განათლება,მთავარი,სიახლეები

რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში

15.12.2020 • 1848
რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში

„რთულია კავშირის დამყარება წულუკიანსა და განათლებას შორის“, – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ადამიანი ფეისბუქში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად, ითქვა, რომ წულუკიანის ამ სისტემასთან დაკავშირება სხვა არაფერია თუ არა მისი პოლიტიკური გავლენების შესუსტება. იყო კითხვები იმაზეც, ხომ არ დააქვეითეს წულუკიანი პარლამენტში გადაყვანით, თუ პირიქით – ის „სისტემაში წმენდის“ ჩასატარებლად გაამწესეს.

თავად წულუკიანმა დღეს, 15 დეკემბერს, ჟურნალისტების კითხვას –  „რატომ განათლების და არა იურიდიული კომიტეტი?“ – ასე უპასუხა: „მე არ მგონია მორალურად სწორი, რომ ადამიანმა, რომელმაც მართე რვა წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო, ახლა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში უჭვრიტინო იმ ადამიანს და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა“.

მისი აზრით, იუსტიციის ახალ მინისტრს თავისუფლება და თავისი ხედვის განხორციელება სჭირდება. „გამორიცხულია, მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ეჯდეს ვინმე წულუკიანი, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში“, – ამბობს ყოფილი მინისტრი. იქნება თუ არა განათლების სისტემაში წულუკიანის სუნთქვა საგრძნობი და რა შეიძლება მოიტანოს ამან – განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ წულუკიანის კავშირი განათლებასთან არ ახსენდება.

„ერთი ვიცი, რომ ფრანგულს ასწავლიდა, სხვა მისი ხედვა ან რაიმე იდეები ამ სისტემასთან არ მახსენდება. თუმცა მას შეუძლია შექმნას საკანონმდებლო სივრცე და პიარის თვალსაზრისით შეუძლია რაღაც გააფუჭოს ან ხელი შეუწყოს კონკრეტულ მოქმედებებს“, – ამბობს ჯანაშია.

მისი აზრით, თეა წულუკიანის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ორგანოში გადმოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში მისი პოლიტიკურად დასუსტების საკითხია. „ის კონკრეტულ სფეროს უშუალოდ ვეღარ მართავს, ვერ განკარგავს ფინანსებს და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერ კომიტეტში, სადაც არ უნდა გადმოეყვანათ თეა წულუკიანი, ყველა შემთხვევაში მის დასუსტებად ჩაითვლებოდა. თუმცა, განათლების სისტემაში  იმ ადამიანის მოყვანა, რომელსაც კომპეტენცია არ ჰყოფნის, არასერიოზულობის ნიშანია“, – მიიჩნევს სიმონ ჯანაშია. მისი თქმით, ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ, რომ განათლება სპეციფიკური მიმართულებაა და ამ სფეროში საქმის საკეთებლად საჭიროა შესაბამისი განათლება.

„წინა მოწვევის პარლამენტიც განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი იყო მარიამ ჯაში, რომელიც არის სამედიცინო სფეროს სპეციალისტი და არა განათლების. ზოგადად, საქართველოში განათლების პოლიტიკას პარლამენტი არ ქმნის და ეს პრობლემაა“, ფიქრობს სიმონ ჯანაშია.

განათლების სპეციალისტის აზრით, „კარგი იქნება, იქ რომ იყვნენ უფრო ძლიერი პოლიტიკოსები განათლების მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში იურისტიც შეიძლება იყოს კომიტეტის ხელმძღვანელი, თუკი პარლამენტს ეყოლება ძლიერი აპარატი ამ მიმართულებით, რომელიც მოამზადებს საკითხებს, იკვლევს პრობლემებს, უკვეთავს კვლევებს და ასე შემდეგ. მაგრამ ზოგადად, როცა მაკონტროლებელი სფეროდან მოჰყავთ ადამიანი, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ აქ პოლიტიკურ კონტროლზეა საუბარი“.

სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას აზრით, პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების ინტერესი მაშინ იჩენს თავს, როცა პოლიტიკური კლასი ხედავს, რომ არჩევნებს მაინც და მაინც წარმატებით ვერ ატარებს ან როცა ხედავს, რომ ის სისტემა, რომელსაც აფინანსებენ (სკოლები, უნივერსიტეტები) მათ ამ ძალისხმევას არ უფასებს.

„მაშინ ცდილობენ ხოლმე დაამყარონ კონტროლი იმისთვის, რომ ეს სისტემა მოარჯულონ“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

რა დარჩა „მოსარჯულებელი“ მმართველ პარტიას განათლების სისტემაში? – ჯანაშია ამბობს, რომ ამაზე პირდაპირი პასუხი არ ჩანს,  თუმცა შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ნაკლები ხმების მიღებას არჩევნებზე ამ სისტემიდან.

„ასე იყო მაგალითად 2008 წელს, როცა საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნების მერე გადაწყვიტეს, რომ არასაკმარისი ხმები მიიღეს განათლების სისტემიდან და დაიწყეს კონტროლი. ჯერ გენერალური პროკურორი დანიშნეს მინისტრად, შემდეგ პენიტენციური სამსახურის უფროსი. როცა ნახეს, რომ შაშკინი ზედმეტად ხისტი იყო, შედარებით რბილი, მაგრამ იგივე სისტემიდან მოიყვანეს ხატია დეკანოიძე, რომელიც პოლიციის აკადემიის ხელმღვანელი იყო და ახლაც რაღაც ამის მსგავსია.

მართალია, პარლამენტს ისეთი დიდი უფლებამოსილებები არ აქვს, რომ უშუალოდ ჩაერიოს წულუკიანი, მაგრამ შეუძლია გავლენა იქონიოს განათლების მინისტრის დანიშვნის დროს და ვნახოთ, დატოვებენ თუ არა იგივე მინისტრს თანამდებობაზე ან ვის დანიშნავენ“, – გვეუბნება ჯანაშია.

რაც შეეხება ცვლილებებს სისტემაში, ჯანაშიას აზრით, „გამოსასწორებელი“ ამ მხრივ ისეთი არაფერია, რასაც შესაძლოა წულუკიანის ხელი დასჭირდა.

„ვერ ვხედავ, რომ სისტემა უწევდეს რაიმე წინააღმდეგობას მმართველი პარტიის პოლიტიკურ მიზანს ან იდეას. მაინცა და მაინც არც მათი ძალაუფლების შენარჩუნებას უშლის ხელს, რადგან რაღაც მასობრივი უკმაყოფილება ამ სისტემაში არ ჩანს. უნივერსიტეტები ძალიან პასიურები არიან, სკოლები ახლა ცოტა გააქტიურდნენ დირექტორების მოხსნის ფონზე, რადგან აქ ჩანს, რომ რაღაც პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა მნიშვნელობა, ვიდრე ამ ადამიანების დამსახურებებს“.

სიმონ ჯანაშიას აზრით, სკოლის დირექტორები ხშირად უყურებენ იმას, საით ქრის ქარი და როგორ იქცევიან პოლიტიკოსები, რას უჭერენ მხარს და თვითონაც შესაბამისად იქცევიან. „ის მაგალითები, რაც წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს გვქონდა, მისი დამოკიდებულებები თუნდაც დომინანტურ ეკლესიასთან, როდესაც სეკულარული პრინცი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო მისთვის, რამდენადაც პირადი წარმოდგენები რელიგიების შესახებ, თუ ამის პოპულარიზაციას შეეცდება წულუკიანი, ეს გადაითარგმნება სკოლებისთვის იმ ენაზე, რომ ახლა ჯობია სკოლებიც დაუკავშირდნენ კონკრეტულ რელიგიურ ინსტიტუტებს და ჩართონ ისინი სკოლის მართვაშიც კი, როგორც იყო მაგალითად იუსტიციის სფეროში სათემო სახლების გახსნები, როცა ერთობლივი რიტუალები გააძლიერეს სახელმწიფომ და ეკლესიამ ან პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ.

მეორე მხარეა წულუკიანის დამოკიდებულება კანონის უზენაესობასთან – მან უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, როდესაც ის გაამტყუნა სასამართლომ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების გამო. ეს გვაჩვენებს, რომ წულუკიანის სიტყვა და საქმე არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ხელისუფლებაში მოსვლამდე ის მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ წინა ხელისუფლება არღვევდა ადამიანის უფლებებს და მისი მინისტრობის შემთხვევაში ყველა ადამიანის უფლება იქნებოდა დაცული“, – ამბობს ჯანაშია.

განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, როცა ამას აკეთებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი ინიციატორი სასამართლო დადგენილების აღსრულების ამ დროს კი, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვიტა სასამართლომ და ადამიანებს სჯის სოციალურ ქსელში ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო, ასეთი ადამიანის განათლების სისტემაში მოყვანა  მიზანშეწონილი არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: