მთავარი,სიახლეები

„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს

25.11.2020 •
„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს

მოსამართლე როინ კახიძემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს მოსამართლეს არ განუმარტავს, რა ჩაითვალა ხულიგნობად, ან პოლიციის რომელ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები.

ხათუნა ბერიძე და საპროტესტო აქციის კიდევ ოთხი მონაწილე პოლიციამ 21 ნოემბრის საღამოს დააკავა. 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კი, „სირცხვილის კორდორი“ მოუწყეს საუბნო კომისიების წარმომადგენლებს, რომლებსაც საღამოს უკვე შემაჯამებელი ოქმები მიჰქონდათ ბათუმის საოლქო კომისიაში.

პოლიციამ აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავა. სამართალდარღვევის ოქმში, რომელიც აქციის მონაწილეების დაკავების დროს შეადგინეს, წერია, რომ ისინი შემდეგი სიტყვებით მიმართავდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: „მონები“, „ფულის მონები“, „სირცხვილია“. სამართალდამცველებს არც ოქმში და არც სასამართლოში არ დაუსაბუთებიათ, რატომ მიიჩნევა გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება სამართალდარღვევად.

პოლიცია აქციის მონაწილეებს ასევე ედავებოდა სოციალური დისტანციის დაუცველობას, თუმცა აქციაზე პოლიციელების მხრიდან ეს მოთხოვნა არ გაჟღერებულა და არც ეს აქცია ყოფილა პირველი, სადაც დისტანციის დაცვა პრობლემა იყო.

პოლიციელებმა სასამართლოში ვიდეოკადრებიც წარმოადგინეს იმის დასტურად, რომ აქციის მონაწილეები სიტყვებით – „მონებო“, „სირცხვილია“ მიმართავდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს.

კიდევ ერთი დეტალი – პოლიციელმა, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართადარღვევის ოქმი შეუდგინა, მოსამართლეს შეახსენა, რომ ხათუნა ბერიძე ოზურგეთის სასამართლომაც გაასამართლა. საუბარია 2019 წლის მაისში შეკვეთილში გამართულ საპროტესტო აქციებზე ლოზუნგით „გააღვიძე ოლიგარქი“.

„შესაბამისად ეს არაა პირველი შემთხვევა“, – დასძინა პოლიციელმა.

ხათუნა ბერიძემ მოსამართლეს სთხოვა, რომ თუკი მათ სამართალდამრღვევებად მიიჩნევენ, უმჯობესია, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს და არა ჯარიმა.

„ფული არ გვაქვს, პატიმრობა გვირჩევნია,“ – დასძინა ხათუნა ბერიძემ.

მოსამართლე როინ კახიძემ ანა იოსავას, ნუგზარ ხოზრევანიძეს, სულხან ფარტენაძეს, ხათუნა ბერიძეს და რამაზ შაინიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა.

„დღეიდან სიტყვა მონის გამოყენება, 500 ლარით ჯარიმდება“, – თქვა ხათუნა ბერიძემ მას შემდეგ, როცა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დაასრულა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე „ალტერნატივას“ აქტივისტები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ შეძახილებით „მონა“, „მონა“.

ამ თემაზე:

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: