მთავარი,სიახლეები

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის“ – ტიტე აროშიძე ოპოზიციის დეპუტატზე

17.12.2020 • 900
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის“ – ტიტე აროშიძე ოპოზიციის დეპუტატზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი არ მივიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს, გაიმართა ბათუმში. ჩავლეიშვილი ამ დრომდე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, მაშინ როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.

სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, საყვირების ხმა სხდომათა დარბაზშიც აღწევდა.

ძირითადი საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა სიტყვა ითხოვეს.

„ბატონმა ირაკლიმ გამოავლინა პასუხისმგებლობა. მართალია, მას ძალიან უზნეოდ დაუპირისპირდნენ თავისი თანაგუნდელები და ფაქტობრივად ბულინგის ქვეშ ამყოფებენ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთან თითოეული დეპუტატის შემოსვლა უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს კიდევ უფრო უკეთეს მუშაობას.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის, ასევე იმ ადამიანებს, ვინც დააპირებს უმაღლეს საბჭოში შემოსვლას,” – თქვა დეპუტატმა ტიტე აროშიძემ.

სიტყვა ითხოვა დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმაც, რომელმაც აქციის მონაწილეებს ბოლშევიკები უწოდა.

„საპროტესტო აქციის მონაწილეები ჩვენს კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ფორმით ცდილობენ იერიშის მიტანას [სავარაუდოდ, ის გულისხმობს „ოცნების“ დეპუტატების სახლებთან გამართულ აქციებს]. ეს არის სამარცხვინო და ბნელი საქციელი. მე ნაციონალური მოძრაობისგან ეს არ მიკვირს. 21-ე საუკუნეა, იქნებ ჩახედოს ბატონმა ვარშალომიძემ კალენდარში და იქნებ შეწყვიტოს ასეთი ქმედებები.

მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ჩავლეიშვილის ბულინგს და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ტიპიური ბოლშევიზმი.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ბოლშევიკები არ იმყოფებიან უმაღლეს საბჭოში, რადგან 21-ე საუკუნეში საკანონმდებლო ორგანოში ბოლშევიკების ადგილი არ არის,” – თქვა ლადო მგალობლიშვილმა.

თავის სიტყვაში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალს შეეხო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე.

„ჩვენც გვყავს ბავშვები და ჩვენი ბავშვებიც წუხდებიან. ყველაფერს აქვს საზღვრები და ეს საზღვრები კიდევ უნდა დავიცვათ,“- თქვა დავით გაბაიძემ.

მოგვიანებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ 14 ნოემბერს, როცა ის კოვიდინფიცირებული იყო, მის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ყველამ იცოდა, ოჯახის სამივე წევრს კოვიდი გვქონდა და ამ დროს გარეთ იყო ვუვუზელა ფართი. ეს ჩემთვის პრობლემური კი არაა. მე ამას მოვითმენ. მაგრამ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც არაფერ შუაში არაა ჩემს პოლიტიკურ  საქმიანობასთან. ჩემი მეზობელი, ჩემი ოჯახის წევრი. პოლიტიკურ პლატფორმებზე მე მზად ვარ ოპონირება გავუწიო ყველას, მაგრამ არ მგონია, რომ სხვა ადამიანები ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო უნდა წუხდებოდნენ,” – თქვა დავით გაბაიძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად სწორია ტოლობის ნიშნის დასმა ნიკა გვარამიას ოჯახზე უკანონო თვალთვალსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შორის, დავით გაბაიძემ განმარტა:

„არა, მე არ ვსვამ ტოლობის ნიშანს. მე ვამბობ, თუ თვალთვალი ხორციელდებოდა, მე არ ვიცი ეს თვალთვალი ვინ დაადგინა. თუ თვალთვალი ხორციელდებოდა, ეს არ არის სწორი მოვლენა“ – თქვა მან.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ გამართა. აქციის მონაწილეები დეპუტატებს დახვდნენ შეძახილებით: „მონა!“ „მოღალატე!“

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან პროპორციული სიით 11 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ასევე სამივე მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი „ქართულ ოცნებას“ ერგო. უმაღლეს საბჭოში 7 ადგილი მიიღო „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, თუმცა ეს პოლიტიკური სუბიექტი უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს ამბობს, გამონაკლისი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი აღმოჩნდა.

_____________

აქციები აჭარაში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: