მთავარი,სიახლეები

კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე

08.12.2020 • 2161
კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე

„მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია,“ – განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი აიცრას.

დღეს, 8 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში პირველი პაციენტი აცრეს covid-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ვაქცინას ევროპის წამლის სააგენტო 29 დეკემბერს დაამტკიცებს.

„ის [ვაქცინა] საჭიროებს -70 გრადუსიან ცივ ჯაჭვს… გარდა ამისა, ვაქცინის შიდა გამოყენება დაწყებული აქვს ჩინეთს და რუსეთს. ამ ვაქცინებს შორის დამზადების ტექნოლოგიებში არის განსხვავება…. მომავალ კვირაში ასევე ამერიკაში დაამტკიცებენ ამერიკულ ვაქცინას. 7 იანვარს დამტკიცდება „ასტრა ზენეკასი“, ეს არის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოს ისეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული მომწოდებელთან, რომ შეუძლია რომელიმე დამტკიცებული ვაქცინიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. საქართველოს 4 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი ვაქცინის მილიონ 400 ათასი დოზის შესაძენად.

„ჩვენ არ ვიცით, ჯერ რომელი იქნება… შემოტანის დრო უნდა იყოს მარტ-აპრილი, ახლა ჩვენ ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე,“ – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

———————————————-

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 169 649 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 141 392 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 576 გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: