მთავარი,სიახლეები

ვინ არის კიდევ ერთი ბრიტანელი, რომელსაც დონეცკში სიკვდილით დასჯა ემუქრება

18.07.2022 • 1260
ვინ არის კიდევ ერთი ბრიტანელი, რომელსაც დონეცკში სიკვდილით დასჯა ემუქრება

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ კიდევ ერთი ბრიტანელი ტყვის, ჯონ ჰარდინგის ვიდეო აჩვენა – ის ჰყვება, რომ სიკვდილით დასჯა ემუქრება და დახმარებისთვის ბორის ჯონსონს მიმართავს. ოჯახმა და მეგობრებმა BBC-ს დაუდასტურეს, რომ ვიდეოში ნაჩვენები კაცი ნამდვილად ჯონ ჰარდინგია.

50 წელს გადაცილებული ჰარდინგი, რომელიც BBC-ის ცნობით, წარმოშობით სანდერლენდიდანაა და სამხედრო პარამედიკოსია, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ჰარდინგი მაისში „აზოვსტალის“ სხვა მებრძოლებთან ერთად დაატყვევეს. რუსულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ბრიტანელი პარამედიკოსი „აზოვის“ წევრი იყო, თუმცა როგორც ჰარდინგს თავისი მეგობრებისთვის ჰქონდა ნათქვამი, ის უკრაინის ეროვნულ გვარდიაში ირიცხებოდა.

ჰარდინგი 2018 წლიდან უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა. როგორც მაშინ მან თავად უთხრა BBC-ს, უკრაინაში წავიდა, რათა როგორც სამხედრო ექიმს, თავისი უნარები უკრაინელთა დასახმარებლად გამოეყენებინა.

დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელს, 28 წლის ეიდენ ასლინსა და 48 წლის შონ პინერს. მათთან ერთად 9 ივნისს გაასამართლეს 21 წლის მაროკოელი, საადუნ ბრაჰიმი.

10 ივლისს კი დონეცკში დაიღუპა ტყვეობაში მყოფი ბრიტანელი მოხალისე, 45 წლის პოლ ური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Presidium Network-იდან იყო და რომელიც 25 აპრილს ზაპოროჟიესთან, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან, დილან ჰილისთან ერთად დააკავეს.

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლების მტკიცებით, პოლ ურის სიკვდილის მიზეზი „ავადმყოფობა და სტრესი“ გახდა.

22 წლის დილან ჰილი, რომელიც უკრაინაში ურისთან ერთად ჩავიდა, კვლავ ტყვეობაში რჩება. ჯონ ჰარდინგსა და დილან ჰილის გარდა ტყვეობაშია 35 წლის ენდრიუ ჰილიც, რომელსაც სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ასევე სიკვდილით დასჯა ემუქრება.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ „სამარცხვინო და სრულიად უკანონო სასჯელი უწოდა სასიკვდილო განაჩენს“ და არაერთი განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ უკრაინაში დაკავებული ბრიტანელები სამხედრო ტყვეები არიან და რუსეთი ვალდებულია, მათ ჟენევის კონვენციის შესაბამისად მოექცეს.

„ჩვენ მხარში ვუდგავართ ბრიტანეთის მოქალაქის ოჯახს და მისი დაკავებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვგმობთ დაკავებულთა პოლიტიკური მიზნებისთვის ექსპლუატაციას. ეს საკითხი არაერთხელ წამოვჭერით რუსეთის ხელისუფლებასთან. მუდმივი კავშირი გვაქვს უკრაინის მთავრობასთან და მათთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ ამ ადამიანების გასათავისუფლებლად,“ – უთხრა ჟურნალისტებს ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

მთავარი ფოტო: ჯონ ჰარდინგი/”ქართული ლეგიონის” ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: