განათლება,მთავარი,სიახლეები

„ეს არის უსამართლობა“ – გიორგი ჭაუჭიძე გარე დაკვირვების გადადებაზე

14.05.2020 • 3742
„ეს არის უსამართლობა“ – გიორგი ჭაუჭიძე გარე დაკვირვების გადადებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, გარე დაკვირვების გადადებას, რომელიც განათლების მინისტრის 13 მაისის ბრძანებით  განისაზრა,  უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სამინისტროს გარე დაკვირვების გავლის სანაცვლოდ პედაგოგებისთვის, სტატუსის ასამაღლებლად, სხვა წინადადება უნდა შეეთავაზებინა. ეს სამინისტრომ არ გაითვალისწინა. მის აზრს ძალიან ბევრი პედაგოგი იზიარებს. რას და რატომ აპროტესტებენ პედაგოგები? ამის შესახებ „ბათუმელები“ გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა, რომელიც ამ დროისთვის მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელია.

  • ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ გარედაკვირვების აქტივობის გადადება არის უსამართლობა. იგივეს ამბობს თქვენი ბევრი კოლეგაც. რატომ მიგაჩნიათ ეს უსამართლობად?

ეს არის უსამართლობის განცდა პროცესზე, რადგან როგორც ვიცით, მასწავლებლები დაყოფილი არიან კატეგორიებად. მაღალ კატეგორიაში ვინც არის, იღებს უფრო მაღალ ხელფასს, შედარებით დაბალი კატეგორია, უფრო ნაკლებ ხელფასს. შესაბამისად, შეთავაზებული აქვთ მასწავლებლებს, რომ აიმაღლონ კატეგორია. ერთ-ერთი პროცედურა გულისხმობდა ე.წ. გარე დაკვირვების გავლას და თუ ეს გაკვეთილი შეუფასდა დადებითად, იღებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. შესაბამისად, ხელფასიც ემატება.

შეჩერებული სასწავლო პროცესის გამო, მასწავლებლებს, ვინც იყო დარეგისტრირებული ამ სემესტრში – მარტი, აპრილი მაისში, აღარ მიეცათ გარე დაკვირვების გავლის საშუალება.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გარედაკვირვება აუცილებელი აქტივობაა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსზე დანამატი 850 ლარია. 

მე მქონდა ასეთი იდეა, რომ რადგან ეს არ იყო მასწავლებლების მიზეზით გამოწვეული და მათ გამო არ მომხდარა ამ აქტივობის გადადება, განათლების სამინისტროს მოეფიქრებინა ალტერნატიული გზა და სექტემბრიდან მასწავლებლებს ამაღლებოდათ სტატუსი, ოღონდ არა გარე დაკვირვების საფუძველზე, არამედ რამე სხვა აქტივობის საფუძველზე, მაგალითად, ე.წ. გარე დაკვირვებისთვის ატვირთული ხუთი გაკვეთილის გეგმის შესახებ გასაუბრება და ამ გაკვეთილის გეგმების დაცვა. ეს ნამდვილად არ არის უფრო ნაკლები კომპეტენციის დადასტურება მასწავლებლის მხრიდან. თუმცა, ეს წინადადება არ გაიზიარა სამინისტრომ.

  • სამინისტრომ იცოდა თქვენი წინადადების შესახებ, ანუ ესაუბრეთ ვინმეს ამის შესახებ?

მე რატომ უნდა მიმეწოდებინა, უბრალოდ, საჯაროდ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. ამისთვის სამინისტროში არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. შესაძლოა რაღაც გზებს განიხილავდნენ და შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ. არ გაითვალისწინეს და მომავალი სასწავლო წლისთვის დააანონსა სამინისტრომ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია.

  • როგორ ფიქრობთ, სექტემბრიდან დეკემბრამდე არ მოხერხდება გარე დაკვირვების გავლა?

შესაძლოა მოესწროს. კი ბატონო, გასაგებია, რომ პანდემია იყო, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა თუკი სამინისტრო იტყოდა, რომ ვინც გაივლის გარე დაკვირვებას სექტემბრიდან დეკემბერში, იმათ სტატუსზე დანამატი მიეცეთ არა მომავალი წლის იანვრიდან, არამედ სექტემბრიდან დაუანგარიშდეთ დანამატი.

  • ამ შემთხვევაში, სამინისტრო გეტყვით, რომ 2 მარტს კი დარეგისტრირდით, მაგრამ ხომ შეიძლება ვერ გაგევლოთ გარედაკვირვება და მაინც მოგიწევდათ გადადებაო?

თუ ჩაეთვლებათ მაგალითად ოქტომბერში, მეტი ხელფასი მიეცეთ არა იანვრიდან, როცა სტატუსი აუმაღლდებათ, არამედ სექტემბერი და ოქტომბერიც ჩაეთვალოთ.

  • პედაგოგების პრეტენზიას, რომ „ამდენი ვიშრომეთ და ტყუილად“, ან თავიდან რატომ უნდა ვწეროთ გეგმები და ა.შ. სამინისტრო პასუხობს – ეს ხომ ისედაც უნდა გაეკეთებინათ. თქვენ რა არგუმენტი გაქვთ ამაზე?

ნახეთ რა ხდება, მე რომ მეტყვით, რომ ერთ კვირაში სტუმრად უნდა გეწვიოთო, დავკლავ ქათამს, ხბოს და ერთი კვირის მერე, იმ დღეს რომ მეუბნებით „უი, არ მოვდივარ“ და ერთი თვის მერე მოვალო, სწორია? მეც ხომ გეტყვით, შე მამაცხონებულო, ერთი დღით ადრე მაინც გეთქვათ-მეთქი და თქვენ რომ მიპასუხოთ, „როგორ, ჭამა ხომ მაინც გინდოდა“ დაახლოებით ამას ჰგავს ეს ამბავი. კი ბატონო, მინდოდა ჭამა, მაგრამ უნდა მითხრა დროულად.

გარე დაკვირვება არის დამატებითი საქმე, 5 გაკვეთილის გადაბმულად გეგმის მომზადება, ატვირთვა  ნამდვილად შრომატევადი.

  • გარდა იმისა, რომ სამინისტრომ არ განიხილა ალტერნატივები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ხომ არ გაქვთ განცდა, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ხელფასის მატებასაც – რაც უფრო მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს, ბიუჯეტიც უფრო მეტია საჭირო.

არ ვიცი, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, სამინისტრო არც პედაგოგებთან კონსულტაციის პროცედურებით იღებს გადაწყვეტილებებს. სტატუსის ზრდა არის ბიუჯეტზე დამოკიდებული, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო არ განიხილეს სხვა წინადადებები – ბიუჯეტი ხომ წინასწარ იყო დაგეგმილი და დამტკიცებული.

ამავე თემაზე:

შეძლებენ თუ არა პედაგოგები გარედაკვირვების გავლას პანდემიის შემდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: