შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში


კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სადაც დაგეგმილი პროექტების განხორციელება 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო და სადაც, ძირითადად, ტურისტული ობიექტები იყო განთავსებული? რა ბედი ელის აჭარის სანაპირო ზოლში ამ ქონებას მაშინ, როცა აღნიშნული ზოლით უკვე „ქართუ ჯგუფიცაა“ დაინტერესებული?

რატომ არ შესრულდა ვალდებულებები

21 ობიექტი, ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ ნიდერლანდებში ერთი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა.

მყიდველმა 21-დან მხოლოდ ერთი ვალდებულება შეასრულა – „მედეას“ ადგილზე „რედისონ ბლუ“ ააშენა. დანარჩენ ობიექტებზე პროექტები დღემდე განუხორციელებელია, ქონება – დანგრეული ან გავერანებული.

„2006 წელს განხორციელდა ობიექტებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების კომპენსირება; 2007 წელი დაეთმო უსახური და ექსპლუატაციისათვის უვარგისი ობიექტების დემონტაჟს; საქართველოში პირველად, აფეთქების გზით მოხდა სასტუმროების: „მესხეთის“, „აისისა“ და „ჰორიზონტის“, ასევე სხვა შენობების დემონტაჟიც, ტერიტორიების მოსუფთავება და შემოსაზღვრა.

კომპანიამ რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დახარჯა აღნიშნულ სამუშაოებზე. პარალელურად, მიმდინარეობდა პროექტების განვითარების კონცეფციის შემუშავება და ანგარიშგების მიწოდება აჭარის მთავრობაში,“ – უთხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“.

ათი წლის წინ ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი სწორედ „სილქ როუდ ჯგუფმა“ გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

IMG_1505

მწვანე კონცხი

რატომ არ დაიწყო მშენებლობა? – კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დაწყება 2008 წლისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა, „მსოფლიოში არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა, შემდგომ საქართველოში მომხდარმა ომმა, მნიშვნელოვნად შეაფერხა საინვესტიციო პროექტი. შეთანხმებული პროექტებიდან მხოლოდ სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დასრულება შევძელით 2011 წელს“.

გაუმჭვირვალე პროცესი გარიგების ელფერით

„ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიის მიმართ არავითარი სანქცია არ გატარებულა; მხარეების მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, საკითხი [ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში] საბოლოო გადაწყვეტისთვის პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოს უნდა გადაცემოდა. ამ უფლებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ უსარგებლია,“ – ესაა ამონარიდი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან, რომელიც ორგანიზაციამ გასული წლის ივნისში გამოაქვეყნა.

„ამჯერად, ახალი შეთანხმებით, ეს ქონება ფაქტობრივად დაბრუნებულია აჭარის საკუთრებაში და კომპანიებთან ურთიერთობა გაგრძელდება ახალი პირობებით,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გელა ცინცაძემ, რომელსაც შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტს.

შეთანხმება, ერთი მხრივ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მეორე მხრივ, კომპანიებს – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი.“-ს, „აჭარის კურორტებს“, „ქობულეთის კურორტებსა“ და „აჭარა რიალ ისთეითს“ შორის გაფორმდა. მეორე მხარის, ანუ ამ ოთხი კომპანიის მხრიდან, როგორც მყიდველი, შეთანხმებას მხოლოდ ერთი, მინდობილი პირი და დირექტორი, სერგო ცანავა აწერს ხელს.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის სერგო ცანავას დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტობრივად „სილქ როუდ ჯგუფში“ გადაგვამისამართა. კითხვებზე პასუხები ამ კომპანიიდან კი წერილობით მივიღეთ.

„რადგან ვალდებულება ვერ შესრულდა, ქონების დაბრუნება, მეტ-ნაკლებად სწორი ფორმაა. თუმცა, ამ პროექტთან დაკავშირებით პროცესები გამჭვირვალე არ არის, რადგან, თუ საჯარო მოხელეების ზეპირი განცხადებებით ვიმსჯელებთ, დაბრუნდა ქონების მხოლოდ ნაწილი, რაც ეჭვებს აჩენს. როცა ინფორმაცია სრული არ არის და არ კეთდება განმარტებები, ეს სულ ცოტა, გარიგებების ელფერს აძლევს პროცესს. როცა ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხით, მთელი პროცესი ისე წარიმართა, რომ ინფორმაცია ფაქტობრივად არ მოგვაწოდეს და ეს იმ ფონზე, როცა აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქონების დაბრუნებაზე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი ნათია ზოიძე.

ახალი შეთანხმება და პირობები

ინფორმაციის სრულად მიღება სამინისტროდან და აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებსაც“ გაუჭირდა. ამჯერად მიზეზად მთავრობის გადაყენების პროცესი დასახელდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მოგვაწოდა შეთანხმების ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებს სურთ შეცვალონ არსებული ხელშეკრულებები, თუმცა მიზეზებზე მასში საუბარი არ არის. ერთადერთი, აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმების გაფორმებისას მოქმედებდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანებითა და მთავრობის ამავე დღეს გამოცემული განკარგულების შესაბამისად [ამ დოკუმენტების მიღებას მთავრობიდან ველოდებით]. ახალი შეთანხმება კი, როგორც რეესტრის ამონაწერებიდან ჩანს, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან ოთხ დღეში, 24 აპრილსაა დამოწმებული.

„სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პროექტის მასშტაბურობის გათვალისწინებით, 2006 წლიდან დღემდე, მუდმივად ხდებოდა მისი დახვეწა და განვითარება. ეს სამუშაო პროცესია და სხვანაირად შეუძლებელია კონკრეტული ობიექტების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა“.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „მიზანშეწონილობის კვლევიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო პროექტის ახალი ფორმით ჩამოყალიბების შესახებ… ახალ პროექტებში მკაცრადაა გაწერილი ინვესტიციების მოცულობა, პროექტების განხორციელების რეალური ვადები და გრაფიკი“.

სილქ როუდ ჯგუფი დაქართუ ჯგუფი მწვანე კონცხზე

შეთანხმების მიხედვით, მყიდველმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული 6 ობიექტის [ყოფილი სანატორიუმ „აჭარას“ სამი კორპუსი, დასასვენებელი სახლი „მწვანე კონცხი“, ტურბაზა „მწვანე კონცხი“ და პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“] განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება, წარდგენა და დამტკიცება. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ჯამში, 18 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

მწვანე კონცხზე, გასულ წელს, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეისყიდა. ამ კომპანიამ აქ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

IMG_1504

მწვანე კონცხი

ამ ტერიტორიის გვერდით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ კი მრავალმილიონიან პროექტებს „ფონდი ქართუ“ ახორციელებს. უნდა აშენდეს საბაგირო გზაც. ფაქტობრივად, სწორედ ამ ტერიტორიებს ესაზღვრება მწვანე კონცხზე ყოფილი სანატორიუმები, ძირითადად სანატორიუმ „აჭარას“ პირველი, მეორე და მესამე კორპუსები.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა კავშირშია ეს პროექტები და ახალი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ერთმანეთთან და ხომ არ იგეგმება „მწვანე კონცხის პროექტის“ მხოლოდ „ქართუს“ მიერ განხორციელება?

„ბიზნეს დეველოპმენტში“ თავის დროზე „ქართუ ჯგუფთან“ ურთიერთობის შესახებ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

რაც შეეხება „სილქ როუდ ჯგუფს“, ისინი სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან: „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები და ინფორმაციის დონეზე ზოგადად განვიხილეთ მწვანე კონცხის განვითარების პერსპექტივები, თუმცა ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა არ ყოფილა. მწვანე კონცხის პროექტის განხორციელებას ვახდენთ ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმით, დამოუკიდებლად, თუმცა მზად ვართ სხვა ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის“.

10 წლის წინ დაპირებული ყაზახური ინვესტიცია

2005-2006 წელს დაპირებული ყაზახური ინვესტიცია აჭარაში არ განხორციელებულა. აჭარის ახალი თავმჯდომარის, ყაზახეთში ყოფილი ელჩის, ზურაბ პატარაძის ერთ-ერთი დაპირებაც ყაზახური ინვესტიციების მოზიდვაა: „ჩვენ გვაქვს ყაზახური ინვესტიციები რეგიონში და ველოდებით კიდევ დამატებით ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს და მალე გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია“ – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება აჭარის კურორტებზე სწორედ ყაზახურ ბანკში იყო ჩადებული. ამასთან ყაზახური მხარე უკმაყოფილო იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი. „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ 2014 წელს წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ყაზახურ „ბითიეი“ ბანკთან: „სესხის გადახდის სანაცვლოდ, ბანკმა ობიექტები გაათავისუფლა იპოთეკისგან.“

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახალი ვალდებულებების შესასრულებლად ყაზახური ინვესტიციის ჩადება, კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ყაზახურ მხარესთან ამ კუთხით მოლაპარაკებას ამ ეტაპზე არ აწარმოებენ.

ახალი ვალდებულებები

„საერთო მინიმალური საინვესტიციო მოცულობა დარჩენილ ობიექტებზე განისაზღვრა არანაკლებ 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით,“ – მოგვწერეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ ახალი შეთანხმებით აღებული ვალდებულება, მეტი ინვესტიციის ჩადებას ითვალისწინებს – არანაკლებ 33,5 მილიონ აშშ დოლარს.

გარდა მწვანე კონცხისა, კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, უზრუნველყოს სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება. ამ მიზნით არანაკლებ 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

კომპანიას დაევალა ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე სამშენებლო მოედნის უსაფრთხოების დამცავი ღობის დემონტაჟი და ტერიტორიის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანაც. ამ ტერიტორიაზე, ბათუმში, „ჰილტონის“ გვერდით, დამცავი ღობე უკვე აღებულია [აღსანიშნავია, რომ აქვე, გვერდით, მიწის ნაკვეთი უნდა გადასცენ თვენახევრის წინ დარეგისტრირებულ კომპანიას, რომლის მეპატრონეც ყოფილი ჩინოვნიკი და „ქართული ოცნების“ შემწირველია. აკაკი სონგულიამ „ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შესწირა. ამ ტერიტორიის უსასყიდლოდ, მაგრამ პირობებით გასხვისებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის საკრებულომ თანხმობა უკვე მისცა].

„სილქ როუდ ჯგუფმა“ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს ასევე ყოფილ სანატორიუმ „ნარინჯის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 300 ათასი დოლარის, ხოლო ტურბაზა „ციხისძირის“ ტერიტორიაზე არანაკლებ 200 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

უნდა შემუშავდეს და 2018 წლის 31 დეკემბრამდე დამტკიცდეს ასევე ბობოყვათის პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა. კომპანიამ აქ 2025 წლის 31 დეკემბრამდე პროექტი უნდა დაასრულოს, რაშიც 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ხელშეკრულების მიხედვით, საუბარია 4 ჰექტარ ტერიტორიაზე, თუმცა, რეესტრში გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ჯამში იმ ნაკვეთების ფართობი, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, თითქმის 10 ჰექტარია.

ეს ვალდებულებები მიმდინარე წლის აპრილის ცვლილებით განისაზღვრა ხელშეკრულებაში. ეს 2006 წელს დადებულ ხელშეკრულებაში მეხუთე ცვლილებაა. მანამდე ის ოთხჯერ შეიცვალა – 2006, 2008, 2009 და 2011 წელს. ეს ცვლილებები ინვესტორის სასარგებლოდ, ძირითადად, პროექტების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.

დაბრუნებული ქონება

ახალი ხელშეკრულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად უკვე აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული – მიწის ნაკვეთები ქობულეთში, ციხისძირში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ჯამში დაახლოებით 31 ჰექტარი ტერიტორია [312 057 კვ/მ], მათ შორის ყოფილი პანსიონატებისა და ტურბაზების ტერიტორიები: „ჩირაღდანი“, „ტალღა“, „ჰორიზონტი“, ტურბაზა „ქობულეთი“, სანატორიუმი „ქობულეთი“, „ნიავი“, „ჩაქვი“, „აჭარა“.

რატომ და რის სანაცვლოდ დათანხმდა კომპანია მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას? – „იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენ ვერ შევძელით სრულად შეგვესრულებინა ვალდებულებები. მოვახდინეთ იპოთეკისგან ქონების გათავისუფლება და ნაწილის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. სანაცვლოდ, კი ჩვენს საკუთრებაში დარჩენილ ობიექტებზე ახალი საინვესტიციო ვალდებულებები ავიღეთ,“ – გვიპასუხეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ის, თუ რომელ მიწის ნაკვეთს დააბრუნებდნენ და რას დაიტოვებდნენ, აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა: „კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მოხდა ობიექტების გამოთავისუფლება, უვარგისი შენობების დემონტაჟი და ტერიტორიების მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოცემული ქონების ხელახალი და სახელმწიფოსათვის უფრო მომგებიანი პირობებით გაყიდვის შესაძლებლობას“.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს 21 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. ქონება 17,5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, აქედან 13,5 მილიონი აშშ დოლარი ამ სასტუმროებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების საკომპენსაციო თანხას წარმოადგენდა, ხოლო 4 მილიონი აშშ დოლარი აქციათა პაკეტების საპრივატიზაციო ღირებულება იყო. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“-ს დაკავშირებულმა პირმა „Silk Road Group S.A“-მ 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტით „სილქ როუდ ჯგუფმა“ სურვილი გამოთქვა, ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე.

სანატორიუმ „აჭარას“ მეორე კორპუსი დღეს / მწვანე კონცხი / თორნიკე თავაძის ფოტო

სანატორიუმ „აჭარას“ მეორე კორპუსი დღეს / მწვანე კონცხი / თორნიკე თავაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com