მთავარი,სიახლეები

კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

16.12.2020 •
კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

„ერთიანმა ნაციონალურმა  მოძრაობამ“ დღეს გაასაჯაროვა განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ის ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურიდან მალევეა დაწერილი. გუშინ ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მანდატის მოპოვების მიუხედავად ისინი უმაღლეს საბჭოში პროტესტის ნიშნად არ შედიან. ამ აქციას ოპოზიიცის გამსვლელ სიაში მყოფი ირაკლი ჩავლეიშვილი არ შეუერთდა და არც მედიის ზარებს პასუხობდა მთელი დღის განმავლობაში. წუხელ, გვიან ღამით კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მან თავისი კოლეგების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ირაკლი ჩავლეიშვილი მე-15 დეპუტატი იქნება 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში.

აქ წაიკითხეთ ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტება უმაღლეს საბჭოში შესვლაზე

რა მოუვიდა ირაკლი ჩავლეიშვილს გუშინ, თუ მანამდე ის ხელმოწერით ადასტურებდა, რომ მანდატზე უარის თქმას აპირებდა. როგორ და ვინ დაიყოლია ჩავლეიშვილი და რა იციან ამაზე ოპოზიციის სხვა ლიდერებმა, ამ თემაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს აჭარაში, გიორგი კირთაძეს ვკითხეთ.

  • ბატონო გიორგი რა მოხდა, რა ინფომაცია გაქვთ, რატომ გადათქვა ჩავლეიშვილმა თავისი პირობა?

ეს განცხადება ჩავლეიშვილმა დაწერა არჩევნებიდან მეორე თუ მესამე დღეს. კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სიები გაგვეუქმებინა უფლებამოსილების ცნობამდე უსკოში. აქ კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, რა მასშტაბის რეჟიმთან გვაქვს საქმე, ვისზე ვლაპარაკობთ. კაცმა, რომელმაც განცხადება დაწერა ცოტა ხნის წინ და უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა, გადაწყვეტილება შეცვალა და შედის უმაღლეს საბჭოში მეთხუთმეტე „ქოცად“, ოპოზიციის სახელით რომ არ შედის, ყველა კარგად ვხვდებით ამას. ჩავლეიშვილის საქციელი კიდევ ერთხელ ალბათ ყველაზე მაგრად ადასტურებს ივანიშვილის რეჟიმს.

განცხადების ტექსტი, რომელიც დღეს ენმ-მ გაავრცელა და ირწმუნება, რომ ირაკლი ჩავლეიშილის ხელმოწერილია

  • ანუ რას ამბობთ, რა მოხდა ჩავლეიშვილთან მიმართებაში?

დასკვნის გაკეთება ძალიან მარტივია – კაცი, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, ოფიციალურ განცხადებას წერს და ითხოვს, რომ ამოიღონ სიიდან, რაღაცა პერიოდის შემდეგ კი ამბობს, რომ გადავიფიქრე და უნდა შევიდეო. არ ვიცი, დააშინეს ალბათ.

მთავარი ამბავი რაც არის, ყველა ვხედავთ, რომ ეს დემოკრატიულ ქვეყანაში ვერ მოხდება, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ეს გააკეთოს. ასლან აბაშიძის დროსაც კი ირაკლი ჩავლეიშვილი ოპოზიციაში იყო, ხომ გვახსოვს ყველას. იცოდა, რაც მოჰყვებოდა მის განცხადებას და ამ ყველაფრის ფონზე მეთხუთმეტე „ქოცად“ შედის უმაღლეს საბჭოში. მოუჭირა კისერში ხელი ბიძინა ივანიშვილმა თუ იყიდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასე ყველაზე კარგად ჩანს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

  • გაქვთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, ვინ და როგორ მოახერხა ეს – რით შეძლეს მისი დაყოლიება?

თუ ვინმემ რაიმე იცის, ალბათ, ყველაზე მეტი მე ვიცი, იმიტომ, რომ მე ვმუშაობდი მაგ პერიოდში საკრებულოში და ის იყო საკრებულოს თავმჯდომარე. მაგრამ მართლა არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ჰქონდათ. ან ფული მისცეს. სხვა ვარიანტი არ არის. მართლა არა აქვს ამას მნიშვნელობა, მეთხუთმეტე „ქოცი“ რომ ხდება ადამიანი. ის, რომ ჩავლეიშვილს ეს გადაწყვეტილება თავისი სურვილით არ მიუღია, ზუსტად ამიტომაც გავასაჯაროვეთ ის განცხადება, რაც მან დაწერა და თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და გთხოვთ შემიწყვიტოთ უფლებამოსილებაო. ამის შემდეგ ხდება ის, რაც ხდება.

  • ითქვა, რომ ბოლო პერიოდში ჩავლეიშვილი რამდენჯერმე ჰყავდათ სუსში… თქვენ გაქვთ ამაზე ინფორმაცია?  

ამ ბოლოს, თუ თავის დროზე? ბოლო პერიოდზე არ მაქვს ეს ინფორმაცია. ვიცი, რომ თავის დროზე იყო ეს ამბები. მას არაფერი უთქვამს, მისი ტექსტები იყო შემდეგი: განცხადებები დავწერეთ ყველამ, ვითხოვთ, რომ არ ვაღიარებთ არჩევნებს. დიდი სიხარულით შესაძლოა არ შეხვედრია ამ ამბავს – ინიციატორი არ ყოფილა ამ ამბის, მაგრამ როცა შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ყველანი ამას  ვაკეთებთ, თქვა კი ბატონოო და თვითონაც დაწერა განცხადება.

ჩვენ ორი კვირის წინ რომ მიგვეტანა ეს განცხადებები უსკოში, დამთავრებული იყო. იმის გამო, რომ მიდიოდა მოლაპარაკებები [თბილისში], ჩვენ განცხადებები არ შევიტანეთ. ბოლოს გავაკეთეთ ხელმოწერა, რომ არ შევდივართ, თვითონ კი ითხოვა რამდენიმე დღე, გვითხრა, რომ პარტიასთან უნდა შეაჯეროს თავისი პოზიცია და პარტიის წინააღმდეგ ვერ წავა. ეს, ბუნებრივია, გავუგეთ. მას შემდეგ რაც „რესპუბლიკელები“ შეუერთდნენ ბოიკოტის რეჟიმს, მან დატოვა პარტია.

ის, რაც ირაკლი ჩავლეიშვილს 30 წლის განმავლობაში უკეთებია, ბიძინა ივანიშვილმა გააფუჭა ბოლომდე, ხაზი გადაასმევინა ამ ყველაფერზე. პირველ რიგში, თვითონ არის პასუხისმგებელი ამაზე, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის დამსახურება ხომ არის ეს? ეს ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, რად უნდა ამას ლაპარაკი. ჩავლეიშვილის იქ ყოფნას არ აქვს აზრი, ის მეთხუთმეტე „ქოცია“, რა საშიშ რეჟიმში ვცხოვრობთ, ამაზეა საუბარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: