განათლება,მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება მასწავლებელი, რომელსაც გარე დაკვირვებაში 0 კრედიტი დაუწერეს

16.12.2020
რას ჰყვება მასწავლებელი, რომელსაც გარე დაკვირვებაში 0 კრედიტი დაუწერეს

„დასრულდა ჩემი ნერვიულობა, მოლოდინი და ფუჭი იმედები. მე ვერ გავიარე სანუკვარი გარე დაკვირვება. მინდა ვუთხრა (რატიანს): ამით არ სრულდება არაფერი. მე დაგიმტკიცებთ გამოცდაზე, რომ ვიმსახურებ სტატუსს – წამყვანი. გმადლობთ“, – ეს სიტყვები ხულოში, სოფელ ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია იაკობაძეს ეკუთვნის.

მასწავლებელს „ბათუმელები“ ესაუბრა და ჰკითხა, მისი აზრით, შეფასდა თუ არა მისი გაკვეთილი ობიექტურად და რამ განაპირობა ის, რომ 0 კრედიტი მიიღო.

როგორც ნათია ამბობს, გარე დაკვირვების შეფასების დროს, მაქსიმალური ქულა არის 32, ხოლო მინიმალური – 24. თუკი შეფასების ჯგუფმა გაკვეთილში 24 ქულაზე ნაკლები დაწერა, პედაგოგი გარე დაკვირვებისთვის გათვალისწინებულ 4 კრედიტს ვეღარ იღებს და მას შეფასებაში ნული ეწერა.

„მერვე კლასში ვატარებდი გაკვეთილს და მივიღე 19 ქულა. შესაბამისად, 0 კრედიტი დამეწერა და 4 კრედიტი ვერ მივიღე. უფროსი მასწავლებელი ვარ სტატუსით და წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის ვიბრძოდი“, – ამბობს ნათია.

ის ამბობს, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის აუცილებელი აქტივობა – გარე დაკვირვება პირველად გაიარა და გამოცდილება არ ეყო.

„პირველად გავიარე, თან კოვიდი გადავიტანეთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც და ამ პერიოდში მქონდა ჩანიშნული გარე დაკვირვება. მოსწავლეებსაც ძლივს მოვუყარე თავი, რადგან ზოგს ინტერნეტი არ ჰქონდა, ზოგს კომპიუტერი ან ტელეფონი და ვიღაცას მე ჩავურიცხე ინტერნეტის ფული, ვიღაცისგან ლეპტოპი ვითხოვე… სანამ ეს ტექნიკური ამბები მოვაგვარე, ამასობაში დრო გავიდა და მოსწავლეებთან ვეღარ ვიმუშავე“, – გვეუბნება პედაგოგი.

პედაგოგის თქმით, რადგან ბავშვები მიჩვეული არ არიან ონლაინში მუშაობას, გარე დაკვირვების დროს ნაკლებად იაქტიურეს. „საკლასო ოთახი ჩემი ცხოვრებაა, იქ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ინტერნეტში ბავშვებს გაუჭირდათ მობილიზება. 5 ბავშვი მყავს სულ, მაგრამ აკადემიურად ძლიერი ვინც არის, ისინი გვიან შემოვიდნენ, რადგან შუქი ჩაქრა და ინტერნეტი გაეთიშათ. თუმცა, არაუშავს, შემდეგში უფრო მოვემზადები“, – ამბობს ნათია იაკობაძე.

კითხვაზე, თუ რა ჩაუთვალეს ნაკლად, პედაგოგი ამბობს, რომ შეფასების ოქმი გამოითხოვა და ყველა შენიშვნა დაწვრილებით წაიკითხა, რასაც ძირითადად ეთანხმება.

„მე რომ იდეალური და უხარვეზო გაკვეთილი მეგონა ჩავატარე, თურმე ასე არ ყოფილა. მაგრამ ის შენიშვნები როცა გავაანალიზე, მივხვდი, რომ არ ვიყავი გაკვეთილისთვის მზად.

პრობლემა ის არის, რომ ყველა ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და ტექნიკასთან, კლასში თუ 5 ბავშვია, 2 ბავშვს აქვს ინტერნეტთან წვდომა ან ერთს. ამიტომ მასწავლებლები იძულებული ვართ  რაღაც ფორმით ჩავრთოთ სასწავლო პროცესში. გეგმა გაკეთებული მქონდა გაზაფხულისთვის, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო დაკვირვება, გეგმაც გადავაწყე, თუმცა ბავშვებთან ვეღარ ვიმუშავე წინსწრებით, ისე როგორც სხვა პედაგოგები მუშაობენ ხოლმე და აზეპირებინებენ ბავშვებს ყველაფერს. ჩემი ბავშვები გამოუცდელები იყვნენ და თანაც დაიბნენ, როცა გაიგეს, რომ დამკვირვებელი ჰყავდათ“, – გვეუბნება ნათია იაკობაძე.

ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კიდევ ერთმა პედაგოგმა ისურვა საუბარი, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ის, რომ გარე დაკვირვებაზე შეფასება არ დაუწერეს და 4 კრედიტი ვერ მიიღო, მან ამის შესახებ ღიადაც დაწერა სოციალურ ქსელში, თუმცა ამჟამად პედაგოგი კორონავირუსით არის ინფიცირებული, მკურნალობს და მასთან საუბარი ვეღარ შედგა.

„მე ვინც ვიცი, დაახლოებით ათი პედაგოგია ვისაც ასევე უარყოფითი შეფასება მოუვიდა გარე დაკვირვებაზე, თუმცა მათ პრობლემებზე ღიად საუბარი არ სურთ“, – გვეუბნება ნათია იაკობაძე.

ნათიამ მომავალი წლისთვის გარე დაკვირვების გავლა ისევ მოითხოვა. თუმცა, ახალი სქემის მიხედვით შესალოა პედაგოგებს წამყვანის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწიოთ.

როგორც „ბათუმელებს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ტესტების სტანდარტებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებით მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ტესტების საბოლოო ვარიანტი კი შესაძლოა დეკემბრის ბოლოს იყო მზად.

საუბარია ასევე იმაზეც, რომ პედაგოგები, ვისაც წამყვანის ან მენტორი სტატუსის მოპოვება სურთ, ერთსა და იმავე შინაარსის და სტანდარტის ტესტს ჩააბარებენ გამოცდაზე, თუმცა მინიმალური და მაქსიმალური ქულა ორივესთვის განსხვავებული იქნება.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, 2020 წელს გარე დაკვირვებას 3 ათასამდე მასწავლებელი ელოდა. მათი ნაწილი გაზაფხულზე დარეგისტრირდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გარე დაკვირვება ვერ გაიარეს. მასწავლებლების პრეტენზიების შემდეგ კი ცენტრმა პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლა წლის ბოლომდე შესთავაზა. საბოლოო შედეგი, თუ რამდენმა პედაგოგმა მიიღო აღნიშნული აქტივობით გათვალისწინებული 4 კრედიტი და აიმაღლა სტატუსი, რამდენიმე დღეში, ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: