მთავარი,სიახლეები

ხათუნა ბერიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააკავეს

16.12.2020 • 2694
ხათუნა ბერიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააკავეს

ხათუნა ბერიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის სამოქალაქო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი და ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტია. ხათუნა ბერიძეს გამოძიება ძალადობას ედავება. საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, ვისაც ხელი დაარტყა.

გამოძიებამ ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა ასევე გოგიტა სოლომონიძეს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და საპროტესტო აქციაზე იყო, სადაც პროკურატურის ვერსიით ხათუნა ბერიძემ მოქალაქეს ხელი დაარტყა.

„მოვითხოვ აღკვეთის გარეშე დატოვებას, რადგან ხათუნა ბერიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან, ცხადდება დროულად სამართალდამცავ ორგანოებში და მისი მიმალვის არანაირი საფრთხე არ არსებობს,“ – ამბობს ადვოკატი თენგიზ კახიძე. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი.

ადვოკატის თქმით, ის ჯერ სრულად არ გაცნობია საქმის მასალებს. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ხათუნა ბერიძის ხელის დარტმის შედეგად ტკივილი განიცადა.

ხათუნა ბერიძე 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უკვე ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით – 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიის წინ ხათუნა ბერიძე ხულიგნობისთვის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ის კომისიის წევრებს მიმართავდა სიტყვებით: „მონებო,“ „სირცხვილია“… ეს შემთხვევა სამართალდარღვევად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ხათუნა ბერიძე 500 ლარით დაჯარიმდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სახიფათოდ შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

ხათუნა ბერიძე დააკავეს გუშინდელ აქციაზეც – 15 დეკემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გააპროტესტეს. ხათუნა ბერიძე აქციის მიმდინარეობის დროს უმაღლესი საბჭოს ღობეზე შემოდგა და იქედან სცადა სტიკერების გაკვრა. პოლიციელებმა მას ღობიდან ჩამოსვლა მოსთხოვეს. ხათუნა ბერიძე პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ღობიდან ჩამოვიდოდა, მაგრამ მას ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

ამ თემაზე:

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: