ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ოჯახებს აჭარაში „სასურსათო კალათს“ დაურიგებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

14.12.2020 • 1288
ოჯახებს აჭარაში „სასურსათო კალათს“ დაურიგებენ, რაშიც 1 მილიონი დაიხარჯება

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გადაუგზავნა. უმაღლესი საბჭო მთავრობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო თანხის გაზრდასა და პანდემიის გამო გარკვეული სოციალური პროგრამის შემუშავებას სთხოვდა.

„სასურველია, რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემუშავდეს ისეთი პროგრამა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში სოციალურ დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს“, –  მიიჩნევდა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული აქვს ქვეპროგრამა – სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას საკვები პროდუქტების [სასურსათო კალათა] მიწოდების სახით“, – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

„სასურსათო კალათისთვის“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში 1 მილიონი ლარია გაწერილი.

აჭარის მთავრობის განცხადებით, აჭარაში 7 ათასამდე ოჯახს, სოციალური დახმარების ფარგლებში, სასურსათო პაკეტს ახალ წლამდეც გადასცემენ.

„აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში „ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება, რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და საკარანტინო სივრცის სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია 200 000 ლარით, კოვიდსასტუმროებში განთავსებული სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული შრომის ასანაზღაურებლად“, – აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში, რომელიც ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ერთვის თან.

ამ პროგრამისთვის 2020 წელს 6 082 500 ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს კი, ჯამში, 3,2 მილიონი ლარი იქნება ბიუჯეტში.

პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროგრამის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“ – ბიუჯეტიც გაზრდილია 2 825 000 ლარით. ამ პროგრამისთვის წელს 17,3 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2021 წელს კი, ჯამში 4,2 მილიონი ლარი იქნება.

უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომიტეტი მთავრობას ასევე მიუთითებდა, რომ არასათანადოდ იყო შეფასებული პანდემიით მოსალოდნელი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები და რისკები:

„მიზანშეწონილია ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში შემოსულობების და გადასახდელების საპროგნოზო პარამეტრები, ასევე პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტები, გადაიხედოს და დაიგეგმოს მოსალონდელი რისკების გათვალისწინებით.

მაგალითად: კულტურის სფეროში მოღვაწე აიპ-ების სამივლინებო და საგასტროლო თანხების ზრდა იმ ფონზე, როცა ფაქტობრივად შეუძლებელია უცხოეთში ვიზიტი; ასევე, ტურიზმის დეპარტამენტის პროგრამებში, სადაც საუბარია რეგიონის ტურისტული პროდუქტების მარკეტინგსა და რეკლამირებაზე საერთაშორისო ბაზარზე“.

მთავრობის ინფორმაციით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოსაზრება, რაც ასახულია 2021 წლის კორექტირებულ პროგრამებში“.

რაც შეეხება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2021 წლის პროგრამას – „რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე“, მთავრობის ინფორმაციით, დაფინანსება შემცირდა 617 ათასი ლარით.

ამ პროგრამისთვის 2019 წელს 4 810 100 ლარი დაიხარჯა, 2020 წელს – 406 300 ლარი, ხოლო 2021 წლისთვის გათვალისწინებულია 700 ათასი ლარი.

კომიტეტის მოსაზრებით „პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცენზიის ფონზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილის 14%-იანი ზრდით დაგეგმვა, აჭარის მთავრობისგან მოითხოვს საფუძვლიან ეკონომიკურ გათვლებს და ანალიზს“.

მთავრობის პასუხში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვისას საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყაროა, იგეგმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, რაზეც მიღებულია შესაბამისი კორესპოდენცია“.

მთავრობის გათვლებით 2020 წელს შემოსავლების სახით ბიუჯეტში 268,9 მილიონი ლარი უნდა შევიდეს, 2021 წელს კი – 299,4 მილიონი ლარი.

აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან [პირველი ვარიანტი] დაკავშირებით აუდიტიც აცხადებდა, რომ „სათანადოდ არ არის გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“.

ამ თემაზე:

პანდემიის რისკები აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არაა ასახული – აუდიტი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: