მთავარი,სიახლეები

„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

15.12.2020
„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო.

დღეს ოპოზიცია აჭარის მთვრობის სახლთან შეიკრიბა და მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმი

„ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკო-ს შედეგების მიხედვით აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არ ასახავს რეგიონში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ნებას.

ჩვენი ოფიციალური განცხადებები უმაღლეს საბჭოში შევა უსკოს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე.

აქვე, მივმართავთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები“ – ვკითხულობთ მემორანდუმში.

ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო ბლოკიდან – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ უნდა შესულიყვნენ:

1. ელგუჯა ბაგრატიონი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

2. გიორგი კირთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

3. გია აბულაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

4. მედეა ვასაძე („უპარტიო“);

5. ლევან ანთაძე („უპარტიო“);

6. ირაკლი ჩავლეიშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია);

7. მამული სურმანიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).

__________________

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: