მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.
„ტავ ჯორჯიას“ მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 313 036 მგზავრს მოემსახურა, რაც 35,37 პროცენტით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში.
„ტავ ჯორჯია“ „TAV Airports Holding“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს უწევს ოპერირებას.
კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დღესდღეობით თბილისის აეროპორტში 35 ავიაკომპანია 38 მიმართულებით ასრულებს რეისებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმწოდებლებთან სასამართლო დავები წააგო და მათ სასარგებლოდ, ჯამში, 218 221 ლარის გადახდა დაეკისრა. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, საქმეები პროკურატურამ შეისწავლოს და გამოარკვიოს, ეს შედეგი დაუდევრობამ გამოიწვია თუ კორუფციული გარიგება იყო.
„ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, 200 000 ლარზე მეტი უკვე გამოყოფილია ბიუჯეტში, ეს არის კორუფცია და ეს პროკურატურამ უნდა გამოარკვიოს,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მიშა ბოლქვაძე.
შესაბამისი განცხადებით ხელვაჩაურის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციამ პროკურატურას უკვე მიმართა.
ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შპს „კონსულის“ სასარგებლოდ 21 812 ლარის გადახდა დააკისრა მერიას. „Modern architectural group“ -ის სასარგებლოდ – 132 246, ხოლო შპს „ლადას“ სასარგებლოდ – 64 163 ლარი.
ენმ-ის ფრაქციის ინფორმაციით, მერიამ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების დამტკიცებისას ამ საქმეებთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა. მათივე განმარტებით, კომპანიებს ხელშეკრულებები მოულოდნელად შეუწყვიტეს, რაც დავის დაწყების მიზეზი გახდა.
შესყიდვები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის დროს განხორციელდა.
„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს ხელვაჩაურის მერიას. უწყების პოზიციას ამ საკითხზე, მოწოდების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კავშირის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან „მან უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“.
როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, ოლაფ შოლცი პუტინთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ გამოცემა Dagens Nyheter-ს უთხრა.
შვედ ჟურნალისტებთან საუბრისას, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ „კრიზისის“ დროს კომუნიკაციის შენარჩუნება სირთულეების მიუხედავადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პუტინმა გზავნილები პირადად უნდა მიიღოს და პასუხისმგებლობაც პირადად უნდა აიღოს უკრაინაში წამოწყებულ ომზე.
„ჩემი ცხადი გზავნილი მისადმი იმაში მდგომარეობს, რომ მისი სტრატეგია უკრაინასთან მიმართებაში არ იმუშავებს. პუტინმა უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია,“ – ამბობს შოლცი.
გერმანიის კანცლერი დასძენს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება უახლოეს მომავალში შეუძლებელი იქნება: „ვიდრე რუსეთი მისაღები პირობებით მშვიდობას არ დათანხმდება, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ფიქრის შესაძლებლობასაც კი ვერ ვხედავ.“
გუშინ ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ პუტინთან რეკვა. მისი აზრით, რუს დიქტატორს უჩნდება შეგრძნება, რომ ის ყურადღების ცენტრშია.
მანამდე, პუტინთან კავშირის შენარჩუნების გამო საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა პოლონეთის პრემიერმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „ჰიტლერთან მოლაპარაკებებს არავინ დაიწყებდა. დამნაშავეებთან არა მოლაპარაკება, არამედ ბრძოლაა საჭირო“.
ლვოვის სამიტზე, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მიიღებენ მონაწილეობას, რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასრულების შესაძლებლობები განიხილება.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი, 18 აგვისტოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა უკრაინის ქალაქ ლვოვს.
„მოლაპარაკების ფარგლებში, ლიდერები ისაუბრებენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტზე. ასევე, სამმხრივ სამიტზე განიხილავენ იმ პოტენციურ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული ექსპორტის მხარდასაჭერად და რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
18 აგვისტოს ლვოვში ჩავა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეშიც, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და სამმხრივ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 19 აგვისტოს გუტიერეში ოდესის პორტს მოინახულებს, შემდეგ კი გაემგზავრება თურქეთში, იმ საკოორდინაციო ცენტრის სანახავად, რომელიც უკრაინის ექსპორტის საკითხებზე მუშაობს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მეორე დღეს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი თანახმაა, რუსული გაზის საფასური ნაწილობრივ რუბლებში გადაიხადოს.
Glovo, მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი მულტი კატეგორული მიტანის სერვისის მოთამაშე, ქართველ მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა განსხვავებულ, საინტერესო პროექტს.
წელს, ტექნოლოგიური კომპანია, ერთგულ მომხმარებლებს და ტურისტებს ბათუმში, Conte Beach-ის ტერიტორიაზე მასპინძლობს.
ესაა სოციალური, ადაპტირებული სანაპირო, სადაც მომხმარებლები უფასოდ სარგებლობენ შეზლონგებით, სკამებით, პუფებით, სანაპიროს სხვა აქსესუარებითა და სერვისით.
დამატებით, სანაპიროს მომხმარებლებს, Glovo-ს ყოველკვირეულად განახლებადი აქციები ელოდებათ: უფასო მიტანა, ფასდაკლებები, განსაკუთრებული შეთავაზებები პრაიმის მფლობელებისთვის.
სანაპირო უზრუნველყოფილია ფრენბურთის სათამაშო მოედნით, საბავშვო ზონითა და ზაფხულის იდეალური დღეეების გასატარებლად საჭირო ყველა დეტალით.
არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში:
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავანახოთ ქართველ მომხმარებელს –Glovo არის კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, საზოგადოებაზე და მისი გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის”.
სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ისე ექცევიან საქართველოში, როგორც „ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს“.
ეპისკოპოსმა ამ თემაზე 14 აგვისტოს ხიჭაურში იქადაგა ამბიონიდან.
„სოციალურ ქსელებში მოვისმინე, ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. ნუ ახლა, რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველასი. მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული.
იქიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რომ რუს ტურისტებს ძალიან უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ-თქვენი ქვეყნიდანო.
რა შეიძლება ამაზე ითქვას. ასე აკეთებდა ჰიტლერი, ადოლფ ჰიტლერი. საწყალ ებრაელებს დევნიდა, სადაც ნახავდა, ხოცავდა ყველას. მაღაზიაში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა, თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელების. ახლა თქვენ აკეთებთ მაგას რუსების მიმართ.
აი, ესაა. რა ჰქვია მაგას? ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა კაცო,“ – იქადაგა სხალთის ეპისკოპოსმა.
სხალთის ეპისკოპოსი საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან თქვა, რომ „ეკლესია ერთია“ და არ ესმის კრიტიკა, რაც რუსეთის პატრიარქის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მან უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმია დალოცა.
მან ასევე თქვა, რომ არის წინასწარმეტყველებები ამ ომზე და გაერთიანდება სამი ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა და ეყოლებათ ერთი მეფე.
ეპისკოპოს სპირიდონს ეკუთვნის ასევე ციტატა, რომ პუტინის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე შედეგია ჩვენი ცოდვების: „ამასწინათ იყო ტელევიზორში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და საერთოდ, ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობა ესეც… რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ღმერთმა აპატიოს მას, მაგრამ მე გეტყვით თქვენ – ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების“.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Guardian-თან ინტერვიუში ყირიმის ხიდს „უკანონო მშენებლობას“ უწოდებს და მიანიშნებს, რომ უკრაინა მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს.
„ეს უკანონო მშენებლობა და მთავარი გზაა ყირიმში რუსეთის არმიის მოსამარაგებლად. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს,“ – ეუბნება ბრიტანულ გამოცემას პოდოლიაკი.
პრეზიდენტის მრჩეველი The Guardian-თან კიდევ ერთხელ იმეორებს რამდენიმე დღის წინ, „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების კომენტირებისას ნათქვამს, რომ ყირიმში ასეთი „პატარა დეტონაციები“ „მომდევნო ორ-სამ თვეში კიდევ უფრო გახშირდება“.
პოდოლიაკის თქმით, ჯანკოიში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი ხანძარი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ „რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი ნიშნავს საწყობების აფეთქებას და სიკვდილის საფრთხეს დამპყრობლებისა და ქურდებისთვის“.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ყირიმის ინციდენტებზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა „შესაძლებელია, ამგვარი განცხადებების გაგება იმის აღიარებად, რომ უკრაინა ქვეყნის სამხრეთში სრულმასშტაბიანი კონტრშეტევისთვის ემზადება“.
16 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს, სამხედრო საწყობი აფეთქდა. დაზიანდა ახლომდებარე ელექტროსადგური და სარკინიგზო კვანძიც. იმავე დღეს, აფეთქება მოხდა სიმფეროპოლის რაიონში, გვარდეისკოეს სამხედრო ბაზაზე.
რუსეთმა მომხდარს ამჯერად დივერსია უწოდა.
The New York Times-ის ცნობით, როგორც მათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა უთხრა ანონიმურად, რომ ჯანკოიში მომხდარი აფეთქებები „მტრის ზურგში უკრაინის ელიტარული დანაყოფის მუშაობის შედეგია“.
ჯანკოის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აგვისტოს, რამდენიმე აფეთქება მოხდა ასევე ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე. რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინულ მხარეს არ უკავშირდებოდა და აეროდრომზე საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა.
პირველი განცხადება, რომ ყირიმის ხიდი შესაძლოა უკრაინელთა სამიზნე გახდეს, ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობისა და NATO-ს ძალების ყოფილი მეთაურმა, გენერალი ფილიპ ბრიდლავმა ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გააკეთა.
„ქერჩის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა“, – თქვა გენერალმა და დასძინა, რომ გაუგებარია მსჯელობა იმაზე, მართებული იქნება თუ არა უკრაინის მხრიდან ასეთი ქმედება და დაუჭერს თუ არა მას მხარს დასავლეთი. – „ეს მსჯელობა არ მესმის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აწყობს თავდასხმებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირიმიდან და შავი ზღვიდან და უკვე მოკლა ათობით ათასი ადამიანი“
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის უახლეს ანგარიშში განმარტა, რომ უკრაინელთა დარტყმები ყირიმის ლოგისტიკურ სამიზნეებზე არ დაარღვევს უკრაინელთა შეთანხმებას დასავლეთ პარტნიორებთან, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და წართმეულ რეგიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რადგან ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.
ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი.
„კლდის მასის ჩამოშლის საშიშროების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას შესაძლოა 2-3 დღე დასჭირდეს,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.
ამავე უწყების ინფორმაციით, ბათუმიდან უტყისუბნამდე მოძრაობა მთელ მაგისტრალზე თავისუფალია.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის სარდლობა სერიოზულად უნდა იყოს შეშფოთებული ყირიმში მომხდარი ინციდენტებით, რადგან ოკუპირებული ნახევარკუნძული მათი საომარი მიზნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია და დღემდე ის უსაფრთხო ზურგად მიიჩნეოდა.
16 აგვისტოს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილოეთში, ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. დაზიანდა ახლომდებარე სარკინიგზო ხაზი და ელექტროსადგურიც.
რუსულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვამლი გაჩნდა გვარდეისკოეს საავიაციო ბაზაზე, ყირიმის ცენტრში.
„ჯანკოიში და გვარდეისკოეში რუსეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომია. ჯანკოი ასევე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სარკინიგზო მონაკვეთია, რომელიც სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს,“ – წერს უწყება 17 აგვისტოს რელიზში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ინციდენტების მიზეზი და ზარალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რუსეთის სარდლობა შეშფოთების სერიოზული საფუძველი აქვს, რადგან ყირიმში მისი ბაზების უსაფრთხოება დაირღვა.
16 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს, სამხედრო საწყობი აფეთქდა. რუსეთმა მომხდარს ამჯერად დივერსია უწოდა.
The New York Times-ის ცნობით, როგორც მათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა უთხრა ანონიმურად, ჯანკოიში მომხდარი აფეთქებები „მტრის ზურგში უკრაინის ელიტარული დანაყოფის მუშაობის შედეგია“, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანმა ოკუპირებულ ყირიმში მომხდარ აფეთქებებს „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგი“ უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ „დემილიტარიზაცია დაწყებულია.“
ჯანკოის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აგვისტოს, რამდენიმე აფეთქება მოხდა ასევე ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე. რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინულ მხარეს არ უკავშირდებოდა და აეროდრომზე საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი თავის უახლეს ანგარიშში განმარტავს, რომ უკრაინელთა დარტყმები ყირიმის ლოგისტიკურ სამიზნეებზე არ დაარღვევს უკრაინის შეთანხმებას დასავლეთ პარტნიორებთან, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და წართმეულ რეგიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რადგან ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.
პუტინის გეგმები უცვლელი რჩება: მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას კიევში და კონტროლქვეშ მოაქციოს უკრაინის უდიდესი ნაწილი – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი, რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ კრემლი თავისი რეალური გეგმების შენიღბვას ცდილობს.
ISW-ი წერს, რომ 15 აგვისტოს, „არმია 2022-ის“ ფორუმზე, ომზე ლაპარაკისას პუტინს არ უხსენებია უკრაინის დანარჩენი ტერიტორია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა. მან თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით – „ჩვენი მეომრები დონბასის მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის და მშვიდობისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზუსტად ასრულებენ მათ წინაშე დასმულ ამოცანებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“.
„ასეთი განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის მანამდე დეკლარირებულ მიზნებს – უკრაინის „დენაციფიკაციასა“ და „დემილიტარიზაციას“. პუტინის გამოსვლის ტექსტი ასევე წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ქმედებებთანაც „შეიერთოს“ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული ნაწილები,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ის ანგარიშის კიდევ ერთი აქცენტი ყირიმში, ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქებებია, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის მარაგებსა და ლოგისტიკას.
„რუსეთის ძალები ჯანკოის იყენებდნენ როგორც სარკინიგზო კვანძს თავისი სამხედრო ძალების გადასაყვანად და ზაპოროჟიეს ოლქის, მათ შორის მელიტოპოლის მოსამარაგებლად. რუსეთის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა სამოქალაქო სარკინიგზო რეისები რუსეთიდან ყირიმის მიმართულებით“, – აღნიშნავენ მკვლევრები.
The New York Times-ის ცნობით, როგორც მათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა უთხრა ანონიმურად, ჯანკოიში მომხდარი აფეთქებები „მტრის ზურგში უკრაინის ელიტარული დანაყოფის მუშაობის შედეგია“. თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ უკრაინელთა დარტყმები ყირიმის ლოგისტიკურ სამიზნეებზე არ დაარღვევს უკრაინელთა შეთანხმებას დასავლეთ პარტნიორებთან, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და წართმეულ რეგიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რადგან ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.
თუმცა როგორც ISW-ი დასძენს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ყირიმზე თავდასხმისთვის უკრაინის ძალებმა აშშ-ის შეიარაღება გამოიყენეს.
რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ძალები იწყებენ შეტევებს ბახმუტის გარშემო, ავდეევკისა და დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით. რუსებმა რამდენიმე წარუმატებელი შეტევა მიიტანეს ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთითაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 886 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 4 162 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 993 ერთეული [+4]
MLRS – 263 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 196 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 792 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 054 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 93 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
267 თვითმფრინავი
148 ვერტმფრენი
1 747 უპილოტო საფრენი აპარატი
365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 334 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
799 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 310 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 922 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს. ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგა.
დანიშვნის ეტაპზე „ბათუმელებს“ დრამატული თეატრიდან შეატყობინეს, რომ ნუკრი ქანთარიამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია თეატრში ოფიციალურად არ დაგვიდასტურეს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დადასტურდა ინფორმაცია ახალი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის ხელფასის გაორმაგების თაობაზე. 2022 წლის 29 ივლისს მინისტრ მაია ხაჯიშვილის მიერ დრამატული თეატრის დამტკიცებულ საშტატო განრიგში მითითებულია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ანაზღაურება 6000 ლარი იქნება.
იმავე უწყების 2021 წლის ანალოგიურ დოკუმენტში წერია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ხელფასი 2940 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ხელფასი 3555 ლარით აღემატება დირექტორის ხელფასს. საშტატო ნუსხას კი, სადაც ხელფასებიც არის განსაზღვრული, მინისტრთან ერთად სწორედ თეატრის დირექტორი ამტკიცებს. შესაბამისად, ნუკრი ქანთარიასთვის ხელფასის მატების დოკუმენტს დრამატული თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ კალანდაძეც აწერს ხელს. მისი ხელფასი კი 2445 ლარია.
გასულ წელთან შედარებით გაზრდილია დირექტორის ხელფასიც – 225 ლარით.
გასულ წელთან შედარებით გაუზრდიათ, მაგალითად, დურგლის ხელფასი – ოღონდ მხოლოდ 45 ლარით და ჯამში მისი ანაზღაურება 505 ლარია.
ბათუმის დრამატული თეატრის ერთი ჯგუფი ნუკრი ქანთარიას დანიშვნის ეტაპზე განიხილავდა, როგორც „მოვლენილ ცენზორს“, უფრო ზუსტად კი, მინისტრ თეა წულუკიანის „გავლენის აგენტს“. თუმცა მათ ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ.
„მეეჭვება, რომ ნუკრი ქანთარიამ ჩაუშვას მთავრობის საწინააღმდეგო სპექტაკლი დადგმაში, ის პირდაპირ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“… „ოცნება“ ყველგან ცდილობს თავისი კადრების გაყვანას,“ – ეს შეფასება კი მსახიობ ოთარ ქათამაძეს ეკუთვნის, რომელიც 2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია.
„ბათუმელებმა“ სცადა თავად ნუკრი ქანთარიასთან დაკავშირება, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. რეჟისორ ნუკრი ქანთარიასთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ მოითხოვა ხელფასის გაორმაგება და რა გეგმები აქვს, მაგალითად, ამ სეზონზე ან შემდეგ სეზონზე – რა და რამდენი სპექტაკლი დაიდგმება.
____
როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ქანთარია ამ თანამდებობაზე აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მოვალეობის შესრულებას პირველი აგვისტოდან შეუდგა.
კითხვაზე, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი, სამინისტროში გვითხრეს, რომ მინისტრს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება აქვს.
ნუკრი ქანთარია ორი მოწვევის პარლამენტარი იყო „ქართული ოცნებიდან“. ის პროფესიით დრამის რეჟისორია.
უკვე მერამდენე წელია ქობულეთში ჩამოსულ ტურისტს ზღვისპირას, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, დაუსრულებელი სამშენებლო პროცესი ხვდება. შპს „კრიტალ ბილდინგის“ პროექტი ჯერ ისევ ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაშია, ტერიტორია კი – თუნუქის სამშენებლო ღობით შემოღობილი. გაჩერებულია ე.წ. „მწვანე ქალაქის“ მშენებლობაც.
ერთ შემთხვევაში კომპანიამ ნებართვების მოპოვება და მშენებლობის გარკვეულ კონდიციამდე მიყვანა შეძლო, მეორე პროექტი კი ჯერ არც დაწყებულა. თავდაპირველი შეთანხმებით ამ დრომდე ორივე კომპანიას მინიმუმ 10 მილიონის ინვესტიცია უნდა ჰქონდეს განხორციელებული.
გაჩერებულია ორი მასშტაბური პროექტი, რომლებიც აჭარის მთავრობამ ქობულეთში პომპეზურად დააანონსა – კომპანიები ვალდებულებას ვერ ასრულებენ.
2018 წელს აჭარის მთავრობასთან დადებული გარიგების თანახმად, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. კომპანიამ დაირეგისტრირა ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 კვადრატული მეტრი. მოგვიანებით კი, ინვესტორმა მისი ნაკვეთის გასწვრივ პლაჟიც მოითხოვა და, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიიღო კიდეც.
აუქციონის პირობებით, გასხვისებულ ტერიტორიაზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოიცავდეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და დამხმარე [გასართობი] შენობებს. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 220 ნომერი, არანაკლებ 300 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპაცენტრი, ღია და დახურული აუზები.
დაგეგმილი კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. საერთო ჯამში კი კომპანიამ პროექტის ფარგლებში 200 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„კრისტალ ბილდინგის“ ტერიტორია ერთ-ერთია იმ 21 ობიექტს შორის, რომელიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, მთავრობამ 2006 წელს გაასხვისა. 2016 წელს ქონების ნაწილი, მათ შორის, ეს ტერიტორიაც ქობულეთში, აჭარის მთავრობამ ახალი შეთანხმებით დაიბრუნა და შემდეგ გაასხვისა.
გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტრამდე მიწა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს.
ქობულეთში მდებარე სამ ნაკვეთზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „გრინ რეზორტთან“ ნასყიდობის ხელშეკრულებები 2019 წლის 21 მარტს გააფორმა. ნაკვეთების საერთო ფართობი 1 796 308 კვ.მ-ია. ამ დროისთვის კომპანიას მხოლოდ ერთი ვილის მშენებლობა აქვს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული.
არა მხოლოდ ამ კომპანიებს, აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებები ინვესტორებს კიდევ ერთხელ, ამჯერად 30 თვით გაუგრძელა – მიზეზად პანდემიით გამოწვეული პრობლემები დაასახელეს.
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2022 წლის 28 ივლისს მოაწერა ხელი.
ცვლილების მიხედვით, ინვესტორებს, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პრივატიზებულ, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული [დასარიცხი] პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას, მთავრობა მისცემს დამატებით ვადას და გაათავისუფლებს პირგასამტეხლოსგან.
დადგენილებაში წერია ასევე, რომ ასეთ შემთხვევაში ინვესტორებს ექნებათ ვალდებულება, შეინარჩუნონ დასაქმებულთა ოდენობა.
დადგენილების მიხედვით, შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება. თუმცა იმავე დადგენილების მიხედვით, მთავრობამ შეღავათები მათთვისაც დააწესა. დამატებითი ვადა მისცა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად და დაკისრებული პირგასამტეხლოსგანაც გაათავისუფლა.
შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ინვესტორები თავისუფლდებიან 2020 წლის 1-ელი მარტიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდის სარგებლობის/წილის მართვის უფლების საფასურის და ამავე პერიოდის სარგებლობის, წილის მართვის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
5 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპება შიმშილით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში – წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი ჟურნალ Nature food-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.
ასეთია ყველაზე უარესი სცენარი იმ პუბლიკაციის თანახმად, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, რა არაპირდაპირი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ატომურმა ომმა და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ჭვარტლმა, რომელიც ქალაქებისა და ტყეების გადაწვის შემდეგ ატმოსფეროში გაჩნდება.
„რუთგერის უნივერსიტეტის ჯგუფი ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც გამოთვალა, რა მოცულობის მოსავალი დაზიანდება გლობალურად, თუკი კვამლის ღრუბლები დაფარავს მზეს და საკვებს შეუწყვეტს მცენარეს, რომლითაც შემდეგ ადამიანები იკვებებიან,“ – წერს The Hill-ი.
მკვლევრებმა, პირველ რიგში, შეაფასეს და განსაზღვრეს იმ ფერფლის სავარაუდო რაოდენობა, რომელიც ბირთვული ომის შემთხვევაში დიდი ქალაქების გადაწვის შედეგად წარმოიქნება. მაგალითად აიღეს ინდოეთის, პაკისტანის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავარი ქალაქები. შემდეგ, იმის გასარკვევად, თუ როგორ იმოძრავებს ეს ფერფლი დედამიწის გარშემო და რა ზიანს მიაყენებს ის მოსავალს. ეს მონაცემები აშშ-ის კლიმატის პროგნოზირების სახელმწიფო პროგრამაში შეიყვანეს.
„პროგრამამ დაადგინა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული ომის შემთხვევაში, ქარი კვამლის ღრუბლებს მოაგროვებს სურსათის ისეთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნების თავზე, როგორებიც აშშ, ჩინეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთია.
ამ ქვეყნებში მცენარეული კულტურების მოსავლის კატასტროფული შემცირება სათავეს დაუდებს მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც მსოფლიოს სასურსათო კრიზისამდე მიიყვანს. სურსათის ექსპორტის შეჩერება კი გამოიწვევს შიმშილს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც მთლიანად ექსპორტირებულ პროდუქციაზე არიან დამოკიდებული,“ – აღნიშნავს გამოცემა.
ამ სცენარით, დედამიწის მოსახლეობის ¾ ომის დამთავრებიდან კიდევ ორი წლის შემდეგაც იშიმშილებს. ბირთვული შეტაკებიდან სამი ან ოთხი წლის მერე კი 90 %-ით იქნება შემცირებული მცენარეული კულტურების მოსავალი და ხორცისა და თევზის მარაგი, რაც გლობალურად შიმშილსა და თანმდევ ქაოსს გამოიწვევს.
„მაგალითად, სტრატოსფეროს გაცხელება გაანადგურებს ოზონის ფენას, გააძლიერებს მზის ულტრაიისფერ რადიაციას და ჩვენ უნდა გვესმოდეს ამის გავლენა სურსათის მარაგებზე,“ – ამბობს ლილი შია, რუთგერის უნივერსიტეტის კვლევის თანაავტორი.
კვლევის თანახმად, ყველაზე მცირე მასშტაბის ლოკალური ბირთვული ომიც კი, მაგალითად ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ჰაერში იმდენ ფერფლსა და კვამლს წარმოქმნის, რომ მოსავლის მოცულობა გლობალურად 7 %-ით შემცირდება. ეს მაჩვენებელი ბევრად მცირეა იმ შედეგზე, რომელიც შესაძლოა აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულმა ომმა მოიტანოს.
NASA-ს შარშანდელი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 2030 წლიდან ისედაც მოსალოდნელია მცენარეული და მარცვლეული კულტურების მოსავლის შემცირება, რადგან „ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებების შედეგი უფრო ადრე დადგება, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.“
„ახალი კვლევის დასკვნა ნათელია: ბირთვული ომი მსოფლიოს სასურსათო სისტემას მიწასთან გაასწორებს,“ – ამბობს კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი ალან რობოკი.
„რადგან ბირთვული იარაღი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია. სამყარო არაერთხელ დადგა ბირთვული ომის საფრთხის წინაშე,“ – დასძენს რობოკი. – „ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი ამ იარაღის აკრძალვაა“.
რობოკი იხსენებს ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ გაეროს შეთანხმებას, რომელიც 66 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული და რომლის ხელმომწერთა შორის არ არიან ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნები.
„ჩვენი ნამუშევარი ცხადს ხდის, რომ დროა, ამ 9 ქვეყანამ ყური დაუგდოს მეცნიერებას, დანარჩენ მსოფლიოს და ხელი მოაწეროს ამ შეთახნმებას,“ – ამბობს რობოკი.
ბირთვულ იარაღს დღეს მსოფლიოში ცხრა ქვეყანა ფლობს: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.
ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს.
კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია.
პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეონაკადის [სტრიმის] უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ბათუმში მდებარე სასერვერომდე [ანგისა] და თბილისის [სსიპ 112] მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში“.
ამასთან, „შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება [ადგილზე], რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. პრეტენდენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.“
რაც შეეხება ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, ის უნდა მოეწყოს ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სკვერში, ანწუხელიძის სახელობის სკვერში, ასევე ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულ სკვერში.
ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის, მათ შორის, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს არაუგვიანეს 2022 წლის 25 დეკემბრისა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 14 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბერს დასრულდება,
ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში, ასევე, ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათსა და დაგვაში მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის 24 აგვისტოდან დაიწყება.
რეესტრის ინფორმაციითვე, „რეესტრი შესულია და მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია აჭარის შემდეგ სოფლებში: დანდალოში, წონიარისში [ქედა], დღვანში, უჩამბაში, ჭვანაში [შუახევი], ასევე ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო].
საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს.
მოქალაქეებს, რომლებიც ნაკვეთებს ფლობენ იმ სოფლებში, სადაც მიწის აზომვა დაწყებულია ან აწი დაიწყება, შეუძლიათ საჯარო რეესტრს დაუკავშირდნენ და მიაწოდონ ინფორმაცია ამ ბმულის საშუალებით.
აღნიშნული ბმულის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ მათი საკონტაქტო მონაცემები და მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საჯარო რეესტრს.
მიწის აზომვების გეგმა-გრაფიკი კი, დასახლებული პუნქტების და წლების მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
მიწის რეგისტრაცია საქართველოში ორი წესით მიმდინარეობს – სისტემური და სპორადული.
სისტემური წესით მიწის რეგისტრაციის ადგილებს იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს და ამ ადგილებში კერძო ნაკვეთების რეგისტრაცია მოქალაქეებისთვის უფასოა;
სპორადული წესითმიწის რეგისტრაციის დროს კი, მოქალაქე თავად აკეთებს საკადასტრო ნახაზს, რაც ფასიანია და შესაბამის დოკუმენტებთან ერთად წარადგენს საჯარო რეესტრში. ამის შემდეგ ყველა პროცედურა, მიწის რეგისტრაციის ჩათვლით, მოქალაქეებისთვის იყო უფასო, თუმცა რეგისტრაცია 2022 წლის იანვრიდან უკვე ფასიანია.
ვლადიმერ პუტინი უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, კიევის სამ დღეში აღებას, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და „თუ საჭირო გახდებოდა“ მის მკვლელობასაც გეგმავდა – წერს The Washington Post-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში აშშ-ის, უკრაინის, ევროპისა და NATO-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
გავლენიანი ამერიკული გამოცემის ვრცელი სტატია 2021 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში შეკრებით იწყება. აშშ-ის უმაღლესი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდებიან და დაზვერვის საიდუმლო ცნობებს გადასცემენ. დაზვერვის ცნობები სატელიტურ ფოტოებს, სატელეფონო საუბრებსა და სხვა წყაროებს ეყრდნობა – ყველაფერი მიუთითებს, რომ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას გეგმავს.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკულმა დაზვერვამ ინფორმაციის მიღება შეძლო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ჯაშუშური აპარატისა და სამხედროების რიგებიდან.
The Washington Post-ის ცნობით, პუტინის გეგმები ამჯერად ბევრად უფრო რადიკალური იყო, ვიდრე 2014 წელს და ის უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას ითვალისწინებდა.
გამოცემა წერს, რომ კრემლის გეგმები პირდაპირ საფრთხეს შეუქმნიდა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს და მთლიანად დაანგრევდა ევროპის უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა.
„ჩვენი შეფასებით, ისინი უკრაინაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიულ თავდასხმას გეგმავენ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით,“ – უთხრა ბაიდენს აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ 2021 წლის ოქტომბერში.
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებს ჩრდილოეთიდან, ორი მხრიდან უნდა შეეტიათ კიევისთვის. ძალების ერთი ნაწილი დედაქალაქისკენ ჩერნიგოვის გავლით უნდა დაძრულიყო, მაშინ როდესაც დანარჩენ ჯარებს დასავლეთიდან უნდა მოექციათ კიევი ალყაში.
რუსები თავდასხმის დაწყებას ზამთარში გეგმავდნენ, რათა ტანკებისთვის გადაადგილება უფრო იოლი ყოფილიყო. კრემლი კიევის აღებას სამ-ოთხ დღეში აპირებდა. რუსეთის სპეცრაზმი უნდა შესულიყო დედაქალაქში და თუკი „საჭირო გახდებოდა“, მოეკლა პრეზიდენტი ზელენსკი. ამის შემდეგ მოსკოვი უკრაინაში მარიონეტულ ხელისუფლებას დანიშნავდა.
გამოცემა წერს, რომ კიევის აღების პარალელურად, აღმოსავლეთიდან წამოსული არმიის დანაყოფები უკრაინის ცენტრის გავლით მდინარე დნეპრამდე უნდა მისულიყვნენ, მაშინ, როდესაც ყირიმიდან წამოსულ ჯარებს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო უნდა დაეპყროთ. გეგმის მიხედვით, ამ ყველაფერს რამდენიმე კვირა უნდა დასჭირვებოდა.
ამის შემდეგ, რუსეთის ძალები უნდა გადაჯგუფებულიყვნენ, გადაიარაღებულიყვნენ და დაძრულიყვნენ დასავლეთისკენ – მოლდოვიდან დასავლეთ ბელარუსამდე და გავლილ გზაზე უნდა დაეტოვებინათ უკრაინის სახელმწიფოს ნარჩენები – ტერიტორია, რომელიც, პუტინის აზრით, დასახლებული იყო „გამოუსწორებელი ნაცისტი რუსოფობებით“.
„გვეჩვენებოდა, რომ ეს არ იყო ის, რაზეც შეიძლებოდა გონიერი სახელმწიფო წასულიყო,“ – ამბობს თეთრ სახლში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.
The Washington Post-ი წერს, რომ ანალიტიკოსების აზრით, პუტინი თავდასხმისთვის შერჩეულ დროს ხელსაყრელად მიიჩნევდა, რადგან, მისი ვარაუდით, ბაიდენის ადმინისტრაცია ისედაც დასჯილი იყო აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან დამამცირებელი გაყვანით და ახალ ომებში არ ჩაერთვებოდა; აშშ და ევროპა ჯერ კიდევ პანდემიას ებრძოდნენ; გერმანიაში ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო; ემანუელ მაკრონს საფრანგეთში წინ ახალი არჩევნები ელოდა; დიდი ბრიტანეთი კი „ბრექსიტის“ ეკონომიკურ შედეგებს ებრძოდა.
„კონტინენტის დიდი ნაწილი დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე, რის გამოყენებითაც პუტინი დასავლურ ალიანსში განხეთქილების შეტანას გეგმავდა. მან ასობით მილიარდი დოლარის რეზერვი შექმნა და დარწმუნებული იყო, რომ რუსული ეკონომიკა გაუძლებდა გარდაუვალ სანქციებს, როგორც ეს წარსულში მოხდა,“ – წერს გამოცემა.
სტატიაში დეტალურადაა მოთხრობილი, რა ხდებოდა ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა თუ კიევში 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, რა საუბრები და ვიზიტები შედგა ქვეყნების პრეზიდენტებსა და უმაღლეს პირებს შორის და ისიც, თუ რატომ თქვა უარი უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლო ომისა და მოსკოვის გეგმების შესახებ საჯაროდ რამდენიმე თვით ადრე გამოეცხადებინა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებულ შტატებს გაუჭირდა პარტნიორებისა და უკრაინის ხელისუფლების დარწმუნება, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალური იყო.
„ჩვენს ადგილას წარმოიდგინეთ თავი“ – ამბობს კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. – „ერთი მხრივ, აშშ-ის დაზვერვა გიყვება სრულიად წარმოუდგენელ რამეს და მეორე მხრივ, ყველა თვალს გიკრავს და გეუბნება, რომ ეს ის არ არის, რაც, მათი აზრით, მოხდება“.
„ჩვენ მივიღეთ ყველა ის ინფორმაცია დასავლელი პარტნიორებისგან, რაც მოგვცეს,“ – გაიხსენა მოგვიანებით ერმაკმა, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა. – „მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ: წარმოიდგინეთ პანიკა, რომელიც დაიწყებოდა. პანიკის შექმნა რუსების მეთოდია – წარმოიდგინეთ პანიკა, რომელიც დაიწყებოდა სამი ან ოთხი თვით ადრე. რა დაემართებოდა ეკონომიკას? გავძლებდით ასე ხუთ თვეს, როგორც ახლა შევძელით?“
„იმ მომენტისთვის, როცა რუსეთი შემოიჭრებოდა, მართლა სამ დღეში აგვიღებდნენ. ჩვენი შინაგანი ინსტინქტი მართალი აღმოჩნდა: თუ ჩვენ ქაოსს დავთესავდით ხალხში თავდასხმამდე, რუსები გადაგვყლაპავდნენ,“ – ამბობს ზელენსკი. – „მოდი, მომავალში განსაჯოს ხალხმა, სწორი იყო თუ არა ეს. მე მქონდა შეგრძნება, რომ რუსებს სურდათ მოვემზადებინეთ იმისთვის, რომ იოლად დაგვეთმო ქვეყანა.“
WP-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2022 წლის 19 იანვარს კიევში ჩავიდა და ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას შეხვდა.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო უკრაინის ხელისუფლების უსაფრთხოება. – „ჩვენ უკრაინელებს ორი რამ ვუთხარით,“ – თქვა ბლინკენმა მოგვიანებით. – „ჩვენ მხარს დაგიჭერთ იმაში, რასაც თქვენ გადაწყვეტთ და ჩვენი რეკომენდაციაა… როგორ შეიძლება ხელისუფლებამ გააგრძელო მუშაობა იმ პირობებში, რაც მოხდება“.
ზელენსკიმ ბლინკენს უთხრა, რომ ის კიევში დარჩებოდა.
გამოცემის ცნობით, 18 თებერვალს აშშ-ის ხელისუფლება უკვე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, საფრანგეთი კი ჯერ კიდევ ცდილობდა კრიზისიდან გამოსავლის პოვნას. 20 თებერვალს მაკრონმა პუტინს დაურეკა და ჟენევაში ბაიდენთან შეხვედრაზე მის დათანხმებას ცდილობდა.
მეორე დღეს პუტინმა ოფიციალურად აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
The Washington Post-ის სტატია ისევ თეთრ სახლში საგანგებო შეკრებით სრულდება.
23 თებერვლის საღამოს თეთრმა სახლმა დაზვერვის სასწრაფო ცნობა მიიღო: „დიდი ალბათობით“ სამხედრო აგრესია უკვე დაიწყო. ჯარები დაიძრნენ, რუსებმა რამდენიმე რაკეტა ისროლეს.
ჯეიკ სალივანმა (თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა) კიევში ერმაკს დაურეკა. ერმაკმა დალოდება სთხოვა – მას ტელეფონთან ზელენსკის მოყვანა სურდა, რათა ბაიდენს პირადად დალაპარაკებოდა.
ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ლიდერსა და დიპლომატს დაჰკავშირებოდა, რათა საჯაროდ მიემართათ პუტინისთვის და მოეწოდებინათ, „შეჩერებულიყო“.
„ზელენსკი შეშფოთებული იყო“ – ეუბნება გამოცემას წყარო. მან ბაიდენს უთხრა – „მოგვაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც კი გაქვთ. ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ თავს დავიცავთ, ჩვენ ვიდგებით, მაგრამ თქვენი დახმარება დაგვჭირდება.“
მთავარი ფოტო: The Washington Post-ის სტატიის ილუსტრაცია
ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას გასულ წელს წარუდგინეს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად მერიიდან გასულ კვირას გადაუგზავნეს. საკრებულო გდგ-ს კონცეფციის დამტკიცებას მომდევნო სხდომაზე, 22 აგვისტოს გეგმავს.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორივე პროექტის შემთხვევაში კომპანიები ასევე ითხოვენ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [k2] გაზრდას 16.0-მდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბულვართან ახლოს „ალიანს ფრივილიჯის“ მშენებარე სასტუმროს გვერდით როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, ორი ახალი მრავალსართულიანი შენობა გაჩნდება.
ამონარიდი დოკუმენტიდან: აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=16,0- მდე, რაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საჭიროებს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებას. საპროექტო ნაკვეთები ქალაქ ბათუმის გენერალური გეგმის მიხედვით მდებარეობს შერეული ზონაში (შზ), ხოლო განაშენიანების გეგმის მიხედვით კი საქმიან ზონაში (შზ-3), სადაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2=4,6-მდე.
მერიის განმარტებით, დასაგეგმარებელი ტერიტორია მოიცავს რუსთაველის და ნინოშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალს, ორი ახალი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შემდეგ ამ კვარტალში მაღლივი სასტუმროების მწკრივი გაჩნდება: სასტუმრო „ჰილტონი“, „ბრიტიშ დეველოპმენტის“ დაგეგმილი თაუერი, მშენებარე „ალიანსი ფრივილიჯი“, შემდეგ უკვე „ვესტინვესტის“ თაუერი.
ფოტო გდგ დოკუმენტიდან
მერია განკარგულების პროექტში წერს ასევე, რომ განაშენიანების ინტენსივობის k2 კოეფიციენტის გადამეტების საკომპენსაციო ღონისძიების სახე და მასთან დაკავშირებული პირობები დაზუსტდება განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ეტაპზე.
კომპანია „ვესტინვესტს“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ 525 001 ლარად 2016 წელს მიჰყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2017 წელს, ეს კომპანია, ნაყიდ მიწის ნაკვეთთან ერთად, 4 მილიონ 300 000 აშშ დოლარად [ლარის ეკვივალენტით] მიჰყიდეს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფს“. ახალ მფლობელს 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც გადაეცა.
ფოტო გდგ დოკუმენტიდან
„ორბი ლოჯისტიკ ჯგუფთან“ კავშირშია შპს „ბრიტიშ დეველოპმენტიც“ – ის 2017 წელს, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა. დირექტორად ჯორჯი რურუა ფიქსირდებოდა. 2018 წლიდან კი, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი ბიზნესმენი ზვიად ზოიძე გახდა. ახლა უკვე კომპანიის მფლობელი ზაზა ზოიძეა.
შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში მშენებლობის უფლებას შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს.
შპს „ვესტინვესტი“ რუსთაველის #44-ში 3508 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ნაკვეთები აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიებს 2016 წელს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით მიჰყიდა. კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ქონების შეძენიდან მალევე წილები სრულად გაასხვისეს.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი, რევაზ ნაკაშიძე გვიდასტურებს, რომ ზაფხულის სიცხესთან ერთად იმატა ჰოსპიტალში მიმართვიანობამ ბავშვთა ნაწლავური ინფექციებით. მისივე თქმით, ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან თავის ასარიდებლად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები:
საჭიროა გაკონტროლდეს რამდენად ხშირად იბანს ბავშვი ხელებს
კერძები აუცილებლად უნდა იყოს ახალმომზადებული
არ არის სასურველი მომზადებული კერძების მაცივარში შენახვა
თუ ასე არ ხერხდება, მაშინ მაცივრიდან გამოღებული კერძი აუცილებლად უნდა გაცხელდეს ადუღებამდე
უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვსვამთ ხარისხიან, სუფთა წყალს
არ არის სასურველი საკვების პლაჟზე მიღება
არ არის სასურველი მალფუჭებადი პროდუქტებით კვება
რაც იფცქვნება ან ითლება, ყველაფერი უნდა გაიფცქვნას და გაითალოს
თუ ბავშვს აღენიშნება ფაღარათი, ცხელება ან ღებინება, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ბავშვის სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსია
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია ასევე, თუ ბავშვს აქვს სისხლიანი ან წყლიანი დიარეა
ბათუმის ინფექციური ცენტრის ინფექციონისტი, ლალი საღარაძე განმარტავს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს მიკროორგანიზმები გაცილებით სწრაფად მრავლდება, ვიდრე შემოდგომასა და ზამთარში:
„ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს, პირად ჰიგიენასა და თერმულად კარგად დამუშავებული საკვების მიღებას, ხილისა და ბოსტნეულის გამდინარე წყლით გარეცხვას.
მოწამვლისას, როგორც ნაწლავურ ინფექციას ეძახიან, ორგანიზმი კარგავს მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ნატრიუმი და კალიუმი. ამ დროს კი შეიძლება განვითარდეს გაუწყლოება.
ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნაწლავური ინფექციისას უნდა მიიღოს ელექტროლიტური ხსნარები, ბავშვებსაც უნდა მივაღებინოთ ეს ხსნარები ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში. თუ ბავშვს აქვს ღებინება და ვერ სვამს ხსნარს, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და ინფუზიის გაკეთება“, – ამბობს ინფექციონისტი.
ლალი საღარაძის თქმით, ელექტროლიტური ხსნარების მიუღებლობამ ნაწლავური ინფექციებისას შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გასქელება, ამ დროს ორგანიზმს ჟანგბადი აღარ მიეწოდება და შეიძლება შოკიც კი განვითარდეს: „ნაწლავურმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის გასქელება და ჟანგბადის დეფიციტი. შესაბამისად, არსებობს შოკის განვითარების ალბათობაც ზომების დროულად მიუღებლობის შემთხვევაში“.
მარტის დასაწყისში ლატვიის სეიმის კანცელარიამ პარტია „კონსერვატორების“ წევრისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იურის იურაშის განცხადება მიიღო. ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა.
იურაშმა პარლამენტარის მანდატი დატოვა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, იბრძვის ჩვენი, მათ შორის ლატვიისა და ევროკავშირის თავისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია, საერთო გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ,“ – თქვა მაშინ იურის იურაშმა.
47 წლის პოლიტიკოსი 7 მარტის შემდეგ უკრაინაშია.
მარტის დასაწყისში, უკრაინული ინტერნეტტელევიზია Hromadske-ს ჯგუფი შემთხვევით შეხვდა იურაშს კიევის გარეუბანში, სადაც კიევის ტერიტორიული თავდაცვის ძალები და მოხალისეთა ბატალიონი „კარპატების სეჩი“ რუსების შეტევის მოსაგერიებლად ემზადებოდნენ.
სამი თვის შემდეგ, ჟურნალისტები იურისს კიდევ ერთხელ შეხვდნენ, ამჯერად ხერსონის ოლქში, ოკუპირებული იზიუმიდან ათობით კილომეტრის დაშორებით.
სწორედ აქ ცდილობენ რუსები, ჩრდილოეთიდან შემოარტყან ალყა სლოვიანსკს. თუმცა არ გამოსდით – მოხალისეები მათ ერთ მეტრსაც კი არ უთმობენ.
იურის იურაში Hromadske-ს უყვება, როგორ და რატომ იბრძვის უკრაინაში, რა არის ყველაზე რთული ომში და რატომ ფიქრობს, რომ ასე მეტის გაკეთება შეუძლია უკრაინისთვის, ვიდრე პოლიტიკოსობით.
დეპუტატობიდან ჯარისკაცობამდე
ჩემი სამხედრო გზა სხვებისგან გამორჩეული სულაც არაა – ისეთივეა, როგორიც ჩვენი ბატალიონის ნებისმიერი წევრის. თავიდან ირპენში ვიყავით, რის შემდეგად პირდაპირ აქ გადმოგვისროლეს, იზიუმის მიმართულებაზე. აქ უკვე რამდენიმე თვეა, პოზიციები გვიჭირავს და ვიბრძვით.
მე სამხედრო არ ვარ, მაგრამ ლატვიის სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომაც მქონდა საფუძველი, სწრაფად მესწავლა და გამოცდილება მიმეღო.
ეს ტექნოლოგიებისა და მძიმე შეიარაღების ომია. კარგად გვესმის, რომ თანამედროვე დასავლური შეიარაღების გარეშე ომში გარდატეხის მიღწევა ძალიან რთული იქნება. მაგრამ გვესმის ისიც, რომ უკვე ბევრს მივაღწიეთ.
იურის იურაში იზიუმთან/ფოტო: Hromadske.ua
ის, რომ ახლა შეგვიძლია თავდაცვა გავამაგროთ და ჩვენი ამოცანები შევასრულოთ, მებრძოლების ძალიან მაღალი მოტივაციისა და ძლიერი საბრძოლო სულის დამსახურებაა. მაგრამ როგორი ძლიერიც უნდა იყოს მოტივაცია, ომის მოსაგებად საკმარისი მაინც ვერ იქნება. შეიარაღებაა საჭირო. ოკუპანტები ბევრად უკეთ არიან უზრუნველყოფილი ყველაფრით და მხოლოდ საბრძოლო განწყობით სიტუაციის შემობრუნებას ვერ შევძლებთ.
ის, რის მიჩვევაც შეუძლებელია
ამას ერაყსა და ავღანეთსაც ვერ შევადარებ. აქ ბევრი უცხოელი იბრძვის და იცავს უკრაინის თავისუფლებას. მათ აქვთ გამოცდილება და ყველა ამბობს, რომ ასეთი ომი, ასეთი რთული სიტუაცია არსად უნახავთ. აქ თავისებური ომია. თანამედროვე შეიარაღების, ტანკების, არტილერიის, მძიმე შეიარაღების ომი – ყველაფრის საფუძველი ესაა და ვისაც აქვს უპირატესობა, სიტუაციასაც ის აკონტროლებს.
სამწუხაროდ, სიტუაცია ფრონტზე შორსაა იმისგან, რომ დანაყოფების როტაცია, დასვენება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალების მოკრება შეგვეძლოს. ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მებრძოლებიც გვაკლია. პოზიციებზე დატვირთვა ახლა ძალიან სერიოზულია და ისეთი საშიში მომენტებიც დგება, როდესაც ადამიანები იღლებიან მუდმივი დაძაბულობისგან და სიფრთხილის შენარჩუნება უჭირთ. ხდება, რომ მებრძოლები მოდუნდებიან ხოლმე. არა იმიტომ, რომ არ იციან ან არ ესმით რა საშიშია ეს, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან დაიღალნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა ხაზზე მებრძოლებს დასვენების საშუალება ჰქონდეთ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
ყველაზე რთულია იმის ნახვა, როგორ კვდებიან შენი მეგობრები და თანამებრძოლები. ეს ყოველთვის მტკივნეულია, რადგან ჩვენ აქ ოჯახივით ვართ, გუნდი, რომლის თითოეული წევრიც მზადაა მეორეს გვერდში დაუდგეს.
და როდესაც გუნდიდან ვინმე იღუპება, ყველა ძალიან განვიცდით. შეუძლებელია, ამას მიეჩვიო.
რეალურ ფრონტზე თუ დიპლომატიაში?
აქედან უკეთ შემიძლია დავეხმარეო უკრაინას. აქედან შემიძლია უკეთესი კოორდინაცია გავუწიო იმ დახმარებასაც, რომელსაც უკრაინა ლატვიიდან იღებს.
ჩემი პირადი შეგრძნებაა, რომ აქ ყოფნით მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ლატვიაში დარჩენით.
ეს ჩემი არჩევანია. მე ასე მესმის, რომ ასე უნდა დავეხმარო უკრაინას, ევროპას და მთელ მსოფლიოს. ეს არ არის უკრაინის ომი რუსეთთან, სინამდვილეში, ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ომია აგრესორთან, რომელიც უკრაინას დაესხა თავს. თუ ჩვენ ყველა ერთად ვერ გავიმარჯვებთ ახლა, ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, სად მიგვიყვანს ეს.
მთელმა მსოფლიომ უნდა გაცნობიეროს, რომ ეს ჩვენი საერთო ომია ბოროტებასთან, ბოროტების იმპერიასთან და ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ ოკუპანტი უკრაინაში, რომ წინ ვეღარ წავიდნენ.
სიცრუეა, რომ შიში არ არსებობს
როდესაც პირველად ხვდები სიტუაციაში, როდესაც გვერდით ჭურვები ფეთქდება და გესვრიან, ორგანიზმი შეიძლება გაქვავდეს თავდაცვის ინსტინქტისგან. წინასწარ ვერ მიხვდები, როგორ მოიქცევი ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში.
ვინც ამბობს, რომ შიში არ არსებობს, ცრუობს. საკითხი სხვაგვარად დგას – როგორ უმკლავდებიან მეომრები შიშს, როგორ აკონტროლებენ მას. ამისთვისაა აუცილებელი სწავლება, მომზადება.
არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იოლად აეწყონ ნებისმიერ სიტუაციას, მაგრამ ყველა ასე არაა.
თუ გაქვს ასეთი ცოდნა და გამოცდილება, როგორც მებრძოლს, უკვე სრულიად სხვა პოტენციალი გაქვს. ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ სამხედროების რაოდენობა არაა წარმატების გარანტია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მომზადებულნი არიან ისინი ომისთვის. ზოგჯერ 5-6 მებრძოლს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 50-ს. ადამიანები, რომლებსაც ესმით და იციან, რას აკეთებენ, სხვანაირად აწარმოებენ ომს, მაშინ შეიძლება 5-6 სამხედროც კი გეყოს რაიმე ამოცანის შესასრულებლად.
ახალწვეულებს, რომლებსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ გაუსვრიათ ავტომატიდან, ბუნებრივია ეშინიათ, როდესაც ასეთ ვითარებაში ხვდებიან. მათ ხომ ასეთი რამ არასოდეს განუცდიათ, არ იციან, როგორ მოიქცნენ, ზოგჯერ არც არავინ ჰყავთ გვერდით, რომ მაგალითი აჩვენოს და ურჩიოს რამე. სამწუხაროდ, არის ასეთი ნიუანსებიც, რომელსაც ვაწყდებით. ახლა ბევრი ახალგაზრდაა, რომლებმაც მომზადება ვერ მოასწრეს, ან საკმარისად ვერ მოემზადნენ და ბუნებრივია, ბრძოლაში თავდაჯერება აკლიათ.
იურის იურაში/ფოტო: ფეისბუქიდან
მოხალისეთა მოტივაციაზე
მეც მოხალისე ვარ.
ისეთი მოტივაცია, როგორც აქ აქვთ მოხალისეებს, არსად მინახავს. აქ ვინც იბრძვის, ომის პირველი დღეებშივე მოვიდნენ. მოვიდნენ არა იმიტომ, რომ გამოიძახეს ან ვინმემ აიძულა – არამედ იმიტომ, რომ მათი გული სამშობლოსთვის ძგერს და მზად არიან, თუნდაც ერთი ავტომატით ხელში იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენ ვხედავთ, როგორი მოტივირებულები არიან უკრაინელი მებრძოლები, როგორი ძლიერი საბრძოლო განწყობა აქვთ და ვხედავთ იმისაც, როგორი საპირისპიროა მოწინააღმდეგის განწყობა.
ვერ ვიჯერებ, რუსი სამხედროები, რომლებიც აქ იმყოფებიან, ვერ აცნობიერებენ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს „სპეცოპერაციასთან ნაცისტების წინააღმდეგ.“
კი, რუსეთში მათ კვებავენ დეზინფორმაციით, მუდმივი ტყუილებით, რათა გაამართლონ რაც აქ ხდება. იქ ადამიანები უკვე გადაეჩვივნენ კრიტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გაანალიზებას, ფაქტების დანახვას. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს არის ერთი დიდი ფარა, რომელიც ვერ აღიქვამს უკრაინაში არსებულ რეალობას. ომი, რომელიც მათ წამოიწყეს, რუსეთის ნგრევას დააჩქარებს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.
ის, რომ მეორე მსოფლიო ომიდან 80 წლის შემდეგ დაიწყო ასეთი ომი, ასეთი გენოციდი, ამის გააზრება ძალიან რთულია. წარმოუდგენელია იმის მიღება, რაც ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ – ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმები, ქალებისა და ბავშვების დახოცვა.
როდესაც მშვიდობიანი ადგილიდან ჩამოდიხარ აქ, თითქოს სადღაც არარეალურ გარემოში ხვდება, ძალიან გიჭირს ამ ყველაფრის აღქმა. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ურჩხულებს შეუძლიათ, მათ, ვისთვისაც სიცოცხლეს ფასი არ აქვს. არა მხოლოდ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვისაც თავს ესხმიან, არამედ საკუთარი სამხედროების სიცოცხლესაც.
გაჩერდება რუსეთი?
ახლა ის ნაძირალა, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო, კუთხეშია მიმწყვდეული. მანევრისთვის სივრცე აღარ დარჩა. მას არ შეუძლია თქვას, რომ მოდი აქ დავასრულოთ და მერე ეს თავის ქვეყანაში „გაყიდოს“.
რაღაც შედეგი მაინც უნდა აჩვენოს და როგორც ვხედავთ, მისი გეგმა მინიმუმი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებია. თუ მათაც ვერ შეინარჩუნებს, რუსეთს ვეღარაფერს „მიჰყიდის“.
მე, პირადად, ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, რომელშიც უკრაინა დათანხმდება მშვიდობიან მოლაპარაკებებს ან გაყინავს ამ კონფლიქტს იმ პირობებით, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს კონტროლი დონეცკსა და ლუგანსკზე.
მშვიდობიანი მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა თავის ტერიტორიულ საზღვრებს აღიდგენს, იმ საზღვრებს, რომელიც 2014 წლის ომამდე ჰქონდა.
დასრულდება თუ არა ომი მომავალ წლამდე
მინდა მჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა მე რეალისტურად ვუყურებ მოვლენებს. თუკი უკრაინის დამცველებს საკმარისი თანამედროვე შეიარაღება ექნებათ, ეს ნამდვილად შესაძლებელი გახდება.
საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იაპონიის საელჩოს მიერ დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები – ამ და სხვა თემებზე ესაუბრა „ბათუმელები“ იაპონიის ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას. ინტერვიუ ჩაწერილია 23 ივლისს, ბათუმში.
ბატონო ელჩი, როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას საქართველოში?
მადლობა საინტერესო კითხვისთვის. საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ვარ. მე და ჩემი მეუღლე როცა ჩამოვედით, შუა „ლოქდაუნი“ იყო, ასე, რომ ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი კორონავირუსთან ბრძოლაში თანამშრომლობა იყო.
ერთ-ერთი, რაც საქართველოში გავაკეთეთ, სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებაა. წინა წლის სექტემბერში დავაანონსეთ რეანიმობილების [C ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანა] მოწოდება. ახლა ისინი, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით იგზავნება.
აპრილსა და მაისში სამედიცინო დახმარების ახალი პაკეტის შესახებაც გამოვაცხადეთ. ამაში შედის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის მიწოდებული აპარატურა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამას თან ერთვის იმ სამედიცინო პერსონალის ტრენინგი, რომელიც აპარატურას გამოიყენებს. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის, უფრო ეფექტურად უმკურნალონ კოვიდპაციენტებს მომავალში.
სამწუხაროდ, საქართველოში ჩემი კარიერისა და საქართველოსთან თანამშრომლობის შუა პერიოდში, თებერვალში, უკრაინაში ომი დაიწყო.
ჩვენი პოლიტიკის კოორდინაცია ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასე რომ დავაორგანიზეთ საგარეო საქმეთა მინისტრების დიალოგი ბრიუსელში იაპონიასა და საქართველოს შორის, აპრილში. ეს მოხდა ბატონი ილია დარჩიაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში. მისი კარიერის ადრეულ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკის კოორდინაციაზე დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ მართლაც მჭიდროდ ვართ დაკავებული პოლიტიკის კოორდინირებით, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, გაეროში. ჩვენ ვუჩივლეთ რუსეთს საერთო სისხლის სამართლის სასამართლოში – ადგილი აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული და სისხლის სამართლის დარღვევებს. ერთმანეთთან კოორდინაციაში ვართ, რათა შესაბამისმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ.
ამ ფონის მიუხედავად, აღვნიშნავთ იაპონიისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს – ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა კულტურულ თუ ბიზნესღონისძიებას. ეს ჩემი ბათუმში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზია – ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე მომიწვიეს, რომელზეც ამ საღამოს იაპონელი პიანისტი გამოდის. ახლა ჩემი პრიორიტეტი 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებებია.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეცვალა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, ისევე, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო გზები. რა გავლენას ახდენს ეს საქართველოზე, როგორც „შუა კორიდორის“ ქვეყნის როლზე და ასევე, FOIP-ის როლზე?
რუსეთის უკრაინაში შეჭრას საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგისთვის გამოწვევად მივიჩნევთ. ეჭვიც კი არაა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასტიკი დარღვევაა. ჩვენ ვგმობთ ამ პროცესს, საერთაშორისო წესებისა და სამართლის დარღვევას.
რუსეთმა რომ იგრძნოს დარღვევებისა და სამოქალაქო პირებზე თავდასხმის ფასი, ვაწესებთ ძლიერ სანქციებს G7-ის პარტნიორებთან ერთად. ვფიქრობთ, ამას ძლიერი გავლენა აქვს რუსეთზე, განსაკუთრებით კი – ეკონომიკაზე.
იმამურა აკირა – იაპონიის ელჩი საქართველოში
გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო ვფიქრობთ, პრობლემები აქვს ჩრდილოეთის გზას, რომელიც რუსეთზე გადის. საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის „შუა დერეფნის“ შემადგენელი ქვეყნის როლი, უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბევრი ექსპერტის თანახმად, ეს დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებისთვის და უფრო კონკურენტუნარიანია ჩრდილოეთის და სხვა პრობლემურ გზებთან შედარებით.
ამავე დროს, იაპონია საკმაო ხანია წინ წევს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის შორის ხიდის როლს. 1990-იანი წლებიდან აზიის განვითარების ბანკმა დაიწყო პროგრამა „CAREC“ – რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა „შუა კორიდორის“ ქვეყნებისთვის. ამ ჯგუფს საქართველოც შეუერთდა.
ჩვენ ცენტრალურ აზიაში ინფრასტრუქტურის განვითარებით ვართ დაკავებული, საქართველოს კი დავეხმარეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მოდერნიზაციაში. ინფრასტრუქტურა არაა ერთადერთი ელემენტი.
ასევე, დაკავებული ვართ სავაჭრო ფასილიტაციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, სანამ არ იქნება ქვეყნებს შორის კოორდინირებული საბაჟო სისტემა. „შუა დერეფანი“ ხუთ-ექვს ქვეყანაზე გადის, ყველას სხვადასხვა სისტემა აქვს, ამიტომ ახლო კოორდინაცია გვჭირდება. ჰარმონიზაცია საბაჟო სისტემაში და პროდუქციისა და მომსახურების თავისუფალი გაცვლა – აი, რით ვართ დაკავებული.
ახლა ვაკვირდებით პროექტებს, რომლებიც მომავალში „შუა დერეფანს“ მისცემს სახეს. ასევე, ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, მაგალითად, ანაკლიის პორტს. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოსთვის შესაძლებლობაა, არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი.
რომც გამოგვივიდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მიღწევა, ბიზნესისთვისა და ხალხისთვის „შუა კორიდორის“ უპირატესობანი მიმზიდველი იქნება.
რა გავლენას ახდენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია „შუა კორიდორის“ ოპერირებაზე, იაპონია-ევროკავშირის ურთიერთობაზე და რას ნიშნავს ეს თავად საქართველოსთვის?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციაა. უკვე განვაცხადეთ, რომ მას 90-იან წლებშიც ვუჭერდით მხარს, მაგრამ მხარდაჭერა გაძლიერდა, როცა [იაპონიის] საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ტარკო კონო 2018 წელს პირველად ესტუმრა საქართველოს. მაშინ გამოვაცხადეთ ამ ინიციატივის შესახებ. 2019-ში, როცა ბატონი აბე შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს, ხელი მოეწერა იაპონია-ევროკავშირის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მაღალი ხარისხის მდგრადი ინფრასტრუქტურის სფეროში.
საინტერესოა, რომ ამ დოკუმენტს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს: დოკუმენტი ბევრად უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე „შუა კორიდორის“ ინფრასტრუქტურას ან საქონლის ლოჯისტიკურ მოძრაობას. ის მოიცავს ტრანსპორტირებას – ადამიანიდან ადამიანამდე, ციფრულ კავშირსაც კი. ასე გვსურს წინ წამოვწიოთ კავშირი გლობალურ დონეზე. იაპონია და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები არიან და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების (SPA) ფარგლებში, მხარს ვუჭერთ დემოკრატიას – კანონის, ადამიანის უფლებებისა და კავშირების დახმარებით.
2019 წლის დოკუმენტში შევთანხმდით, რომ ერთად შევუწყობდით ხელს დაკავშირების პროექტებს კონკრეტულ რეგიონებში, მათ შორის, საქართველოში. ახლა მჭიდრო კავშირში ვართ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა შესაბამისი პროექტები მოვძებნოთ საქართველოში და ჩვენი პოლიტიკა კოორდინაციაში იყოს.
მიზეზი, რის გამოც ამას ვაკეთებთ, მდგომარეობს იმაში, რომ გვჯერა დაკავშირების და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელობის. თუ არ გვექნება მაღალი ხარისხის, მდგრადი დაკავშირების პროექტები, რთული იქნება შემდგომი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ამ რეგიონში.
რატომ ვახსენებთ „მაღალ ხარისხს“ და „მდგრადობას“? სამწუხაროდ, სხვა რეგიონებში იყო შემთხვევები, როცა ამ პროექტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. მიმღები ქვეყნები დამოკიდებულები ხდებოდნენ ნასესხებ თანხებზე.
იყო შემთხვევები, როცა სოციალური და გარემოს დაცვის პასუხისმგებლობა დაირღვა პროექტების მიმდინარეობისას. ამიტომაც ვახსენებთ „მაღალ ხარისხს“ და „მდგრადობას“ – ისინი უნდა ერწყმოდეს სოციალური პასუხისმგებლობის ნორმებს, გამჭვირვალობას, უსაფრთხოებას გარემოსთვის, კორუფციის არქონას.
საქართველო ამ კონცეფციების განვითარებისთვის შესაბამისი ადგილია. ველით დისკუსიას ევროკავშირის და საქართველოს წარმომადგენლებთან პროექტების არჩევისთვის.
გულისხმობთ პროექტს „ერთი გზა, ერთი სარტყელი“?
იყო ასეთი შემთხვევები ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთს ვეუბნებით, რომ შემოგვიერთდეს. 2019 წლის G20-ის სამიტზე სი ძინპინთან შევთანხმდით, რომ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის მსგავსი კონცეფციის დოკუმენტს მოვაწერდით ხელს.
ვიწვევთ ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად შეუწყონ ხელი პროექტებს, რომლებიც დაფუძნებულია ღირებულებით იდეაზე – ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა ეკონომიკური განვითარებისთვის.
გასულ წელს საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებას და ე.წ. საგადასახადო შეთანხმებას, რომელიც მალე ძალაში შევა. რას უნდა ველოდოთ ამ შეთანხმებებისგან, რა გავლენას იქონიებენ ისინი ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე? შეგიძლიათ გვითხრათ იაპონიის საინვესტიციო შესაძლებლობებზე საქართველოში, განსაკუთრებით კი მდგრადი ენერგეტიკის სექტორში, რომელიც საქართველოსთვის გამოწვევააენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით?
ორივე შეთანხმება ძალაში გასულ წელს შევიდა. საინვესტიციო შეთანხმება აყალიბებს სამართლებრივ ჩარჩოს უკეთესი საინვესტიციო კლიმატისთვის, რომელშიც ბიზნესს უფრო გამჭვირვალედ შეუძლია იგრძნოს თავი, ხოლო ინვესტირებისთვის უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური წესები იქნება.
შეთანხმება იცავს ინვესტიციებს და ინვესტორთა აქტივებს. ამ ტიპის შეთანხმება კრძალავს, მაგალითად, სპეციფიკურ ქმედებებს მიმღები ქვეყნის მხრიდან, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ინვესტორებთან დაკავშირებით და ქმნის ძალიან კარგ, ლიბერალურ გარემოს გადაწყვეტილებების მისაღებად.
მაგალითად, მიმღებ ქვეყანას ეკრძალება დივიდენდების გაცემის აკრძალვა, თუ ინვესტორს აქტივების სამშობლოში გაგზავნა სურს. მიმღებ ქვეყანას აქტივების თავისუფალი მიმოქცევის აკრძალვის უფლება არ აქვს. ველით, რომ იაპონური ბიზნესი, ამ შეთანხმების წყალობით, მიიღებს სიგნალს უკეთეს ჩარჩოზე. პროგნოზირებადობა არა მარტო იაპონიაში, არამედ ყველა ქვეყანაში საბაზისო მოთხოვნაა ბიზნესისთვის. იმედია, ისინი სწორ სიგნალს მიიღებენ ამ ხელშეკრულებისგან.
იგივე სიტუაციაა საგადასახადო შეთანხმებასთან – ის თავიდან იცილებს გადასახადების ორჯერ დაკისრებას და გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას. ესეც კარგ საძირკველს ქმნის სამომავლო თანამშრომლობისთვის.
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, იაპონური ბიზნესი ეძებს საინვესტიციო ადგილებს. იაპონურმა ენერგოგიგანტმა უკვე გამოაცხადა, რომ ინვესტიციას დებს დარიალში, საშუალო სიდიდის ჰიდროელექტროსადგურში, ყაზბეგთან ახლოს.
კიდევ ერთი სფერო ავტომობილებია – „ტოიოტა კავკასია“ ბოლო 15 წელია საქართველოში ინვესტიციას დებს. ისინი ქართულ ბაზარზე 15 წლის წინ შემოვიდნენ, ახლა კი ინვესტიციას ზრდიან. ხდება ავტომანქანების ექსპორტი, არა მარტო შიდა მოხმარებისთვის, არამედ რეექსპორტისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, აზერბაიჯანია.
ეს ძირითადი სფეროებია, მაგრამ როგორც თქვით, განახლებადი ენერგია ძალიან პერსპექტიული სფეროა იაპონური ბიზნესისთვის. გვსურს მეტი ინვესტიცია ვიხილოთ განახლებად ენერგიაში, არა მარტო ჰიდროელექტროენერგიაშია, არამედ იმ სფეროებში, რომლებშიც იაპონური ბიზნესი კარგად იჩენს თავს. ეს ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიაა – იაპონიაში ძალიან ცოტა ბუნებრივი რესურსი გვაქვს.
იაპონიის ერთადერთი რესურსი ხალხია. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ინვესტიციებს ხალხში და არა სხვაგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ენერგიის მაღალი ფასის გამო ვცდილობთ, ის ნაკლებად მოვიხმაროთ. ამიტომაც გვაქვს ენერგიის დაზოგვის განვითარებული ტექნოლოგიები.
რადგანაც საქართველოს დადებული აქვს ამბიციური პირობა, შეამციროს ნახშირორჟანგის კვალი, ვფიქრობ, ბიზნესი და საჯარო სექტორი დაინტერესებული იქნება ამ ტექნოლოგიით. ჩვენც გვსურს მისი გამოყენება, რათა საქართველომ შეამციროს ნახშირორჟანგის კვალი.
განახლებადი ენერგიისა და ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიებში ინვესტირებით საქართველოს შეუძლია უფრო ენერგოდამოუკიდებელი იყოს. ვიცი, რომ ენერგიის რაღაც ნაწილს რუსეთიდან ახორციელებთ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ჰიდროენერგია ნაკლებად ეფექტიანია. თუმცა, თუ შეგეძლებათ მეტი ენერგიის დაზოგვა და განახლებადი ენერგიის გამოყენება, შეძლებთ მიხვიდეთ ენერგეტიკულ თავისუფლებამდე. უფრო მეტიც – ზაფხულში პოტენციური ზედმეტი ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობაც შეიძლება იყოს.
იაპონიას აქვს საგარეო დახმარების პროგრამები საქართველოსთვის, მათ შორის, საგრანტო დახმარება ადამიანის უფლებების დაცვაზე და უფრო მსხვილი პროექტები, რომლებსაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ საელჩოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები?
ჩვენ დაკავშირებაზე ვისაუბრეთ. როგორც ვთქვი, ენერგიულად ვეძებთ კარგ პროექტებს ამ მიმართულებით, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკვე განვახორციელეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მოდერნიზაციის პროექტი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი დიდი ნაბიჯია. გვსურს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ – იგულისხმება უფრო პატარა პროექტები ამ მიმართულებით.
როგორც აღვნიშნე, ჩამოსვლისას ძალიან გვინდოდა წინ წამოგვეწია თანამშრომლობა კორონავირუსთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, ისეთი პირი უჩანს, რომ ვირუსი ბრუნდება, ასე, რომ გვსურს თანამშრომლობის გაგრძელება, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის ტრენინგი და საერთო გამოწვევასთან ბრძოლა.
ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში წინა წელს ასევე გამოვაცხადეთ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების შესახებ. სწორედ ეს სეგმენტი დაზარალდა ყველაზე მეტად. აზიის განვითარების ბანკთან ერთად 200 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. ეს იყო დახმარება სესხების მიმართულებით, „საქართველოს ბანკის“ გავლით – პატარა და საშუალო ზომის კომპანიების რეფინანსირებისთვის.
ახლახან დავასრულეთ სათბურის პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. სათბურში გამოიყენება მაღალი ხარისხის, იაპონური ტექნოლოგიით გაზრდილი თესლი ბროკოლისთვის, კომბოსტოსთვის და სხვა. თესლი სპეციალურად დაცულ გარემოში უნდა დაითესოს. რამდენიმე კვირაში ფერმერებს შეეძლებათ ისინი სამომავლო გაზრდისთვის გამოიყენონ. უმნიშვნელოვანესია პირველი კვირები – საჭიროა ტემპერატურის დელიკატური კონტროლი და მიწის მოვლა. ამაზე ვართ ფოკუსირებული.
ვგეგმავთ მომავალშიც დავეხმაროთ იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებებს. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და გვსურს, რომ კონფლიქტები, რომლებიც თქვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მშვიდობიანად მოგვარდეს.
წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. როგორ შეაჯამებდით პროგრესს, როგორია მთავარი მიღწევები? რას ელით მომავალ ათწლეულებში? როგორია მთავარი გამოწვევები?
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ბევრს მიაღწია, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების კუთხით. თქვენ გადალახეთ 90-იანი წლების სირთულეები, მათ შორის, სამოქალაქო ომი და ეკონომიკური გამოწვევები.
შემდეგ იყო 2008 წლის ომი, რომლის შედეგიც ახლაც იგრძნობა და საქართველოს ურთულეს გამოწვევას წარმოადგენს.
თუმცა მიუხედავად იმ ტანჯვისა, რაც ომისას გამოიარეთ, 13-14 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს ჰქონდა ადგილი – ეს დიდი მიღწევებია, რომლებითაც შეგიძლიათ იამაყოთ. ჩვენც ვამაყობთ, ამ თავგადასავლისა და პროგრესის ნაწილი რომ ვართ.
იაპონია მხარს უჭერდა თქვენს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან. ჩვენ ვამაყობთ თქვენი მიღწევებით. ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი საერთო მიღწევაა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში.
გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ განვაგრძობთ იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებზე მუშაობას შემდეგ ათწლეულებში.
მეორე გამოწვევა ან უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაა. როგორც აღვნიშნე, იაპონია და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამიტომ ჩვენს ინტერესებშია, ვიხილოთ საქართველო, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
კიდევ ერთი პრიორიტეტი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდაჭერაა, მესამე – ბიზნესების შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ჩვენი განვითარების დახმარების სააგენტოთი.
ახლა საქართველო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან საშუალოშემოსავლიან კატეგორიაში გადადის. ამგვარად, საგრანტო დახმარება ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა დარჩება დახმარება სესხის საკითხებში. ჩემი აზრით, ამ ეტაპს თუ მივაღწიეთ, დრო იქნება ბიზნესებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ეს იქნება ჩვენი საელჩოსა და საქართველოს პრიორიტეტი. ასე, რომ ბიზნესის ურთიერთობა ამ ათწლეულის მესამე გამოწვევაა.
ბოლო საკითხი, თუმცა არა მნიშვნელობით, ისაა, რომ საქართველო არ გაებას ე.წ. „საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების“ მახეში. იყო შემთხვევები, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, როცა მშპ ერთ სრულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს აღწევდა, შემდეგ კი უცებ ეკონომიკური ზრდა მცირდებოდა. მკვლევრები მიზეზებზე დავობენ, მაგრამ არ გვინდა, ამ მახეში საქართველო გაებას.
ერთ-ერთი გამოსავალი ინვესტიციები და ინოვაციებია. კიდევ ერთი – ხალხში ინვესტირება, როგორც იაპონიაში მოვიქეცით. იგულისხმება ახალგაზრდების მომზადება, რომლებსაც ექნებათ უნარები ცვალებად ეკონომიკურ სტრუქტურასთან გასამკლავებლად.
საქართველოში ბევრი ბავშვი და ახალგაზრდაა დაინტერესებული იაპონური კულტურით, ენითა და ხელოვნებით. რა რჩევას მისცემდით სწავლისა და განვითარებისთვის?
მაგალითად, წაიკითხეთ იაპონური ლიტერატურა. ძალიან გახარებული და კარგი მნიშვნელობით გაკვირვებული ვარ, როცა ქართველები მეუბნებიან, რომ კითხულობენ აკუტაგავას, კობო აბეს და სხვა გენიოსებს, იაპონელ მწერლებს, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წერდნენ.
ბევრი ეს შედევრი სხვა ენებიდან, მაგალითად, ინგლისურიდან ან რუსულიდან ითარგმნა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იკითხოთ ლიტერატურა, რომელიც პირდაპირ იაპონურიდანაა თარგმნილი.
მთარგმნელთა ახალი თაობა ასრულებს ამ სამუშაოს. წელს ქალბატონმა თათია მერმანიშვილმა, თსუ-ს ლექტორმა, გამოაქვეყნა ჯუნიჩირო ტანიძაკის, გენიოსი იაპონელი მწერლის შედევრის, „ნაზი თოვის“ თარგმანი. წიგნი სრულადაა თარგმნილი, მას რეკომენდაციას ვუწევ, ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ნოველაა.
ნოველაში აღწერილია დაღმავლობაში მყოფი იაპონური ტრადიციული კულტურა. იგი 1940-იან წლებშია დაწერილი. სამხედრო რეჟიმმა წიგნი აკრძალა, მაგრამ ავტორი მამაცი ადამიანი იყო და ის გამოაქვეყნა – იგი წინააღმდეგობას უწევდა სამხედრო რეჟიმის ჩაგვრას.
საბედნიეროდ, ავტორი არ დაისაჯა და ომის შემდეგ წიგნიც გამოქვეყნდა. დღეს მსურს ეს წიგნი ჩვენს საერთო პროექტს, „მოგზაურ ბიბლიოთეკას“ ვაჩუქო.
კიდევ ერთი რჩევა იაპონური ენის სწავლაა. შეიძლება იფიქროთ, რომ ანიმეს ან კომიქსების გარდა იაპონურის სწავლის სხვა გზა არ არის. ასე არაა. გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს, იქ არის პატარა ნიშანი, რომელზეც წერია „იაპონურის სწავლა“. დააჭირეთ და გადამისამართდებით ვებგვერდზე, სადაც შეგიძლიათ თავად, ონლაინ ისწავლოთ იაპონური.
იქ იქნება უცხოელი გოგონა, რომელიც იაპონურ სკოლაში სწავლობს. კურსი მიჰყვება მის მცდელობებს, მიეჩვიოს ცხოვრების იაპონურ სტილს და ენას. შეგიძლიათ ამ ვიდეოებიდან იაპონური ისწავლოთ.
თუ ფიქრობთ, რომ ბევრი ისწავლეთ, გამოიყენეთ იაპონიაში სწავლის შესაძლებლობები. იაპონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს რამდენიმეწლიან სწავლას იაპონიაში. კიდევ ერთი გზაა შეთანხმება უნივერსიტეტებს შორის.
ჩვენი საელჩო ეხმარებოდა შიკოკუს უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს ამგვარი შეთანხმების მიღწევაში.
შიკოკუს უნივერსიტეტი ტოკუშიმას პრეფექტურაშია, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის რაღაცით ჰგავს აჭარას, რომელიც საქართველოს სამხრეთ-დასავლეთშია.
ტოკუშიმას პრეფექტურამ წინა წელს ქართველ რაგბისტებსა და პარაოლიმპიელებს უმასპინძლა და დაინტერესდა აჭარასთან თანამშრომლობით. ამან გავლენა მოახდინა პრეფექტურის ერთ-ერთ უნივერსიტეტზე. მათ დადეს შეთანხმება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან. თუ იქ გსურთ სწავლა, შეიძლება ამ შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენი საელჩო მუშაობს იმაზე, რომ ასეთი ხელშეკრულებები სხვა უნივერსიტეტებს შორისაც დაიდოს.
ბევრი კითხულობს გაცვლით პროგრამაზე – არის თუ არა დაგეგმილი „ენების გაცვლის“ პატარა პროგრამა?
კორონავირუსის პირობებში, რამდენიმე ონლაინლექცია ჩავატარეთ, განსაკუთრებით ლიტერატურისა და იაპონური კულტურის მიმართულებით. მაგალითად, შევეხეთ ბონსაის (მინიატურული ხე). გვიყვარს ყველაფერი პატარა.
ლექციები არა აუცილებლად ენას შეეხება, მაგრამ საინტერესო კულტურის გაცვლის პროექტების წყალობით გექნებათ შესაძლებლობა, ცოტა იაპონური ისწავლოთ.
რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
თუ ერთი გზავნილი უნდა ავარჩიო – მჯერა საქართველოს მომავლის, რომელიც ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაში მდგომარეობს. შეგვიძლია დავეხმაროთ ქართველებს პროგრესში, ამ ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, იაპონიის გამოცდილების გაზიარებით. როგორც იცით, წარმატებას მივაღწიეთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში – გვაქვს განვითარებული ტექნოლოგიები და ამავე დროს, ვიცავთ ტრადიციულ კულტურას. დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არ ვართ, მაგრამ ამ ყველაფერს მივაღწიეთ.
ბრიუსელმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ამ ყველაფერს ჩვენზე სწრაფად მიაღწიოს. ოღონდ, ეს თავად უნდა გააკეთოთ – საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ერთობლივი ძალით.
იაპონიის შემთხვევაში, 1960-იან და 70-იან წლებში დასავლეთისთვის დაწევის მიზანი დავისახეთ: სწრაფად მივდიოდით წინ ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიის მიმართულებით. ხალხი გაერთიანდა ეროვნული მიზნის მიღწევისთვის, შეგვიძლია ამ გამოცდილების გაზიარებით დაგეხმაროთ.
ესაა ჩემი გზავნილი – გეხმარებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესრულებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჰგავს იაპონიის დასავლეთისთვის დაწევას – ესაა „პროექტი საქართველო“.
ეს არის თქვენი პროექტი და არა ჩემი ან ვინმე სხვისი. თუმცა მისთვის სახელის დარქმევის პატივი რომ მქონდეს, „პროექტ საქართველოს“ ვუწოდებდი. ჩემი აზრით, ის საქართველოს ყოველი მცხოვრებლისთვის სარგებლის მომტანია.
კიდევ რა კულტურულ ღონისძიებას უნდა ველოდოთ?
გვექნება სუშის გამოფენა. სუშის ჭამ, კი არ უყურებ, მაგრამ ეს სუშის კულტურის, ისტორიისა და ბიზნესის გამოფენა იქნება, თბილისის ისტორიის მუზეუმში. გამოფენა გაიხსნება აგვისტოს შუა რიცხვებში და ხუთი კვირა გაგრძელდება. თუ თბილისში იქნებით, გვეწვიეთ.
პირველიდან სამ სექტემბრამდე გაიმართება ანიმეს – „მსოფლიოს ამ კუთხეში“ – ჩვენება. ანიმე ეხება ჰიროსიმას ატომური იარაღით დაბომბვას 1945 წელს. ანიმე ომს ეხება, მას სოფელ ნიქოზში ვაჩვენებთ, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ ომის სპეციფიკურ თემაზე.
ეს ანიმე ძალიან წარმატებული და პოპულარული გამოდგა, იაპონიაში ბევრი ჯილდოც მიიღო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ის ქართველ ახალგაზრდობას ვაჩვენოთ. ასე, რომ ჩამოდით ნიქოზში, იგრძენით ოკუპაციის მნიშვნელობა და გაიგეთ, როგორ იტანჯებოდა იაპონელი ხალხი ომისგან 1945 წლის აგვისტოში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთი გარკვეულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და რუსეთს პრაქტიკულად არ ეხმარება, „რასაც რუსეთი ასე ეძებს“.
კულებას განცხადებით, პოლიტიკური ნარატივების დონეზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის განმარტება ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. თავად უკრაინა კი ჩინეთისგან არავითარ დახმარებას არ იღებს.
„ჩინეთი ამ დროისთვის ნეიტრალური რჩება. პოლიტიკურად, ნარატივების დონეზე, ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ მათი ინტერპრეტაცია ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ პრაქტიკული მხარდაჭერის დონეზე, რომელსაც რუსეთი ასე ეძებს, ჩინეთი ნეიტრალურია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობის მოსალოდნელ განვითარებასა და უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას, ტაივანის სრუტის კრიზისის ფონზე ვარაუდობენ. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ჩინეთმა აშშ-ის დასჯის მიზნით გააძლიეროს რუსეთის მხარდაჭერა.
ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა წლებია არსებობს. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა პეკინში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის „ულიმიტო თანამშრომლობის“ პაქტს, რითაც ისტორიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამყარეს.
ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას და აცხადებს, რომ ეს რუსეთის უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს საფრთხის წინაშე აყენებს, რითაც პრაქტიკულად ამართლებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ამავდროულად, ამ დრომდე ჩინეთი ღიად არ დახმარებია რუსეთს სამხედრო ან/და ფინანსური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს.
ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობები აგვისტოს დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა, როცა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ეწვია ტაივანს, თვითმმართველ კუნძულს, რომელსაც ჩინეთი თავის ნაწილად მიიჩნევს, ხოლო თავად ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად – ჩინეთის რესპუბლიკად აცხადებს.
უკრაინასა და ტაივანს შორის პარალელებზე დისკუსიები ომის დაწყებიდან მალევე გაჩნდა, რაც ჩინეთისთვის განსაკუთრებით სახიფათო და მიუღებელია. ნატალია ბუტირსკაია, უკრაინელი ექსპერტი აღმოსავლეთ აზიის საკითხებში, ივნისში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში წერდა, რომ სწორედ აღნიშნული პარალელების გამო არ სურს ჩინეთს უკრაინის გამარჯვება. თუ რუსეთი ისტორიული საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეით მოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩინეთი ტაივანის ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნებას ისახავს მიზნად.
თუმცა ტაივანის სუვერენიტეტს, უკრაინისგან განსხვავებით, მხოლოდ 13 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებენ, მათ შორის არ არიან ევროპის ქვეყნები და არც აშშ. მიუხედავად ამისა, აშშ-ისა და ტაივანს შორის არსებობს თავდაცვისა და სხვა საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმება.
პელოსის ვიზიტს ჩინეთმა კუნძულის გარშემო მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნებით უპასუხა, რომელიც ნაწილობრივ დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესის სპიკერის ვიზიტს ტაივანში 2 კვირაში მოჰყვა კიდევ ერთი მაღალი რანგის კონგრესმენის ვიზიტი. ჩინეთი ამას საკუთარი სუვერენიტეტის ხელყოფად და ერთი ჩინეთის პოლიტიკის დარღვევად მიიჩნევს და აშშ-ს მკაცრი რეაგირების შესახებ აფრთხილებს.
__________
მთავარი ფოტო:უკრაინისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და ვან ი
„ქართველები თურქეთში თხილის საკრეფად აღარ ჩამოდიან“, – ამბობს ზია ბაირაქი, თურქეთში, ქალაქ უნიეში მცხოვრები. ტრადიციულად წლის ამ დროს საქართველოს ასობით მოქალაქე მიდიოდა თურქეთში თხილის საკრეფად.
იმის გამო, რომ თურქული ლირა გაუფასურდა, წელს ეს ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
„რომ ვუყურებთ, წინა წელთან შედარებით წელს ქართველები ძალიან ცოტა ჩამოვიდნენ. თავიდან 200 ლირა იყო დღიური ხელფასი, მერე ერთ კვირაში 250 ავიდა, ახლა 300 ლირაზეა. ფული რომ გაუფასურებულია, ქართველები არ ჩამოვიდნენ. ყველა ევროპაში მიდის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზია ბაირაქი.
მას სოციალურ ქსელში ვესაუბრეთ.
მისი თქმით, გასულ წლებში თხილის საკრეფად თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებიდან – ურფადან და დიარბაქირიდან ჩადიოდნენ. წელს ეს ნაკადიც შემცირებულია, რამაც გარკვეული კრიზისი შეუქმნა ფერმერებს.
„ძველი ხალხი ამბობდა, თხილობაზე მიწიდან ადამიანს ვაჩენთ, რომ თხილი მოვაკრეფინოთო. ზუსტად ასეთი სიტუაციაა ახლა. თხილის ბაღების მფლობელები თვითონ კრეფენ,“ – ამბობს ზია ბაირაქი.
მისივე თქმით, მართალია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა დააანონსა, რომ 1 კილოგრამი თხილი 54 ლირა ეღირებოდა, თუმცა რეალურად 42 ლირა ღირს. ამასთან, გაზრდილია თხილის მოკრეფის ხარჯები.
„300 ლირა [46 ლარი] არის ერთი ადამიანის დღიური ხელფასი. ვთქვათ, 10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია, თითოეული იღებს 300 ლირას, ამასთან, ათ ადამიანს ეხლება მათი ზედამხედველი. ის იღებს ორმაგს. მანქანით თუ მოემსახურა, მოიყვანა-წაიყვანა დღიურად, დღეში 600 ლირას მანქანა წერს,“ – გვიხსნის ზია ბაირაქი.
ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებსინფორმაციას.
მაუწყებლის ცნობით, დღეს, 16 აგვისტოს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთი შეზღუდავს რუსეთის სავიზო განაცხადების რაოდენობას დაახლოებით 10 პროცენტამდე.
მინისტრის თქმით, ცვლილებები ძალაში სექტემბრის დასაწყისიდან შევა. მან ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა შეისწავლოს ჰუმანიტარული ვიზის საკითხი, რამაც შეიძლება ფინეთში გადასვლა გაუადვილოს ჟურნალისტებს, დისიდენტებსა და აქტივისტებს.
ფინეთი ასევე მხარს უჭერს რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეწყვეტას.
მაუწყებლის ცნობით, ფინეთი ახლა დღეში საშუალოდ 1000 სავიზო განაცხადს იღებს რუსეთის მოქალაქეებისგან.
დღეს, 16 აგვისტოს, ბრიფინგზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანმა ოკუპირებულ ყირიმში დღეს დილას მომხდარ აფეთქებებს „სახანძრო უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა“ უწოდა.
„ამ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიცია არსებობს – სიგიჟეა, მოწინააღმდეგემ არ იცის როგორ გამოიყენოს ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. მაგრამ ჩვენ, ყველას, რა თქმა უნდა, ეს გვახარებს. არა მარტო სამხედროებს, არამედ მთელ უკრაინას“, – განაცხადა იგნატმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის“ შედეგად მტერი დაკარგავს სამხედრო აღჭურვილობასა და შემადგენლობას.
მისივე თქმით, რუსეთის დღევანდელ დანაკარგებზე ყირიმში ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა უკრაინულ დაზვერვას უკვე აქვს გარკვეული ცნობები. მან დასძინა, რომ მალე ინტერნეტში, სავარაუდოდ, სატელიტური ფოტომასალაც გამოჩნდება.
დღეს, 16 აგვისტოს, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერაა ანექსირებული, ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს, სამხედრო საწყობში აფეთქებები მოხდა. რუსეთმა მომხდარს ამჯერად დივერსია უწოდა.
დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმის პორტში მატარებლის შემადგენლობა პორტის შიდა კედელს დაეჯახა. შედეგად კედელი ჩამოინგრა და პარკინგზე მდგარი ავტომობილები დააზიანა.
ადგილზე მყოფი პორტის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზიანებულია 4 მსუბუქი ავტომობილი, ხოლო პორტის კედლის ერთი მხარე – გამონგრეული. ასევე დაზიანებულია ვაგონი, რომელიც კედელს შეეჯახა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ძირითადად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო სამ დღეს, 18, 19 და 20 აგვისტოს, აჭარაში დღისით მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი; 19 და 20 აგვისტოს კი ღამის საათებში ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში აჭარის რეგიონში საგანგაშოდ მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი არ არის:
აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებში განხეთქილებაზე საუბრობს.
ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის სახალხო არმიის წევრები დონეცკის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობენ.
ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობიან. კადრში ჩანს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის ჯარისკაცების საკმაოდ დიდი ჯგუფი. მათი მეთაური კითხულობს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი დონეცკის ოლქის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ იმ არგუმენტით, რომ მათ „ლუგანსკის ოლქის დაცვაში“ თავიანთი წვლილი უკვე შეიტანეს და „2022 წლის 3 ივლისს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ“.
ჯარისკაცები ამბობენ იმასაც, რომ დონეცკში ბრძოლაზე უარის თქმის გამო, მათ ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
„ISW-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს ამ ვიდეოს ავთენტურობა, თუმცა მისი გზავნილი ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას და ლუგანსკის მებრძოლების დაქვეითებულ საბრძოლო განწყობას ასახავს. ეს ტენდენცია ძალიან საშიშია რუსეთის არმიისთვის, რომელიც კვლავაც ცდილობს, საკუთარი დანაკარგის შესავსებად რაც შეიძლება მეტი ლუგანსკელი ჯარისკაცი ჩართოს ომში,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ი აღნიშნავს, რომ ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში მყოფმა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის დანაყოფებმაც გამოთქვეს მსგავსი უკმაყოფილება, რაც შესაძლოა, მართლაც ადასტურებდეს იმას, რომ პროქსი-ჯარები სრულად არ უჭერენ მხარს კრემლის მასშტაბურ გეგმებს.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი მანამდე წერდა, რომ ჯერ კიდევ მაისში დონეცკის 105-ე ქვეითი პოლკის მე-3 ბატალიონის სამხედროებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მარიუპოლიდან ლუგანსკის ოლქში გადაყვანისას. ივნისის დასაწყისში ხერსონის ფრონტიდან ანალოგიური მიმართვა გამოაქვეყნა დონეცკის 113-ე პოლკმაც.
რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს სლოვიანსკის ჩრდილო-დასავლეთით, სივერსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ბახმუტის გარშემო. რუსეთის არმიის შეტევები გრძელდებოდა დონეცკსა და ხარკოვის ოლქებშიც.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდები თავდაცვით პოზიციაში არიან და, ძირითადად, მხოლოდ შეზღუდულ აკვატორიაში, ყირიმის სანაპიროს ხედვის არეში პატრულირებენ.
უწყება 16 აგვისტოს თავის რელიზში აღნიშნავს, რომ ამგვარი მოქმედება სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის ჩვეულ აქტივობას წელიწადის ამ დროს და განსხვავებულია იმისგან, როგორც რუსეთის საზღვაო ფლოტი სხვა ზღვებში იქცევა.
„შავი ზღვის ფლოტი კვლავაც იყენებს შორსმოქმედ ფრთოსან რაკეტებს თავისი სახმელეთო სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, თუმცა ამჯერად მას ზღვის ეფექტიანი კონტროლის პრობლემა აქვს. რუსეთმა დაკარგა თავისი ფლაგმანი „მოსკვა“, თავისი საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების დიდი რაოდენობა და კონტროლი კუნძულ ზმეინიზე,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყების შეფასებით, შავი ზღვის ფლოტის შეზღუდული ეფექტიანობა ძირის უთხრის რუსეთის საერთო საომარ სტრატეგიას, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ოდესის მიმართულებით საზღვაო საფრთხე ახლა მნიშვნელოვნად განეიტრალებულია.
ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავისი რესურსები მიმართოს სხვა ტერიტორიებისკენ და უფრო მეტად შეავიწროოს რუსეთის სახმელეთო ძალები.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა „საკის“ აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შემდეგ წერდა, რომ ყირიმი რუსეთისთვის უსაფრთხო აღარაა. 12 აგვისტოს რელიზში უწყება ყირიმის ავიაბაზაზე რუსეთის 8 სამხედრო თვითმფრინავის განადგურებას ადასტურებდა.
„აეროდრომი, ძირითადად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თვითმფრინავების ავიაბაზად გამოიყენებოდა. საზღვაო ფლოტის ავიაციის შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ინციდენტი, სავარაუდოდ, აიძულებს რუს სამხედროებს, გადააფასონ შესაძლო საფრთხეები, რადგან ყირიმი მათთვის უსაფრთხო ზურგად განიხილებოდა,“ – მიუთითებდა დაზვერვა.
ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე, რამდენიმე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა.
რუსეთის ზარალი სამმა უცხოურმა წყარომ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით შეაფასა. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 9-დან 14-მდე თვითმფრინავი განადგურდა ან დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 880 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 4 152 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 989 ერთეული [+4]
MLRS – 263 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 196 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 790 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 049 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 92 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
267 თვითმფრინავი
148 ვერტმფრენი
1 743 უპილოტო საფრენი აპარატი
365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 328 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
799 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 307 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 902 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ოდესის მიმართულებით საზღვაო საფრთხე ახლა მნიშვნელოვნად განეიტრალებულია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავისი რესურსები მიმართოს სხვა ტერიტორიებისკენ და უფრო მეტად შეავიწროოს რუსეთის სახმელეთო ძალები:
სამუშაო დღის ბოლოს თუ ხშირად გტკივათ თავი, გიწითლდებათ თვალები და დაღლილობა გაწუხებთ, დროა ეკრანთან მუშაობის წესებს გადახედოთ.
კლინიკა „საგიტარიუსის“ დირექტორი, პროფესორი ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ მხედველობის ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებულად აქტუალურია ახლა, როცა სამსახურებრივი საქმიანობის გარდა, ეკრანები სხვა გაჯეტებითაც შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქალბატონო ეკატერინე, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს მონიტორთან დიდ ხნით მუშაობა თვალისთვის?
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და სამსახური კომპიუტერის, პლანშეტისა და ტელეფონის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გაჯეტები უნდა მოვიშოროთ, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რათა დავიცვათ თვალები დაღლისა და დაზიანებისგან. თუ ადამიანს ჯანსაღი თვალები აქვს, მონიტორი არ მოგვცემს თვალის ორგანულ დაზიანებებს, ის გამოიწვევს გადაღლილი თვალის სინდრომს, მშრალი თვალის სინდრომს, აკომოდაციურ სპაზმს [აკომოდაცია – თვალის უნარი, ნათლად გაარჩიოს საგნები სხვადასხვა მანძილზე].
აქვე აღვნიშნავ, რომ ეკრანთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ახლომხედველ ადამიანს, რადგან ახლომხედველი ადამიანებისა და მოზარდების შემთხვევაში აკომოდაციის მუდმივი სპაზმი ბიძგს აძლევს ახლომხედველობის გაზრდას.
რამდენად საზიანო შეიძლება იყოს მონიტორები ბავშვის თვალისთვის?
მესმის, რომ გაჯეტების საშუალებით ბავშვები საკმაოდ მრავალფეროვან და უხვ ინფორმაციას იღებენ სამყაროზე, სწავლობენ ბევრ რამეს, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც ბავშვი გარემოს ეცნობა, მან უნდა ითამაშოს კუბიკთან ან ბურთთან ფიზიკურად, ეკრანზე ორგანზომილებიანი გამოსახულება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ობიექტის აღქმაში ჩართული იყოს ყველა მგრძნობელობითი ორგანო. ბავშვი უნდა შეეხოს ბურთს, მან უნდა იგრძნოს იმ კუბის წახნაგი, თუნდაც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ თვალი აგრძელებს განვითარებას და თვალის ბევრი ფუნქცია სრულად ფორმირდება დაახლოებით 12-14 წლის ასაკისთვის, ამიტომ ეს ყველაზე საყურადღებო პერიოდია ბავშვისთვის, რომ მხედველობის ორგანო ჩამოყალიბდეს ჯანსაღად.
რატომ იღლება თვალი ეკრანთან მუშაობისას?
მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერი ეკრანი, იქნება ეს ტელეფონი, პლანშეტი თუ კომპიუტერი, ახლო მანძილზე გვიდგას და ეს იწვევს აკომოდაციური აპარატის გადატვირთვას. ზოგადად, რაც უფრო პატარაა ეკრანი, მით უფრო ტვირთავს თვალს, მხედველობას და პირველ რიგში – აკომოდაციურ აპარატს.
მხედველობითი აპარატის გადატვირთვას იწვევს ახლო მანძილი და შეზღუდული ველი. შეზღუდულ ველი გულისხმობს მონიტორის მოცულობას. ეკრანსა და მონიტორს კი არ აქვს რაღაც გამოსხივება და მაგნიტური ველი, რომელიც ახდენს თვალზე უარყოფით გავლენას, არამედ ეკრანის ზომა და დაშორება თამაშობს მთავარ როლს.
თანამედროვე პლანშეტები და ნებისმიერი სხვა ეკრანები იმ გამოსხივებას არ იძლევა, რომ რაღაც დავაზიანოთ ჩვენს ორგანიზმში, საქმე ის არის, ჩვენი თვალი ანატომიურად არ იყო შექმნილი ახლო მანძილზე მუშაობისთვის.
როგორი უნდა იყოს ეკრანის დიამეტრი და დაშორება?
პირველ რიგში, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერი ეკრანი მუშაობის დროს იყოს 60-80 სმ-ის დაშორებით და არა უფრო ახლოს. კომპიუტერის და ნოუთბუქის ეკრანის მინიმალური დიაგონალი უნდა იყოს 40 სმ; პლანშეტისა კი – მინიმუმ 30 სმ.
ყველა ამ გაჯეტებიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეფონი ყველაზე დამტვირთველია. თუ ხანგრძლივიმუშაობა ეკრანთან გარდაუვალია, ის უნდა მოხდეს მხოლოდ ნოუთბუქზე ან სტაციონარულ კომპიუტერთან და არა ტელეფონში ან პლანშეტში. ტელეფონი და პლანშეტი არის ხანმოკლე კომუნიკაციისთვის.
ეკრანის და ოთახის განათებასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები არსებობს?
ეკრანის სიმკვეთრეზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია საოფისე გარემოს განათება, კერძოდ, როგორ არის განათებული სამუშაო მაგიდა. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო სივრცეში არ შევქმნათ „კინოთეატრის ეფექტი”, ანუ როდესაც ოთახი ჩაბნელებულია და ანათებს მხოლოდ მონიტორი. ასეთ ვითარებაში მუშაობა ძალიან ცუდია როგორც მოზარდის თვალისთვის, ისე ზრდასრული ორგანიზმისთვის.
ოთახი უნდა იყოს კარგად განათებული და შეძლებისდაგვარად, ეს განათება უნდა იყოს ან ნეიტრალური, ან თბილი, ანუ ყვითელი.
რაც შეეხება უშუალოდ მონიტორის ნათებას და სიკაშკაშეს, ეს ინდივიდუალურად არის დასარეგულირებელი, კონტრასტულობა შედარებით მაღალი უნდა იყოს, სიკაშკაშე ნაკლებად [თუმცა მონიტორის სიკაშკაშე გარემომცველ შუქზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს]. მათი მაჩვენებლები 100%-ზე არ უნდა ავიყვანოთ, ასეთი ნათელი ეკრანი იწვევს აკომოდაციის აპარატის ძალიან მარტივ და სწრაფ სპაზმირებას ანუ გადაღლას.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკრანებს აქვთ ლურჯი ნათება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თვალზე, ადვილად ღლის მას, რისთვისაც შეგიძლიათ მონიტორზე მოამატოთ მოყვითალო ფერის ნათება.
რა ვარჯიშები არსებობს თვალის დასვენებისთვის?
არსებობს გარკვეული სტანდარტები, თუ რა ასაკის ადამიანმა შესვენების გარეშე რამდენი დრო შეიძლება გაატაროს მონიტორთან. ზრდასრული ადამიანისთვის შეუწყვეტლივ მონიტორთან მუშაობის დრო, ისე, რომ თვალი არ გადაიღალოს, არის 1 საათი. ერთი საათის შემდეგ თვალს საშუალება უნდა მივცეთ დაისვენოს დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
დასვენებაში იგულისხმება, რომ სრულად შეწყვიტოთ ეკრანთან ყოფნა, დავდგეთ ფანჯარასთან და ამ დროის მანძილზე გავაკეთოთ სპეციალური ვარჯიში – საუკეთესო საშუალებაა 5-7 წუთის განმავლობაში, 30-30-წამიანი მონაცვლეობითი ყურება ახლოდან შორ მანძილზე. ეს აკომოდაციური აპარატისა და აკომოდაციური კუნთის განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ეს 5-7-წუთიანი ვარჯიში აბსოლუტურად ხსნის იმ ერთი საათის მანძილზე მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას.
აქვე ვიტყვი, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან დროის გატარება საერთოდ არ არის რეკომენდებული. 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანთან შეუწყვეტლივ შეიძლება გაჩერდნენ მხოლოდ 20-დან 30 წუთამდე დროით.
თვალის სიმშრალე როგორ ამოიცნობა და როგორ ვუმკურნალოთ მას?
ანატომიურად ასე ვართ მოწყობილი, რომ არა მარტო მონიტორთან მუშაობისას, არამედ ნაბეჭდი მასალის კითხვის დროსაც კი თვალის ხამხამის ჯერადობა თითქმის ნახევარჯერ მცირდება, სწორედ ეს იწვევს მშრალი თავლის სინდრომს. საუბარია მშრალი თვალის სინდრომზე, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ დატვირთვის შედეგად და არა დაავადებებით.
ასეთ პაციენტებს სამუშაო დღის შემდეგ აღენიშნებათ თვალების გაწითლება. თუ ამას ყურადღება არ მიექცა, სიწითლე თითქმის სულ რჩება, თვალში ჩნდება უცხო სხეულის შეგრძნება, ასევე აღენიშნებათ ქუთუთოების თითქოს შეშუპება – ეს ყველაფერი მშრალი თვალის სინდრომს უკავშირდება.
ასეთი თვალის დაცვის მეთოდია თვალის დატენიანება, კერძოდ, მუშაობის დაწყებამდე და მის შემდეგ ჩაიწვეთეთ ე.წ. ნატურალური ცრემლის ფორმულის მქონე წვეთები. პარალელურად ამისა, თავისთავად დადებითად იმოქმედებს, თუ ყველა ერთ საათში დავასვენებთ თვალს კომპიუტერიდან.
რამდენად ეფექტურია ე.წ. კომპიუტერის სათვალე?
ე.წ. ანტიკომპიუტერული სათვალე კომპიუტერის სიკაშკაშეს გიქრობთ, რისი გაკეთებაც ჩვენ ამ სათვალის გარეშეც შეგვიძლია მონიტორის ფუნქციებში [ე.წ. სეთინგებში] შესვლით და ეკრანის სიკაშკაშისა და კონტრასტულობის დაბალანსებით, თანაც ისე, როგორც კონკრეტულად ჩვენთვის იქნება კომფორტული.
ეს სათვალეები უფრო მარკეტინგული სვლაა და არა საპრევენციო ზომა, ის შეიძლება არც გვაზიანებს, მაგრამ იმასაც არ გვაძლევს, რისი იმედიც გვაქვს. მართალია, ასეთ სათვალეში მინა არ არის არანაირი ნომრით, არც პლუსით, არც მინუსით, მაგრამ ნებისმიერ გამჭვირვალე სტრუქტურას აქვს თავისი გარდამტეხი ძალა, ეს ფიზიკის კანონია, შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენ ვაძალებთ ჯანსაღ თვალს გავიხედოთ მინაში ან ორგმინაში, რომელსაც მაინც აქვს გარდამტეხი ძალა, რითაც კიდევ უფრო ვღლით მას.
არ ვსაუბრობ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს სჭირდება ოპტიკური სათვალე, რომელიც ინიშნება ექიმის მიერ. საუბარია იმ პირებზე, რომელთაც სათვალის კორექცია არ სჭირდებათ და უბრალოდ იკეთებენ კომპიუტერულ სათვალეს. ისინი შესაძლოა ღლიდნენ ჯანსაღ თვალს.
ერთადერთი, რითაც შეგვიძლია დავიცვათ თვალი, არის მუშაობის შეწყვეტა, დასვენება და ვარჯიში.
დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ბრალი წარუდგინა უცხოეთის ხუთ მოქალაქეს – მათიას გუსტავსონს, შვედეთიდან, ვეკოსლავ პრებეგს, ხორვატიიდან და სამ ბრიტანელს – ჯონ ჰარდინგს, ენდრიუ ჰილსა და დილან ჰილის.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, გუსტავსონს, პრებეგსა და ჰარდინგს ბრალად ედებათ: „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით სწავლების გავლა, შეიარაღებულ კონფლიქტში და საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლებად მონაწილეობა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საკონსტიტუციო წყობის დამხობის მცდელობა“.
ენდრიუ ჰილს სეპარატისტული რესპუბლიკის პროკურატურა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ყოფნას ედავება, დილან ჰილის ქმედებები კი ბრალდებამ „დაქირავებული მებრძოლების გადაბირებად“ შეაფასა.
50 წელს გადაცილებული ჯონ ჰარდინგი, BBC-ის ცნობით, წარმოშობით სანდერლენდიდანაა და სამხედრო პარამედიკოსია. ის მაისში „აზოვსტალის“ სხვა მებრძოლებთან ერთად დაატყვევეს. ჰარდინგი 2018 წლიდან უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა. როგორც მაშინ მან თავად უთხრა BBC-ს, უკრაინაში წავიდა, რათა როგორც სამხედრო ექიმს, თავისი უნარები უკრაინელთა დასახმარებლად გამოეყენებინა.
ასევე ბრიტანელი დილან ჰილი BBC-ის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია Presidium Network-იდანაა და ის 25 აპრილს ზაპოროჟიესთან, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან პოლ ურისთან ერთად დააკავეს. პოლ ური დონეცკის იზოლატორში 10 ივლისს დაიღუპა.
შვედი მათიას გუსტავსონის დაკავების შესახებ ინფორმაცია 5 აგვისტოს დაადასტურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსული მედიის ცნობით, გუსტავსონი მარიუპოლში დააკავეს.
როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს, ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მომავალი სასამართლოს შესახებ, თუმცა პროცესს „არ მიიჩნევენ სამართლიანად და ლეგალურად, რადგან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ომის ტყვეების მოპყრობის საერთაშორისო კონვენციებს“.
სამ დაკავებულს – გუსტავსონს, ჰარდინგსა და პრებეგს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელს, 28 წლის ეიდენ ასლინსა და 48 წლის შონ პინერს. მათთან ერთად 9 ივნისს გაასამართლეს და ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 21 წლის მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს.
14 აგვისტოს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი ჰოლანდიელი საქსოფონისტის, ქენდი დალფერის და მისი ბენდის – Candy Dulfer & Band-ის ენერგიული კონცერტით დაიხურა.
კონცერტი ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდა, რასაც ჯემსეიშენებიც მოჰყვა.
დალფერმა უზომოდ ენერგიული და ხალისიანი მუხტი შექმნა კონცერტზე და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი საღამო აცეკვა ყველა ფესტივალის ბოლო კონცერტზე – ჩავიდა მსმენელებთან, ხელი ჩამოართვა ყველას, ვისაც კი მისწვდა, სოლოპარტიები რამდენიმეწუთიან იმპროვიზაციებად დაუკრა და ჯაზფესტივალის სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.
არეტა ფრანკლინი, პრინცი, პინკ ფლოიდი – ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, ვისთან ერთადაც ქენდი დალფერს საქსოფონზე დაუკრავს. თუმცა მისი, როგორც საქსოფონისტის მთავარი ღირსება არ არის ის, რომ კარიერის განმავლობაში ვარსკვლავებთან ერთად უკრავდა – დალფერი დამოუკიდებელი მუსიკოსია საკუთარი ბენდით და ამ დროიდან იწყებს ის საკუთარი ხმის აღმოჩენას.
საქსოფონისტი ქენდი დალფერი
დალფერის ბენდმა 1987 წელს ნიდერლანდებში მადონას ორი ევროპული კონცერტი გახსნა, ლეგენდარული პრინცის ბენდს კი დალფერი ტურნეზე შეუერთდა 2004 წელს.
2007 წელს დალფერმა მეცხრე სტუდიური ალბომი Candy Store გამოუშვა. ალბომმა თანამედროვე ჯაზის საუკეთესო ჩარტებში მე-2 პოზიციას მიაღწია.
მის სიმღერებს: Candy Store-სა და L.A. Citylights-ს პირველი პოზიცია ხვდა წილად აშშ-ს ჩარტებში, სახელწოდებით – Smooth Jazz National Airplay.
დალფერის კიდევ ერთ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ის თვითნასწავლი მუსიკოსია. თავიდან ქენდი დალფერი ალტზე უკრავდა, მაგრამ მერე საქსოფონმა გაიტაცა და მას შემდეგ ეს ინსტრუმენტი იქცა მისი მუსიკის გამოხატვის მთავარ ფორმად.
მიუხედავად მრავალფეროვანი და მრავალწლიანი კარიერისა, ქენდი დალფერის მუსიკა ფანკისა და ჯაზის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მუსიკის ის ჟანრი, რაშიც დალფერი თავს გრძნობს ისე, როგორც თევზი წყალში.
ფანკის დედოფალი – ასე უწოდებენ ქენდი დალფერს ჯაზ-ფანკის მსმენელები მთელ მსოფლიოში მისი დაუვიწყარი ლაივშოუების გამო. ეს ენერგიული მუსიკოსი ცეკვას, დაკვრას და კავშირს მსმენელთან ერთდროულად ახერხებს.
ასეთი იყო ქენდი დალფერი ბათუმში Black Sea Jazz ფესტივალის დახურვაზეც. ჯაზფესტივალის კონცეფცია ბათუმში არც ერთ წელს არ იცვლება. ფესტივალს ყოველთვის ყველაზე ენერგიული ბენდები ხურავენ შემდეგ წლამდე ემოციების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად და დაუვიწყარი დღეების სახსოვრად.
2022 წლის ჯაზფესტივალი მრავალფეროვანი რეპერტუარით და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბენდებით გამოირჩეოდა.
ფესტივალი 12 აგვისტოს ჩეხურმა ჯაზბენდმა გახსნა სახელწოდებით Boris Band Combination-ი. ფანკის და გრუვ-პოპის მიმდევარ ამ ბენდს ძალიან საინტერესო დრამერი, კრისტინა სიბინსკა ჰყავს. ტრიო ათი წელია ერთად უკრავს, ბათუმის ჯაზფესტივალის პირველ დღეს მათ მშვიდი, სასიამოვნო და იმპროვიზაციებით სავსე საღამო აჩუქეს მსმენელს.
Boris Band Combination
The Next Movement – ასე ჰქვია შვეიცარიულ ჯგუფს რომელმაც ბათუმის ჯაზფესტივალის სცენაზე პირველ დღეს Boris Band Combination-იმ შეცვალა.
ჯგუფი The Next Movement
მეორე დღეს ფესტივალი 70-იანი წლების მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი ბენდის Earth, Wind and Fire Experience-ის ლაივით გაგრძელდა.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი პანდემიის გამო ორი წელი არ ჩატარებულა, ეს წყვეტა სამი დღის განმავლობაში თითოეულ კონცერზე აისახა – ფესტივალს ყოველდღე უამრავი მსმენელი ესწრებოდა და სავსე იყო არამხოლოდ ჩოგბურთის კორტები, სადაც ტრადიციულად ჯაზფესტივალის სცენა ეწყობა ხოლმე ბათუმში, არამედ სცენის მიმდებარე ტერიტორიაც ბულვარში, სადაც მუსიკის ხმა შესანიშნავად ისმის.
რა ვჭამოთ ბათუმში? – ამ კითხვას ბათუმელები ყოველ წელს ისმენენ ქალაქში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტებისგან. ჩვენ 6 რჩევას მოგცემთ, რისი გასინჯვა ღირს ბათუმში, რომ თქვენი დასვენება გასტრონომიულადაც საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.
1. აჭარული ხაჭაპური
ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური მზადდება ბათუმში, ქალაქში, სადაც იგი შეიქმნა და ეს გაზვიადებული სულაც არ არის. ბათუმში აჭარულ ხაჭაპურს ბევრ ადგილას ამზადებენ ძალიან კარგად. თუ გინდათ ყველაზე კარგი ადგილები, სადაც აჭარულს ძალიან კარგად ამზადებენ, რჩევა ჰკითხეთ ბათუმელებს, ადგილობრივებმა ეს ყველაზე კარგად იციან.
2. თევზი და ზღვის პროდუქტები
ბათუმიდან თევზის გასინჯვის გარეშე არ უნდა წახვიდეთ. ამისთვის ყველაზე კარგი ადგილი ბათუმის შემოსასვლელშია, ბარცხანაში, ზღვის სანაპიროზე მდებარე თევზის ბაზარში.
აქაა მეთევზეთა ფარდულები და თევზის მთავარი ბაზრობა ბათუმში, სადაც უამრავი სხვადასხვა სახეობის ახალდაჭერილი თევზის შეძენაა შესაძლებელი. ბაზრობაზე შეგიძლიათ გაასუფთავებინოთ და შეაწვევინოთ ნაყიდი თევზი, თუ შინ წაღება გსურთ.
იქვეა გამწკრივებული თევზის რესტორნებიც, სადაც თქვენსავე ნაყიდ თევზს შეგიწვავენ. ასეთ რესტორნებს თავისი ხიბლი აქვს – ახალი, უგემრიელესი თევზეულის დიდი ულუფები, ზღვიდან მობერილი ნიავი და ცივი ლუდი ან ღვინო, თქვენი გემოვნებით.
3. ბორანო
აბა, როგორ არ უნდა გასინჯოთ აჭარული ტრადიციული კერძი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისსტატუსი აქვს?! ოღონდ კალორიების თვლა დაივიწყეთ, რადგან ბორანო იაღისგან [შინდამზადებული კარაქი] და ყველისგან მზადდება, ეს ცხელ კარაქში გამდნარი ყველია, ტრადიციული კერძი აჭარის მთებში.
აქვე გირჩევთ, გასინჯოთ კიდევ რამდენიმე აჭარული კერძი: სინორი [ფირფიტები ნადუღით, ნივრითა და კარაქით], ჩირბული [კვერცხი ნიგვზითა და მწვანილებით] და დოშორვა, მაწვნის წვნიანი, რომელიც განსაკუთრებით კარგია ნაბახუსევზე.
4. ბაქლავა და სხვა ტკბილეული
ბაქლავა დღეს საქართველოში ეგზოტიკა ნამდვილად არ არის და ბევრგან შეგიძლიათ გასინჯოთ, თუმცა აჭარაში ამბობენ, რომ აჭარული ბაქლავა ყველაზე ტკბილი და გემრიელია და იქნებ შეამოწმოთ, ასეა თუ არა?!
ბაქლავა შაქრის, ნიგვზის, კარაქისა და ხრაშუნა ფენების კომბინაციაა. იდეალურია ბათუმურ ყავასთან. აჭარაში ამბობენ, რომ კარგი ბაქლავა ენაზე უნდა დნებოდეს.
აქვე გირჩევთ გასინჯოთ აჭარული ჰალვა და შაქარლამა, შაქრის, ფხვილისა და კარაქის კვერები, რომელთა მომზადების ტექნოლოგიაც ერთმანეთისგან განსხვავდება და გემოც, შესაბამისად, სხვადასხვაა.
ბაქლავა
5. სოიოს ნაყინი
ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ვეგანებს გამოადგებათ. სოიოს ვეგანური ნაყინი ბათუმში მხოლოდ ერთ ადგილას იყიდება, ძველ ბათუმში, მეჩეთთან ახლოს მდებარე სკვერში, ქუთაისის ქუჩაზე.
ბათუმში ამბობენ, რომ კონკრეტულად ეს ნაყინი უნიკალური რეცეპტით მზადდება და ასეთ ნაყინს ვერსად გასინჯავთ ბათუმის გარდა.
აჭარული დაწნული ყველი ე.წ. მოხდილი რძისგან მზადდება და შედარებით დაბალკალორიულია, თუმცა ძალიან გემრიელი. შეგიძლიათ მიირთვათ მჭადთან ან პურთან ერთად, თუმცა ჩვენ ერთ კომბინაციას გირჩევთ – გასინჯეთ დაწნული ყველი კაიმაღთან ერთად. კაიმაღი არაჟნის მსგავსი ნაღებია, ძალიან ნოყიერი და გემრიელი. დაწნულ ყველთან კაიმაღს შეგიძლიათ მჭადი მიატანოთ.
„ბათუმის ბულვარს“ ახალი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილი აქვს სკეიტპარკის მოედნის მოწყობა. გეგმის მიხედვით, „სკეიტპარკი უნდა მოეწყოს მიწის დონის ქვემოთ, ჩაღრმავებაში და ფეხით სასიარულო ცენტრალური ბილიკი უნდა დარჩეს არსებულ ნიშნულზე; სკეიტპარკის ტერიტორიის შემოღობვა დაუშვებელია“.
სკეიტპარკი ახალ ბულვარში /ფოტო გეგმარებითი დავალებიდან / როგორი იქნება სკეიტპარკი – ესკიზს და პროექტს კონკურსში გამარჯვებული წარმოადგენს
სკეიტპარკის მშენებლობისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.
საკონკურსო თანხა 90 660 ლარია.
საკონკურსო განაცხადიდან:
„საპროექტო ტერიტორიის სავარაუდო ფართობი არანაკლენ 4 800 კვ.მეტრია. აღნიშნული ფართობზე უნდა მოეწყოს [სკეიტბორდის და ფამფ ტრეკი] მოედნები;
პროექტი ასევე უნდა ითვალისწინებდეს საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიურ კვლევას.
პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტები, რაც საჭიროა შეთანხმების დოკუმენტის მისაღებად.
გარემო პირობებიდან გამომდინარე, შერჩეულ იქნას შესაბამისი გამოსაყენებელი მასალები, რომლებიც ტექნიკურად უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ ნორმებსა და უსაფრთხოების წესებს.
საპროექტო მოედნები გათვლილი უნდა იყოს ამ სახეობის სხვადასხვა დონის ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლად და ატარებდეს მულტიფუნქციურ ხასიათს.
საპროექტო მოედნები თავისი ფუნქციური დატვირთვით გათვლილი უნდა იყოს ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულთათვის.
საპროექტო მოედნები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირთათვის გადასაადგილებლად.
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიაზე არსებული ნარგავების და ხე-მცენარეების შენარჩუნების შესაძლებლობას.“
—
ბათუმში დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სკეიტპარკია, რომელიც არდაგანის ტბის მიმდებარედაა მოწყობილი:
მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა, ოკუპირებულ ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინელი პარტიზანები ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავი კომფორტულად ვერ იგრძნონ.
ფედოროვი ამბობს, რომ რუსებმა ჯერ ხერსონიდან დაიწყეს მელიტოპოლში გადასვლა, ახლა კი უკვე მელიტოპოლიდანაც მიდიან.
„მას მერე, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირაში აქტიურად იმუშავეს, რუს სამხედროებს ოჯახები უკვე მელიტოპოლიდანაც გაჰყავთ. ამას ჩვენ ცხადად ვხედავთ. თუმცა არის ცუდი ამბავიც ადგილობრივებისთვის – მასობრივი „ფილტრაცია“ მიდის ქუჩებსა და სახლებში,“ – ამბობს ფედოროვი.
ფედოროვის თქმით, რამდენიმე დღის წინ პარტიზანებმა მელიტოპოლში ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის მელიტოპოლიდან ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით ტექნიკისა და საბრძოლო მასალების გადასატანად გამოიყენებოდა.
მელიტოპოლში აფეთქების ხმა გაისმა 12 აგვისტოსაც. ქალაქის მერის ინფორმაციით, პარტიზანებმა ააფეთქეს კოლაბორანტი ოლეგ შოსტაკი, რომელიც პროპაგანდისტულ მედიას ხელმძღვანელობს. თავდასხმის შედეგად შოსტაკი დაშავდა.
მელიტოპოლი რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში დაიკავა, ქალაქის მერი კი ტყვედ აიყვანა. ივან ფედოროვი მარტის შუა რიცხვებში უკრაინამ 9 რუს სამხედროში გაცვალა.