მთავარი,სიახლეები

რატომ არ შეგიძლია კორპუსში გაზის ჩართვაზე უარი თქვა – სემეკის განმარტება

16.12.2020 • 1808
რატომ არ შეგიძლია კორპუსში გაზის ჩართვაზე უარი თქვა – სემეკის განმარტება

„საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივ აირზე უარს ვერ იტყვი“, – მსგავსი ფრაზა შესაძლოა ყველგან მოისმინოთ, თუკი ადამიანები ახალ კორპუსში ცხოვრებას იწყებენ და საქმე გაზის შეყვანაზე მიდგა. სემეკ-ის ბოლო დადგენილების მიხედვით, მაგალითად, კორპუსის მცხოვრებმა „სოკარ გაზს“ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართოს, თუ ყველა ბინადარი თანახმა იქნება ბუნებრივი აირის საცხოვრებელ კორპუსში შეყვანაზე და ამავდროულად სრულად აქვთ გადახდილი გამრიცხველიანების საფასური. თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში ეს თითოეული მესაკუთრისთვის 800 ლარია.

რატომ არ აქვს უფლება მოქალაქეს უარი თქვას გაზმომარაგებაზე ან რა სამართლებრივი საფუძვლით არის მისაღები ის, რომ კომპანიამ გაზის ჩართვაზე უარი თქვას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მაგალითად კორპუსში, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ ერთ-ერთ ოჯახს გაზი არ სურს?

„დიახ, სავალდებულოა 100-პროცენტიანი თანხმობა და მოსაკრებელიც სრულად უნდა იყოს წინასწარ გადახდილი. თებერვლიდან უკვე ძალაშია სემეკის ეს დადგენილება, შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვახტანგ ბეროშვილი. ის „სოკარ გაზი აჭარას“ წარმომადგენელია.

ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ვინმეს საცხოვრებელ კორპუსში უარი უთქვამს გაზის ჩართვაზე და ამის გამო სამუშაოები გაჭიანურდა? – ვკითხეთ „სოკარის“ წარმომადგენელს.

„არ ვიცი, ჩვენთან მოდის მთლიანი განაცხადი, როცა ყველას ხელმოწერაა და გადახდილია მოსაკრებელი სრულად. ამის შემდეგ ვამოწმებთ და ვიწყებთ გამრიცხველიანების პროცესს,“ – აღნიშნა  ვახტანგ ბეროშვილმა.

„სოკარის“ წარმომადგენელი საუბრობს სემეკის 2019 წლის 26 დეკემბერს მიღებულ დადგენილებაზე, სადაც წერია:

„თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს მიმართოს ერთობლივი განაცხადით და ამ განაცხადის წარდგენამდე, წინასწარ სრულად გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური“.

„ეს არის პრობლემური და კანონსაწინააღმდეგო,“ – მიიჩნევს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის რამდენიმე მიმართულებით ხედავს სამართლებრივ პრობლემას და არ გამორიცხავს, მიმართვის შემთხვევაში მომხმარებელს სასამართლო დავის წარმოებაშიც დაეხმარონ.

იურისტი თვლის, რომ სემეკის დადგენილებით მიღებული ცვლილება არღვევს მოქალაქის უფლებას, უარი თქვას გაზის მიწოდებაზე და მეორეს მხრივ, იმ ადამიანების უფლების დარღვევის რისკებს ქმნის, რომლებიც გაზის გარეშე დარჩებიან, თუკი ვინმე გაზზე უარს ამბობს.

„სამოქალაქო კოდექსში გვაქვს კონტრაჰირების [იძულების] ინსტიტუტი, რაც სამართლებრივად გულისხმობს ხელშეკრულების დადების სავალდებულოობას. კომპანია, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა აქვს ბაზარზე, უარს ვერ იტყვის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს ცვლილება კი ამბობს, რომ თუკი ერთი მესაკუთრეც იტყვის უარს, ფაქტობრივად, დაზარალდებიან სხვები. ეს ცვლილება ხელშეკრულების დადების უარის საფუძველს აძლევს მიმწოდებელს, რომელიც ერთადერთია ბაზარზე,“ – აღნიშნავს მირზა მამულაძე.

იურისტი შიშობს, რომ დადგენილება აჩენს ხელმოწერების გაყალბების რისკსაც, რადგან ნებისმიერმა ამხანაგობამ „სოკარს“ ყველა მესაკუთრის წერილობითი თანხმობა უნდა წარუდგინოს.

„სამოქალაქო დავაც შეიძლება წარმოიშვას მეზობლებს შორის უფლების ბოროტად გამოყენებაზე. კაზუსური შემთხვევაა, სასამართლს განსამარტი იქნება ეს საკითხი,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე. იურისტი ასევე თვლის, რომ სემეკის ახალი დადგენილება ბუნდოვანია.

სემეკ-ის დადგენილება გაზმომარაგების ქსელზე დაერთების შესახებ რომ ბუნდოვანია, ამას ისიც ადასტურებს, რომ „ბათუმელებმა“ სემეკ-ისგან ორი, ურთიერთსაპირისპირო განმარტება მივიღეთ. სემეკ-ში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ბინის „მესაკუთრეს აქვს უფლება, უარი თქვას გაზმომარაგებაზე“.

სემეკის მეთოდოლოგიური და რეგულირების დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საერთო კორპუსში მესაკუთრეები გაზმომარაგების ქსელში დაერთებამდე წინასწარ უნდა ჩამოყალიბდნენ, ვის არ სურს გაზი და ამის შესაბამისად დამუშავდეს არქიტექტურული პროექტი.

„თუ ეს ინფორმაცია წინასწარ არ ექნება კომპანიას, როგორ მაოხდინოს გაზმომარაგება? გაუგებარი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას და უსაფრთხოების კუთხითაც რისკები შესაძლოა იყოს. დიდი ხარჯების გაწევა უწევდა კომპანიას, რადგან ზოგჯერ მესაკუთრეებს შუა პროცესში უნდებოდათ გაზი, თავიდან არ უნდოდათ… ამ დადგენილებით, თუკი წლების მერე მოუნდება მესაკუთრეს გაზმომარაგება, ეს აღარ გამოვა, რადგან იქ უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება მოწყობილი. ეს ისეთია, როცა მერე მოუნდებათ დაშენებები და პროექტის შეცვლა,“ – განმარტავს ვანო მეჭურჭლიშვილი.

სემეკის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავს რამდენიმე შემთხვევაზე უწყებამ გაზის ლიცენზიანტებს შესაბამისი განმარტება მისცა. ვანო მეჭურჭლიშვილის თქმით, უწყებისთვის უცნობია შემთხვევა, როცა რომელიმე ამხანაგობამ მოითხოვა გაზმომარაგების ქსელზე დაერთება ყველა მესაკუთრის თანხმობის გარეშე და ამაზე უარი უთხრეს.

ვანო მეჭურჭლიშვილს ასევე ვკითხეთ გამრიცხველიანების განვადების ნაწილზე: რატომ არის შეუძლებელი მესაკუთრეებმა გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხა ეტაპობრივად გადაიხადონ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა? – სემეკის წარმომადგენელმა აქცენტი ისევ კომპანიის ზარალზე გააკეთა.

„შემდეგ იყო სამართლებრივი პრობლემა, რადგან ზოგჯერ მესაკუთრე იცვლება, მიმწოდებელს ექმნებოდა პრობლემა, აუცილებელია ეს ურთიერთობები თავიდანვე დალაგდეს, ხშირად მიერთების საფასურს ვერ იღებდა კომპანია და ზარალდებოდა,“ – აღნიშნა ვანო მეჭურჭლიშვილმა.

სემეკის ამ განმარტების მიუხედავად, ენერგოომბუდსმენს მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც კორპუსში გაზის ჩართვას ვერ ახერხებენ.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება ამ პრეტენზიით, მაგრამ ამას აქვს დადებითი მხარე უსაფრთხოების და მომხმარებლის კომფორტის კუთხით. კომპანიას შეუძლია დაახარვეზოს განაცხადი, თუკი არ იქნება 100-პროცენტიანი დატვირთვა და აღმოჩნდება, რომ ვინმეს არ სურს ბუნებრივი აირის მიწოდება. ეს ძალიან კომფორტულია, რადგან აღარავის აკლია კორპუსში გაზი და შემდგომში რაღაც სამუშაოების შესრულებას არ მოჰყვება გაზის გათიშვა, ან ასე შემდეგ. მე თავის დროზე ამის წინააღმდეგი არ წავედი და დადებითად შევაფასე“, – გვითხრა ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა. ის მიიჩნევს, რომ სემეკმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„სამართლიანია, რადგან როდესაც პროდუქტს ყიდულობ, იქ წერია, რომ აქ იქნება მომსახურება გაზმომარაგებით. თუ ყიდულობ ბინას, რომელშიც უნდა შევიდეს გაზი, მაშინ მოთხოვნა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე არის სამართლიანი თავისთავად… თუ რაიმე ტიპის ხელოვნური დაბრკოლებებია, ვიმუშავებთ, მაგრამ ეს არის ოფიციალური რეგულაცია და კომპანიას, ან მოქალაქეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ“, – ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

ენერგოომბუდსმენს ვუთხარით, რომ სემეკში ასე არ ფიქრობენ და შესაძლებელია მოქალაქემ ბუნებრივ აირზე უარი თქვას.

„თუ სემეკი ასე განმარტავს, ეს სემეკის დადგენილებაა და მას აქვს ასეთი განმარტების უფლება. შესაძლოა, მაშინ ასე მოხდეს, რატომაც არა?“ – დაასრულა ენერგო ომბუსმდენმა.

სტატია გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა, როცა სემეკ-ის პრესცენტრიდან დაგვიკავშირდნენ და უშუალოდ კომისიის წევრია, გიორგი ფანგანის ჩაწერა შემოგვთავაზეს.

„თუ ახალ კორპუსში არის 100 ბინა, 100-ივე ბინის მიერთების საფასური სრულად უნდა იყოს გადახდილი…“ – გვითხრა სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

კომისიის წევრი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება სემეკ-მა უსაფრთხოების გამო მიიღო, რადგან „ბევრი დარღვევა დაგროვდა“.

„თავიდან იყოს საჭირო მხოლოდ 50 პროცენტის თანხმობა, მაგრამ მერე იყო შემთხვევები, როცა გარედან გაყავდათ, კედელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით. მუდივად იყო პრობლემა ინფრასტრუქტურის გამართვის კუთხით, რაც არის მაღალი რისკის შემცველი. ამიტომ მისი დაპროექტება უნდა მოხდეს სწორედ, არ შეიძლება მისი ათასჯერ გადაპროექტება, არ შეიძლება 5 მილი შედიოდეს ერთ კორპუსში… ყველა მილს აქვს თავისი გამტარუნარინაობა, მაგალითად, მილი 32 დიამეტრით ეყოფა 20 მოსახლეს, მერე ეს მილი აღარ ეყოფა, ცალკე ახალი დაქსელვა დასჭირდება, რაც პროექტით განსაზღვრული არ იყო…

აქამდე იყო ბევრი დარღღვევა, ხედავთ, რომ კორპუსი დგას და გარშემო კორპუსის ჩამოკიდებული არის ეს მილები, გეგონებათ შორიდან რკინის გალიაა, არასწორი დაქსელვის გამო,“ – ამბობს გიორგი ფანგანი.

ვინ უნდა გადაიხადოს დაერთების 800 ლარი, თუკი ვინმე გაზის ჩართვის წინააღმდეგია? – ვკითხეთ სემეკ-ის წარმომადგენელს.

„დეველოპერმა უნდა გადაიხადოს, თუ ჩაბარებული აქვს, მაშინ ამხანაგობამ მთლიანად, ვისაც გაზის შეყვანა უნდა, ყველამ უნდა დადოს,“ – განმარტავს გიორგი ფანგანი.

გამოდის, რომ საფრთხის შემცველია ცხოვრება იმ კორპუსებში, სადაც გაზი სემეკ-ის ამ დადგენილებამდე შეიყვანეს?

„იყო ასეთი კორპუსები, სადაც იყო პრობლემები, მოხდა ხარვეზების აღმოფხვრა… გადავრჩით, რომ არ მოხდა ცუდი შემთხვევები… არსებობდა პრობლემა გლობალურად და ამას სჭირდებოდა გადაჭრა… ეს არ იყო მხოლოდ კომპანიის ხარჯი, ეს მიდის ტარიფში და იხდის მოსახლეობა. რაც ნაკლები ხარჯი აქვს კომპანიას, ნაკლები იქნება ტარიფიც,“ – აღნიშნა გიორგი ფანგანმა „ბათუმელებთან“.

სემეკ-ის წარმომადგენელს ვკითხეთ ამ კუთხით განვადების შესაძლებლობის გაუქმებაზეც.

„საუბარია ახალ კორპუსებზე. ჩვენ ვიცით, რა ღირს კვადრატული მეტრი ახალ კორპუსში – 500 დოლარი და ზევით, ეს 800 ლარი რომ გადავიყვანოთ კვადრატულობაზე, ერთი კვადრატულის ღირებულება სამჯერ აღემატება ამ 800 ლარს,“ – გვიპასუხა გიორგი ფანგანმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: