სრულად არ იფარება სხვადასხვა სამედიცინო პროგრამით. ასევე იმ  მოქალაქეების, ვისთვისაც კონკრეტული მიმართულების ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს მერია 700 -მდე პირს დაეხმარა.

38 000 ლარამდე მცირდება ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია, გასულ წელს ეს ქვეპროგრამა 45 000  ლარით იყო დაფინანსებული.

ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია 130 000 ლარით დაფინანსდება. პროგრამა ითვალისწინებს მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დახმარებას, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით სტაციონარში ყოფნისა და გაწერის შემდეგ, მიუხედავად საჭიროებისა, ვერ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას და რჩებიან მკურნალობის გარეშე. გასულ წელს ამ ქვეპროგრამით 50-მა პირმა ისარგებლა. მერიის ინფორმაციით, მათ შორის ათის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია ისევ 445 000 ლარით დაფინანსდება. პროგრამა მათ კურორტზე დასვენების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

იზრდება ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციის პროგრამაც, გასულ წელს ამ პროგრამის დაფინანსება 1 მილიონ 241 300 იყო, მომავალ წელს 1 მილიონ 755 600 ლარი იქნება.

ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება ისევ 166 800 ლარი იქნება.

200 000 ლარით მცირდება მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა, წელს პროგრამის ბიუჯეტი 670 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი 470 000 იქნება. 158 900 ლარამდე მცირდება ასევე მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება, 2020 წელს დაფინანსება 182 500 ლარი იყო.

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალური სასადილოს დაფინანსება მომავალ წელს მხოლოდ 263 000 ლარით იზრდება, ბენეფიციართა რაოდენობას კი 278 პირი დაემატება და ჯამში 5 657 ბენეფიციარს შეეძლება სასადილოს მომსახურების მიღება, დამატებით სიაში ისევ დარჩება სამასამდე ადამიანი, რომელთაც საკვებს აძლევენ, თუ რომელიმე ბენეფიციარი არ გამოცხადდა, ისევ დამატებით სიაში დარჩება.

ქობულეთში სანადირო თოფით კაცი პირდაპირ ქუჩაში მოკლეს

ქობულეთში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, ქუჩაში კაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, კაცს სანადირო თოფი პირდაპირ ქუჩაში ესროლეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმის სასამართლომ წელს 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – სტატისტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღო, 10 ნაწილობრივ გამამართლებელი. სასამართლომ სულ 975 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა ამ პერიოდში. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.

იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 975 საქმიდან 586 საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა, 8 სისხლის სამართლის საქმე გამოძიებას დაუბრუნდა, 13 საქმის განხილვა კი, შეწყდა.

სისხლის სამართლის 16 საქმეს სასამართლომ საკუთარი ინიციატივით შეუცვალა კვალიფიკაცია.

სულ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წელს, დეკემბრამდე, 1120 სისხლის სამართლის საქმე შევიდა.

უმაღლესი საბჭო ოპოზიციის გარეშე, თავმჯდომარის მთავარი რეპლიკით: რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა

„თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არ გაასაჩივრეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, სად არის საჩივრები? – გვიპასუხა დავით გაბაიძემ, მაშინ როცა ვკითხეთ უქმნის თუ არა პირადად მას დისკომფორტს ოპოზიციის გარეშე დარჩენილი, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო.

უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის უკვე მოქმედი თავმჯდომარის კითხვა რიტორიკული არ ყოფილა: მოგვიანებით ტრიბუნიდანაც განმარტა, რომ, მისი აზრით, თუ უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ეხება პრეტენზია გაყალბებაზე, ეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] საჩივრების რაოდენობით უნდა ასახულიყო. ჩვენ მას შევახსენეთ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე არაერთი საჩივარი იყო დაწერილი საოლქო კომისიებში. გარდა ამისა, საჩივრებით როგორც პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოსაც მიმართეს.

დავით გაბაიძე მაინც ამტკიცებდა, რომ საჩივრები უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა შესულიყო.  მან გვითხრა ისიც, რომ ამ დროისთვის უმაღლესი საბჭო ერთპარტიული არ არის: „დღეს უმაღლესმა საბჭომ 21-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო“.

როგორც წინა მოწვევის, ისე ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია მაინც დარჩება იმავე აზრზე და უმაღლეს საბჭოში არ შევა, ეს არ იქნება დიდი დანაკლისი:

„კარგი იქნებოდა შემოსულიყვნენ, რადგან ხალხმა მათ მისცა მანდატი, თუ არ შემოვლენ, ჩვენ ძალით ვერავის ვამუშავებთ. გახსოვთ თქვენ, რომ წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტის რეჟიმში იყო და არ მუშაობდა, ამიტომაც არ იქნება განსაკუთრებული სხვაობა წინა მოწვევისა და ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს შორის. დემოკრატიის თვალსაზრისით? – რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ თუ არ უნდათ მუშაობა, ჩვენ ძალით ვერავის ვერ შემოვიყვანთ“.

ოპოზიციის 7 ცარიელი სკამი უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე

ტრიბუნასთან საუბრის დროს დავით გაბაიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არჩევნების შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს. მან თქვა, რომ ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში პეტიციით მიმართვის შესაძლებლობის დანერგვას გეგმავს.

თუ გამოვრიცხავთ იმას, რომ უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციის მონაწილეები საყვირებით და შეძახილებით „მონა“, „მონა“ ცდილობდნენ სხდომათა დარბაზამდე ხმის მიწვდენას, შესვენებების დროს კი უმაღლესი საბჭოს აივნებიდან დეპუტატები თავადაც ადევნებდნენ თვალს შენობის წინ პროცესებს, დარბაზში ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. აქციის გამო დისკომფორტი არავის უგრძვნია, ყოველ შემთვევაში, ამის შესახებ სხდომაზე არავის უთქვამს.

„არაფერ დისკომფორტს არ მიქმნის ოპოზიციის უმსგავსო საქციელი, დისკომფორტს ამ აქციით ისინი უქმნიან იმ ადამიანებს, რომლებიც გარშემო ცხოვრობენ და მათ არ აძლევენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ეს არის და ეს“, – გვითხრა დავით ბაციკაძემ, ერთ-ერთი შესვენების დროს.

„ოპოზიცია, რომ არ შემოვიდა, თავისთავად ცუდია, იმიტომ, რომ ნორმალურ ვითარებაში ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, თუმცა გაუგებარია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ყველა ადასტურებს, რომ არჩევნები ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. მე მიმაჩნია, რომ უნდა შემოსულიყვნენ“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე. თუმცა ასევე ამტკიცებს, რომ  ამით ქვეყნის სწორად განვითარებას დიდი პრობლემები არ შეექმნება, რადგან „მმართველ პარტიას სწორად მიჰყავს ყველაფერი“.

„რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს ვიკითხო ვინ არის წინააღმდეგი“, – ეს სიტყვები აჭარის უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის პირველი სხდომის თავმჯდომარეს [უხუცეს წევრს] ეკუთვნის. დავით თედორაძემ ახალარჩეულ დეპუტატებს რამდენჯერმე სთხოვა კენჭისყრაში მონაწილეობა და ყოველ ჯერზე თოთხმეტივეს თანხმობა მიიღო. სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდება, თუ უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია არ შევა, განსხვავებული პოზიცია და ცხარე დისკუსია სხდომებზე ნაკლებად იქნება.

პირველ სხდომაზე უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის შვიდი სკამი ცარიელი იყო, არც ერთი მათგანი დღეს სხდომაზე არ მისულა. ბოლო წუთამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიეღო ,,რესპუბლიკელ“ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაში მეექვსე ნომერი იყო. თუმცა ის დღეს სხდომაზე არ გამოჩენილა და არც ტელეფონს პასუხობს. შესაბამისად არ ვიცით, რას გეგმავს მომავალში. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს ხელი არც ოპოზიციის მემორანდუმზე მოუწერია, როგორც ეს არჩეულმა 6-მა დეპუტატმა გააკეთა, მათ დააფიქსირეს, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ პირველ სხდომასთან დაკავშირებული პროცედურები თითქმის დაასრულა, აირჩია ხმის დამთვლელი კომისია და ცნო დეპუტატების უფლებამოსილება, აირჩია თავმჯდომარე და კომიტეტების ხელმძღვანელები.

დაშავდა 3 ადამიანი, მათგან 1 მძიმედაა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. უწყებისგან ველოდებით განახლებულ ინფორმაციას.

დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობაა მძიმე და ამ დროისთვის სამივე დაშავებულს შესაბამისი კვლევა უტარდება.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

ბათუმში გარევაჭრობის ახალი წესი აპრილამდე არ იქნება

ახალი წესი, რომელიც ბათუმში გარევაჭრობას, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების მუშაობას დაარეგულირებს, ქალაქს 2021 წლის აპრილამდე არ ექნება. რეგულირების ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ 31 დეკემბრამდე, ამ ბოლოს კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაწია.

„დაევალოს ქალაქ ბათუმის მერს 2021 წლის 01 აპრილამდე შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინოს ქალაქ ბათუ­მის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგული­რების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგებული იქნება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრე­ბაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.

შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მიიღო და ის 15 დეკემბრიდან ამოქმედდა.

საკრებულოს ივნისის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები ბათუმში გათავისუფლებული არიან გარე ვაჭრობის უფლების საფასუ­რის გადასახადისგან. გარემოვაჭრეები გადასახადებს საკრებულოს მიერ ახალი წესის დამტკიცებამდე აღარ გადაიხდიან.

2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. თუმცა მთავრობა გარკვეული შეზღუდვების გარკვეული პერიოდით მოხსნას 24 დეკემბრიდან გეგმავს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასაახალწლოდ მოიხსნება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

ამავე თემაზე:

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში

„რთულია კავშირის დამყარება წულუკიანსა და განათლებას შორის“, – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ადამიანი ფეისბუქში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად, ითქვა, რომ წულუკიანის ამ სისტემასთან დაკავშირება სხვა არაფერია თუ არა მისი პოლიტიკური გავლენების შესუსტება. იყო კითხვები იმაზეც, ხომ არ დააქვეითეს წულუკიანი პარლამენტში გადაყვანით, თუ პირიქით – ის „სისტემაში წმენდის“ ჩასატარებლად გაამწესეს.

თავად წულუკიანმა დღეს, 15 დეკემბერს, ჟურნალისტების კითხვას –  „რატომ განათლების და არა იურიდიული კომიტეტი?“ – ასე უპასუხა: „მე არ მგონია მორალურად სწორი, რომ ადამიანმა, რომელმაც მართე რვა წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო, ახლა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში უჭვრიტინო იმ ადამიანს და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა“.

მისი აზრით, იუსტიციის ახალ მინისტრს თავისუფლება და თავისი ხედვის განხორციელება სჭირდება. „გამორიცხულია, მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ეჯდეს ვინმე წულუკიანი, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში“, – ამბობს ყოფილი მინისტრი. იქნება თუ არა განათლების სისტემაში წულუკიანის სუნთქვა საგრძნობი და რა შეიძლება მოიტანოს ამან – განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ წულუკიანის კავშირი განათლებასთან არ ახსენდება.

„ერთი ვიცი, რომ ფრანგულს ასწავლიდა, სხვა მისი ხედვა ან რაიმე იდეები ამ სისტემასთან არ მახსენდება. თუმცა მას შეუძლია შექმნას საკანონმდებლო სივრცე და პიარის თვალსაზრისით შეუძლია რაღაც გააფუჭოს ან ხელი შეუწყოს კონკრეტულ მოქმედებებს“, – ამბობს ჯანაშია.

მისი აზრით, თეა წულუკიანის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ორგანოში გადმოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში მისი პოლიტიკურად დასუსტების საკითხია. „ის კონკრეტულ სფეროს უშუალოდ ვეღარ მართავს, ვერ განკარგავს ფინანსებს და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერ კომიტეტში, სადაც არ უნდა გადმოეყვანათ თეა წულუკიანი, ყველა შემთხვევაში მის დასუსტებად ჩაითვლებოდა. თუმცა, განათლების სისტემაში  იმ ადამიანის მოყვანა, რომელსაც კომპეტენცია არ ჰყოფნის, არასერიოზულობის ნიშანია“, – მიიჩნევს სიმონ ჯანაშია. მისი თქმით, ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ, რომ განათლება სპეციფიკური მიმართულებაა და ამ სფეროში საქმის საკეთებლად საჭიროა შესაბამისი განათლება.

„წინა მოწვევის პარლამენტიც განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი იყო მარიამ ჯაში, რომელიც არის სამედიცინო სფეროს სპეციალისტი და არა განათლების. ზოგადად, საქართველოში განათლების პოლიტიკას პარლამენტი არ ქმნის და ეს პრობლემაა“, ფიქრობს სიმონ ჯანაშია.

განათლების სპეციალისტის აზრით, „კარგი იქნება, იქ რომ იყვნენ უფრო ძლიერი პოლიტიკოსები განათლების მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში იურისტიც შეიძლება იყოს კომიტეტის ხელმძღვანელი, თუკი პარლამენტს ეყოლება ძლიერი აპარატი ამ მიმართულებით, რომელიც მოამზადებს საკითხებს, იკვლევს პრობლემებს, უკვეთავს კვლევებს და ასე შემდეგ. მაგრამ ზოგადად, როცა მაკონტროლებელი სფეროდან მოჰყავთ ადამიანი, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ აქ პოლიტიკურ კონტროლზეა საუბარი“.

სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას აზრით, პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების ინტერესი მაშინ იჩენს თავს, როცა პოლიტიკური კლასი ხედავს, რომ არჩევნებს მაინც და მაინც წარმატებით ვერ ატარებს ან როცა ხედავს, რომ ის სისტემა, რომელსაც აფინანსებენ (სკოლები, უნივერსიტეტები) მათ ამ ძალისხმევას არ უფასებს.

„მაშინ ცდილობენ ხოლმე დაამყარონ კონტროლი იმისთვის, რომ ეს სისტემა მოარჯულონ“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

რა დარჩა „მოსარჯულებელი“ მმართველ პარტიას განათლების სისტემაში? – ჯანაშია ამბობს, რომ ამაზე პირდაპირი პასუხი არ ჩანს,  თუმცა შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ნაკლები ხმების მიღებას არჩევნებზე ამ სისტემიდან.

„ასე იყო მაგალითად 2008 წელს, როცა საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნების მერე გადაწყვიტეს, რომ არასაკმარისი ხმები მიიღეს განათლების სისტემიდან და დაიწყეს კონტროლი. ჯერ გენერალური პროკურორი დანიშნეს მინისტრად, შემდეგ პენიტენციური სამსახურის უფროსი. როცა ნახეს, რომ შაშკინი ზედმეტად ხისტი იყო, შედარებით რბილი, მაგრამ იგივე სისტემიდან მოიყვანეს ხატია დეკანოიძე, რომელიც პოლიციის აკადემიის ხელმღვანელი იყო და ახლაც რაღაც ამის მსგავსია.

მართალია, პარლამენტს ისეთი დიდი უფლებამოსილებები არ აქვს, რომ უშუალოდ ჩაერიოს წულუკიანი, მაგრამ შეუძლია გავლენა იქონიოს განათლების მინისტრის დანიშვნის დროს და ვნახოთ, დატოვებენ თუ არა იგივე მინისტრს თანამდებობაზე ან ვის დანიშნავენ“, – გვეუბნება ჯანაშია.

რაც შეეხება ცვლილებებს სისტემაში, ჯანაშიას აზრით, „გამოსასწორებელი“ ამ მხრივ ისეთი არაფერია, რასაც შესაძლოა წულუკიანის ხელი დასჭირდა.

„ვერ ვხედავ, რომ სისტემა უწევდეს რაიმე წინააღმდეგობას მმართველი პარტიის პოლიტიკურ მიზანს ან იდეას. მაინცა და მაინც არც მათი ძალაუფლების შენარჩუნებას უშლის ხელს, რადგან რაღაც მასობრივი უკმაყოფილება ამ სისტემაში არ ჩანს. უნივერსიტეტები ძალიან პასიურები არიან, სკოლები ახლა ცოტა გააქტიურდნენ დირექტორების მოხსნის ფონზე, რადგან აქ ჩანს, რომ რაღაც პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა მნიშვნელობა, ვიდრე ამ ადამიანების დამსახურებებს“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, სკოლის დირექტორები ხშირად უყურებენ იმას, საით ქრის ქარი და როგორ იქცევიან პოლიტიკოსები, რას უჭერენ მხარს და თვითონაც შესაბამისად იქცევიან. „ის მაგალითები, რაც წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს გვქონდა, მისი დამოკიდებულებები თუნდაც დომინანტურ ეკლესიასთან, როდესაც სეკულარული პრინცი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო მისთვის, რამდენადაც პირადი წარმოდგენები რელიგიების შესახებ, თუ ამის პოპულარიზაციას შეეცდება წულუკიანი, ეს გადაითარგმნება სკოლებისთვის იმ ენაზე, რომ ახლა ჯობია სკოლებიც დაუკავშირდნენ კონკრეტულ რელიგიურ ინსტიტუტებს და ჩართონ ისინი სკოლის მართვაშიც კი, როგორც იყო მაგალითად იუსტიციის სფეროში სათემო სახლების გახსნები, როცა ერთობლივი რიტუალები გააძლიერეს სახელმწიფომ და ეკლესიამ ან პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ.

მეორე მხარეა წულუკიანის დამოკიდებულება კანონის უზენაესობასთან – მან უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, როდესაც ის გაამტყუნა სასამართლომ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო. ეს გვაჩვენებს, რომ წულუკიანის სიტყვა და საქმე არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ხელისუფლებაში მოსვლამდე ის მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ წინა ხელისუფლება არღვევდა ადამიანის უფლებებს და მისი მინისტრობის შემთხვევაში ყველა ადამიანის უფლება იქნებოდა დაცული“, – ამბობს ჯანაშია.

განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, როცა ამას აკეთებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი ინიციატორი სასამართლო დადგენილების აღსრულების ამ დროს კი, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვიტა სასამართლომ და ადამიანებს სჯის სოციალურ ქსელში ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო, ასეთი ადამიანის განათლების სისტემაში მოყვანა  მიზანშეწონილი არ არის.

მახინჯაურისა და განთიადის მოსახლეობის ნაწილს საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა

შპს ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

“წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”, – აცხადებს ბათუმის წყალი.

Exit mobile version