მთავარი,სიახლეები

ლატვიელი დეპუტატი, რომელმაც მანდატზე უარი თქვა და უკრაინაში „ბოროტების იმპერიას“ ებრძვის

16.08.2022 • 9866
ლატვიელი დეპუტატი, რომელმაც მანდატზე უარი თქვა და უკრაინაში „ბოროტების იმპერიას“ ებრძვის

მარტის დასაწყისში ლატვიის სეიმის კანცელარიამ პარტია „კონსერვატორების“ წევრისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იურის იურაშის განცხადება მიიღო. ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდა.

იურაშმა პარლამენტარის მანდატი დატოვა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, იბრძვის ჩვენი, მათ შორის ლატვიისა და ევროკავშირის თავისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია, საერთო გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ,“ – თქვა მაშინ იურის იურაშმა.

47 წლის პოლიტიკოსი 7 მარტის შემდეგ უკრაინაშია.

მარტის დასაწყისში, უკრაინული ინტერნეტტელევიზია Hromadske-ს ჯგუფი შემთხვევით შეხვდა იურაშს კიევის გარეუბანში, სადაც კიევის ტერიტორიული თავდაცვის ძალები და მოხალისეთა ბატალიონი „კარპატების სეჩი“ რუსების შეტევის მოსაგერიებლად ემზადებოდნენ.

სამი თვის შემდეგ, ჟურნალისტები იურისს კიდევ ერთხელ შეხვდნენ, ამჯერად ხერსონის ოლქში, ოკუპირებული იზიუმიდან ათობით კილომეტრის დაშორებით.

სწორედ აქ ცდილობენ რუსები, ჩრდილოეთიდან შემოარტყან ალყა სლოვიანსკს. თუმცა არ გამოსდით – მოხალისეები მათ ერთ მეტრსაც კი არ უთმობენ.

იურის იურაში Hromadske-ს უყვება, როგორ და რატომ იბრძვის უკრაინაში, რა არის ყველაზე რთული ომში და რატომ ფიქრობს, რომ ასე მეტის გაკეთება შეუძლია უკრაინისთვის, ვიდრე პოლიტიკოსობით.

დეპუტატობიდან ჯარისკაცობამდე

ჩემი სამხედრო გზა სხვებისგან გამორჩეული სულაც არაა – ისეთივეა, როგორიც ჩვენი ბატალიონის ნებისმიერი წევრის. თავიდან ირპენში ვიყავით, რის შემდეგად პირდაპირ აქ გადმოგვისროლეს, იზიუმის მიმართულებაზე. აქ უკვე რამდენიმე თვეა, პოზიციები გვიჭირავს და ვიბრძვით.

მე სამხედრო არ ვარ, მაგრამ ლატვიის სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომაც მქონდა საფუძველი, სწრაფად მესწავლა და გამოცდილება მიმეღო.

ეს ტექნოლოგიებისა და მძიმე შეიარაღების ომია. კარგად გვესმის, რომ თანამედროვე დასავლური შეიარაღების გარეშე ომში გარდატეხის მიღწევა ძალიან რთული იქნება. მაგრამ გვესმის ისიც, რომ უკვე ბევრს მივაღწიეთ.

იურის იურაში იზიუმთან/ფოტო: Hromadske.ua

ის, რომ ახლა შეგვიძლია თავდაცვა გავამაგროთ და ჩვენი ამოცანები შევასრულოთ, მებრძოლების ძალიან მაღალი მოტივაციისა და ძლიერი საბრძოლო სულის დამსახურებაა. მაგრამ როგორი ძლიერიც უნდა იყოს მოტივაცია, ომის მოსაგებად საკმარისი მაინც ვერ იქნება. შეიარაღებაა საჭირო. ოკუპანტები ბევრად უკეთ არიან უზრუნველყოფილი ყველაფრით და მხოლოდ საბრძოლო განწყობით სიტუაციის შემობრუნებას ვერ შევძლებთ.

ის, რის მიჩვევაც შეუძლებელია

ამას ერაყსა და ავღანეთსაც ვერ შევადარებ. აქ ბევრი უცხოელი იბრძვის და იცავს უკრაინის თავისუფლებას. მათ აქვთ გამოცდილება და ყველა ამბობს, რომ ასეთი ომი, ასეთი რთული სიტუაცია არსად უნახავთ. აქ თავისებური ომია. თანამედროვე შეიარაღების, ტანკების, არტილერიის, მძიმე შეიარაღების ომი – ყველაფრის საფუძველი ესაა და ვისაც აქვს უპირატესობა, სიტუაციასაც ის აკონტროლებს.

სამწუხაროდ, სიტუაცია ფრონტზე შორსაა იმისგან, რომ დანაყოფების როტაცია, დასვენება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალების მოკრება შეგვეძლოს. ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მებრძოლებიც გვაკლია. პოზიციებზე დატვირთვა ახლა ძალიან სერიოზულია და ისეთი საშიში მომენტებიც დგება, როდესაც ადამიანები იღლებიან მუდმივი დაძაბულობისგან და სიფრთხილის შენარჩუნება უჭირთ. ხდება, რომ მებრძოლები მოდუნდებიან ხოლმე. არა იმიტომ, რომ არ იციან ან არ ესმით რა საშიშია ეს, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან დაიღალნენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა ხაზზე მებრძოლებს დასვენების საშუალება ჰქონდეთ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

ყველაზე რთულია იმის ნახვა, როგორ კვდებიან შენი მეგობრები და თანამებრძოლები. ეს ყოველთვის მტკივნეულია, რადგან ჩვენ აქ ოჯახივით ვართ, გუნდი, რომლის თითოეული წევრიც მზადაა მეორეს გვერდში დაუდგეს.

და როდესაც გუნდიდან ვინმე იღუპება, ყველა ძალიან განვიცდით. შეუძლებელია, ამას მიეჩვიო.

 რეალურ ფრონტზე თუ დიპლომატიაში?

აქედან უკეთ შემიძლია დავეხმარეო უკრაინას. აქედან შემიძლია უკეთესი კოორდინაცია გავუწიო იმ დახმარებასაც, რომელსაც უკრაინა ლატვიიდან იღებს.

ჩემი პირადი შეგრძნებაა, რომ აქ ყოფნით მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ლატვიაში დარჩენით.

ეს ჩემი არჩევანია. მე ასე მესმის, რომ ასე უნდა დავეხმარო უკრაინას, ევროპას და მთელ მსოფლიოს. ეს არ არის უკრაინის ომი რუსეთთან, სინამდვილეში, ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ომია აგრესორთან, რომელიც უკრაინას დაესხა თავს. თუ ჩვენ ყველა ერთად ვერ გავიმარჯვებთ ახლა, ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, სად მიგვიყვანს ეს.

მთელმა მსოფლიომ უნდა გაცნობიეროს, რომ ეს ჩვენი საერთო ომია ბოროტებასთან, ბოროტების იმპერიასთან და ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ ოკუპანტი უკრაინაში, რომ წინ ვეღარ წავიდნენ.

სიცრუეა, რომ შიში არ არსებობს

როდესაც პირველად ხვდები სიტუაციაში, როდესაც გვერდით ჭურვები ფეთქდება და გესვრიან, ორგანიზმი შეიძლება გაქვავდეს თავდაცვის ინსტინქტისგან. წინასწარ ვერ მიხვდები, როგორ მოიქცევი ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში.

ვინც ამბობს, რომ შიში არ არსებობს, ცრუობს. საკითხი სხვაგვარად დგას – როგორ უმკლავდებიან მეომრები შიშს, როგორ აკონტროლებენ მას. ამისთვისაა აუცილებელი სწავლება, მომზადება.

არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იოლად აეწყონ ნებისმიერ სიტუაციას, მაგრამ ყველა ასე არაა.

თუ გაქვს ასეთი ცოდნა და გამოცდილება, როგორც მებრძოლს, უკვე სრულიად სხვა პოტენციალი გაქვს. ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ სამხედროების რაოდენობა არაა წარმატების გარანტია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მომზადებულნი არიან ისინი ომისთვის. ზოგჯერ 5-6 მებრძოლს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 50-ს. ადამიანები, რომლებსაც ესმით და იციან, რას აკეთებენ, სხვანაირად აწარმოებენ ომს, მაშინ შეიძლება 5-6 სამხედროც კი გეყოს რაიმე ამოცანის შესასრულებლად.

ახალწვეულებს, რომლებსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ გაუსვრიათ ავტომატიდან, ბუნებრივია ეშინიათ, როდესაც ასეთ ვითარებაში ხვდებიან. მათ ხომ ასეთი რამ არასოდეს განუცდიათ, არ იციან, როგორ მოიქცნენ, ზოგჯერ არც არავინ ჰყავთ გვერდით, რომ მაგალითი აჩვენოს და ურჩიოს რამე. სამწუხაროდ, არის ასეთი ნიუანსებიც, რომელსაც ვაწყდებით. ახლა ბევრი ახალგაზრდაა, რომლებმაც მომზადება ვერ მოასწრეს, ან საკმარისად ვერ მოემზადნენ და ბუნებრივია, ბრძოლაში თავდაჯერება აკლიათ.

იურის იურაში/ფოტო: ფეისბუქიდან

მოხალისეთა მოტივაციაზე

მეც მოხალისე ვარ.

ისეთი მოტივაცია, როგორც აქ აქვთ მოხალისეებს, არსად მინახავს. აქ ვინც იბრძვის, ომის პირველი დღეებშივე მოვიდნენ. მოვიდნენ არა იმიტომ, რომ გამოიძახეს ან ვინმემ აიძულა – არამედ იმიტომ, რომ მათი გული სამშობლოსთვის ძგერს და მზად არიან, თუნდაც ერთი ავტომატით ხელში იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენ ვხედავთ, როგორი მოტივირებულები არიან უკრაინელი მებრძოლები, როგორი ძლიერი საბრძოლო განწყობა აქვთ და ვხედავთ იმისაც, როგორი საპირისპიროა მოწინააღმდეგის განწყობა.

ვერ ვიჯერებ, რუსი სამხედროები, რომლებიც აქ იმყოფებიან, ვერ აცნობიერებენ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს „სპეცოპერაციასთან ნაცისტების წინააღმდეგ.“

კი, რუსეთში მათ კვებავენ დეზინფორმაციით, მუდმივი ტყუილებით, რათა გაამართლონ რაც აქ ხდება. იქ ადამიანები უკვე გადაეჩვივნენ კრიტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გაანალიზებას, ფაქტების დანახვას. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს არის ერთი დიდი ფარა, რომელიც ვერ აღიქვამს უკრაინაში არსებულ რეალობას. ომი, რომელიც მათ წამოიწყეს, რუსეთის ნგრევას დააჩქარებს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.

ის, რომ მეორე მსოფლიო ომიდან 80 წლის შემდეგ დაიწყო ასეთი ომი, ასეთი გენოციდი, ამის გააზრება ძალიან რთულია. წარმოუდგენელია იმის მიღება, რაც ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ – ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმები, ქალებისა და ბავშვების დახოცვა.

როდესაც მშვიდობიანი ადგილიდან ჩამოდიხარ აქ, თითქოს სადღაც არარეალურ გარემოში ხვდება, ძალიან გიჭირს ამ ყველაფრის აღქმა. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ურჩხულებს შეუძლიათ, მათ, ვისთვისაც სიცოცხლეს ფასი არ აქვს. არა მხოლოდ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვისაც თავს ესხმიან, არამედ საკუთარი სამხედროების სიცოცხლესაც.

გაჩერდება რუსეთი?

ახლა ის ნაძირალა, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო, კუთხეშია მიმწყვდეული. მანევრისთვის სივრცე აღარ დარჩა. მას არ შეუძლია თქვას, რომ მოდი აქ დავასრულოთ და მერე ეს თავის ქვეყანაში „გაყიდოს“.

რაღაც შედეგი მაინც უნდა აჩვენოს და როგორც ვხედავთ, მისი გეგმა მინიმუმი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებია. თუ მათაც ვერ შეინარჩუნებს, რუსეთს ვეღარაფერს „მიჰყიდის“.

მე, პირადად, ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, რომელშიც უკრაინა დათანხმდება მშვიდობიან მოლაპარაკებებს ან გაყინავს ამ კონფლიქტს იმ პირობებით, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს კონტროლი დონეცკსა და ლუგანსკზე.

მშვიდობიანი მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა თავის ტერიტორიულ საზღვრებს აღიდგენს, იმ საზღვრებს, რომელიც 2014 წლის ომამდე ჰქონდა.

დასრულდება თუ არა ომი მომავალ წლამდე

მინდა მჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა მე რეალისტურად ვუყურებ მოვლენებს. თუკი უკრაინის დამცველებს საკმარისი თანამედროვე შეიარაღება ექნებათ, ეს ნამდვილად შესაძლებელი გახდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: