აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ დღეს, 17 დეკემბერს, დაამტკიცა.
14-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ ბიუჯეტს. ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. 30-წუთიან სიტყვაში მინისტრმა ძირითადად ბიუჯეტის ცვლილებებზე ისაუბრა.
2021 წლის ბიუჯეტში იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. გაზრდილი თანხა სოციალურ პროექტებსა და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო დაარიგებს სასურსათო კალათებს და 2021 წლის ბიუჯეტში ეს პროგრამულად არის წარმოდგენილი.
მილიონი ლარით იზრდება ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსება, ასევე იზრდება სარეზერვო ფონდი, რაც განმარტების მიხედვით, მოქალაქეების საჭიროებებს, ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდება.
იზრდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დაგეგმილია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მხარდაჭერა. ბიუჯეტში პრიორიტეტად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ასევე გაგრძელდება სახელოვნებო ორგანიზაციების მხარდაჭერაც. 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროექტები საოჯახო მეურნეობის მხარდასაჭერად.
2021 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაზრდილია საჯარო მოხელეების დაფინანსებაც. მაგალითად, 50 ათასი ლარით მეტი ხელფასი გაიცემა მომავალ წელს აჭარის მთავრობის აპარატში, ვიდრე 2020 წელს [ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით კი, ხელფასები 67 700 ლარით იზრდებოდა]. ბიუჯეტის მიხედვით მთავრობის აპარატში დასაქმებულთა [68 დასაქმებული] რაოდენობა არ იცვლება.
2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა გაზრდილია აჭარის სამინისტროებშიც:
აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში – 1 015 00 ლარით
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 30 700 ლარით
ჯანდაცვის სამინისტროში – 165 200 ლარით
სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 3 600 ლარით
ამასთან, პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა არც ერთ სამინისტროში არ იზრდება.