მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბათუმში ბავშვებში ნაწლავურმა ინფექციებმა იმატა, როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

16.08.2022
ბათუმში ბავშვებში ნაწლავურმა ინფექციებმა იმატა, როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი, რევაზ ნაკაშიძე გვიდასტურებს, რომ ზაფხულის სიცხესთან ერთად იმატა ჰოსპიტალში მიმართვიანობამ ბავშვთა ნაწლავური ინფექციებით. მისივე თქმით, ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან თავის ასარიდებლად მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ფაქტორები:

  • საჭიროა გაკონტროლდეს რამდენად ხშირად იბანს ბავშვი ხელებს
  • კერძები აუცილებლად უნდა იყოს ახალმომზადებული
  • არ არის სასურველი მომზადებული კერძების მაცივარში შენახვა
  • თუ ასე არ ხერხდება, მაშინ მაცივრიდან გამოღებული კერძი აუცილებლად უნდა გაცხელდეს ადუღებამდე
  • უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვსვამთ ხარისხიან, სუფთა წყალს
  • არ არის სასურველი საკვების პლაჟზე მიღება
  • არ არის სასურველი მალფუჭებადი პროდუქტებით კვება
  • რაც იფცქვნება ან ითლება, ყველაფერი უნდა გაიფცქვნას და გაითალოს
  • თუ ბავშვს აღენიშნება ფაღარათი, ცხელება ან ღებინება, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს
  • ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ბავშვის სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსია
  • ექიმთან ვიზიტი აუცილებელია ასევე, თუ ბავშვს აქვს სისხლიანი ან წყლიანი დიარეა

ბათუმის ინფექციური ცენტრის ინფექციონისტი, ლალი საღარაძე განმარტავს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს მიკროორგანიზმები გაცილებით სწრაფად მრავლდება, ვიდრე შემოდგომასა და ზამთარში:

„ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს, პირად ჰიგიენასა და თერმულად კარგად დამუშავებული საკვების მიღებას, ხილისა და ბოსტნეულის გამდინარე წყლით გარეცხვას.

მოწამვლისას, როგორც ნაწლავურ ინფექციას ეძახიან, ორგანიზმი კარგავს მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ნატრიუმი და კალიუმი. ამ დროს კი შეიძლება განვითარდეს გაუწყლოება.

ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნაწლავური ინფექციისას უნდა მიიღოს ელექტროლიტური ხსნარები, ბავშვებსაც უნდა მივაღებინოთ ეს ხსნარები ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში. თუ ბავშვს აქვს ღებინება და ვერ სვამს ხსნარს, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და ინფუზიის გაკეთება“, – ამბობს ინფექციონისტი.

ლალი საღარაძის თქმით, ელექტროლიტური ხსნარების მიუღებლობამ ნაწლავური ინფექციებისას შეიძლება გამოიწვიოს სისხლის გასქელება, ამ დროს ორგანიზმს ჟანგბადი აღარ მიეწოდება  და შეიძლება შოკიც კი განვითარდეს: „ნაწლავურმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის გასქელება და ჟანგბადის დეფიციტი. შესაბამისად, არსებობს შოკის განვითარების ალბათობაც ზომების დროულად მიუღებლობის შემთხვევაში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.