მთავარი,სიახლეები

არასრულწლოვნებმა ყალბი ინტერნეტგვერდის მეშვეობით 72 500 ლარი მიითვისეს – შსს

17.12.2020 • 1948
არასრულწლოვნებმა ყალბი ინტერნეტგვერდის მეშვეობით 72 500 ლარი მიითვისეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი ინტერეტგვერდის მეშვეობით არასრულწლოვნებმა 72 500 ლარი მიითვისეს.

„არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ და ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობა შესთავაზა.

მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის.

აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა“ – ნათქვამია შსს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა გ.ა.-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს – ო. ა.-ს და ბ. ა.-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს. ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს“.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: