მთავარი,სიახლეები

რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს – კვლევა

16.08.2022 • 14786
რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს – კვლევა

5 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპება შიმშილით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში – წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი ჟურნალ Nature food-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.

ასეთია ყველაზე უარესი სცენარი იმ პუბლიკაციის თანახმად, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, რა არაპირდაპირი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ატომურმა ომმა და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ჭვარტლმა, რომელიც ქალაქებისა და ტყეების გადაწვის შემდეგ ატმოსფეროში გაჩნდება.

„რუთგერის უნივერსიტეტის ჯგუფი ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც გამოთვალა, რა მოცულობის მოსავალი დაზიანდება გლობალურად, თუკი კვამლის ღრუბლები დაფარავს მზეს და საკვებს შეუწყვეტს მცენარეს, რომლითაც შემდეგ ადამიანები იკვებებიან,“ – წერს The Hill-ი.

მკვლევრებმა, პირველ რიგში, შეაფასეს და განსაზღვრეს იმ ფერფლის სავარაუდო რაოდენობა, რომელიც ბირთვული ომის შემთხვევაში დიდი ქალაქების გადაწვის შედეგად წარმოიქნება. მაგალითად აიღეს ინდოეთის, პაკისტანის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავარი ქალაქები. შემდეგ, იმის გასარკვევად, თუ როგორ იმოძრავებს ეს ფერფლი დედამიწის გარშემო და რა ზიანს მიაყენებს ის მოსავალს. ეს მონაცემები აშშ-ის კლიმატის პროგნოზირების სახელმწიფო პროგრამაში შეიყვანეს.

„პროგრამამ დაადგინა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული ომის შემთხვევაში, ქარი კვამლის ღრუბლებს მოაგროვებს სურსათის ისეთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნების თავზე, როგორებიც აშშ, ჩინეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთია.

ამ ქვეყნებში მცენარეული კულტურების მოსავლის კატასტროფული შემცირება სათავეს დაუდებს მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც მსოფლიოს სასურსათო კრიზისამდე მიიყვანს. სურსათის ექსპორტის შეჩერება კი გამოიწვევს შიმშილს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც მთლიანად ექსპორტირებულ პროდუქციაზე არიან დამოკიდებული,“ – აღნიშნავს გამოცემა.

ამ სცენარით, დედამიწის მოსახლეობის ¾ ომის დამთავრებიდან კიდევ ორი წლის შემდეგაც იშიმშილებს. ბირთვული შეტაკებიდან სამი ან ოთხი წლის მერე კი 90 %-ით იქნება შემცირებული მცენარეული კულტურების მოსავალი და ხორცისა და თევზის მარაგი, რაც გლობალურად შიმშილსა და თანმდევ ქაოსს გამოიწვევს.

„მაგალითად, სტრატოსფეროს გაცხელება გაანადგურებს ოზონის ფენას, გააძლიერებს მზის ულტრაიისფერ რადიაციას და ჩვენ უნდა გვესმოდეს ამის გავლენა სურსათის მარაგებზე,“ – ამბობს ლილი შია, რუთგერის უნივერსიტეტის კვლევის თანაავტორი.

კვლევის თანახმად, ყველაზე მცირე მასშტაბის ლოკალური ბირთვული ომიც კი, მაგალითად ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ჰაერში იმდენ ფერფლსა და კვამლს წარმოქმნის, რომ მოსავლის მოცულობა გლობალურად 7 %-ით შემცირდება. ეს მაჩვენებელი ბევრად მცირეა იმ შედეგზე, რომელიც შესაძლოა აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულმა ომმა მოიტანოს.

NASA-ს შარშანდელი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 2030 წლიდან ისედაც მოსალოდნელია მცენარეული და მარცვლეული კულტურების მოსავლის შემცირება, რადგან „ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებების შედეგი უფრო ადრე დადგება, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.“

„ახალი კვლევის დასკვნა ნათელია: ბირთვული ომი მსოფლიოს სასურსათო სისტემას მიწასთან გაასწორებს,“ – ამბობს კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი ალან რობოკი.

„რადგან ბირთვული იარაღი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია. სამყარო არაერთხელ დადგა ბირთვული ომის საფრთხის წინაშე,“ – დასძენს რობოკი. – „ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი ამ იარაღის აკრძალვაა“.

რობოკი იხსენებს ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ გაეროს შეთანხმებას, რომელიც 66 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული და რომლის ხელმომწერთა შორის არ არიან ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნები.

„ჩვენი ნამუშევარი ცხადს ხდის, რომ დროა, ამ 9 ქვეყანამ ყური დაუგდოს მეცნიერებას, დანარჩენ მსოფლიოს და ხელი მოაწეროს ამ შეთახნმებას,“ – ამბობს რობოკი.

ბირთვულ იარაღს დღეს მსოფლიოში ცხრა ქვეყანა ფლობს: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: