მთავარი,სიახლეები

ბათუმში გარევაჭრობის ახალი წესი აპრილამდე არ იქნება

15.12.2020 • 1991
ბათუმში გარევაჭრობის ახალი წესი აპრილამდე არ იქნება

ახალი წესი, რომელიც ბათუმში გარევაჭრობას, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების მუშაობას დაარეგულირებს, ქალაქს 2021 წლის აპრილამდე არ ექნება. რეგულირების ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ 31 დეკემბრამდე, ამ ბოლოს კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაწია.

„დაევალოს ქალაქ ბათუმის მერს 2021 წლის 01 აპრილამდე შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინოს ქალაქ ბათუ­მის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგული­რების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგებული იქნება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრე­ბაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.

შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ 2020 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მიიღო და ის 15 დეკემბრიდან ამოქმედდა.

საკრებულოს ივნისის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები ბათუმში გათავისუფლებული არიან გარე ვაჭრობის უფლების საფასუ­რის გადასახადისგან. გარემოვაჭრეები გადასახადებს საკრებულოს მიერ ახალი წესის დამტკიცებამდე აღარ გადაიხდიან.

2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. თუმცა მთავრობა გარკვეული შეზღუდვების გარკვეული პერიოდით მოხსნას 24 დეკემბრიდან გეგმავს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასაახალწლოდ მოიხსნება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

ამავე თემაზე:

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: