მთავარი,სიახლეები

საპენსიო ფონდში ახალ დირექტორს 1.1 მილიარდი ლარი დახვდა

17.12.2020 •
საპენსიო ფონდში ახალ დირექტორს 1.1 მილიარდი ლარი დახვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორად 15 დეკემბრიდან გიორგი დანელია მუშაობს, რომელიც ამ დრომდე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. დაგროვებითი საპენსიო ფონდი 1 მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს. გიორგი დანელიას დარიცხული ხელფასი კი სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 12 500 ლარი იქნება. რამდენი იყო მისი ხელფასი საპარტნიორო ფონდში უცნობია. გიორგი დანელიას ამ დრომდე დეკლარაცია შევსებული არ აქვს.

საპარტნიორო ფონდში, სადაც დანელია აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, თავად დირექტორის ხელფასი [დავით საგანელიძის 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით] თვეში 19 769 ლარია.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე კი [დეკლარაციის მიხედვით], თვეში 11 760 ლარს იღებდა.

„საპენსიო სააგენტომ“ დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა, თუმცა კანდიდატი ვერ შეარჩიეს. მორიგი კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა.

სამეთვალყურეო საბჭომ გამარჯვებულად გიორგი დანელია 15 სექტემბერს გამოავლინა და იმავე დღეს გადაწყვიტა, რომ დანელია 15 დეკემბრიდან დაინიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორად, 5 წლით.

„დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად“, – აღნიშნულია სამეთვალყურეო საბჭოს 15 სექტემბრის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს წევრები: ნათია თურნავა [საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის მინისტრი], ივანე მაჭავარიანი [ფინანსთა მინისტრი], ეკატერინე ტიკარაძე [ჯანდაცვის მინისტრი] და ოლივიერ რუსო [საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე].

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმიდან

„საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“, – აღნიშნული იყო კონკურსის პირობაში.

საპენსიო სააგენტო კი, საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობასაც აზღვევს.

სააგენტომ „დირექტორებისა და ხელმძღვანელ პირთა, კერძოდ საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე“,  ელექტრონული ტენდერი 230 ათასი ლარით გამოაცხადა.

ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სააგენტოს შესაბამის მომსახურებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ 217 ათას ლარად სთავაზობს.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია მუშაობდა, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცერის პოზიციაზე. წლების წინ „ალდაგში“ მუშაობდა ასევე საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძეც [კომპანია „ბი-სი-აის“ (სადაზღვევო კომპანია ალდაგი) საპენსიო სქემის საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე].

სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დაზღვევა ეხება მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს 4 წევრს.

საპენსიო სააგენტოს აღნიშნული ტენდერი, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“-მ.

საპენსიო სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე, ფონდის ღირებულება კი, 1 მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, „დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 258 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა მონაწილემ; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა მონაწილემ.

სააგენტოს ინფორმაციით, „საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები 8 ბანკშია განთავსებული ეფექტურ წლიურ 10.9%-ში“.

 

მთავარი ფოტო: გიორგი დანელია / საპენსიო სააგენტოს ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: