მთავარი,სიახლეები

რუს სამხედროებს ოკუპირებული მელიტოპოლიდან ოჯახები გაჰყავთ – ქალაქის მერი

15.08.2022 • 1521
რუს სამხედროებს ოკუპირებული მელიტოპოლიდან ოჯახები გაჰყავთ – ქალაქის მერი

მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა, ოკუპირებულ ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინელი პარტიზანები ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავი კომფორტულად ვერ იგრძნონ.

ფედოროვი ამბობს, რომ რუსებმა ჯერ ხერსონიდან დაიწყეს მელიტოპოლში გადასვლა, ახლა კი უკვე მელიტოპოლიდანაც მიდიან.

„მას მერე, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირაში აქტიურად იმუშავეს, რუს სამხედროებს ოჯახები უკვე მელიტოპოლიდანაც გაჰყავთ. ამას ჩვენ ცხადად ვხედავთ. თუმცა არის ცუდი ამბავიც ადგილობრივებისთვის – მასობრივი „ფილტრაცია“ მიდის ქუჩებსა და სახლებში,“ – ამბობს ფედოროვი.

ფედოროვის თქმით, რამდენიმე დღის წინ პარტიზანებმა მელიტოპოლში ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის მელიტოპოლიდან ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით ტექნიკისა და საბრძოლო მასალების გადასატანად გამოიყენებოდა.

მელიტოპოლში აფეთქების ხმა გაისმა 12 აგვისტოსაც. ქალაქის მერის ინფორმაციით, პარტიზანებმა ააფეთქეს კოლაბორანტი ოლეგ შოსტაკი, რომელიც პროპაგანდისტულ მედიას ხელმძღვანელობს. თავდასხმის შედეგად შოსტაკი დაშავდა.

მელიტოპოლი რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში დაიკავა, ქალაქის მერი კი ტყვედ აიყვანა. ივან ფედოროვი მარტის შუა რიცხვებში უკრაინამ 9 რუს სამხედროში გაცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: