Batumelebi | სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება – Batumelebi
RU | GE  

სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თქვენს საკუთრებაში არსებულ სახლებსა და სხვა შენობებზე პლაკატების ან სტიკერების გასაკრავად თვითმმართველობის ნებართვა, თანაც 5 დღით ადრე, აღარ დაგჭირდებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუმცა იგი არ ეხება საჯარო დაწესებულებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერად არსებითი განხილვის გარეშე დააკმაყოფილა საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის სარჩელი, რომელიც ეხებოდა თბილისში „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის“.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ განუხილავს, რადგან სასამართლომ ამ პრობლემაზე გასული წლის ივლისში იმსჯელა. მაშინ სასამართლომ საქართველოს რეგიონებში კერძო საკუთრებაში პლაკატების გაკვრისთვის დაჯარიმება არაკონსტიტუციურად მიიჩნია. 2019 წლის 4 ივლისს მიღებული ეს გადაწყვეტილება თბილისს არ ეხებოდა.

2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ბესიკ ქათამაძის სარჩელი დააკმაყოფილა. ის ოზურგეთში ცხოვრობს და 2015 წელს სადაც ცხოვრობდა, იმ სახლის კორპუსიდან გადმოკიდა ბანერი – „უუნარო ხელისუფლება“. ამ ბანერით ქათამაძე ოზურგეთში ირაკლი ღარიბაშვილს დახვდა, იმდროინდელ პრემიერს.

„ბესიკ ქათამაძე ითხოვდა იმასაც, რომ საჯარო დაწესებულების შემთხვევაშიც მოქალაქეებს მისცემოდა შეუზღუდავად პროტესტის გამოხატვის საშუალება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი ნებისმიერი მოქალაქე ბანერებს და პლაკატებს საჯარო დაწესებულებების შენობებზე გააკრავდა, უფლებამოსილების განხორციელებას ხელი შეეშლებოდა. მე არ ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პოზიციას, რადგან საჯარო დაწესებულებაზეც უნდა ჰქონდეს მოქალაქეს მოსაზრების გამოხატვის საშუალება, რომ მისი პროტესტი ეფექტურად მიაწოდოს ხელისუფლებას,“ – ამბობს იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც ბესიკ ქათამაძის ინტერესებს იცავდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

კერძო საკუთრების ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაკუთრეს აქვს უფლება ბანერი ან პლაკატი გააკრას, ხოლო სხვისი საკუთრების შემთხვევაში, საჭიროა უშუალოდ მესაკუთრის თანხმობა.

რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებს, იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქეს ისევ თვითმმართველობის თანხმობა სჭირდება.

„ისევ ხუთი დღით ადრე, რაც პრობლემაა, რადგან 5 დღის შემდეგ შესაძლოა მოვლენა აღარ იყოს აქტუალური და პროტესტის გამოხატვას აზრი დაეკარგოს“, – დასძინა „ბათუმელებთან“ გიორგი გოცირიძემ.

იურისტის თქმით, თვითმმართველობას იმ შემთხვევაში შეუძლია საჯარო დაწესებულებებზე პლაკატის ან ბანერის გაკვრა შეზღუდოს, თუკი მიიჩნევს, რომ ეს იერსახეს ამახინჯებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი