მთავარი,სიახლეები

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ჰოლანდიელი საქსოფონისტის კონცერტით დასრულდა

15.08.2022
შავი ზღვის ჯაზფესტივალი ჰოლანდიელი საქსოფონისტის კონცერტით დასრულდა

14 აგვისტოს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი ჰოლანდიელი საქსოფონისტის, ქენდი დალფერის და მისი ბენდის – Candy Dulfer & Band-ის ენერგიული კონცერტით დაიხურა.

კონცერტი ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდა, რასაც ჯემსეიშენებიც მოჰყვა.

დალფერმა უზომოდ ენერგიული და ხალისიანი მუხტი შექმნა კონცერტზე და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი საღამო აცეკვა ყველა ფესტივალის ბოლო კონცერტზე – ჩავიდა მსმენელებთან, ხელი ჩამოართვა ყველას, ვისაც კი მისწვდა, სოლოპარტიები რამდენიმეწუთიან იმპროვიზაციებად დაუკრა და ჯაზფესტივალის სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

არეტა ფრანკლინი, პრინცი, პინკ ფლოიდი – ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, ვისთან ერთადაც ქენდი დალფერს საქსოფონზე დაუკრავს. თუმცა მისი, როგორც საქსოფონისტის მთავარი ღირსება არ არის ის, რომ კარიერის განმავლობაში ვარსკვლავებთან ერთად უკრავდა – დალფერი დამოუკიდებელი მუსიკოსია საკუთარი ბენდით და ამ დროიდან იწყებს ის საკუთარი ხმის აღმოჩენას.

საქსოფონისტი ქენდი დალფერი

დალფერის ბენდმა 1987 წელს ნიდერლანდებში მადონას ორი ევროპული კონცერტი გახსნა, ლეგენდარული პრინცის ბენდს კი დალფერი ტურნეზე შეუერთდა 2004 წელს.

2007 წელს დალფერმა მეცხრე სტუდიური ალბომი Candy Store გამოუშვა. ალბომმა თანამედროვე ჯაზის საუკეთესო ჩარტებში მე-2 პოზიციას მიაღწია.

მის სიმღერებს: Candy Store-სა და L.A. Citylights-ს პირველი პოზიცია ხვდა წილად აშშ-ს ჩარტებში, სახელწოდებით – Smooth Jazz National Airplay.

დალფერის კიდევ ერთ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ის თვითნასწავლი მუსიკოსია. თავიდან ქენდი დალფერი ალტზე უკრავდა, მაგრამ მერე საქსოფონმა გაიტაცა და მას შემდეგ ეს ინსტრუმენტი იქცა მისი მუსიკის გამოხატვის მთავარ ფორმად.

მიუხედავად მრავალფეროვანი და მრავალწლიანი კარიერისა, ქენდი დალფერის მუსიკა ფანკისა და ჯაზის ირგვლივ ტრიალებს და ეს არის მუსიკის ის ჟანრი, რაშიც დალფერი თავს გრძნობს ისე, როგორც თევზი  წყალში.

ფანკის დედოფალი – ასე უწოდებენ ქენდი დალფერს ჯაზ-ფანკის მსმენელები მთელ მსოფლიოში მისი დაუვიწყარი ლაივშოუების გამო. ეს ენერგიული მუსიკოსი ცეკვას, დაკვრას და კავშირს მსმენელთან ერთდროულად ახერხებს.

ასეთი იყო ქენდი დალფერი ბათუმში Black Sea Jazz ფესტივალის დახურვაზეც. ჯაზფესტივალის კონცეფცია ბათუმში არც ერთ წელს არ იცვლება. ფესტივალს ყოველთვის ყველაზე ენერგიული ბენდები ხურავენ შემდეგ წლამდე ემოციების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად და დაუვიწყარი დღეების სახსოვრად.

2022 წლის ჯაზფესტივალი მრავალფეროვანი რეპერტუარით და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბენდებით გამოირჩეოდა.

ფესტივალი 12 აგვისტოს ჩეხურმა ჯაზბენდმა გახსნა სახელწოდებით Boris Band Combination-ი. ფანკის და გრუვ-პოპის მიმდევარ ამ ბენდს ძალიან საინტერესო დრამერი, კრისტინა სიბინსკა ჰყავს. ტრიო ათი წელია ერთად უკრავს, ბათუმის ჯაზფესტივალის პირველ დღეს მათ მშვიდი, სასიამოვნო და იმპროვიზაციებით სავსე საღამო აჩუქეს მსმენელს.

Boris Band Combination

The Next Movement – ასე ჰქვია შვეიცარიულ ჯგუფს რომელმაც ბათუმის ჯაზფესტივალის სცენაზე პირველ დღეს Boris Band Combination-იმ შეცვალა.

ჯგუფი The Next Movement

მეორე დღეს ფესტივალი 70-იანი წლების მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი ბენდის Earth, Wind and Fire Experience-ის ლაივით გაგრძელდა.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი პანდემიის გამო ორი წელი არ ჩატარებულა, ეს წყვეტა სამი დღის განმავლობაში თითოეულ კონცერზე აისახა – ფესტივალს ყოველდღე  უამრავი მსმენელი ესწრებოდა და სავსე იყო არამხოლოდ ჩოგბურთის კორტები, სადაც ტრადიციულად ჯაზფესტივალის სცენა ეწყობა ხოლმე ბათუმში, არამედ სცენის მიმდებარე ტერიტორიაც ბულვარში, სადაც მუსიკის ხმა შესანიშნავად ისმის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: