მთავარი,სიახლეები

დონეცკში ბრალი წარუდგინეს 5 უცხოელს, 3 მათგანს სიკვდილით დასჯა ემუქრება

15.08.2022
დონეცკში ბრალი წარუდგინეს 5 უცხოელს, 3 მათგანს სიკვდილით დასჯა ემუქრება

დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ბრალი წარუდგინა უცხოეთის ხუთ მოქალაქეს –  მათიას გუსტავსონს, შვედეთიდან, ვეკოსლავ პრებეგს, ხორვატიიდან და სამ ბრიტანელს – ჯონ ჰარდინგს, ენდრიუ ჰილსა და დილან ჰილის.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, გუსტავსონს, პრებეგსა და ჰარდინგს ბრალად ედებათ: „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით სწავლების გავლა, შეიარაღებულ კონფლიქტში და საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლებად მონაწილეობა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საკონსტიტუციო წყობის დამხობის მცდელობა“.

ენდრიუ ჰილს სეპარატისტული რესპუბლიკის პროკურატურა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ყოფნას ედავება, დილან ჰილის ქმედებები კი ბრალდებამ „დაქირავებული მებრძოლების გადაბირებად“ შეაფასა.

50 წელს გადაცილებული ჯონ ჰარდინგი, BBC-ის ცნობით, წარმოშობით სანდერლენდიდანაა და სამხედრო პარამედიკოსია. ის მაისში „აზოვსტალის“ სხვა მებრძოლებთან ერთად დაატყვევეს. ჰარდინგი 2018 წლიდან უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა. როგორც მაშინ მან თავად უთხრა BBC-ს, უკრაინაში წავიდა, რათა როგორც სამხედრო ექიმს, თავისი უნარები უკრაინელთა დასახმარებლად გამოეყენებინა.

ასევე ბრიტანელი დილან ჰილი BBC-ის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია Presidium Network-იდანაა და ის 25 აპრილს ზაპოროჟიესთან, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან პოლ ურისთან ერთად დააკავეს. პოლ ური დონეცკის იზოლატორში 10 ივლისს დაიღუპა.

შვედი მათიას გუსტავსონის დაკავების შესახებ ინფორმაცია 5 აგვისტოს დაადასტურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსული მედიის ცნობით, გუსტავსონი მარიუპოლში დააკავეს.

როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს, ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მომავალი სასამართლოს შესახებ, თუმცა პროცესს „არ მიიჩნევენ სამართლიანად და ლეგალურად, რადგან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ომის ტყვეების მოპყრობის საერთაშორისო კონვენციებს“.

სამ დაკავებულს – გუსტავსონს, ჰარდინგსა და პრებეგს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელს, 28 წლის ეიდენ ასლინსა და 48 წლის შონ პინერს. მათთან ერთად 9 ივნისს გაასამართლეს და ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 21 წლის მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს.

მთავარი ფოტო: სასამართლო პროცესი დონეცკში/ria.ru

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: