მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ღმერთო, როდის გვეღირსება საკუთარი ჭერი“ – ჩვენი დროის „მშიერაძის ოჯახი“ საქართველოში

16.12.2020 • 1727
„ღმერთო, როდის გვეღირსება საკუთარი ჭერი“ – ჩვენი დროის „მშიერაძის ოჯახი“ საქართველოში

შესაძლოა სკოლის წლებიდან გახსოვთ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „მშიერაძის ოჯახი“, სადაც მოთხრობილია თუ როგორ გადმოსახლდნენ მშიერაძეები თბილისში, რითი ირჩენდნენ თავს, რა ადარდებდათ და რა ბრძოლები გადახდათ თავს.

გუშინ, 15 დეკემბერს, როცა თბილისში, აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა, არა ერთ ადამიანს გაახსენდა „მშიერაძის ოჯახი“.

მოსახლეობამ შენობების ნგრევის შეჩერება სცადა, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

ეკატერინე გაბაშვილის „მშიერაძის ოჯახში“ ვკითხულობთ, როგორ ცდილობენ სოფლიდან ჩამოსახლებული უბინაო მუშები  გადარჩენას და ქალაქის სიახლოვეში საცხოვრებელი კერის გაჩენას, სადაც შვილებს უსაფრთხოდ დატოვებენ, სანამ თვითონ მათთვის საკვების მოსატანად იშრომებენ.

სვიმონ მშიერაძის სამშვილიან ოჯახშიც მანამდეა ყველაფერი კარგად, სანამ მომრავლებულმა ახალმოსახლეებმა არ მიიქციეს ქალაქის თვითმმართველობის ყურადღება: „გაჩნდა პოლიცია და ყველას საერთოდ გამოუცხადა, რომ თქვენი საქციელი უკანონოა. ახალმოსულებს მუშაობა აუკრძალა და დასახლებულებს უბრძანა, რომ თავიანთი შენობა აეღოთ და საცა ნებავდათ, იქ წასულიყვნენ“.

ტექსტი ასევე გვიყვება თბილისის ერთ-ერთი უბნის, ნაძალადევის შექმნის ისტორიასაც:

ფილოსოფოსი და მკვლევარი ლელა გაფრინდაშვილი გვიყვება, რომ მწერალი ეკატერინე გაბაშვილი თავადაც უჭერდა მხარს ნაძალადევში მცხოვრებ მუშებს.

„ეკატერინე გაბაშვილის თანამედროვეები, მისი ახლობლები ჰყვებიან, როგორ მივიდა ეკატერინე ნაძალადევში მცხოვრები მუშების მხარდასაჭერად, როცა იმდროინდელი მთავრობა იქ ჩასახლებული ხალხის ქოხების დანგრევის განზრახვით შევიდა ახალშექმნილ „ნახალოვკაში“. ამბობენ, რომ მაშინ გაბაშვილმა ხალხის მხარდასაჭერად მგზნებარე სიტყვები წარმოსთქვაო“, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

ეკატერინე გაბაშვილი “მშიერაძის ოჯახი”

ეკატერინე გაბაშვილის 1894 წელს დაწერილი ეს მოთხრობა თანამედროვე საქართველოშიც ისეთივე მწვავეა, როგორც მაშინ, მე-19 საუკუნის მიწურულს, რადგან უსახლკარობის პრობლემა ქვეყანაში ახლაც მკაცრად დგას, დგას ქუჩებში, ყველგან, სადაც სახლი არაა.

მწერალი თამთა მელაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 15 დეკემბერს, აფრიკის დასახლებაში განვითარებული მოვლენები გაბაშვილის მოთხრობის მსგავსია, თუმცა კონტექსტი განსხვავებული – კიდევ უფრო მძიმე.

თამთა მელაშვილი

„დღეს სისტემაა უფრო მძიმე და უფრო მეტად სრესს იმ ადამიანებს, ვინც იერარქიების ბოლოში მოექცა. ამ ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის პოლიტიკა და მგონია შეუძლებელიცაა არსებობდეს იმათ ხელში, ვისაც ძალაუფლება აქვს – ვინც ყველანაირად დაცლილია ყველა ღირებულებისგან და არაფერი აინტერესებს მოგების, გამორჩენის, კიდევ უფრო მეტად გამდიდრების გარდა.

თავიანთ ამაზრზენ, ბრჭყვიალა კაფსულებში ცხოვრობენ და სრულიად მოწყვეტილი არიან კაფსულის გარეთ არსებულ რეალობას. მათი ერთადერთი გამართული პოლიტიკა ნეკროპოლიტიკაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ომში არიან საკუთარ მოსახლეობასთან.

მგონი არავის დაგვავიწყდება ის კადრები, ტექნიკით და პოლიციით როგორ შედიან, როგორ იპყრობენ და იკავებენ მათ ბიზნესინტერესებში მოქცეულ ტერიტორიას, რა დღეში აგდებენ პანდემიით ისედაც სასოწარკვეთილ და განადგურებულ ხალხს. და არანაკლები ამაზრზენია მერე ამ ომის „გაპრავება“, თვითონ მსხვერპლის – მოსახლეობის პარაზიტად წარმოჩენა, როცა თავად არიან ამ ქვეყნის მთავარი პარაზიტები.

თავში ისევ ნეოლიბერალური სისტემაა, რომელიც თიშავს ადამიანებს და ჯგუფებს ერთმანეთისგან, უნდობლობას აჩენს, სოლიდარობას აქრობს. მაშინ სხვადასხვა კლასის ადამიანები უფრო ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, მაშინ ინტელექტუალური ელიტაც ხალხთან უფრო ახლოს იყო. მაშინდელი პრესა არ თიშავდა ხალხს ერთმანეთისგან, ახლა კი დიდი მედიები გათიშვის ყველაზე ძლიერი იარაღია.

მაშინ ქველმოქმედება მდიდარი ადამიანებისგან მართლა ქველმოქმედება იყო და ახლა რა არის? დაქსაქსვის, დაცინვის კიდევ ერთი იარაღი. ამაზრზენი, ერთჯერადი მოწყალება, რომელიც სისტემურად რას ცვლის? სრულიად არაფერს.

პირიქით, არსებული იერარქიების შენარჩუნებას ემსახურება, წინააღმდეგობას ახშობს. პოლიტიკურ და ბიზნესელიტებს დღეს თავის თავზე აქვთ მორგებული ეს ქვეყანა და სხვა დანარჩენი ვარსებობთ იქამდე, სანამ მათ სამსახურში ვდგავართ.

გადავეღობებით სადმე გზაზე? არა უშავს, მოგვიშორებენ.

გავეჩხირებით სადმე თვალში? გადაგვმალავენ.

სჭირდებათ სპა-სალონები? პანდემიაშიც ღიას დატოვებენ.

არაფერში სჭირდებათ საჯარო ტრანსპორტი? აკრძალავენ.

უნდათ საახალწლო განწყობა შეიქმნან? შეიქმნიან. დაიკიდებენ განათებებს და ნაძვის ხეებს იმ თანხად, რომელიც ლამის მთლიანად მოაგვარებდა უსახლკაროების საცხოვრისის პრობლემას.

ვინატრებდი, რომ „აფრიკა გახდეს წინააღმდეგობის და სოლიდარობის კერა, როგორც ერთ დროს ნაძალადევი იყო. ზუსტად ნაძალადევში შეიკრა მაშინ მუშების ბირთვი და იქედან დაიწყო დიდი დაუმორჩილებლობა.

ვისურვებდი, რომ ახლა აფრიკა იყოს მაშინდელი ნაძალადევი“ – ამბობს თამთა მელაშვილი, რომელმაც წერილობით მოგვაწოდა პასუხი კითხვაზე, რამდენად მსგავსია მისთვის ეკატერინე გაბაშვილის „მშიერაძის ოჯახი“ აფრიკის დასახლებაში მომხდარ ამბავთან.

_____________

მთავარი ფოტო: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

გადაბეჭდვის წესი