განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებში პოლიტიკურ და ნეპოტისტურ გავლენებზე „განათლების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს

16.12.2020 • 1660
სკოლებში პოლიტიკურ და ნეპოტისტურ გავლენებზე „განათლების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს

„განათლების კოალიცია“ სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ  პროცესი პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობაზე ეჭვს აჩენს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით.

ჩვენთვის, ისევე როგორც მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ შეეზღუდათ შესაძლებლობა სკოლის დირექტორების ნაწილს გაეგრძელებინათ საქმიანობა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ყველანაირი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ასეთი მიდგომა აჩენს ეჭვს პროცესში პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობის თაობაზე. ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არის საეჭვო და უსამართლო, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მსგავსი პრეცედენტების დაშვება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, როდესაც აუცილებელია სკოლის ლიდერების მხარდაჭერა და არა დაუსაბუთებელი მოქმედებების განხორციელება.

„ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს,  მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოახდინოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, მართებულად მიგვაჩნია სკოლის ყველა ყოფილი დირექტორი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად სკოლის დირექტორის არჩევის პროცესის აღდგენამდე“, – წერს განათლების კოალიცია.

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორებს სექტემბერში უფლებამოსილება შეუჩერა. თუმცა, აქედან ყოფილი დირექტორების უმრავლესობას უფლება მისცა მუშაობა მოვალეობის შემსრულებლებად გაეგრძელებინა.

ამ დირექტორებს შორის ვერ მოხვდა სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი, რომელიც 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტიც იყო და ერთ-ერთ წარმატებულ დირექტორად მიიჩნეოდა. ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება უსამართლო და დაუსაბუთებელია.

_____________________

ამავე თემაზე:

ვარ შოკირებული და მაქვს უსამართლობის განცდა – სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: