მთავარი,სიახლეები

ვის და რამდენით დააფინანსებს ბათუმის მერია – ჯანდაცვის პროგრამები

15.12.2020 • 2071
ვის და რამდენით დააფინანსებს ბათუმის მერია – ჯანდაცვის პროგრამები

ბათუმის მერია 200-ლარიანი მედიკამენტის ორ ვაუჩერის გასცემს იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, სადაც შშმ პირი ან ვეტერანი ცხოვრობს. ამ დრომდე მსგავსი ოჯახებისთვის მერია მხოლოდ ერთჯერადად გასცემდა 200-ლარიან ვაუჩერს.

ეს სიახლე ავტომატურად არ გულისხმობს, რომ თუ ოჯახში ორი შშმ პირი ან ორი შშმ პირი და ვეტერანი ცხოვრობს, ისინი სამ ვაუჩერს მიიღებენ. „გაიცემა მხოლოდ ორი ვაუჩერი“, – ეს 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი სიახლეა. როგორც მერიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება და სიახლე 4500 ოჯახს შეეხება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, ბათუმის მერია სოციალური სფეროს დაფინანსებას, ერთი შეხედვით, 1.5 მილიონით ზრდის, რადგან 2020 წლის გეგმა ამ სფეროში 14 მილიონ 494 000 ლარი იყო, მომავალი წლის დაფინანსება კი თითქმის 16 მილიონი ლარია.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი პროექტი, 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში დაფიქსირებულ ციფრთან – 15 მილიონ 325 900 ლართან მიმართებით კი არ არის დაგეგმილი, არამედ ბიუჯეტის რამდენჯერმე კორექტირებულ ვერსიასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში სოციალური სფეროს დაფინანსება, მხოლოდ 574 100 ლარით იზრდება. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 900 000 ლარი მხოლოდ სოციალური მიმართულებით მერიაში დასაქმებულთა ხელფასებშია გაწერილი.

პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსება 4 მილიონ 392 600 ლარი იქნება, მათ შორის მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა 1 მილიონ 057 300 – მდე იზრდება [გასულ წელს 739 000 ლარი იყო].

ამ პროგრამით მერია ეხმარება მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება დაფარონ იმ სამედიცინო მომსახურეობის ხარჯები, რაც სრულად არ იფარება სხვადასხვა სამედიცინო პროგრამით. ასევე იმ  მოქალაქეების, ვისთვისაც კონკრეტული მიმართულების ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს მერია 700 -მდე პირს დაეხმარა.

38 000 ლარამდე მცირდება ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია, გასულ წელს ეს ქვეპროგრამა 45 000  ლარით იყო დაფინანსებული.

ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია 130 000 ლარით დაფინანსდება. პროგრამა ითვალისწინებს მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დახმარებას, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით სტაციონარში ყოფნისა და გაწერის შემდეგ, მიუხედავად საჭიროებისა, ვერ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას და რჩებიან მკურნალობის გარეშე. გასულ წელს ამ ქვეპროგრამით 50-მა პირმა ისარგებლა. მერიის ინფორმაციით, მათ შორის ათის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცია ისევ 445 000 ლარით დაფინანსდება. პროგრამა მათ კურორტზე დასვენების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

იზრდება ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციის პროგრამაც, გასულ წელს ამ პროგრამის დაფინანსება 1 მილიონ 241 300 იყო, მომავალ წელს 1 მილიონ 755 600 ლარი იქნება.

ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება ისევ 166 800 ლარი იქნება.

200 000 ლარით მცირდება მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა, წელს პროგრამის ბიუჯეტი 670 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი 470 000 იქნება. 158 900 ლარამდე მცირდება ასევე მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება, 2020 წელს დაფინანსება 182 500 ლარი იყო.

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალური სასადილოს დაფინანსება მომავალ წელს მხოლოდ 263 000 ლარით იზრდება, ბენეფიციართა რაოდენობას კი 278 პირი დაემატება და ჯამში 5 657 ბენეფიციარს შეეძლება სასადილოს მომსახურების მიღება, დამატებით სიაში ისევ დარჩება სამასამდე ადამიანი, რომელთაც საკვებს აძლევენ, თუ რომელიმე ბენეფიციარი არ გამოცხადდა, ისევ დამატებით სიაში დარჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: