მთავარი,სიახლეები

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

23.11.2020 • 4270
რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

„ახლაც პოლიციაში ვარ. გვეუბნებიან, აქციაზე სოციალურ დისტანციას არ იცავდით და იწევდით კომისიის წევრებისკენო. ლაივები იყო ჩართული, ვისკენ გავიწიეთ, ვინ ნახა? ან დისტანციაზე რომელ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ? სადმე ისმის გაფრთხილება, ამა და ამ მოთხოვნას თუ არ დაემორჩილებით, დაგშლით და დაგაკავებთო?“ – კითხულობს ხათუნა ბერიძე. მან 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია მოაწყო.

ხათუნა ბერიძეს აჭარის პოლიცია ედავება, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და სავარაუდოდ ხელისუფლების მხარდამჭერი პირის ცემას ედავებიან. ის დღესაც პოლიციის სამმართველოში იყო გამოკითხვაზე, როცა ჩვენ ვესაუბრეთ.

„ეს ყველაფერი ემსახურება ინტერესს, რომ ჩვენ ნაწილ-ნაწილ გამოგვთიშონ აქციებიდან და დაგვშალონ. ამის მიზანია გაგვაჩუმონ, მაგრამ ეს არ გამოვა,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე. ბოლო პერიოდში რთულია ბათუმში ისეთი აქციის გახსენება, სადაც ის არ ჩანდა. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ღიად „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს.

  • რატომ დააკავა პოლიციამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქივისტები

ხათუნა ბერიძეს და აქციის კიდევ 4 მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ედავებიან პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობას. ამ საქმეს ხვალ, 24 ნოემბერს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, თუმცა პანდემიის გამო სხდომა დისტანციურად წარიმართება და საზოგადოება ვერ გაიგებს, რამდენად სამართლიანად მოიქცნენ სამართალდამცველები, ან რამდენად დასაბუთებული იქნება სასამართლო გადაწყვეტილება.

ადვოკატი თენგიზ კახიძე, რომელიც ამ საქმეზე დაკავებულების ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ პოლიციას ამ დრომდე არ წარმოუდგენია ვიდეომასალა, რითაც დადასტურდება, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, ცდილობენ პოლიციელების კორდონის გარღვევას და არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს სოციალური დისტანციის დაცვის კუთხით.

„არაფერი არ დასტურდება, რაც ამ ოქმებში წერია, ეს აბსურდია,“ – მიიჩნევს ადვოკატი თენგიზ კახიძე.

აქ დააწკაპუნეთ და ნახეთ 21 ნოემბრის დაკავების კადრები

ოქმში, რომელიც პოლიციელებმა 21 ნოემბრის ღამეს შეადგინეს, წერია, რომ აქციის მონაწილეები საუბნო კომისიის წევრებს ამ სიტყვებით შეურაცხყოფდნენ: „ფულის მონებო“, „მოღალატე“… ოქმში სამართალდამცველებს არ აქვთ განმარტებული, რატომ შეფასდა გამოხატვის თავისუფლება, როგორც სამართალდარღვევა. საინტერესოა, რით დაასაბუთებს შსს საუბნო კომისიების მუშაობის შესახებ აზრის გამოხატვას ხულიგნობად.

საინტერესოა მოწოდება სოციალური დისტანციის დაცვაზეც – ამ დრომდე არც ერთ აქციაზე პოლიციას არასდროს გაუაქტიურებია ეს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქცია თითქმის ყოველდღე იმართება და აქციის მონაწილეები პანდემიის დროს გათვალისწინებულ სოციალურ დისტანციას ხშირად ვერ იცავენ.

დისტანციას ხშირად ვერც პოლიცია იცავს, მათ შორის, ბათუმის საოლქო კომისიის წინ გამართულ აქციაზე, სადაც როგორც ირკვევა, 5 ადამიანი დააკავეს დისტანციის დაუცველობის მოტივით. პოლიციელების მხრიდან ამ მოთხოვნის დაცვა საპროტესტო აქციაზე არ გაჟღერებულა.

ხათუნა ბერიძე გამოკითხეს სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელიც 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის შემდეგ დაიწყო ძალადობის შემთხვევაზე. უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

„მანველიძეების სახლთან დაგვახვედრეს „ოცნების“ აქტივისტები, ისინი იგინებოდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ… ლაივებშიც ისმის, როცა გაჰყვირიან: „ხათუნას რა?“ ჩვენ საქართველოს ჰიმნი ჩავრთეთ საპასუხოდ და მაინც იგინებოდნენ. შემდეგ, სადაც ვიდექით, იქ ჩამოირბინა სამმა ბიჭმა, ერთ-ერთმა ჩემი მისამართით შეიგინა, მე მიზანმიმართულად არ გავკიდებივარ, კადრში ჩანს, რომ გაქცევის დროს ჩავარტყი, ამით მე მისი დარტყმა ავირიდე,“ – განმარტავს ხათუნა ბერიძე. მას ამ საქმეზე ჯერ ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ გზითაც სცადონ ის საპროტესტო აქციებს ჩამოაშორონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფიზიკური დაპირისპირება, რაც ვიდეოკადრებში ჩანს, არაერთ საპროტესტო აქციაზე მომხდარა, თუმცა ამას არ მოჰყოლია გამოძიების დაწყება. ხათუნა ბერიძე კი კრიტიკის და აგრესიის ობიექტი ხშირად მარტო იმის გამოც ხდება, რომ ის ქალია.

„ამ ქალს სახლში საქმე არ აქვს, სულ რომ ქუჩაშია? დედა არ ჰყავს, მამა არ ჰყავს, ძმა არ ჰყავს? – კითხულობენ. ეს უფრო მენტალობის პრობლემაა… დედაჩემი ძალიან ნერვიულობს, როცა სულ აქციებზე ვარ. რომ დამაკავეს, მაშინაც წნევამ აუწია. ვუთხარი, ასე თუ უნდა ინერვიულო, საერთოდ დავანებებ თავს ყველაფერს-მეთქი და არა, შენს თავს მიხედეო… არ მინდა თავი შევადარო, მაგრამ ეტყობა დაავიწყდათ მაია წყნეთელი… ასე რომ, ამ ტიპის კომენტარებს შეგუებული ვარ. მე ვერასდროს შევეგუები ჩაგვრას,“ – აღნიშნა ხათუნა ბერიძემ „ბათუმელებთან“.

  • ქმრის დაკავება – შემთხვევა რის გამოც ხათუნა ბერიძე პოლიტიკური აქტივისტი გახდა

ხათუნა ბერიძის პოლიტიკურად გააქტიურება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება: პოლიციამ 2015 წელს ხათუნას ქმარი იაგო ცივაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაზე დააკავა. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სამართალდამცველებმა კი იარაღი მისი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. ამ საქმეში ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იარაღის შეფუთვაზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდები არ დაემთხვა ბრალდებულის დნმ-ს. ანაბეჭდი პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის, ე.წ. კონფიდენტის აღმოჩნდა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ შემთხვევით შეეხო იარაღს ბრალდებულის ტაქსიში.

საბოლოოდ, ეს ის გამორჩეული შემთხვევა აღმოჩნდა, როცა პროკურატურამ ბრალზე უარი თქვა და საქმე სასამართლოდან გაითხოვა.

„ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ნაქირავებში, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – იხსენებს ხათუნა ბერიძე. – „ვერაფრით ჩვენს უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებდით. მაშინ მარკეტში მოლარე-ოპერატორად ვმუშაობდი… ერთ დღესაც, როცა გავიგე, რომ მოსამართლე ირაკლი შავაძეც უნდა გადაეყვანათ სხვაგან, ვუთხარი იაგოს, მორჩა, მე ვეღარ გამაჩერებ-მეთქი. გავიგე, რომ სასტუმრო „ჰილტონში“ ჩამოდიოდა გიორგი მარგველაშვილი. ვიფიქრე, იქ ჟურნალისტებიც იქნებიან და ვეტყვი ყველაფერს-მეთქი. წინ დაცვა გადამიდგა, მაგრამ მაინც მივაღწიე პრეზიდენტამდე, თან მცირეწლოვანი შვილიც მახლდა. პრეზიდენტს ვუთხარი, უსამართლობა ხდება და დამეხმარეთ, მე არ მინდა გზების გადაკეტვა და აქციების მოწყობა დავიწყო-მეთქი…“

ასე აღმოჩნდა ხათუნა ბერიძე საპროტესტო აქციებზე, შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ შეიქმნა, შემდეგ ისევ აქციები. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“, ან ამ პოლიტიკური ძალის რომელიმე ლიდერისგან დაფინანსებას ეს ორგანიზაცია არ იღებს.

„ოცნებამ“ რომ შემოგვთავაზოს ისეთ პროექტზე მუშაობა, რომ ხალხს მოვემსახურებით, ვითანამშრომლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხის გვერდით ვინ დგას. მე ხალხის გვერდით დგომა უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დავინახე. ჩვენ ძირითადად ემიგრანტები გვაფინანსებენ და ჩვენ თვითონ ვაფინანსებთ ჩვენს თავს…“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.

ხათუნა ბერიძეს ახლა ტურისტული ბიზნესი აქვს და ბინების გაქირავების სერვისშიცაა ჩართული.

„რომ იძახიან ფეისბუქში, მაკლერიაო, მართალია, მასე გამოდის. მემწვანილე იყოო, ესეც დაწერეს. კიდევ კარატისტიც ვარ, მიღწევებიც მქონდა თავის დროზე,“ – გვითხრა ხათუნა ბერიძემ. ის კარატეს მასწავლებელი იყო და რამდენიმე ჯგუფად ამეცადინებდა ბავშვებს, ვიდრე დაქორწინდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: