„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10-წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება.
„კვლევის მიხედვით მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება“ – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“-ი გაუწევს.
დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და TH Airport Consulting-ის დირექტორმა ტორსტენ ჰენტჩელმა, რომელიც ამავე დროს ბათუმის აეროპორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელი იქნება.
– – – – –
ერთი წლის წინ „ბათუმელები“ წერდა, რომ ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული. აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სტანდარტით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებით, დადგენილია სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები. ამ კონვენციას საქართველოც მიერთებულია.
მაშინ „საქაერონავიგაციაში“ გვითხრეს, რომ, 2018 წლის 21 ივნისიდან აამუშავეს ახალი საფრენოსნო სქემა, „რომლის სტანდარტული პროცედურების შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ყველა ბუნებრივი თუ ხელოვნურად არსებული დაბრკოლება, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს საკმაოდ სპეციფიკურს ხდის“.
„საქნავიგაციაში“ ისიც განაცხადეს, რომ ახალი სქემის შემუშავებისას, „ყურადღება მიექცა ბათუმში მაღლივი კორპუსების მშენებლობას, რომელიც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის ზოგადად ავიაციისთვის, ვინაიდან აეროდრომის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ეს შენობები, როგორც ხელოვნური დაბრკოლებები… გათვალისწინებული იქნა ყველა მშენებარე და დასრულებული კორპუსი და მაქსიმუმია გაკეთებული, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა დაცული იყოს. ჩიკაგოს კონვენციის რამდენიმე დანართი არსებობს და იმ მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა, ვასრულებთ ჩვენი ფუნქციის ფარგლებში. ნავიგაციის კუთხით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დაფრენის პროცედურა ბათუმის აეროპორტში იქნება უსაფრთხო“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვინაიდან ბათუმის აეროპორტს გაფართოების შანსი არ აქვს, ამასთან, ერთგვარად ხელს უშლის ქალაქის განვითარებას [სიმაღლეში გაზრდას – სიმაღლის შემზღუდავი სივრცეების გამო], საქართველოს მთავრობაში განიხილებოდა აეროპორტის ბათუმიდან გადატანის საკითხი.
ბათუმის მომავალი აეროპორტის სავარაუდო ადგილად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია [აქ ადრე აეროდრომი იყო] ან ქობულეთის აეროდრომის ტერიტორია განიხილებოდა.
- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მთების განლაგების გამო, ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის როგორც დაფრენა, ისე აფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით [კურსით], ზღვის მხრიდან ხორციელდება. ეს ერთი აფრენა-დაფრენის კურსი კი ძალიან ზღუდავს ბათუმის აეროპორტის შესაძლებლობებს.
- ბუნებრივი დაბრკოლებისა და ასევე საქართველო-თურქეთის საზღვართან სიახლოვის გამო საჭიროების შემთხვევაში აეროდრომზე დაფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეორე წრეზე წასვლა შეზღუდულია და მან მანევრი მხოლოდ ბათუმის თავზე უნდა განახორციელოს.
- აეროპორტებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებად მიიჩნევა, ასევე ის, არის თუ არა ახლოს ნაგავსაყრელი [უსაფრთხოების მიზნით აქ ფრინველების სიმრავლე განიხილება, რამაც შესაძლოა პრობლემა შეუქმნას თვითმფრინავის ფრენის უსაფრთხოებას]. ბათუმის აეროდრომთან ახლოს ფუნქციონირებს ბათუმის ნაგავსაყრელი, რომლის გადატანა გადაწყვეტილია, თუმცა, ჭოროხის დელტა და მდინარის შესართავი ზღვასთან, ბათუმის იმ ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“ ნაწილია, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. აეროდრომის დაცვის არე კი დიდწილად ამ „სამიგრაციო ძაბრსაც“ მოიცავს.
ამ თემაზე:
უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში