მთავარი,სიახლეები

რა შეიცვალა კანონში, რომლითაც საქართველოში ცელოფნის პარკების რეალიზაცია აიკრძალა

05.08.2019 • 2203
რა შეიცვალა კანონში, რომლითაც საქართველოში ცელოფნის პარკების რეალიზაცია აიკრძალა

საქართველოში, ტექნიკური რეგლამენტით, 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალული იყო ნებისმიერი სისქის პლასტიკის [ცელოფნის] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა კანონმა არ იმუშავა. საქართველოს მთავრობამ სამი თვის შემდეგ, 2019 წლის ივლისში შეიტანა ცვლილება და ეს რეგლამენტი აღარ ვრცელდება არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და არანაკლებ 45X70 სმ ზომის პლასტიკის პარკებზე: ამ და მეტი სისქისა და ზომის ცელოფნის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, 2019 წლის 20 ივლისიდან, უკვე დაშვებულია კანონით [ახალი დადგენილება 31 ივლისს შევიდა ძალაში].

2019 წლის აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციიის აკრძალვის ნაცვლად, რეგლამენტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ 2019 წლის 20 ივლისიდან საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, „გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა“.

მთავრობის ახალი დადგენილებით, რეგლამენტის მოთხოვნები ასევე აღარ ვრცელდება:

[checklist]

  • საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის მოსათავსებლად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება;
  • პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნისა, რომ საქართველოში წარმოებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით  განსაზღვრულ მოთხოვნებს.);
  • თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“.

[/checklist]

ახალი დადგენილებით, რეგლამენტში გაჩნდა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ცნებები. ეს არის პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკები, რომლებიც შეიცავენ დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას.

რეგლამენტით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული იყო ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია; რეგლამენტში შესული ცვლილებით კი აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა [საექსპორტოდ წარმოება და სხვა]“.

ამასთან, საქართველოში ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოება და მათი რეალიზაცია დასაშვებია პარკების „საქართველოს სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო 2021 წლის 1 იანვრამდე ასევე დასაშვებია შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პარკი არ შეიცავს პლასტიკს.“.

ლაბორატორია, რომელიც პარკებში პლასტიკის შემცველობას დაადგენდა საქართველოში არ არის. ასეთი ლაბორატორიის გახსნის საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კვლავ განხილვის სტადიაზეა. სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლაბორატორიის შექმნას მილიონონით ლარი დასჭირდება, კონკრეტული გადაწყვეტილება კი ჯერ მიღებული არ აქვთ. „თუმცა, ჩვენ შეგვიძლია კონტროლის მიზნით პარკების ნიმუშების გადაგზავნა სხვა ქვეყვების შესაბამის ლაბორატორიებში. კონტროლის მხრივ პრობლემა არ შეიქმნება“ – აცხადებენ სამინისტროში.

ახალი რეგლამენტით:

[checklist]

  • ექსპორტის მიზნით პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოებისას, მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
  • ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების საწარმოებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: მის მწარმოებელზე გაცემულია სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა; მწარმოებლის მიერ გაცემულია პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • საქართველოში დასაშვებია სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტისას ტვირთს უნდა ახლდეს: შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები; მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

[/checklist]

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: