მთავარი,სიახლეები

დონეცკში დაიღუპა ტყვეობაში მყოფი ბრიტანეთის მოქალაქე

15.07.2022 • 1072
დონეცკში დაიღუპა ტყვეობაში მყოფი ბრიტანეთის მოქალაქე

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლების მტკიცებით, ბრიტანელი პოლ ურის სიკვდილის მიზეზი „ავადმყოფობა და სტრესი“ გახდა.

რუსული მედია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლ ურის „შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს“, თუმცა ის 10 ივლისს გარდაიცვალა.

მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ომბუდსმენმა გაავრცელა. დარია მოროზოვამ პოლ ური დაქირავებულ მებრძოლად მოიხსენია და მისი სიკვდილის მიზეზად ქრონიკული დაავადებები დაასახელა.

45 წლის ბრიტანელი მოხალისე არასამთავრობო ორგანიზაცია Presidium Network-იდან იყო. ის 25 აპრილს ზაპოროჟიესთან, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან, დილან ჰილისთან ერთად დააკავეს. სწორედ ამ დღეს ელაპარაკა პოლ ური უკანასკნელად შვილებს ბრიტანეთში.

9 ივნისს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ სამხედრო ტყვეს – 28 წლის ეიდენ ასლინს, 48 წლის შონ პინერს და 21 წლის საადუნ ბრაჰიმს. მათ ბრალად ედებათ „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა“.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, დონეცკში აპირებენ, იმავე ბრალდებით კიდევ ორ დაკავებულ ბრიტანელს გამოუტანონ სასიკვდილო განაჩენი – 22 წლის დილან ჰილს, რომელიც უკრაინაში პოლ ურისთან ერთად მუშაობდა და 35 წლის ენდრიუ ჰილს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: