მთავარი,სიახლეები

რუს ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს – სხალთის ეპისკოპოსი

17.08.2022
რუს ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს – სხალთის ეპისკოპოსი

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ისე ექცევიან საქართველოში, როგორც „ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს“.

ეპისკოპოსმა ამ თემაზე 14 აგვისტოს ხიჭაურში იქადაგა ამბიონიდან.

„სოციალურ ქსელებში მოვისმინე, ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. ნუ ახლა, რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველასი. მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული.

იქიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რომ რუს ტურისტებს ძალიან უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ-თქვენი ქვეყნიდანო.

რა შეიძლება ამაზე ითქვას. ასე აკეთებდა ჰიტლერი, ადოლფ ჰიტლერი. საწყალ ებრაელებს დევნიდა, სადაც ნახავდა, ხოცავდა ყველას. მაღაზიაში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა, თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელების. ახლა თქვენ აკეთებთ მაგას რუსების მიმართ.

აი, ესაა. რა ჰქვია მაგას? ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა კაცო,“ – იქადაგა სხალთის ეპისკოპოსმა.

სხალთის ეპისკოპოსი საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან თქვა, რომ „ეკლესია ერთია“ და არ ესმის კრიტიკა, რაც რუსეთის პატრიარქის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მან უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმია დალოცა.

მან ასევე თქვა, რომ არის წინასწარმეტყველებები ამ ომზე და გაერთიანდება სამი ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა და ეყოლებათ ერთი მეფე.

ეპისკოპოს სპირიდონს ეკუთვნის ასევე ციტატა, რომ პუტინის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე შედეგია ჩვენი ცოდვების: „ამასწინათ იყო ტელევიზორში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და საერთოდ, ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობა ესეც… რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ღმერთმა აპატიოს მას, მაგრამ მე გეტყვით თქვენ – ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების“.

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით. მთავარეპისკოპოსს უკავშირდება ნინოწმინდის პანსიონის სკანდალიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: