მთავარი,სიახლეები

საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“

26.11.2020 • 1548
საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებაზე.

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც 5 პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. მოსამართლე როინ კახიძემ შენიშვნა მისცა მოქალაქეებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო შეძახილები: „ფულის მონები“, „მონებო“, „სირცხვილია“ და ასე შემდეგ სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია.

მთავარი საფრთხე, რაზეც იურისტი პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს, ანალოგიური აქციებია, როცა სასამართლოს უკვე „ერთგვაროვანი პრაქტიკის“ მოტივით შეეძლება სამართალდარღვევის დადგენა: სამართალდარღვევად შესაძლოა შეფასდეს ნებისმიერი შეძახილი აქციაზე, თუკი აქციის მონაწილე ჩინოვნიკს „მონას“ ან მსგავს რამეს ეტყვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აჩენს საფრთხეს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშინებლად ხელისუფლებამ სწორედ სასამართლოს მიმართოს და ის გახდეს არა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის მექანიზმი, არამედ პირიქით – დაშინების ინსტრუმენტი.

„ჯერ არ გვინახავს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ გაგვეგო რა კონტექსტში დაინახა სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობა. აქციის მონაწილეები რა სიტყვებსაც ამბობდნენ, თუკი ამის გამო დადგინდა სამართალდარღვევა, ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ ძალიან დაბალი სტანდარტით იხელმძღვანელა და საფრთხე შეუქმნა გამოხატვის თავისუფლებას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

საია-ს იურისტი იხსენებს, რომ ქართულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია ასევე 2015 წელს „პანორამას“ საპროტესტო აქციებზე შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ევროსასამართლოს უკვე მიმართეს.

„სასამართლო თავად საუბრობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე. ასეთი დაბალი სტანდარტი როცა დაწესდება, ანალოგიით შეუძლია იხელმძღვანელოს სხვა მოსამართლემაც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პაატა დიასამიძემ.

რა არის ევროპული სტანდარტი, როცა საპროტესტო აქციის დროს ადამიანები გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ და იმავდროულად პროტესტის ფორმა, ან შინაარსი შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს?

„ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ამოსავალი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პირი, ან პირთა წრე აქციაზე გაჟღერებულ ფრაზას შეურაცხმყოფელად აღიქვამს… გამოხატვის თავისუფლება იცავს შემთხვევასაც, როცა კონკრეტულ ქცევას საზოგადოება, ან მისი ნაწილი შეურაცხმყოფელად აღიქვამს და ამოსავალი არის პლურალიზმის პრინციპი. მოსამართლე ინდივიდუალურად უნდა აფასებდეს, მსგავს შემთხვევაში გვაქვს თუ არა საქმე სამართალდარღვევასთან“, – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

იქნებოდა თუ არა სამართალდარღვევა, თუკი აქციის მონაწილეების საარჩევნო ადმინისტრაციის კონკრეტულს წევრს ეტყოდნენ, რომ ის მონაა?

„ესეც ვერ იქნებოდა სამართალდარღვევა, რადგან ისინი საჯარო მოხელეები არიან და თმენის ვალდებულება აქვთ,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

საია-ს იურისტის თქმით, სასამართლო ინდივიდუალურად უნდა აფასებდეს თითოეულ შემთხვევას, ითვალისწინებდეს გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტს და მისი დაცვის დაბალ და, რაც მთავარია, საშიშ სტანდარტს არ უნდა აწესებდეს.

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან, 21 ნოემბერი. ფოტო: ბათუმელები / მანანა ქველიაშვილი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: