ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

16.12.2020 • 2044
ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში „100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები“ „სასურსათო კალათას“ მიიღებენ.

ამ შემთხვევაში საუბარია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთათვისაც პროდუქტს აჭარის ბიუჯეტიდან შეისყიდიან [სულ 2 800 კალათა].

ერთი სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

  • ზეთი – 2 ლიტრი,
  • წიწიბურა – 2 კგ,
  • ბრინჯი – 3 კგ,
  • შაქარი – 2 კგ,
  • მაკარონი – 2 კგ,
  • ტომატ-პასტა – 500 გრ,
  • შესქელებული რძე – 370 გრ,
  • სოკო – 800 გრ,
  • ჩაი (ერთჯერადი 25 პაკეტიანი) – 2 შეკვრა,
  • საფუარი (80-100 გრ) – 2 ც,
  • შვრიის ფანტელი – 1 კგ,
  • ხორბლის ფქვილი – 10 კგ,
  • მარილი – 900 გრ,
  • შავი შოკოლადის კამფეტი -1 კგ,
  • ბარდა 400 გრ,
  • ლიმონათი – 2 ლ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2 800 „სასურსათო კალათისთვის“ საჭირო პროდუქტებს შეისყიდის და დასარიგებლად მუნიციპალიტეტების მერიებს გადასცემს.

დაგეგმილია ქობულეთის მერიისთვის – 686, ხელვაჩაურისთვის – 311, ქედისთვის – 524, შუახევისთვის – 549 და ხულოს მერიისთვის – 730 ერთეული სასურსათო კალათის გადაცემა.

„პოტენციურ მიმწოდებლებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, დადგენილია, რომ შესასყიდი საქონლის მოსაწოდებლად საჭიროა ხელშეკრულების დადებიდან 5 დღე“, – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს, რომელსაც განაცხადით 15 დეკემბერს მიმართა.

სასურსათო კალათისთვის პროდუქტების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ამ ეტაპზე 200 ათასი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება ბათუმს, პროდუქტებს ქალაქის ბიუჯეტიდან შეიძენენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში სასურსათო პროდუქტების კალათა 5 200 ბენეფიციარს გადაეცემა.

სოციალური დახმარებით ბათუმში ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიციარები:

  • 100 000 ქულის ჩათვლით – შშმ პირები
  • სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები
  • მკვეთრად გამოხატული შშმ პირები
  • ომში დაზიანებული შშმ პირები
  • 18 წლამდე ასაკის შშმ პირები
  • 100 000 ქულის ჩათვლით – მარტოხელა პენსიონერები
  • 200 000 ქულის ჩათვლით – 3 და მეტშვილიანი ოჯახები
  • უდედმამო ბავშვები
  • მარტოხელა მშობლები
  • ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები
  • სამამულო ომის ვეტერანები
  • მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.

მერიის ინფორმაციით: „სასურსათო პროდუქტები ასევე გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც მითითებულ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მუნიციპალური სერვისების სააგენტომ განახორციელა.

სასურსათო კალათების შეძენისთვის მერიის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული ეკონომიაა.

გარდა ამისა, 300-ზე მეტ ოჯახს 630 კბ/მ საშეშე მერქანი გადაეცემა“.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს 1 მილიონი ლარით დაფინანსდება ქვეპროგრამა – „სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“.

ქვეპროგრამას – რომლის დეტალებიც ამ ეტაპზე მუშავდება – მომავალ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ამ თემაზე:

ოჯახებს აჭარაში „სასურსათო კალათს“ დაურიგებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: