პუტინის გეგმები უცვლელი რჩება: მიაღწიოს ხელისუფლების შეცვლას კიევში და კონტროლქვეშ მოაქციოს უკრაინის უდიდესი ნაწილი – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი, რომლის უახლეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ კრემლი თავისი რეალური გეგმების შენიღბვას ცდილობს.
ISW-ი წერს, რომ 15 აგვისტოს, „არმია 2022-ის“ ფორუმზე, ომზე ლაპარაკისას პუტინს არ უხსენებია უკრაინის დანარჩენი ტერიტორია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა. მან თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით – „ჩვენი მეომრები დონბასის მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის და მშვიდობისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზუსტად ასრულებენ მათ წინაშე დასმულ ამოცანებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“.
„ასეთი განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის მანამდე დეკლარირებულ მიზნებს – უკრაინის „დენაციფიკაციასა“ და „დემილიტარიზაციას“. პუტინის გამოსვლის ტექსტი ასევე წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ქმედებებთანაც „შეიერთოს“ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული ნაწილები,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ის ანგარიშის კიდევ ერთი აქცენტი ყირიმში, ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქებებია, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის მარაგებსა და ლოგისტიკას.
„რუსეთის ძალები ჯანკოის იყენებდნენ როგორც სარკინიგზო კვანძს თავისი სამხედრო ძალების გადასაყვანად და ზაპოროჟიეს ოლქის, მათ შორის მელიტოპოლის მოსამარაგებლად. რუსეთის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა სამოქალაქო სარკინიგზო რეისები რუსეთიდან ყირიმის მიმართულებით“, – აღნიშნავენ მკვლევრები.
The New York Times-ის ცნობით, როგორც მათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა უთხრა ანონიმურად, ჯანკოიში მომხდარი აფეთქებები „მტრის ზურგში უკრაინის ელიტარული დანაყოფის მუშაობის შედეგია“. თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ უკრაინელთა დარტყმები ყირიმის ლოგისტიკურ სამიზნეებზე არ დაარღვევს უკრაინელთა შეთანხმებას დასავლეთ პარტნიორებთან, გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და წართმეულ რეგიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რადგან ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.
თუმცა როგორც ISW-ი დასძენს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ყირიმზე თავდასხმისთვის უკრაინის ძალებმა აშშ-ის შეიარაღება გამოიყენეს.
რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ძალები იწყებენ შეტევებს ბახმუტის გარშემო, ავდეევკისა და დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით. რუსებმა რამდენიმე წარუმატებელი შეტევა მიიტანეს ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთითაც.






